Prime Time-ის შავი Time

Prime Time-ის შავი Time

საქართველოში არჩევნებისთვის ემზადებიან, პოლიტიკური პარტიები კარგა ხანია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე საუბრობენ, თუმცა კანონი - კანონად, მოლაპარაკებები და შეთანხმებები კი, შეთანხმემებისა და მოლაპარაკებების დონეზე რჩება. „ნაციონალური მოძრაობა“ გადამწყვეტი ბრძოლისთვის ჩვეული მეთოდით ემზადება - აქცენტი, როგორც ყოველთვის ფულზე, ეგზიტპოლებზე და გამოკითხვებზე კეთდება. სააკაშვილს ამ მხრივ მდიდარი და წარმატებული გამოცდილება აქვს, „ვარდების რევოლუცია“ ფაქტიურად შესაბამისად და მიზანმიმართულად დაფინანსებულმა ეგზიტპოლმა მოიგო. 

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შევარდნაძის „მოამბის“ საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, თაკო ფხაკაძე, რომელიც დღეს ჰოლდინგ „პრაიმ ტაიმის“ მესაკუთრედ სახელდება და, რომელიც სინამდვილეში ქალაქის მერის გიგი უგულავას ფინანსებით სულდგმულობს, კვლევით „ცენტრს“ ყიდის. უგულავას დაკვეთილ კვლევებს სწორედ თაკო ფხაკაძის, „პრაიმ ტაიმი“ აწარმოებს.
კვლევითი ცენტრის გაყიდვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია პრესაგე.ტვ-სთან ფხაკაძის თანამშრომლებმა დაადასტურეს და შიდა სამზარეულოს რამდენიმე დეტალიც გაგვანდეს:

„უკვე 4 თვის სახელფასო დავალიანება აქვთ, ყოველ დღე გვეუბნებიან, რომ კვირის ბოლოს, ან მომავალი კვირის დასაწყისში მოგვცემენ კუთვნილ ხელფასს, მაგრამ დრო დაუსრულებლად გაიჭიმა. ცოტა ხნის წინ თაკო ფხაკაძემ განგვიცხადა, რომ კომპანიას ყიდის. მყიდველად ყაზახი ინვესტორები დასახელდა, თუმცა მოგვიანებით გავარკვიეთ, რომ სინამდვილეში კვლევით ცენტრს ყიდულობს ვალერიან-ვაკა გორგილაძე.

დასახელდა შესასყიდი თანხაც - 200 ათასი დოლარი. ვიფიქრეთ, ამის შემდეგ მაინც გადაგვიხდიდნენ ხელფასებს, მაგრამ გამოგვიცხადეს, რომ იწყებდნენ თანამშრომლების შემცირებას. 14 თანამშრომლიდან 6 დატოვეს, გათავისუფლებულებისათვის დავალიანება არ გადაუხდიათ. თაკო ფხაკაძემ კი გამოაცხადა, გადავიფიქრე კომპანიის გაყიდვა და ისევ ერთად მოგვიწევს მუშაობაო. არადა, უკვე ყველამ ვიცით, რომ პრაქტიკულად კომპანია გაყიდულია, რამდენიმე დღეში მოლაპარაკებები დასრულდება და ოფიციალურად გამოცხადდება შედეგებიც.

ჩვენ ისიც ვიცით, რომ გიგი უგულავას ამ გზით ფხაკაძის თავიდან მოშორება უნდა. საქმე ისაა, რომ გაზეთმა ვერ გაქაჩა, ტირაჟი ვერ აწია და ვერც მკითხველი მოიზიდა. მერიას „პრაიმ ტაიმი“ ალესილი ნაჯახივით ადევს კისერზე. უგულავა კვლევითი ცენტრიდან თუ მოიშორებს ფხაკაძეს, შემდეგ გაზეთიდან მისი გაყვანაც არ გაუჭირდება. თავის მხრივ, ეს იცის ფხაკაძემაც და ამიტომ წილის გაყიდვა ურჩევნია საერთოდ ყველაფრის დაკარგვას“.

რატომ ყიდის ან გაყიდა ფხაკაძემ კომპანია? დავალიანების გარდა, როგორც ამბობენ „პრაიმ ტაიმს“ არა ერთი კანონდარღვევა აქვს და იმასაც ამბობენ ეს დარღვევები ჯერ კიდევ შარშან ოფისში ფინანსური რომ შევიდა მაშინ დაფიქსირდა. იმ ხანად ყველა ფიქრობდა, რომ ფხაკაძის თავისუფლების დღეები დათვლილი იყო, თუმცა იგი ამ სიტუაციიდან გამოძვრა „ექსკლუზიურად პირად“ მიზეზთა გამო.

მოკლედ, მაშინ ფხაკაძე მისმა მფარველმა ანგელოზმა გიგი უგულავამ არ გაწირა. მაშ რა ხდება ახლა? „პრაიმ ტაიმი“ ისევ თბილისის მერის ფრთის ქვეშ მოიაზრება. პრობლემა თავად ფხაკაძეშია, რომლის „ანგარიშზე“ ბრაილის შრიფტით აფხაზეთის ომის თემაზე გამოცემული წიგნებზე დახარჯული ფინანსებიცაა. მართალია, ფხაკაძე ტრაბახობდა, რომ აღნიშნულ პროექტს „პრაიმ ტაიმი“ საკუთარი მოგებიდან აფინანსებდა, თუმცა პროექტისთვის 200 ათასი ლარი მერიის ბიუჯეტიდან იყო გამოყოფილი.

ვინ, ვინ და, გიგი უგულავამაც იცის ის, რაც „პრაიმ ტაიმის“ რედაქციის თანამშრომლებმა იციან, 200 ათასიდან ძალიან დიდი თანხა არამიზნობრივად დაიხარჯა, ანუ ვიღაცის ჯიბეში დაილექა.

ასე რომ, ქალაქის მერს საკუთარ გაზეთში პიარი ძვირი უჯდება. ახლა, როცა არჩევნები კარსაა მომდგარი, უგულავას სხვა, უფრო საიმედო დასაყრდენი ძალა სჭირდება, გაცილებით სუფთა, ვიდრე თაკო ფხაკაძეა და გაცილებით გაუშიფრავი ბეჭდური მედია ვიდრე „პრაიმ ტაიმია“.

თითქმის ერთი წელია მიდის საუბარი ახალი ჰოლდინგის შექმნის შესახებ, რომელშიც ახალი გაზეთი, ძველი ერთ-ერთი ჟურნალი და რამდენიმე გამოცემა შევა, მაგრამ - ფხაკაძის გარეშე. იგი მოიძულეს და მოიძულეს ერთადერთი ნიშნით – თაკო ფხაკაძე გაიშიფრა. ამდენად, წინასაარჩევნოდ მისი კომპანიის ჩატარებული გამოკითხვები ხალხისთვის ნაკლებად სარწმუნო იქნება. ხელისუფლებას ახლა ახალი სისხლი და ახალი, ხალხისთვის მეტად სანდო და მეტად გაუსვრელი სახე სჭირდება. ჰოდა ასეთად სწორედ ვალერიან-ვაკა გორგილაძე ესახებათ.

გორგილაძე ნაციონალებმა თავის დროზე კარგად გამოიყენეს, საპარლამენტო არჩევნების დროს მთლიანად მან გაუკეთა პიარი ნაციონალების მაჟორიტარობის კანდიდატს გიორგი მელაძეს და საკმაოდ წარმატებულადაც. სხვა თემაა რამდენად სამართლიანად ჩატარდა მაშინ არჩევნები და რამდენი ხმა დაუმატეს კომისიაში მელაძეს, მაგრამ თავად პიარი მართლაც მაღალი კლასის ჰქონდა.

თავად გორგილაძე შინაგანად პატიოსანი კაცია და არჩევნების დროს ოჯახური პრობლემა რომ არა, შეიძლება ნაციონალების სასარგებლოდ არც ემუშავა. ხელისუფლება მას დაპირდა ამ პრობლემის მოგვარებას, მაგრამ არჩევნები როგორც კი დასრულდა გორგილაძის პრობლემა არავის გახსენებია და პრობლემა პრობლემად დარჩა. ამის შემდეგ ვალერიან გორგილაძე ერთი პერიოდი „ეროვნული ფორუმის“ პიარზე მუშაობდა.

თაკო ფხაკაძე, ჯერჯერობით, მხოლოდ გაზეთში დარჩება და ექსკლუზიურად პირადი მასალების გამოქვეყნებით დაიკმაყოფილებს ამბიციებს.

პარალელურად, ხელისუფლება ცდილობს შეძლებისდაგვარად არიოს სიტუაცია სატელევიზიო ნაციონალური სივრციდან გარეთ დარჩენილ მედიასაშუალებებში. ჯერ არ დამთავრებულა ნოღაიდელის დავა ტელეკომპანია „მაესტროს“ერთ-ერთ მფლობელ ეროსი კიწმარიშვილთან და უკვე მეორე „ფრონტი“ იხსნება. ამჯერად შეტევაზე ძმები გაჩეჩილაძეები გადადიან. პოლიტიკური კულუარებიდან გამოვიდა ხმა, რომ მალე ლევან გაჩეჩილაძე, ნინო ბურჯანაძე და დავით თარხან-მოურავი (მოძრაობა წინააღმდეგობისათვის) საზოგადოების წინაშე ერთ ბლოკად წარდგებიან.

გაჩეჩილაძე სატელევიზიო სივრცისთვის იბრძვის და, როგორც „მაესტროს“ ერთ-ერთი ჟურნალისტი გვიყვება, პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს უნდა, რომ ჟურნალისტი თამარ რუხაძე ნათია ლაზაშვილით ჩაანაცვლოს. ორივე ჟურნალისტი თავის დროზე „რუსთავი-2“-ში დაფრთიანდა და მათი გზები პოლიტიკაში მისვლის დროსაც არ გადაკვეთილა. ისინი ირაკლი ოქრუაშვილის პარტიას ამშვენებდნენ. მას შემდეგ, რაც ოქრუაშვილი საფრანგეთში გადაბარგდა, რუხაძე „მაესტროზე“ მივიდა, ლაზაშვილმა კი მემუარების წერა დაიწყო, თუმცა დაპირებული წიგნის პრეზენტაცია ჯერ არ მომხდარა.

ლაზაშვილი ყოველთვის ლევან გაჩეჩილაძის ფრთის ქვეშ იდგა და ამჯერადაც, როგორც ჩანს, გაჩეჩილაძის დახმარებით აპირებს ჟურნალისტიკაში დაბრუნებას.