ნიკოლა სარკოზი და თბილისობა

ნიკოლა სარკოზი და თბილისობა


თბილისობის დღესასწაული მისი დაარსებიდან - 1978 წლიდან მოყოლებული, დამკვიდრებული ტრადიციისამებრ, ოქტომბრის ბოლო უქმეებზე იმართება. გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ დედაქალაქის მერია ამ ტრადიციას ცვლის და წელს დღესასწაული დედაქალაქში 7-8-9 ოქტომბერს ჩატარდება.

ორიოდე კვირის წინ კი ცნობილი გახდა, რომ 7 ოქტომბერს თბილისს საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ეწვევა. უკვე რამდენიმე დღეა, ქართულ ტელეარხებზე სარეკლამო რგოლი ტრიალებს, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებენ, 7-ში, 6-ის ნახევარზე თავისუფლების მოედანზე შეიკრიბონ - ამ დროს საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტები სიტყვით მიმართავენ ხალხს.

პრაქტიკულად ისე გამოდის, რომ თბილისობის დღესასწაულს ნიკოლა სარკოზი გახსნის და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებამ სწორედ საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტის გამო შეცვალა 33-წლიანი ტრადიცია და მისი სტუმრობა შეგნებულად დაამთხვია სახალხო ზეიმს.

თბილისის მერიაში ამას კატეგორიულად უარყოფენ. მათი თქმით, თბილისობის თარიღი ამინდის გამო შეცვალეს და თუ ამ ექსპერიმენტმა გაამართლა, მომავალში ზეიმის ახალ თარიღად სწორედ ოქტომბრის პირველი შაბათ-კვირა დაწესდება.

დედაქალაქის საკრებულოს ოპოზიციური წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ ეს დამთხვევა სწორედ რომ შეგნებულადაა მოფიქრებული და ხელისუფლება ცდილობს, მაღალი რანგის სტუმარს საზეიმო განწყობა შეუქმნას.

რაც შეეხება უშუალოდ სარკოზის ვიზიტის გეგმას, ცნობილია, რომ თავისუფლების მოედანზე გამოსვლის შემდეგ იგი საქართველოს პრეზიდენტთან გამართავს პირისპირ შეხვედრას.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია (ვმო) იქნება - სარკოზი შეეცდება, დაარწმუნოს საქართველოს ხელისუფლება, რომ მხარი დაუჭიროს რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებას.

რატომ დაემთხვა ერთმანეთს სარკოზის ვიზიტი და თბილისობა - ამის გასარკევად "მთელი კვირა" დედაქალაქის მერიას დაუკავშირდა. თბილისის მერიის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის წარმომადგენელ ნინო სულაძის თქმით, თბილისობის დამთხვევა საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტთან უბრალო შემთხვევითობაა.

"ბოლო წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ ოქტომბრის ბოლო შაბათ-კვირა არ არის მაინცდამაინც კარგი დრო ასეთი მასშტაბური ღონისძიებების ჩასატარებლად. მოგეხსენებათ, "თბილისობის" პროგრამის უმეტესი ნაწილი, ტრადიციულად, ღია ცის ქვეშ ტარდება, ამინდის გაუარესების გამო კი საზეიმო განწყობას სიცივე აფუჭებდა ხოლმე. იმისათვის, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა ღონისძიებებისგან მაქსიმალურად დიდი სიამოვნება მიიღონ, გადავწყვიტეთ, დაგვერღვია თარიღთან დაკავშირებული ტრადიცია და ოქტომბრის ბოლო შაბათ-კვირის ნაცვლად დღესასწაული 2 კვირით აქეთ გადმოგვეტანა. ეს არის ერთგვარი ექსპერიმენტი და თუკი გაამართლებს, სავარაუდოდ, ამის შემდეგ ოქტომბრის დასაწყისი ჩაითვლება "თბილისობის" გამართვის თარიღად.

"ჩვენ წინა წლებშიც გვქონდა მცდელობა, გადმოგვეწია ეს დღესასწაული, თუმცა მაშინ ტრადიციის დარღვევას მოვერიდეთ. წელს ძალიან ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი - ხილის ფესტივალი, ავტოშოუ, საწნახელში ყურძნის ჩაწურვა, გასეირნება მტკვარზე ტივით, გამოფენები და კონცერტები. გვინდა, ყველაფერმა კარგად ჩაიაროს და ამინდებმა ხელი არ შეგვიშალოს. ეს იყო ერთად-ერთი მიზეზი, რის გამოც თარიღი შევცვალეთ. როცა გადაწყვეტილებას ვიღებდით, სარკოზის ვიზიტი ჯერ დაგეგმილიც არ იყო", - განაცხადა "მთელ კვირასთან" საუბრისას ნინო სულაძემ.

"თავისუფალი დემოკრატების" წევრი ზურაბ აბაშიძე "თბილისობის" დღესასწაულის გადმოტანას ეჭვით უყურებს და ვარაუდობს, რომ ეს დღეები ხელისუფლებამ განგებ დაამთხვია სარკოზის სტუმრობას.

"ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ნათლად იკვეთება ფაქტი, რომ ხელისუფლებას სურს, ქვეყანაში შექმნას საზეიმო განწყობა და ამით უმაღლესი რანგის სტუმარს დაანახვოს - აი, რა ბედნიერად ვცხოვრობთ. ესეც ერთგვარი პიარია, რასაც ჩვენი მთავრობა ყოველდღიურად მიმართავს. უნდათ, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება კარგად შეფუთონ და ასეთი სახით დაანახვონ სარკოზის.

"ჩვენმა მოქალაქეებმაც და საფრანგეთის პრეზიდენტმაც ძალიან კარგად იციან, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში - სოციალურ გაჭირვებას და მძიმე ეკონომიკურ ვითარებას ასეთი ღონისძიებები ვერ გადაფარავს", - აღნიშნა "მთელკვირასთან" ზურაბ აბაშიძემ.

ზურაბ აბაშიძე ასევე აღნიშნავს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს უმაღლესი რანგის სტუმრები ნაკლებად სტუმრობენ, ხელისუფლებას კი სურს, სარკოზის ვიზიტი პომპეზურად წარმოაჩინოს. ექსპერტები კი ვარაუდობენ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი თავისუფლების მოედანზე კიდევ ერთხელ საჯაროდ დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აღნიშნავს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში საფრანგეთი იყო და დარჩება ნეიტრალურ მხარედ.

მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკოლა სარკოზის საქართველოში ვიზიტი შელახული იმიჯის გამოსასწორებლად სჭირდება - აგვისტოს ომის დღეებში მისი შუამავლობით დადებული ექვსპუნქტიანი შეთანხმების ყველა მუხლი რუსეთს დღემდე არ შეუსრულებია, რითაც დიდი დარტყმა მიაყენა სარკოზის ავტორიტეტს.

ამას გარდა, საფრანგეთის პრეზიდენტის ჩამოსვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტ-ფორუმებზე გაჩნდა განცხადებები, სადაც მოქალაქეები საპროტესტო აქციის მოწყობის ინიციატივით გამოვიდნენ. ამ განცხადება-მოწოდებების ავტორთა თქმით, საფრანგეთმა ვერ უზრუნველყო რუსეთ-საქართველოს შორის დადებული ექვსპუნქტიანი ხელშეკრულების შესრულება, საფრანგეთმა რუსეთს მიჰყიდა სადესანტო ვერტმფრენმზიდი "მისტრალი" და ამით გააძლიერა რუსეთის შეიარაღება, სარკოზი საქართველოს მოუწოდებს, ხელი მოაწეროს ცეცხლის განუახლებლობის დოკუმენტს.