პაატა კოღუაშვილი: „კვეზერელს ფუნაში რომ არ ჩაუდგამს ფეხი, უნდა გაიგოს, რა ამოცანა დგას სიმინდის წინაშე“

პაატა კოღუაშვილი: „კვეზერელს ფუნაში რომ არ ჩაუდგამს ფეხი, უნდა გაიგოს, რა ამოცანა დგას სიმინდის წინაშე“

[მანანა ნოზაძე]

ჰიბრიდულმა სიმინდმა არ გაამართლა. გლეხობა უკმაყოფილოა. სამაგიეროდ, კმაყოფილია ხელისუფლება და ამერიკული სიმინდის მაღალნაყოფიერებით ამაყობს. სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი უკვე ყავლგასული გამოთქმის „მამალი ძროხების“ შემდეგ კვლავაც ვარდისფერი ფერებით ხედავს ჩვენს სოფლის მეურნეობას და ამჯერად, ჰიბრიდული სიმინდის უხვმოსავლიანობით გვაიმედებს. მეტიც, კონკიას ზღაპრისა არ იყოს, არა მარტო საქართველოს მოსახლეობა იმყოფინებს ჰიბრიდული სიმინდის მოსავალს, არამედ მტერსაც ვუწილადებთ და მოყვარესაც, გამვლელსაც და გამომვლელსაც და უცხოეთში (მათ შორის, აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთსა და ირანში) ჰიბრიდული სიმინდის ექსპორტსაც განვახორციელებთ.

ბაკურ კვეზერელის ოპტიმისტურ გამოსვლას წინ უძღოდა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის მხრიდან ჰიბრიდული სიმინდის ქება-დიდება. ამ სიმინდის ავკარგიანობაზე მსჯელობისას „თბილისი მერიოტში“ „თავისუფალი დემოკრატებიც“ გამოჩნდნენ და ხელისუფლების მიერ ასე მოწონებული ჯიშიანი ჰიბრიდული სიმინდის ნაცვლად „ნივთმტკიცებად“ უვარგისი სიმინდის ტარო წარადგინეს.

ამის საპასუხოდ, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კონსტანტინე კობახიძე არ დაბნეულა და მთელი ცოდვა ქართულ ტრადიციულ სიმინდს აჰკიდა. მისი თქმით, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ თურმე ჰიბრიდული სიმინდი კი არა, ტრადიციული სიმინდი შეაპარეს ჟურნალისტებს. საუბარია იმ ტრადიციულ სიმინდზე, რომელიც უკანასკნელი საუკუნეების მანძილზე აპრობირებული იყო ქართველი გლეხობის მიერ და მის მოსავლიანობას ჩვენი გლეხობა არ უჩიოდა.

ბაკურ კვეზერელის თქმით, ჰიბრიდული სიმინდის პროგრამა გასულ წლებში განხორციელებულ პროგრამებს შორის გლეხური და ფერმერული მეურნეობებისათვის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ყოფილა. მისი ინფორმაციით, 2011 წელს სიმინდის ნათესების ფართობი, 2010 წელთან შედარებით, 65 პროცენტით გაიზარდა. ერთ ჰექტარ მიწაზე მოსავლიანობის მაჩვენებელი კი, წინა წელთან შედარებით, სულ მცირე, გაორმაგდება. მოსავლის მოსალოდნელი რაოდენობა კი 464 800 ტონა იქნება.

ბაკურ კვეზერელის თქმით, საქართველო სიმინდს საექსპორტოდ წლეულს პირველად გაიტანს. ხოლო 2012 წლის პროგრამა უფრო მასშტაბურად და ექსპორტზე ორიენტირებულად ესახება მინისტრს. კვეზერელი ოპოზიციონრებსაც გადასწვდა. მისი მტკიცებით, ოპოზიციის ნაწილს საზოგადოება თურმე შეცდომაში შეჰყავს, რადგან ყველა გლეხსა და ფერმერს მაღალხარისხიანი თესლი დაურიგდა და შესაბამისი ინსტრუქციებიც დროულად მიიღეს. ამდენად, მინისტრისთვის გაუგებარია, რას ნიშნავს ოპოზიციის განცხადება, რომ გლეხებმა ამ სიმინდით სერიოზულად იზარალეს.

დღეს ბაკურ კვეზერელი პარლამენტში, აგრარულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის გაფართოებულ სხდომაზე გამოცხადდა, სადაც მინისტრმა კიდევ ერთხელ შეასხა ხოტბა ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის პროგრამას.

„სახელმწიფოს სიმინდის თესლის შეძენა 4 მილიონი დოლარი დაუჯდა. გლეხები კი, 100 000 მილიონის მოგებას ნახავენ, ექსპორტზე კი, 40 მილიონის დოლარის ოდენობის სიმინდი გავა“, - განაცხადა კვეზერელმა და დასძინა „რამდენიმე ათასი ტონა უკვე გავიდა აზერბაიჯანში. რაც შეეხება ბაზრების მოძიების საკითხს,  აღნიშნულ სიმინდს მყიდველები თავად ეძებენ და ადგილობრივი ცენტრები გლეხებს დაეხმარებიან სიმინდის რეალიზებაში“.

თუმცა, ექსპერტები კვლავაც საკუთარ აზრზე რჩებიან. სოფლის მეურნეობის ექსპერტი პაატა კოღუაშვილი პრესაგე.ტვ-სთან საუბარში აცხადებს, რომ მთელ მსოფლიოში აქსიომაა, რომ მაღალმოსავლიან ადგილობრივ ჯიშს არ შეიძლება აჯობოს უცხოეთიდან შემოტანილმა სიმინდმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ირწმუნება, რომ წლეულს სიმინდი მოსავლი მოსალოდნელი რაოდენობა 464 800 ტონა იქნება. როგორია თქვენი პროგნოზი ჰიბრიდულ სიმინდთან დაკავშირებით?

- კვეზერელმა ჯერ არ იცის, როგორი მოსავალი მოვა, რადგან ახლა იწყება მოსავლის აღება, მაგრამ ზოგ ადგილებში მართლაც მოვიდა 5-7 ტონა. მაგალითად, აღმოსავლეთ საქართველოში ამ საფურაჟე, ჰიბრიდულმა სიმინდმა გარკვეული მოსავალი მოგვცა.

 რით ახსნით, რომ დასავლეთ საქართველოში სიმინდი ნაკლებმოსავლიანი იყო, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში - უხვმოსავლიანი?

- ეს საფურაჟე სიმინდია. ეს არ არის ადამიანისთვის სასურსათო სიმინდი. თვითონ ამერიკელები ამ სიმინდს ძირითადად მეცხოველეობისთვის იყენებენ. ამ სიმინდის მარცვლისგან დაფქვილი ფქვილი ადამიანმა რომ შეჭამოს, არ მოკლავს, მაგრამ ეს არ იქნება იმ ხარისხის ჭადი და ღომი, რომელსაც შეჩვეულია დასავლეთ საქართველო. საერთოდ, სასურსათო სიმინდს მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ერი მოიხმარს ადამიანისთვის. დანარჩენები ამ მიზნით არ მოიხმარენ. თანაც, თანამედროვე ტექნოლოგიებით მიღებულ ამერიკულ ჰიბრიდულ სიმინდს თავისი აგროტექნიკა სჭირდება. ეს რთული აგროტექნიკაა. ამ სიმინდს ესაჭიროება საკმაოდ კარგად დამუშავებული ნიადაგი. ჯერ კარგად უნდა მოიხნას, მერე კარგად დაითესოს, მერე კარგად დაიფარცხოს. მარტო რომ მოხნა, მიფანტ-მოფანტო ეს სიმინდი და სპეციალური დანადგარით არ დათესო, იქ მოსავალი არ მოვა. ეს დაემსგავსება ახალ აღთქმაში მოთხრობილ იგავს, ზოგი მარცვალი რომ კლდეზე დაეცა და ზოგი კი - ზედაპირულად. გარდა ამისა, ჰიბრიდულ სიმინდს სჭირდება სპეციალური გამოკვება. მას საკმაოდ მაღალი დოზით მინერალური სასუქი ესაჭიროება, აღმოსავლეთ საქართველოში კი მას სჭირდება აზოტი, ერთ ჰექტარზე მინიმუმ (პირველ გამოკვებაზე) 150 კილოგრამი, ხოლო მეორე გამოკვებაზე სჭირდება 200-250 კილოგრამი. ამის საშუალება ქართველი გლეხების უდიდეს ნაწილს არ აქვს.

ხელისუფლებამ არ დაურიგა გლეხებს აზოტი?

- აზოტს ვინ მისცემს გლეხს? 40-45 ლარი ღირს 50 კილოგრამიანი ერთი ტომარა აზოტი. სახელმწიფომ მხოლოდ და მხოლოდ შვიდთვიანი განვადებით მისცა ჰიბრიდული სიმინდის მარცვალი, კილოგრამზე 17 ლარად. შვიდი თვის თავზე კი  გლეხებს მისი გადახდის პერიოდი დაუდგათ. სწორედ ამის გამო ატეხა ორმა პარტიამ - ალასანიასა და თარგამაძის პარტიებმა ერთი ამბავი, - ხალხმა ვერ მიიღო მოსავალი და ეს ვალი ან ჩამოაწერეთ, ან სუბსიდია მიეცითო.

პროცენტული თვალსაზრისით, როგორია სიმინდის წლევანდელი მოსავალი და რამდენად დამაჯერებელია, როცა ბაკურ კვეზერელი აცხადებს, რომ სიმინდი საექსპორტოდ გავა?

- როგორც ხორბალთან მიმართებით მოხდა, სიმინდის შემთხვევაშიც ასეა.  ამერიკული ჯაგერის ტიპის ხორბალი 25 ათას ჰექტარზე დაითესა. მე მაქვს 250 ოჯახის მიერ დათესილი ამ ხორბლის მონაცემები. იყო ადგილები, სადაც ხორბალი ჰექტარზე 6 ტონანახევარი, 5 ტონანახევარი მოვიდა. მაგრამ იყო ადგილები, სადაც მხოლოდ ორი ტონა მოვიდა. ეს იმის ბრალი იყო, რომ გვალვის დროს ვერ მოირწყა, ნიადაგი ცუდად იყო დამუშავებული, ნიადაგის გამოკვება ვერ მოხდა. საშუალოდ თუ ვიტყვით,  3,1 ტონა ხორბალი მოვიდა, რაც ჩვენი პირობებისა და ბოლო ათწლეულისთვის ყველაზე მაღალი მოსავალი იყო. ასევეა სიმინდის შემთხვევაშიც. თუმცა ამ წუთას ვერავინ გეტყვით, რა მოსავალი იქნება, რადგან სიმინდის მოსავლის აღება ახლა დაიწყო.

მაშინ საიდან აქვს ეს მონაცემი კვეზერელს?

- არანაირი მონაცემი მას არ აქვს. იმ ადგილებში, სადაც კარგად იქნა მიწა მოვლილი, რაც ვიზუალური დათვალიერებითაც შეინიშნებოდა, სპეციალისტები მეუბნებოდნენ, რომ ხუთი, ხუთნახევარი ტონა სიმინდი იქნება საშუალოდ მიღებულიო. ხოლო ის, რაც მე ტელევიზიით ვნახე დასავლეთ საქართველოში, წარმოუდგენელი რამ იყო. სიმინდი არ გახლდათ დათესილი სპეციალური მანქანით. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ალაგ-ალაგ იყო ამოსული, რაც წარმოუდგენელია. ერთ რამეს გეტყვით და, სადაც გნებავთ, ამას იქ გავიმეორებ - ადამიანისთვის მსოფლიოში არ არსებობს იმაზე უკეთესი სასურსათი სიმინდის ჯიში, როგორიცაა იმერეთში, აჯამეთის თეთრი სიმინდი. ეს არის უნიკალური ჯიში, რომელიც ჰექტარზე საშუალოდ 8-10 ტონა მოსავალს იძლევა. მაგრამ მუშაობაა საჭირო, სათესლე მეურნეობაა აუცილებელი, მერე მოხდება მისი დახარისხება, ამას სპეციალური ქარხანა სჭირდება. აქვეა სიმინდის სხვა ჯიშებიც: აჯამეთის ყვითელი, გეგუთის ყვითელი, აბაშის ყვითელი, ქართული კრუგი.

თუ ასეთი კარგი სიმინდის ჯიშები გვქონდა, რატომ შემოიტანეს ჰიბრუდული სიმინდი?

- რადგან ეს ჰიბრიდია, ისინი კი ჯიშებია. თუმცა საქართველოს გააჩნია საკუთარი ჰიბრიდებიც რომელიც ძალიან მაღალმოსავლიანია. ასეთია წეროვანი 1, წეროვანი 2, 3, 5 და ა.შ, რომელიც საშუალოდ 12-14 ტონას იძლევა ჰექტარზე. ამას გარდა, გვაქვს ლომთაგორას სამი ტიპის ჰიბრიდი.

მით უმეტეს, ჰიბრიდებიც თუ გვქონია, რატომ დასჭირდათ ამერიკული სიმინდის შემოტანა?

- შემოიტანეს, რადგან ქართული ჰიბრუდული თესლის წარმოება ძველი მეთოდებით ხდება. ამ მეთოდს რომ დავუბრუნდეთ,  კიდევ ერთი-ორი წელიწადი სჭირდება და თან სჭირდება სპეციალური ქარხანა, დამხარისხებელი და სხვა. ამ პრობლემის გამო ხელისუფლებამ ეს სიმინდი იყიდა. თუმცა, როცა ყიდულობენ კონკრეტულად ამ სიმინდს, იქ, რა თქმა უნდა, კითხვები იბადება.

ანუ ფინანსური ინტერესები იკვეთება?

- როდესაც გაქვს შესაძლებლობა და ყიდულობ, ეს ხომ არ არის დაკავშირებული მაქინაციებთან? ასეთი კითხვა, ბუნებრივია, იბადება, მაგრამ აქ სამინისტროს დამოკიდებულება ასეთია, რატომ ავიტკიოთ თავი, ვიყიდით და დამთავრდება ყველაფერი. აგერ, ხალხს დავაძალებთ, ვაიძულებთ იყიდოს, არ იყიდის და გავაგდებთ მასწავლებლობიდან, ექიმობიდან, არ დათესავს და ნახავს, რა მოელის. აი, ასეთი შედეგი მივიღეთ.

აჯობებდა, ტრადიციული სიმინდი დაეთესათ?

- საერთოდ, მთელ მსოფლიოში ეს აქსიომაა, როდესაც შენ გაქვს მაღალმოსავლიანი ადგილობრივი ჯიში, მას არ შეიძლება აჯობოს შემოტანილმა, თუნდაც სხვა ქვეყანაში უხვმოსავლიანობით განთქმულმა სიმინდმა. როცა ასეთი სიმინდი მაინც მოგაქვს, სხვადასხვა ნიადაგობრივ, კლიმატურ პირობებში მისი დარაიონება, გამოცდაა საჭირო. ამას ორი-სამი წელი სჭირდება.

რადგან ჰიბრიდული სიმინდი ცხოველებისთვისაა განკუთვნილი და არა ადამიანებისთვის, ადამიანის მიერ მისი მოხმარება ჯანმრთელობისთვის საშიში ხომ არ არის?

- არა, არანაირ დაავადებას არ იწვევს. უბრალოდ, დასავლეთ საქართველოში ეს სიმინდი არ უნდა დაგვეთესა. ეს უნდა ყოფილიყო მხოლოდ და მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში და მას უნდა ჰქონოდა მხოლოდ მეცხოველეობისთვის დანიშნულება. დასავლეთ საქართველოში - იმერეთში, სამეგრელსა და გურიაში  მჭადითა და ღომით იკვებება. მართალია, მჭადი გამოცხვება ამ ჰიბრიდული სიმინდისგან, მაგრამ არ იქნება ისეთი კარგი, თანაც, ეს სიმინდი ყვითელია ვიზუალურად, ჩვენ კი არ ვიყენებთ საჭმელად ამ ყვითელ მჭადსა და ყვითელ ღომს. მანახეთ, ვინ მიირთმევს ყვითელ მჭადს?

მართალია, რომ ჩვენი ტრადიციული სიმინდი იმდენად კარგია, რომ ყაზახეთშიც კი მოჰყავთ?

- ყაზახეთში წაიღეს პაპალაშვილის ჯიშის სიმინდი, რომელიც ყველაზე უხვმოსავლიანია, ნორმალური აგროტექნიკის პირობებში 14-16 ტონას იძლევა. პრაქტიკულად, ეს ჯიში საქართველოში არ გვაქვს უკვე. კიდევ ერთი, ამერიკული ჰიბრიდული ჯიშები სპეციალური ტექნოლოგიითაა მიღებული, ჩვენი ჰიბრიდები კი - ძველებური ტექნოლოგიებით, გამოყენებულია მე-20 საუკუნის 50-იანი წლების ტექნოლოგიები. გარდა ამისა, ჩვენი სიმინდის ტარო მსხვილია. თანამედროვე სიმინდის ამღები მანქანები კი ჩვენს ტაროებს ვერ იღებენ, ამიტომ მთლიანად შუაში ჭრიან. ამ მხრივაც პრობლემები იქმნება. შესაბამისად, ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. საერთოდ, თუ გვინდა ეროვნული, ადგილობრივი პროდუქცია გვქონდეს, უნდა აღდგეს მარცვლეულის თესლის მწარმოებელი სამსახური ქვეყნაში. ამისთვის არაა საჭირო სახელმწიფო მიწები. ამისთვის საჭიროა იჯარით აღებულ მიწებზე ამ მუშაობის ჩატარება.

ბაკურ კვეზერელმა დააკონკრეტა, რომ ექსპორტზეც გავა მოსავალი.

- ბაკურ კვეზერელმა ჯერ უნდა გაიგოს, რამდენი მოსავალი სჭირდება საქართველოს მეცხოველეობას, საქართველოს მოსახლეობას და ამის შემდეგ უნდა ილაპარაკოს. წერა-კითხვის უცოდინარმა ბაკურ კვეზერელმა, კაცმა, რომელსაც ფუნაში ფეხი არ ჩაუდგამს, უნდა გაიგოს, რა ამოცანა დგას სიმინდის წინაშე, რა გვინდა და როგორ გვჭირდება. ამოცანა მარტო გაყიდვა კი არ არის. ვალუტის შოვნა და იმპორტი ყველა ნორმალური ქვეყნის სოფლის მეურნეობისთვის მეორადი ამოცანაა. პირველადი ამოცანა, ეს არის საკუთარი ქვეყნის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ეს უნდა გაიოგონ ამათ. ესენი არიან მიჩურინის ეპოქაში ჩარჩენილნი და რაღაც ფსევდოლიბერალიზმზე საუბრობენ.