თინათინ ხიდაშელი: „საქართველოში ინფორმაციის გასაიდუმლოებამ უპრეცედენტო ხასიათი მიიღო“

თინათინ ხიდაშელი: „საქართველოში ინფორმაციის გასაიდუმლოებამ უპრეცედენტო ხასიათი მიიღო“

„28 სექტემბერი ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღეა. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებას შევახსენოთ, რომ მოქალაქეებს უფლება აქვთ, იცოდნენ ყველაფერი საკუთარი ქვეყნის, ქალაქებისა და სოფლების ბიუჯეტის შესახებ.

ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოში ინფორმაციის გასაიდუმლოებამ, ხელისუფლების მხრიდან ინფორმაციის თავისუფლების მოთხოვნების უგულვებელყოფამ უპრეცედენტო ხასიათი მიიღო. ერთადერთი მიზეზი, რომელსაც მსოფლიო პრაქტიკა თანამდებობის პირების მიერ ინფორმაციის დამალვისას იცნობს, კორუფციული გარიგებებია.

რატომ მალავს ქალაქ თბილისის მერი მუდმივად ინფორმაციას ბიუჯეტიდან დახარჯული თანხების შესახებ?

რა იმალება იმ მილიონების უკან, რომელიც თავმოყრილია საბიუჯეტო მუხლებში?

რატომ ხდება საბიუჯეტო თანხების დიდი ნაწილის ფონდების საშუალებით განკარგვა?

ეს და კიდევ ბევრი სხვა კითხვა პასუხგაუცემელი რჩება და სერიოზული პრობლემების წყაროა, რომელიც საბოლოოდ კორუფციულ გარიგებებამდე მიდის. ერთი წლის მანძილზე მუდმივად უპასუხოდ რჩება წერილები, სადაც ქალაქის მერის მიერ სარეზერვო ფონდიდან ფულის განკარგვის შესახებ ინფორმაციას მოვითხოვთ. უპასუხოდ რჩება კითხვები მომსახურების სფეროში ხარჯებისა და შემოსავლების შესახებ, მაგალითად, ბოლო დასუფთავების გადასახადის შესახებ; უპასუხოდ რჩება კითხვები საბავშო ბაღებში გადასახადის შემოღების მიზეზების შესახებ; უპასუხოდ რჩება კითხვები სხვადასხვა გასართობი ღონისძიებების შესახებ.

კიდევ უფრო დიდი პრობლემაა, როდესაც პასუხს ფორმალურად გვაწვდიან – პასუხი ან ზოგადი და არაფრისმთქმელია, ან უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება. ამის საუკეთესო მაგალითი იყო შარშანდელი ახალი წლის ხარჯების შესახებ მოწოდებული ინფორმაცია, როდესაც მერიის მიერ მოწოდებული თანხა მინიმუმ სამჯერ ნაკლები იყო, ვიდრე ჩვენ ხელთ არსებული დოკუმენტებით დადასტურებული თბილისის საახალწლო ხარჯები.

სამწუხაროდ, ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს სასამართლოების დამოკიდებულება ინფორმაციის თავისუფლების მიმართ. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში სადაც ინფორმაციის გასაიდუმლოება კომიკურ ხასიათს იძენს. მაგალითად: გასაიდუმლოებულია ინფორმაცია ქვეყნის პრეზიდენტის სასახლის ხარჯების შესახებ; გასაიდუმლოებულია ყოველგვარი ინფორმაცია თბილისის წყლის შესახებ, რომელსაც მოსახლეობა იყენებს; გასაიდუმლოებულია ინფორმაცია ყველა იმ ხარჯის შესახებ, რომელიც თბილისში მიმდინარე მშენებლობებს და აღდგენით სამუშაოებს ეხება; გასაიდუმლოებულია ინფორმაცია მოსახლეობისაგან დამატებით ამოღებული გადასახადების შესახებ, 2011 წელს გაზრდილი ტარიფების ფონზე.

სამწუხაროდ, გასაიდუმლოების უპრეცედენტო ხარისხი, არც საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის არის შეუმჩნეველი და საქართველო განიცდის დაღმასვლას გამჭვირვალობისა და საჯაროობის საერთაშორისო ინდექსებში.“