ბიძინა ივანიშვილი თავდაყირა დააყენებს ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეს!

ბიძინა ივანიშვილი თავდაყირა დააყენებს ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეს!

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვის გადაწყვეტილებამ გაოგნებული დატოვა მიძინებული ქართული პოლიტიკური სპექტრი. ჩვენს პოლიტიკას იმდენად ესაჭიროებოდა ახალი სისხლის გადასხმა, რომ გარკვეული  მოლოდინი არსებობდა. ივანიშვილის პოლიტიკურ გააქტიურებას წინ უძღოდა მეორე ბიზნესმენის - ლევან ვასაძის პოლიტიკაში ჩართვის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. თუმცა, მოგვიანებით, ახალ ზელანდიაში მყოფმა ვასაძემ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა და აღნიშნა, რომ ასეთ ბრალდებებს უკვე კარგა ხანია, შეეჩვია. სამაგიეროდ, ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში ჩართვა სერიოზულად გადაუწყვეტია. ამას ”ქართუ ჯგუფის” მიერ გავრცელებული განცხადებაც ადასტურებს და, ამასთან, მისი ვაჟი ბერა ივანიშვილიც მამის გადაწყვეტილებაზე ”ფეისბუქიდან” აკეთებს კომენტარს. ბერა ივანიშვილს სრულად მოჰყავს ივანიშვილის მიერ გავრცელებული ტექსტი, რომლის ბოლოსაც ასკვნის: „დროა, ერთად ავიხდინოთ ქართული ოცნება!!! ბერა“. თუმცა, როგორია ქართული ოცნება, ბერა ივანიშვილი არ აკონკრეტებს.

„მე გადავწყვიტე, შევქმნა პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მივიღო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში", - აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი და გვპირდება, რომ გადაწყვეტილების მთლიან ტექსტს 7 ოქტომბერს გაავრცელებს. პატარკაციშვილის გამოცდილებიდან გამომდინარე, ალბათ, ბიძინა ივანიშვილისთვისაც ადვილი არ იყო ამ გადაწყვეტილების მიღება. აქამდე ივანიშვილს არაერთხელ განუცხადებია, რომ იგი აპოლიტიკური ადამიანია, და პოლიტიკური ინტერესები არ აწუხებს. თუმცა, როგორც ჩანს, ბიზნესმენი ხანგრძლივმა აპოლიტიკურობამაც დაღალა და ამჯერად პოლიტიკაში აპირებს ძლების მოსინჯვას.   

ქართველი ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილს საპარლამენტო არჩევნებში საკმაოდ მაღალი შანსი აქვს. რამაზ საყვარელიძის აზრით, თავის დროზე ჩატარებული ერთ-ერთი კვლევა ადასტურებდა, რომ ივანიშვილს საკმაოდ მაღალი რეიტინგი ჰქონდა და წლების წინ ივანიშვილისა და პატარკაციშვილის რეიტინგები ყველაზე მაღალი იყო. ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით კი, ივანიშვილის გადაწყვეტილებამ ქართულ პოლიტიკურ ჭაობს გამოცოცხლება შემატა, რადგან ივანიშვილს შეუძლია, თავდაყირა დააყენოს ქართული პოლიტიკური სინამდვილე. ამასთან, ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის კართან რიგები დადგება,მის პარტიაში გაწევრიანების მოლოდინში. პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე კი მიიჩნევს, რომ ივანიშვილი იმდენად ჭკვიანია, კრემლის თამაშში არ ჩაებმება. 

”ჩვენ ვიცნობთ ბიძინა ივანიშვილს, როგორც ქველმოქმედს, და დაველოდებით მის განცხადებას”, - აღნიშნავენ ”თავისუფალი დემოკრატები” ივანიშვილის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. 

ივანიშვილის გადაწყვეტილება ამოუხსნელი რებუსი აღმოჩნდა ხელისუფლებისთვის. გიგი წერეთლისთვის ეს სიურპრიზი ჯერ კიდევ ბუნდოვანებითაა მოცული. თუმცა წერეთელი არ მალავს, რომ, ეს ინფორმაცია მისთვის ”ნაკლებად სასიამოვნოა, ვიდრე კარგი პროექტების კეთება”.

”რესპუბლიკელების” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ბიზნესმენებს ქვეყნის პოლიტიკური სპექტრის შეცვლის შესაძლებლობა არ აქვთ. მისი აზრით, ვისაც ფული უშოვია, ბოლოს ყველას პოლიტიკაში ჩართვის სურვილი გასჩენია. ამდენად, ლევან ბერძენიშვილისთვის ბიზნესმენის ქართულ პოლიტიკაში მოსვლა გასაკვირი არ არის.

”ივანიშვილის გადაწყვეტილება ჩვეულებრივი ამბავია. საქართველოში ბევრ ადამიანს უჩნდება სურვილი, პოლიტიკაში მოვიდეს. აქამდე მეგონა, რომ ეს პროფესიული საქმიანობაა. თუმცა ახლა დავრწმუნდი, რომ ამ სფეროში მოსვლის სურვილი პოლიტიკისგან შორს მდგომ ადამიანებს უჩნდებათ. საქართველოში ხან პოეტები გვევლინებიან პოლიტიკოსებად, ხან ჟურნალისტები და ხანაც ბიზნესმენები. ამას მათ ვერავინ დაუშლის,” - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი ”პრესაგე.ტვ”-სთან საუბარში.    

ბერძენიშვილის თქმით, ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა არ უნდა ნიშნავდეს, რომ იგი აუცილებლად შეცვლის პოლიტიკურ ამინდს ჩვენს ქვეყანაში. ამასთან, მისი აზრით, არჩევნებამდე დარჩენილი ერთი წელიწადი ახლადშექმნილი პოლიტიკური პარტიისთვის საკმარისი არ არის.

ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის გადაწყვეტილება საქართველოში შექმნილმა სიტუაციამ განაპირობა და ბიზნესმენს არ მოსწონს ის პოლიტიკური ვითარება, რამაც საქართველოში დაისადგურა. 

ამასთან, ბერძენიშვილი ივანიშვილის სახელს პუტინთან კონკრეტულად ვერ აკავშირებს, თუმცა რუსულ პოლიტიკასთან მისი კავშირის არსებობას არ უარყოფს. 

”უნდა ვთქვათ, რომ რუსულ პოლიტიკასთან რაღაც კავშირები უნდა არსებობდეს. პოლიტიკაში მოსვლისას ივანიშვილი საჯარო პირი გახდება და ალბათ თავად განაცხადებს დეტალებზე,” - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.

”სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” ხელმძღვანელი ეკა ბესელია ”პრესაგე.ტვ”-ს უცხადებს, რომ მიესალმება ივანიშვილის გადაწყვეტილებას და დიდი ხანია, ჰქონდა განცდა, რომ ბიზნესმენი ასეთ ნაბიჯს გადადგამდა. 

”ქართული პოლიტიკური ცხოვრება ნამდვილად ითხოვს სიახლეს და ახალი ენერგიის შემოსვლას. ამ განსაკუთრებულ პალიტრას შექმნის ალბათ სწორედ ისეთი საინტერესო ფიგურის შემოსვლა ქართულ პოლიტიკაში, როგორიც ივანიშვილია. რეალურად უნდა შეიქმნას ალტერნატიული ცენტრი, რომელიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ამ პროცესში ჩართავს და შეეცდება, ამ ხელისუფლების მიერ შექმნილი სისტემის შემცვლელად მოგვევლინოს. ქვეყანაში პოლიტიკური სივრცე არ უნდა ჩაიკეტოს და ექსკლუზიურად არ უნდა დაიბევონ იმ პოლიტიკურმა სუბიექტებმა, რომლებიც წლების განმავლობაში არიან პოლიტიკაში. ვფიქრობ, ივანიშვილი სწორედ ოპოზიციურ ფლანგზე იქნება”.

ამასთან, ეკა ბესელიას მიაჩნია, რომ სულაც არ არის საინტერესო, რუსულ ფულთან დაკავშირებით რას ამბობს ხელისუფლება; მთავარია, რას აკეთებს ეს ხელისუფლება ანტირუსულს: ”რუსული კაპიტალი მათ მთლიანად შემოიყვანეს ქვეყანაში და სწორედ რუსული კაპიტალით შეიქმნეს უზარმაზარი ქონება. ხელისუფლების მხრიდან რუსულ ფულზე საუბარი სასაცილოა, რადგან ქვეყნის აგენტები და მოღალატეები სწორედ თავად არიან. მთლიანად რუსული კაპიტალით შეავსეს ქართული ეკონომიკა”.

ბესელიას აზრით, ბიზნესმენისთვის რთულია ქართულ პოლიტიკაში შემოსვლა, მაგრამ ”საპარლამენტო არჩევნები არის ის ეტაპი, როდესაც ყველამ, ვისაც ქვეყანა ედარდება, საკუთარი თავი უნდა გაიმეტოს ამისთვის.”

”ქართული აკადემიის” წევრი, ნუკრი ქანთარია გვიცხადებს, რომ უმჯობესია, ივანიშვილის განცხადებას უშუალოდ გაეცნოს, რადგან ”მსგავსი ჭორები ბევრჯერ იყო გადმოგდებული. საიტიც გაიხსნა ვითომ ივანიშვილის. ამდენად, შესაძლოა, ეს არ შეესაბამებოდეს სინამდვილეს.”