მდგომარეობა, როცა კომენტარი ზედმეტია

მდგომარეობა, როცა კომენტარი ზედმეტია

[თეონა ხარაბაძე]

ხელისუფლებასა და ოპოზიის ნაწილს შორის აგვისტოში გაფორმებული საარჩევნო შეთანხმების თანახმად უნდა შეიქმნას სამი კომისია, რომელიც მონიტორინგს განახორციელებს საარჩევნო სიებზე, მედიის მუშაობასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე. მართალია, ეს კომისიები ჯერ არ შექმნილა, მაგრამ  ხელისუფლების მიერ ისეთი ცვლილებების დაკანონება ხდება, რომელიც ხელს უწყობს ადმინისტრაციული რესურსის და, მათ შორის, საბიუჯეტო თანხების, ერთი პარტიის სასარგებლოდ გამოყენებას. ამიტომ, ჩნდება კითხვა, ამ კომისიის შექმნას რაღა აზრი აქვს?

ვენეციის კომისიისთვის გაგზავნილ პროექტში აღმოჩნდა ჩანაწერი, რომლის თანახმად,  სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ კომპანიას საარჩევნო სუბიექტის დაფინანსების უფლება მიეცემათ. ასეთი კომპანიები კი, ხელისუფლებისა და ხელისფლების სატელიტი პარტიების გარდა, რომ არავის დააფინანსებენ, ცხადია.

ეს საკითხი ერთ-ერთი იმ საკითხთაგანია, რომელიც ახალ „საარჩევნო კოდექსის“ პროექტში ოპოზიციასთან შეუთანხმებლად მოხვდა. სხვა საკითხია, თუ რატომ მოხვდა პროექტში შეუთანხმებელი საკითხები და ამის გარკვევას შეთანხმების მონაწილე ოპოზიცია დღემდე ამაოდ ცდილობს. ფაქტი ის არის, რომ პროექტში რამდენიმე სიურპრიზი აღმოჩნდა. მათ შორის ისეთი საკითხები, როგორიც არის მარკირებისა და საარჩევნო უბნებზე ვიდეოკამერების გაუქმების საკითხი, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის გასაიდუმლოება, ცესკოს თავმჯდომარისთვის უფლებამოსილების გაზრდა და ა.შ.

ამასთან, ისიც უნდა ითქვას, რომ ახალი „საარჩევნო კოდექსის“ პროექტი მთლიანად შეცვლილია, გადაადგილებულია მუხლები ერთი თავიდან მეორეში და, ამიტომაც, მისი შედარება დღეს მოქმედ კოდექსთან საკმაოდ გაძნელდა. მიუხედავად ამისა, მედიამ და არასამთავრობო სექტორმა გარკვეული ცვლილებების პოვნა მაინც შეძლო. თუმცა, გუშინ, როდესაც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ოპოზიციის თხოვნით, საარჩევნო კოდექსში შეტანილი შეუთანხმებელი ცვლილებების პრეზენტაცია გამართა, კიდევ ერთი სიურპრიზი აღმოჩნდა და ეს არის ხელისუფლების ის გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ კომპანიას საარჩევნო კამპანიისას პარტიის დაფინანსების შესაძლებლობა ეძლევა.

დღეს მოქმედ კოდექსში ნათქვამია, რომ „დაუშვებელია საარჩევნო კამპანიის ფონდში შემოწირულობების მიღება: ა) სხვა სახელმწიფოსაგან; ბ) სხვა სახელმწიფოს იურიდიული ან ფიზიკური დ)საერთაშორისო ორგანიზაციისა და მოძრაობისაგან; ე) არასამეწარმეო იურიდიული პირის და რელიგიური ორგანიზაციისაგან; ვ) საქართველოს სამეწარმეო იურიდიული პირისაგან, რომელშიც არის სახელმწიფოს წილი.”

ახალი კოდექსის პროექტში ეს ფორმულირება ასეა ჩამოყალიბებული: „დაუშვებელია საარჩევნო კამპანიის ფონდში შემოწირულებების მიღება: ა) სხვა სახელმწიფოსგან; ბ) სხვა სახელმწიფოს იურიდიული ან ფიზიკური პირისაგან; გ) მოქალაქეობის არმქონე პირისაგან; დ) საერთაშორისო ორგანიზაციისა და მოძრაობისაგან; ე) არასამეწარმეო იურიდიული პირის და რელიგიური ორგანიზაციისაგან; ვ) საქართველოს სამეწარმეო იურიდიული პირისაგან, რომელშიც არის სახელმწიფოს წილი 50 პროცენტი მაინც.”

ხელისუფლებას რა არგუმენტი გააჩნია ამ ცვლილებისას, ჯერჯერობით უცნობია. პავლე კუბლაშვილი აცხადებს, რომ გუშინ მხოლოდ ცვლილებების პრეზენტაცია იყო და არსებითი განხილვა კანონპროექტის საპარლამენტო განხილვისას მოხდება. არასამთავრობო სექტორი კი ამ ცვლილებას კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს, რადგან აცხადებენ, რომ ძნელი წარმოსადგენია, რომ სახელმწიფოს კუთვნილმა კომპანიამ, რაც არ უნდა მცირე წილს ფლობდეს, ოპოზიციური პარტიები დააფინანსოს და ამით ბიუჯეტიდან პირდაპირ სახელისუფლებო პარტიის დაფინანსება მოხდება.

საინტერესოა კიდევ ის, რომ პრეზენტაციისას კუბლაშვილმა რამდენიმე ცვლილებაზე საერთოდ არაფერი თქვა. უფრო მეტიც, კუბლაშვილის მიერ „საიდუმლოდ“ შენახული ცვლილლებები არ მოხვდა არც პრეზენტაციის წერილობით ვარიანტში, რომელიც განხილვის დაწყებისას დარიგდა.

ამის შესახებ შეხვედრაზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელმა კახი კახიშვილმა ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, პროექტში შეუთანხმებლად ჩაიწერა, რომ ხელახალი არჩევნები იმართება იმ შემთხვევაში, თუ ცესკომ რომელიმე კანდიდატის უფლებამოსილება არ სცნო. უფლებამოსილების არცნობისთვის კი რამდენიმე მიზეზი არსებობს და მათ შორის ის, რომ ნარკოლოგიურმა დაწესებულებამ ცესკოს ცნობა დროულად არ წარუდგინოს. ამასთან, მითითებული არ არის, თუ ეს ვისი ბრალეულობით მოხდება.

„თუკი ნარკოლოგიური რაღაც მიზეზის გამო დროულად არ წარადგენს ცნობას, ეს რა კანდიდატის ბრალია და ამის გამო მისი უფლებამოსილების ცნობა რატომ არ უნდა მოხდეს? ეს ჩანაწერი ქმნის იმის საშიშროებას, რომ დაინტერესების შემთხვევაში, ეს, შესაძლოა, პოლიტიკური ზეწოლისთვის იქნას გამოყენებული“, - განაცხადა კახი კახიშვილმა.

კუბლაშვილის პასუხი კი ამასთან დაკავშირებითაც ის არის, რომ ცვლილებებზე მსჯელობა არსებითი განხილვისას მოხდება.

გარდა ამისა, არასამთავრობო სექტორი რამდენიმე პრობლემაზე საუბრობს. მაგალითად, ისინი საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლებისთვის ფოტო და ვიდეოგადაღების უფლების აღდგენას და დამკვირვებლების გაძევების პროცესის გართულებას ითხოვენ.

როგორც „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, არსებული კანონმდებლობით საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლებს ჰქონდათ ფოტო და ვიდეო გადაღების უფლება, რაც მათთვის სერიოზული ბერკეტი იყო. მისი თქმით, წინა არჩევნებზე იყო შემთხვევები, როდესაც დამკვირვებლის ჩვენებები არ იყო მიღებული არგუმენტად და ამ შემთხვევაში ფოტო და ვიდეო მასალა დამკვირვებლებისთვის უკვე სერიოზულ არგუმენტსა და ფაქტობრივ მასალას წარმოადგენდა. ახალი საარჩევნო კოდექსით კი გართულებულია საარჩევნო უბნიდან პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენლის გაძევება, რაც ასევე უნდა გავრცელდეს დამკვირვებელზე და მედიის წარმომადგენელეზე, რათა მათ ერთნაირი გარანტიები ჰქონდეთ.

როგორც ამ საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა აღნიშნა, შესაძლებელია გაგრძელდეს დისკუსია დამკვირვებლისთვის ფოტო და ვიდეო მასალის გადაღების უფლების დასაბრუნებლად, თუმცა, ეს არ უნდა იყოს სარჩევნო პროცესის შეფერხების საფუძველი, როგორც ეს წინა პრაქტიკამ აჩვენა.

ეს არის გაპარებული საკითხების ის ნაწილი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების შეშფოთებას იწვევს. ცხადია, ამაში იგულისხმება ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არგამოქვეყნება, უბნებიდან ვიდეოკამერების მოხსნა და ა.შ. დიდი ალბათობით, ეს საკითხები უცვლელად დარჩება, მაგრამ არასამთავრობო სექტორსა და ოპოზიციას ვენეციის კომისიის იმედი აქვთ. თუმცა, თუ გამოცდილებას გავითვალისწინებთ, როდესაც ხელისუფლებას ვენეციის კომისიის აზრი დიდად არ აინტერესებს ხოლმე, ადვილი წარმოსადგენია, რომ ახლაც იმას იტყვიან, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სავალდებულოდ შესასრულებელი არ არისო.