პუტინს სურს „ევრაზიის კავშირის“ შექმნა

პუტინს სურს „ევრაზიის კავშირის“ შექმნა


რუსეთის პრემიერ-მინისტრი, ვლადიმირ პუტინი გამოდის მოწოდებით, რომ „ევრაზიის კავშირში“ გაერთიანდნენ მისი ქვეყანა, ბელორუსია და ყაზახეთი. საქმე ეხება პუტინის პირველ ინიციატივას მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ის აპირებს რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნებას.

გაზეთმა "იზვესტიამ" 4 ოქტომბრის ნომრის პირველ გვერდზე დაბეჭდა სტატია, რომელსაც ხელს აწერს რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი და რომელშიც წარმოდგენილია „ევრაზიის კავშირის“ შექმნის ინიციატივა. სტატიაში პუტინი აქებს რუსეთის საბაჟო კავშირს ორ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკასთან - ბელორუსიასთან და ყაზახეთთან - და გამოდის წინადადებით, რომ ეს, 2009 წელს შექმნილი გაერთიანება განვითარდეს „ევროპის კავშირისა და სხვა რეგიონული კოალიციების გამოცდილების“ გათვალისწინებით. თუმცა, პუტინი არ კმაყოფილდება ევროკავშირის მოდელს - საჭიროდ მიიჩნევს, მისივე სიტყვებით, „უფრო ამბიციური მიზნის“ დასახვას და „ინტეგრაციის უფრო მაღალი ხარისხის მიღწევას“ ევრაზიის კავშირში.

რა გასაკვირია, რომ მისმა ინიციატივამ ბევრს გაუჩინა საბჭოთა კავშირის ასოციაცია.

„პუტინი ცდილობს, ელექტორატის უმრავლესობის იმპერიულ გრძნობებზე ითამაშოს, იმპერიული წარსულისადმი ნოსტალგიაზე. შეიძლება ეს არ არის საბჭოთა კავშირის ფორმატი, ის არ მოიცავს ცენტრალურ აზიას, ბალტიისპირეთს და სამხრეთ კავკასიას - მაგრამ ესაა ნოსტალგია იმპერიული წარსულისადმი. და პუტინი ამ სიმებზე უკრავს,“ - ამ შეფასებას გამოთქვამს მოსკოველი ექსპერტი, პოლიტიკურ კვლევათა ცენტრის თანამშრომელი პაველ სალინი.

„იზვესტიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში პუტინი ამტკიცებს, რომ მისი ინიციატივა არ გულისხმობს გარკვეული ფორმით საბჭოთა კავშირის აღდგენას. „გულუბრყვილობა იქნებოდა“, წერს პუტინი, „წარსულიდან რაიმეს აღდგენის ან ასლის აღების მცდელობა“. თუმცა, „უფრო ძლიერი ინტეგრაცია ახალ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ბაზაზე და ფასეულობათა ახალი სისტემა, ჩვენი ეპოქის იმპერატივია“, დასძენს ის.

მოსკოვის კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსის, ნიკოლაი პეტროვის აზრით, „იზვესტიაში“ გამოქვეყნებული სტატიის მიზანია, საზოგადოების ყურადღება მიმართოს პუტინის საგარეო-პოლიტიკური წარმატებებისაკენ, არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით. „არა მგონია, რამე ახალი იყოს რუსეთის საგარეო პოლიტიკის ამ ხედვაში. ეს სტატია უფრო სიმბოლური ჟესტია იმის საჩვენებლად, თუ რამდენად ეფექტიანი იყო პუტინი რუსეთის მეზობლებთან საგარეო პოლიტიკის სფეროში. ამავე დროს ეს სტატია არ არის პროგრამა - ის უფრო მის მიღწევებს წარმოაჩენს,“ - ამბობს პეტროვი.

მიღწევებით, როგორც ჩანს, იგულისხმება ბელორუსიის, ყაზახეთისა და რუსეთის მომცველი „ერთიანი ეკონომიკური სივრცე“, რომელიც 2012 წლის იანვრიდან ამოქმედდება. მას პუტინი ქებით მოიხსენიებს და სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსაც მოუწოდებს, მიბაძონ სამეულს. ერთიან ეკონომიკურ სივრცეში უქმდება ყველა ბარიერი ვაჭრობის, ისევე როგორც კაპიტალისა და სამუშაო ძალის გადაადგილებისათვის ტერიტორიაზე, რომელზეც 165 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. და ეს ეკონომიკური სივრცე, ვლადიმირ პუტინის რწმენით, დადებით გავლენას იქონიებს არა მარტო რუსეთის, ბელორუსიისა და ყაზახეთის მკვიდრთათვის, არამედ გლობალური მასშტაბით. ეს იქნება ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ეკონომიკური ცენტრი...

პოლიტოლოგ პაველ სალინის შფასებით, პუტინი ცდილობს, გაამყაროს მმართველი ელიტის პოპულარობა, რომელიც დაღმასვლის გზას ადგას: „ის ახლა ძალიან რთულ ვითარებაშია, როცა რეიტინგები - მათ შორის მისი საკუთარიც - დაღმასვლის ტენდენციებს აჩვენებს. და მას რამე კოზირი უნდა ეპოვნა, რომელზეც წამოეგებოდნენ ამომრჩევლები.“

თვით პუტინის პოპულარობა კვლავაც დიდია, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები 70-პროცენტიან მხარდაჭერაზე მიუთითებს. თუმცა, ეს მაჩვენებელი შემცირებულია 2008 წლის კიდევ უფრო შთამბეჭდავ, 85-პროცენტიან მხარდაჭერასთან შედარებით.