"ქვეყანაში უდანაშაულობის პრეზუმპცია არ უნდა დაირღვეს და სანამ სასამართლო დაკავებულ მაღალჩინოსნებს ბრალდებულად არ სცნობს, მათი დამნაშავეებად მოხსენიება არ უნდა მოხდეს"- ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციამ მოვლენებს არ უნდა გაუსწროს. ქვეყანაში უდანაშაულობის პრეზუმპცია არ უნდა დაირღვეს და სანამ სასამართლო დაკავებულ მაღალჩინოსნებს ბრალდებულად არ სცნობს, მათი დამნაშავეებად მოხსენიება არ უნდა მოხდეს.
"მართალია ოპოზიციამ ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება პოლიტიკურ ქმედებად შეაფასა, მაგრამ არც ერთს არ მოუკითხავს, პროკურატურამ რა ჩაწერა. დაელოდონ 48 საათს, ნახონ და მოუსმინონ. არაფერს არ უსმენენ და წინასწარ აცხადებენ, რომ ეს იყო პოლიტიკური დაპატიმრებები. ამ დროს ხომ შეიძლება იკითხონ სამხილი, რის საფუძველზე, როგორ მოხდა ყველაფერი. მათ მშვენივრად იციან, რომ ვინც დააკავეს, უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი. თუმცა, სანამ სასამართლო არ დაადგენს, უდანაშაულობის პრეზუმპცია უნდა იყოს ქვეყანაში და წინასწარ ნუ გამოვაცხადებთ მათ დამნაშავეებად. მაგრამ ოპოზიციის მხრიდან განცხადებები, ჩემი აზრით, არის არაადეკვატური და გაგრძელებაა იმ იდეოლოგიისა, რომელსაც ისინი ამ წლების განმავლობაში ავრცელებდნენ და ამის შედეგები სახეზე გვაქვს", - აცხადებს ივანიშვილი.