რა მასალა აქვს ბაქრაძეს ლორთქიფანიძის “ცუდ საქციელზე”?

რა მასალა აქვს ბაქრაძეს ლორთქიფანიძის “ცუდ საქციელზე”?

[თეონა ხარაბაძე]

პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წარმომადგენელს, დიმიტრი ლორთქიფანიძეს „პატიმართა ოჯახებისთვის ფულის გამოძალვაში“ ადანაშაულებს. მართალია, ბაქრაძეს მისთვის ეს ბრალდება პირდაპირ არ წაუყენებია, მაგრამ მათ შორის გამართული კამათისას სწორედ ამ შინაარსის განცხადება გააკეთა. თუმცა, რის საფუძველზე თქვა ეს ბაქრაძემ, ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება.

ბაქრაძემ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც თავად გახდა ლორთქიფანიძის კრიტიკის საგანი. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრებმა ლორთქიფანიძის პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციების შემადგენლობიდან ამოღება გააპროტესტეს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ფრაქცია „ძლიერი საქართველოს“ თავმჯდომარის გია თორთლაძის მიმართვის საფუძველზე ლორთქიფანიძე ეუთო-ს, სუამ-ის და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო დელეგაციიდან გამოიწვია.

ეს საკითხი კი გუშინ, სესიის დაწყებისას ჯონდი ბაღათურიამ დააყენა. მან კოლეგებს სთხოვა, განემარტათ, „რატომ ხდება მათი ფრაქციის შევიწროება, თავდასხმები და რატომ არ აძლევენ კვოტებს როგორც სპიკერატში, ასევე საერთაშორისო დელეგაციებში?“

ბაღათურიას გამოსვლას დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადება მოჰყვა, რომელმაც მისი გაწვევა „დაკვეთად“ შეაფასა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაწყებული დებატები სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა და რომ არა მანდატურების აქტიურობა, უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, შესაძლოა, ხელჩართული ჩხუბი დაწყებულიყო.

აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი ბობოხიძის მიერ მამრაძეზე განხორციელებულ თავდასხმამდე ხდებოდა. სიტყვიერი კამათი ჯერ ლორთქიფანიძეს და მელიქიშვილს შორის გაიმართა, შემდეგ კი ლორთქიფანიძეს და ბაქრაძეს შორის. ბაქრაძემ ლორთქიფანიძეს ზრდილობა  და „აიქიუ“ იმის გამო დაუწუნა, რომ ლორთქიფანიძემ სდომათა დარბაზი იმ დროს დატოვა, როდესაც ბაქრაძე მას მიკროფონიდან მიმართავდა.

„თუ ჩემი შეფასება გაინტერესებთ, ზედმეტად გადაჭარბებული წარმოდგენა გაქვთ საკუთარ შესაძლებლობაზე და იმაზე, რომ თქვენი ჩამოშორება დელეგაციებიდან, პარლამენტარიზმს დააზიანებს. თუ მომისმენთ კარგი იქნება, მაგრამ როგორც ჩანს უზრდელობაც შემადგენელი ნაწილია თქვენი გადაჭარბებული თავმოყვარეობის“, – მიმართა ბაქრაძემ ლორთქიფანიძეს.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც პარლამენტის წევრია, უნდა ჰქონდეს ელემენტარული ლოგიკა და მიხვდეს, რომ დელეგაციაში წარმომადგენელი ჰყავს ფრაქციას და არა სხვას.

„ნებისმიერ ადამიანს, რომლის „აიქიუ“  ოდნავ მაინც აღემატება მეორე კლასის მოსწავლის „აიქიუს“, ეს კარგად უნდა ესმოდეს“, – მიმართა  დავით ბაქრაძემ ოპოზიციონერ ლორთქიფანიძეს.

ეს ყველაფერი კი ლორთქიფანიძემ „პოლიტიკურ დევნად“ შეაფასა. მან ამ დებატებისას

განაცხადა, რომ ბაქრაძემ „ფეისბუკელი” მეგობრების პარლამენტში მიყვანის პრაქტიკა პარლამენტარიზმის განვითარებად შეაფასა. ამ დროს კი, ლორთიფანიძის თქმით, ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ ყოველგვარი საერთაშორისო ბერკეტის გარეშე რჩება და საინტერესოა, ეს რამდენად შეუწყობს ხელს პარლამენტარიზმის განვითარებას. 

„ჩემს მიმართ ხორციელდება პოლიტიკური დევნა, ისევე, როგორც მთელი ფრაქციის წინააღმდეგ სხვადასხვა ფობიების გამოყენებით. მე ამ საკითხს ასე ნამდვილად არ დავტოვებ, მივმართავ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ ხელოვნურად ხდება ფრაქციის ჩამოშორება საერთაშორისო პოლიტიკური ცხოვრების ასპარეზიდან და ამის ხელშემწყობი, ბატონო დავით, თქვენ ბრძანდებით“, - მიმართა დიმიტრი ლორთქიფანიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს და პარლამენტის ბიუჯეტის ხარჯზე „ფეისბუკელ“ მეგობრებთან რესტორან „კოპალაში“ პურმარილების მოწყობის შეწყვეტისკენაც“ მოუწოდა. 

პარლამენტის თავმჯდომარემ კი ამის საპასუხიდ განაცხადა, რომ პარლამენტარიზმის ცუდი მაგალითი სოციალურ ქსელებში ადამინებთან ურთიერთობა კი არაა, არამედ „პატიმართა ოჯახებისთვის ფულის გამოძალვა“.

თუმცა, ბაქრაძემ სხდომაზე არ დააკონკრეტა, რომელ დეპუტატს ადანაშაულებს პატიმრის ოჯახისთვი სფულის გამოძალვაში და ეკუთვნოდა თუ არა ეს რეპლიკა კონკრეტულად დიმიტრი ლორთქიფანიძეს. მან მხოლოდ ის განაცხადა, რომ საზოგადოებასთან შეხვედრა, პირდაპირი კონტაქტი და სამოქალაქო საზოგადოების წახალისება, პარლამენტარის მხრიდან კარგი მაგალითია, ცუდი კი ფულის გამოძალვაა.

„შემიძლია, გითხრათ, რა არის ცუდი მაგალითი. ცუდია, როდესაც პატიმართა ოჯახებისგან ცდილობ ფულის გამოძალვას დაპირებების სამაგიეროდ. საზოგადოებასთან შეხვედრა კი არის კარგი მაგალითი. ვინ იძლევა ცუდ მაგალითს და ვინ კარგ მაგალითს, ამაზე საზოგადოებამ იმსჯელოს“, - მიმართა ბაქრაძემ ლორთქიფანიძეს. 

როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ასეთ განცხადებას აკეთებს, ცხადია, ძალზე მნიშვნელოვანია და ჩნდება ეჭვი, რომ ასეთ რამეს დამამტკიცებელი საბუთის გარეშე ვერ იტყოდა. მით უმეტეს, რომ საქმე ეხება სისხლის სმართლის დანაშაულს, რომლის დამტკიცების შემთხვევაში დეპუტატს იმუნიტეტი ეხსნება და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით ისჯება. 

ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ, თუკი მას ამის დამამტკიცებელი საბუთები გააჩნია, საზოგადოებას ამის შესახებ სრული ინფორმაცია ჰქონდეს და ეს არ დარჩეს მხოლოდ გაბრაზებული პარლამენტის თავმჯდომარის პოლიტიკურ შურისძიებად.

მაგრამ ჩვენი დაჟინებული მცდელობის მიუხედავდ დავით ბაქრაძემ ჩვენთან საუბარი არ მოისურვა.

ამასთან, იმის გამო რომ ეს განცხადება ლორთქიფანიძესთან კამათისას გაკეთდა, დიდი ალბათობით, სწორედ მისი მისამართით იყო ნათქვამი და იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ ლორთქიფანიძის მხრიდან ამას რა რეაქცია მოყვება. თუკი ლორთქიფანიძე მას ყოველგვარი რეაქციის გარეშე დატოვებს, ცხადია, გაჩნდება ეჭვები განცხადების ნამდვილობასთან დაკავშირებით.

ამიტომაც ახლა მნიშვნელოვანი ის არის, რას მოიმოქმედებს ლორთქიფანიძე. თუმცა, ჯერჯერობით ესეც გაურკვეველია. დიმიტრი ლორთქიფანიძე ამ ეტაპზე მხოლოდ იმას ამბობს, რომ ეს „ბაქრაძის მხრიდან უღირსობის დემონსტრირება იყო“.

როგორც ლორთქიფანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, „სხდომაზე დავით ბაქრაძემ მისი რეალური სახე აჩვენა, რაც უღირსობის დემონსტრირება იყო“. მისი თქმით, კონკრეტულ თემაზე საუბრისას, რომელიც უკავშირდებოდა ახალი პოლიტიკური ფრაქციის აქტივობას საპარლამენტო ცხოვრებაში და პარლამენტარიზმის განვითარების საკითხებს, დავით ბაქრაძემ ვერ აიტანა მის მიმართ გაკეთებული საბრალდებო განცხადება „ფეისბუკელ“ მეგობრებთან ბიუჯეტის ხარჯზე ქეიფთან დაკავშირებით. ლორთქიფანიძის თქმით, „ამ შემთხვევაში ბაქრაძეს სხვა არაფერი დარჩენოდა, თუ არა ტალახი ესროლა ოპონენტისთვის სახეში და ბინძური მეთოდების გამოყენებით მისთვის ცილი დაეწამა“.