ქდმ ქუთაისის ოფისიდან გამოაძევეს

ქდმ ქუთაისის ოფისიდან გამოაძევეს

[პრესაგე.ტვ]

ქრისტიან-დემოკრატები ქუთაისში ოფისიდან გამოყარეს! რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს პარლამენტში მართლმადიდებლობის დაცვის ეგიდით მოსული ქრისტიან-დემოკრატები, რომლებიც ასევე ითხოვდნენ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას, ოფისიდან სწორედ მართლმადიდებლობის დოგმატური წესის დარღვევის გამო გამოაძევა სახლის მეპატრონემ.

ქდმ-ს ქუთაისში თამარ მეფის ქუჩა №18-ში ქონდა ოფისი დაქირავებული. 6 თვის თავზე ისინი სახლის მეპატრონემ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გამოყარა. ამ ინციდენტს წინ უსწრებდა ქდმ-ს წევრების ვიზიტი მეპატრონესთან, რომელსაც მოსთხოვეს სახლის შემოსასვლელში მოთავსებული ხატების აღება, მიზეზად დაუსახელებიათ ამერიკელი სტუმრების პროტესტი - „ამერიკელები გვეუბნებიან, რომ სახლში სადაც ხატების კუთხეა გაკეთებული ჩვენ არ შემოვალთო, ამიტომ ხატები წაიღეთ სახლიდანო“.

სწორედ ასე განუცხადეს ქრისტიან-დემოკრატებმა სახლის მეპატრონეს, რომელიც ხატების კუთხის აღების კატეგორიული წინააღმდეგი წასულა: „თქვენ წახვიდეთ აქედან მირჩევნია და ხატებს არსადაც არ გადავიტან, კუთხეს არ მოვშლიო. სახლის მეპატრონემ კარი გააღო და „სტუმრები“ უცერემონიოდ გაყარა. ქდმ იძულებული გახდა ოფისი დაეცალა.

მომხდარ ინციდენტს პრესაგე.ტვ-ს „ქართული პარტიის“ ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი ემელიანე გორდაძე უდასტურებს: „ქრისტიან-დემოკრატები ოფისიდან მას შემდეგ გამოყარეს, რაც მათ მოითხოვეს სახლიდან ხატების გატანა. დიდი ხმაური და გაწევ-გამოწევა არ ყოფილა, მაგრამ ფაქტი ზუსტია”.

ამ ერთმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქდმ-ს მხრიდან მართლმადიდებლობის დამცველთა მანტიის მოსხმა მხოლოდ ფარსია და შირმა. სინამდვილეში თარგამაძის, ვეფხვაძის, ან სხვა ქდმ-თა ეკლესიის ფონზე მიცემული სატელევიზიო კომენტარები მხოლოდ პიარზეა გათვლილი და მომავალ თბილ სკამს უკავშირდება.