"ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილს "რუს ოლიგარქად" გამოაცხადებს..."


"სააკაშვილის ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილმა ხელთათმანი ჯერ კიდევ 26 მაისამდე ესროლა"

ამა წლის 13 მაისს გავრცელდა "ქართუ" ჯგუფის განცხადება, სადაც ცნობილმა ბიზნესმენმა და მეცენატმა ბიძინა ივანიშვილმა ერთი შეხედვით, ლეიბორისტთა ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებებს უპასუხა, თუმცა ამასთანავე გვარიანად გააკრიტიკა ხელისუფლება. მეტიც, სტრიქონებს შორის აშკარად იკითხებოდა პოლიტიკური განცხადებები, რაც ბევრისთვის ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლება ამას საკმაოდ მშვიდად შეხვდა და თავისებური ისტერიკა არ მოაყოლა, ეს განცხადებაც ყველას მალევე მიავიწყდა, თუმცა იქ მეტად საგულისხმო საკითხებზე იყო გამახვილებული ყურადღება. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს: "თუკი თვალს გადავავლებთ პოლიტიკურ ძალთაAახლანდელ განაწილებას, არსებობს სახელისუფლებო პარტია, ოპოზიცია და ეგრეთ წოდებული ფსევდოოპოზიცია, არსებობს ასევე სტაბილური დაბალანსებული ურთიერთობები მათ შორის და ეს ვითარება სამთავრობო გუნდის ხელისუფლებაში ყოფნის სავარაუდო წინაპირობაა. ახლანდელი ხელისუფლება ასეთ სიტუაციაში ძალზე კომფორტულად გრძნობს თავს და საქმე მშვენივრად აქვს აწყობილი: სიტუაციას აბალანსებს, ბიზნესს აკონტროლებს; თავისი მანიპულაციებით მიაღწია იმას, რომ ფსევდოოპოზიციას - საპარლამენტოსაც და არასაპარლამენტოსაც შესანიშნავად მართავს... ნამდვილ ოპოზიციურ მოძრაობას საკმაოდ უჭირს სათანადო წინააღმდეგობის გაწევა. ასე რომ, მოახლოებული არჩევნების წინ სააკაშვილის პოზიციები საკმაოდ მყარია... სწორედ ახლანდელ ხელისუფლებას არ აძლევს ხელს არსებული ბალანსის დარღვევა, განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენს არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვინმე არ დააფინანსოს და რომელიმე პოლიტიკურ ძალას მხარში არ ამოუდგეს იგი… სწორედ სააკაშვილის მთავრობა ცდილობს დაიხმაროს ქართველი ხალხი და ასევე დაარწმუნოს რუსეთის მთავრობაც, რათა მოიშოროს ივანიშვილი და მისგან თეორიულად მოსალოდნელი შესაძლო ხიფათი თავიდან აიცილოს".

დღეს კი, "ქართუ" ჯგუფისვე ინფორმაციით, ცნობილი ხდება, რომ ბიძინა ივანიშვილი საპარალმენტო არჩვენების წინ პარტიის შექმნას და არჩევნებში მონაწილეობის მიიღებას აპირებს. ამის თაობაზე სრული ინფორმაციის გავრცელებას 7 ოქტომბერს გვპირდებიან, თუმცა ფაქტი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მისი შეფასება პოლიტოლოგ სოსო ციკარიშვილს ვთხოვეთ.

- განაცხადი ძალიან სერიოზულია, მაგრამ პოლიტიკური ანალიზიც რომ სერიოზული გამოგვივიდეს, ალბათ უნდა დაველოდოთ იმის გახმაურებას, თუ რა ტიპის პარტია შეიქმნება, ვინ იქნებიან მისი წევრები, რა პერსპექტივას დაგვანახებენ პარტიის მესვეურები და ა.შ. სიმართლე გითხრათ, საქართველოს საკმაოდ ტრაგიკული გამოცდილება აქვს იმისა, თუ როგორ ექცევა სააკაშვილის ხელისუფლება მდიდარ კონკურენტებს, ალბათ ბადრი პატარკაციშვილის გახსენებაც კმარა ამისთვის. ხელისუფლება მუდმივად ცდილობდა და ცდილობს ბიზნესმენთა კონტროლს და მათ პოლიტიკურ შეხედულებებზე მკაცრი მონიტორინგიც აქვს დაწესებული. ისე, სააკაშვილის ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილმა ხელთათმანი ჯერ კიდევ 26 მაისამდე ესროლა, როდესაც "ქართუ" ჯგუფის თქვენს მიერ ნახსენები განცხადება გავრცელდა. ეს განცხადება იმაზე ბევრად მოულოდნელი იყო, ვიდრე დღეს ბიძინა ივანიშვილის მიერ პარტიის შექმნის სირვილი.

- ფაქტია, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას ყოველთვის განსაკუთრებულად ეშინოდა მდიდარი და ავოტორიტეტული ადამიანებისა, ბიძინა ივანიშვილი სწორედ ასეთია. რას უნდა ელოდოს ის ხელისუფლებისგან თუ მართლაც გადაწყვეტს მათ ოპონრებას?

- უნდა ელოდოს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას. ის სააკაშვილისთვის იქცევა ყველაზე დიდ მტრად, უფრო დიდი მტრად, ვიდრე პუტინია. მას გამოაცხადებენ "რუს ოლიგარქად" და ის ცილისწამებისა და კომპრომეტირების სახელისუფლო მანქანა, რომელიც ბოლო ხანს ძალიან უსაქმურად იყო, ერთბაშად ამოქმედდება. წარმოდგენაც კი მიჭირს, თუ რა მასშტაბის იქნება ის სიბინძურის ნაკადი, რასაც ივანიშვილისკენ მიმართვენ. ბიძინა ივანიშვილის ქმედებამ, შესაძლოა, სხვა წარმატებულ ქართველ ბიზნესმენებსაც გაუხსნას ხელ-ფეხი და პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი და მეტად სერიოზული კონფიგურაციები ვიხილოთ.

- ბიძინა ივანიშვილი დღემდე ჩრდილში ყოფნას ამჯობინებდა. ის, ფაქტობრივად, არსად, არცერთ ღონისძიებაზე არ ჩნდებოდა, სავარაუდოდ, საჯარო პოლიტიკაში მოსვლა მას აიძულებს გამოვიდეს ჩრდილიდან…

- მე ივანიშვილის მრჩევლად ვერ გამოვდგები. ის იმ მასშტაბის ფიგურაა, რომელიც, ვფიქრობ, ნებისმიერ შემთხვევაში მოახრეხებს კონსულტაციების გამართვას და პროცესების მართვას. საქმე ისაა, რომ პოლიტიკური პარტიის შექმნა დასავლური გამოცდილებით სულაც არ ნიშნავს საჯარო პოლიტიკაში აქტიურ მოსვლას. შესაძლოა, მან შექმნას პარტია, მაგრამ სულაც არ იყოს ამ პარტიის პირველი ნომერი.

- თუ ხედავთ პოლიტიკურ ასპარეზე ძალებს ან პოლიტიკურ ფიგურებს, ვინც შეიძლება აღმოჩნდეს ივანიშვილის პარტიაში?

- არ ვიცნობ ბატონ ბიძინას და მისი პოლიტიკური გემოვნების შესახებაც არაფერი ვიცი. შესაბამისად, გამიჭირდება ამ კითხვაზე პასუხუს გაცემა. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ჩვენში ისე ხდება ხოლმე, რომ ეს მოლოდინი გაცილებით სასიამოვნოა, ვიდრე რეალობა.