ელენ ბარი “The New York Times”
მოსკოვი – ჩვენ ვიცით, რომ თვალსაწიერ მომავალში პუტინი რუსეთის მმართველი იქნება. მაგრამ რომელი პუტინი იქნება ეს?
2001 წლის ტიპის რეფორმატორი, რომელმაც განაცხადა, რომ სახელმწიფოს ლიდერის ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზომი არის ის „თუ როგორ იცავს ის მოქალაქეებს რეკეტის, ბანდიტებისა და მექრთამეებისგან“? თუ კაცი, რომელმაც მსოფლიო ლიდერებიდან პირველმა დაურეკა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს 11 სექტემბერს?
თუ წლის ჩხუბისთავი, რომელიც ფრანგ ჟურნალისტს, რომელმაც ჩეჩნეთის მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის არსებობა გააკრიტიკა, წინადაცვეთით დაემუქრა? თუ ქორი, რომელიც 2007 წელს წითელ მოედანზე იდგა და აშშ-ს პოლტიკას მესამე რეიხის პოლიტიკას ადარებდა?
თუ მშვიდობისმყოფელი, რომელიც 2010 წელს კატინის ტყეში მუხლზე დაჩოქილი იდგა იმ 20 000 პოლონელი ოფიცრის ხსოვნის საპატივცემულოდ, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში საიდუმლო პოლიციამ დახვრიტა?
პუტინი 58 წლისაა. 1999 წლის შემდეგ, როდესაც პუტინი საბჭოთა დაზვერვის სამსახურებიდან პრეზიდენტ ბორის ელცინის მემკვიდრედ შეარჩიეს, ის ბევრჯერ შეიცვალა. მისი ტრანსფორმაცია ფეხდაფეხ მიჰყვებოდა რუსეთს, რომელიც ხან ნავთობის ბუმის ტალღებზე ცურავდა და ურჩად და გამომწვევად აფიქსირებდა თავის ყოფნას მსოფლიო არენაზე, ხან კი გაურკვევლობის ჭაობში ფართხალებდა 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ.
საეჭვოა ის, რომ პუტინი 2.0, როგორც მას ზოგიერთები უწოდებენ, იმ გზიდან მკვეთრად გადაუხვევს, რომელიც პრეზიდენტმა მედვედევმა გაკვალა, რომელმაც ის 2008 წელს შეცვალა და საქმიანი კლიმატის გაუმჯობესებას და უცხოელი ინვესტორების დამშვიდებას შეეცადა. თუმცა, პუტინს, როგორც ჩანს გაუჭირდება იმ რეფორმების განხორციელება, რომლებიც კრემლს ძალაუფლებას დააკარგვინებს. ასეთი რეფორმა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნაა, ამბობს მარატ გელმანი, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისში პუტინთან მუშაობდა და მისი მოკავშირე იყო.
„ეს იოლი არ არის, რადგან მას იმის გადალახვა მოუწევს, რაც თავად შექმნა“, – თქვა გერმანმა, რომელიც დღეს მოსკოვში სამხატვრო გალერეის მფლობელია. „საკუთარ თავთან ბრძოლა რთულია. ეს თითქოს სხვა, მაგრამ იმავდრულად, ძველი პუტინია. მისი მმართველობის სტილი ვერტიკალია. ეს ის ერთადერთი მმართვის სტილია, რომელიც მან იცის. უფრო რთული პროცესის მართვა, კონფლიქტური შეხედულებების გათვალისწინება მან მაინც ვერ ისწავლა“.
„ტანდემური“ მმართველობის დასაწყისში, რომელიც სამი წლის წინ დაიწყო, მედვედევმა მოდერნიზება საკუთარ პოლიტიკურ ბრენდად აქცია, მაშინ როდესაც პუტინი სტაბილურობის მხარდამჭერი იყო. თუმცა პუტინი, როგორც ჩანს, გაზვნილებს ერთმანეთს უთავსებს. ორშაბათს, როდესაც არჩეული კანდიდატის რანგში ის სიტყვით პირველად გამოვიდა, ფედერალურ ორგანოებს ქაღალდის დოკუმენტაციიდან ელექტრონულ დოკუმენტაციაზე გადასვლა უბრძანა – კურიოზული განკარგულება იმ ადამიანის მხრიდან, რომელსაც, როგორც მისი თანაშემწეები აცხადებენ, ინტერნეტით სარგებლობა დღემდე არ უყვარს.
პარასკევს, პრეზიდენტის პოსტზე მისი კანდიდატურის გამოცხადების წინა დღეს, პუტინმა თქვა, რომ ჩინოვნიკებმა ყური უნდა დაუგდონ უფებადამცველი ორგანიზაციების კრიტიკას. მის შენიშვნაში ერთგვარი უკმაყოფილება იგრძნობოდა, რადგან განაცხადა, რომ უფლებადამცველები არ მუშაობენ ისეთ პრობლემებზე, რომლებიც ადამიანთა ყოველდღიურ ყოფაზე აისახება, მაგალითად ისეთ პირველად უფლებაზე, როგორიცაა ხელფასები. მაგრამ, ამან უფრო რბილად გაიჟღერა, ვიდრე 2007 წლის განცხადებამ, როდესაც მან თქვა, რომ უფლებადამცველები „ტურებივით დაძრწიან უცხოეთის საელჩოებთან“.
როგორც ჩანს, პუტინი მზადაა თავისი ავტორიტეტით მხარი დაუჭიროს თანამშრომლობას დასავლეთევროპულ და ამერიკულ კომპანიებთან, რაზეც მოწმობს ExxonMobil -თან აგვისტოში ხელმოწერილი შეთანხმება, რომელიც ამ კომპანიას ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის რუსეთის ნაწილში ნავთობის საძიებო სამუშაოების ჩატარების უფლებას აძლევს. ხოლო შაბათს აბსოლუტურად ცხადი გახდა, რომ პუტინი შეერთებულ შტატებთან გადატვირთვის მომხრეა, პროექტის, რომელიც პირდაპირ მედვედევის სახელს უკავშირდება.
გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხია ის, თუ რამდენად ტოლერანტული იქნება პუტინი პლიურალიზმის მიმართ. პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, მან ძალით მოიპოვა კონტროლი მისდამი კრიტიკულად განწყობილ სატელევიზო სადგურებზე, რომლებიც აკრიტიკებდნენ მის გადაწყვეტილებას გუბერნატორების და სენატორების პირდაპირი არჩევნების გაუქმების შესახებ. ის აბსოლუტრად განსხვავებული ქვეყნის პრეზიდენტად ბრუნდება – სადაც მოსახლეობა ახალ ამბებს ინტერნეტით იგებს, სადაც დასასრულს უახლოვდება ცხოვრების დონის ზრდა ნავთობის ფასების ზრდის ხარჯზე, და სადაც მმართველი პარტიის „ერთიანი რუსეთის“ პოპულარობა მცირდება.
წარსულში ის მარწუხების მოჭერას იმ დროს იწყებდა, როდესაც საფრთხეს გრძნობდა, აცხადებს მოსკოვის პოლიტიკური ინფორმაციის კვლევითი ცენტრის დირექტორი ალექსეი მუხინი.
„პუტინი ლიბერალია – უბრალოდ, როგორც კი მის ირგვლივ სიტუაცია სახიფათო და დაძაბული ხდება ის უმალ ავტორიტარი ხდება“, – ამბობს მუხინი, „ეს თავდაცვითი რეაქციაა“.
სინამდვილეში, პუტინის აზრით, რეფორმები და ავტორიტარიზმი ერთმანეთზეა გადაბმულია; რომ მმართველობის ძლიერი ცენტრალიზებული სტილი, ცნობილი როგორც „სახელისუფლო ვერტიკალი“, აუცილებელია რეფორმების გატარებისთვის, ამბობს ალექსეი მარკინი კიდევ ერთი კვლევითი ორგანიზაციიდან „პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრი“. მისი თქმით, ადრეული პუტინი თავისუფლად შეიძლება შევადაროთ მეფის რუსეთის პრემიერ-მინისტრ პეტრე სტოლიპინს, რომელიც აქტიურად ატარებდა ისტორიულ მიწის რეფორმებს, მაგრამ იმავდროულად, იმდენ თავის მოწინააღმდეგეს სჯიდა სიკვდილით, რომ სახრჩობელას „სტოლიპინის ჰალსტუხი“ შეარქვეს.
მარკინის თქმით, მეორე პუტინი 2003 წლით თარიღდება, როდესაც მან ნავთობმაგნატი მიხეილ ხოდორკოვსკი დააპატიმრა და გააძლიერა სახელმწიფოს როლი ეკონომიკაში. 2005 წელს პუტინმა დაიწყო სახალხო აჯანყებების პრევენციის სისტემის შექმნა, ისეთი აჯანყების, რომელმაც უკრაინა შეარყია.
მესამე პუტინი გაჩნდა 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ, როდესაც ცხადი გახდა, რომ რუსეთს არ აქვს სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ უნდა გაიხსნას გარე სამყაროს მიმართ და აითვისოს ახალი შესაძლებლობები. მეოთხე პუტინი, მარკინის აზრით პოლიტიკური სტატუს-ქვოს შენარჩუნებას შეეცდება და იმავდროულად ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას მხარს დაუჭერს.
„სინამდვილეში, ჩემი აზრით ეს არის არა ოთხი პუტინი, არამედ ერთი ადამიანის ევოლუცია“, – ამბობს მარკინი. „ეს ადამიანის ევოლუციაა, რომელიც მოვიდა ერთი განცდით იმისა, თუ რა უნდა გაეკეთებინა და შემდეგ იგრძნო, რომ ძალაუფლების დაცვისთვის ეს არ ეყოფოდა“.
ყველა შემთხვევაში, რუსეთის სახელისუფლებო ელიტის ლაბირინთებში ათი ან ოცი წლის გატარება თავის თავად გავლენას ახდენს ადამიანზე. ალექსანდრ რარი, რომელმაც პუტინის ბიოგრაფია დაწერა, იხსენებს იმას, თუ როგორ დაპატიჟა ის პრეზიდენტმა ექსპრომტად, მისი მმართველობის დასაწყისში. რარი ყვება, რომ არყის მეორე ჭიქის დალევის შემდეგ, ურთიერთობამ „აბსოლუტურად ნორმალური საუბრის“ ხასიათი მიიღო. მაგრამ ეს დიდი ხნის წინ იყო.
ახლა, რარის თქმით, „გამორიცხულია ის ადამიანებს შეხვდეს მხოლოდ იმისთვის, რომ მათი მოსაზრება გაიგოს“.
„მას მსახურთა ბიზანტიური ამალა ახვევია, რომლებიც აქებენ და ადიდებენ მას, რომლებიც აქებენ თავიანთ ლიდერს, რათა პრივილეგიები და შეღავათები მიიღონ“, – ამბობს რარი, საგარეო ურთიერთობათა გერმანული საბჭოდან. „ძალიან ძლიერი ხასიათია საჭირო იმისთვის, რომ ამას წინ აღუდგე, განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში როგორიც რუსეთია. იმედი მაქვს, რომ ის საკუთარი სინდისით ამას გაუმკლავდება“.
FOREIGNPRESS.GE
832
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85