საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე უმცირესობის მიერ დროებით, საპარლამენტო ცხოვრების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას, ქუთაისის საკანონმდებლო ორგანოდან თავის დაღწევის მცდელობად აფასებს.
როგორც from.ge-ს საგანელიძემ განუცხადა, ქუთაისის პარლამენტის ახალ შენობაში, უჰაერობაა და როგორც ჩანს, ამ პირობებში, უმცირესობას ყოფნა გაუჭირდა.
„უმცირესობამ მიზეზის ძიება დაიწყო, რომ შენობისთვის თავი დაეღწია და ეს შენობა, დაეტოვებინა და ვიქენდი ორშაბათამდე გადაება. ერთ-ერთ მიზეზად კი, ის გამოიყენეს, რომ თურმე, ბაჩო ახალიას ვარდებით არ დახვდნენ. ასევე უმცირესობა იმითაც გაღიზიანდა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურას მხარი არ დავუჭირეთ. ბეჟაშვილი იყო ის ადამიანი, რომელიც საოცარ საქმეებს სჩადიოდა. მან წინასაარჩევნოდ, 81 ოჯახი საკუთარი სახლიდან გამოაგდო. მას ხმას არ მივცემთ. რამდენიმე ადამიანია, რომლებიც ხმას ვერასოდეს მიიღებენ. თუმცა, მათ ახალგაზრდები ჰყავთ, რომლებსაც ბევრი ბრალი არ აქვთ, გარდა იმისა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არიან და მათ სიამოვნებით დავუჭერდით მხარს“, - დასძინა საგანელიძემ.