პაატა ზაქარეიშვილი: თბილისი ისეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, რაც საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ ურთიერთობას დააზარალებს

პაატა ზაქარეიშვილი: თბილისი ისეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, რაც საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ ურთიერთობას დააზარალებს

 რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, თბილისი არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ ურთიერთობას დააზარალებს.

 ამის შესახებ მან დღეს „რია ნოვოსტის" პრეს-კლუბში რუსეთ-საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლო აღდგენის თაობაზე აზერბაიჯანელი ექსპერტების მიერ გამოთქმული უკმაყოფილების კომენტირებისას განაცხადა.

 „აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან განცხადებები იმის თაობაზე, რომ ეს შემაშფოთებელია, არ გამიგია. რაც შეეხება საექსპერტო წრეებს, მათ შესაძლოა, ბევრი რამე თქვან. აზერბაიჯანს არ გააჩნია შეშფოთების საფუძველი, რადგან ის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და გამორიცხულია, რომ ისეთი ნაბიჯი გადაიდგას, რაც ამ ურთიერთობას ჩრდილს მიაყენებს" - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

 რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას, ზაქარეიშვილის თქმით, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას და შესაძლოა, მოლაპარაკებების საგნად არც იქცეს.

 ამასთან, ზაქარეიშვილის განცხადებით, ეს საკითხი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს ეხება. შესაბამისად, ის საგარეო საქმეთა სამინისტროს და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის პრეროგატივაა და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ამაში მონაწილეობას არ მიიღებს.