„ქართველთა მარშის“ ინიციატორები ეროვნული მოძრაობის მეორე ტალღის მოლოდინში არიან

„ქართველთა მარშის“ ინიციატორები ეროვნული მოძრაობის მეორე ტალღის მოლოდინში არიან

[მანანა ნოზაძე]

ქართველთა მარში შედგა... ვარდების მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე სამკილომეტრნახევარი გზა სამი ათასამდე ადამიანმა გაიარა. თუმცა აქციის ორგანიზატორებისთვის აქციის მონაწილეთა რაოდენობა ზოგჯერ ასტრონომიულად იზრდებოდა და სხვადასხვა რიცხვი სახელდებოდა.

„კეთილი იყოს თქვენი გზა სინგაპურისკენ! მე არ მინდა სინგაპური!“ - აქციამდე ერთი დღით ადრე აცხადებდა „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე და ირწმუნებოდა, რომ „ქართველთა მარშის“ დღე მას კონკრეტულ შედეგს დაანახებდა: თუ ბევრი ხალხი მივიდოდა აქციაზე, ეს იქნებოდა შედეგი, რომ დასავლეთშიც დაინახავდნენ ქართველი ერის არსებობას და უსამართლობისადმი შეუგუებლობას, ხოლო, თუ ცოტა ხალხი მივიდოდა, ესეც შედეგი იქნებოდა, ოღონდ ერის ტრაგედიის მაუწყებელი, რომელსაც აღარ სურს არსებობა და შეეგუა „სინგაპურის“ მოდელს.

„ის, რომ ქართველ ერს ეროვნული ერთანაზია სჭირდა და სხვა სახელმწიფოებს ეხვეწებოდა, აღარ გვინდა არსებობა, მოგვკალითო“, - ეს გუბაზ სანიკიძისთვის აქამდეც ცხადი იყო. თუმცა „ქართველთა მარშის“ შემდეგ რა  განწყობა დაეუფლათ „ფორუმის“ წევრებს, ეს ჩვენთვის უცნობია, რადგან სახალხოდ გაკეთებული ოპტიმისტური განცხადებები და „მარშში“ მონაწილე ხალხის რაოდენობით კმაყოფილების გამოხატვა ერთია და რეალური განწყობა მეორე. ყოველ შემთხვევაში, „ქართველთა მარშის“ მონაწილეთა სიმრავლე არ იყო ისეთი, რასაც კრიტიკულ მასას უწოდებენ და, რომელიც მტერს თუ მოყვარეს ძალას დაანახებდა.

გუბაზ სანიკიძის დაპირებისამებრ, აქ არ ყოფილა ეროვნული დროშები და პლაკატები. მხოლოდ ერთადერთი ლოზუნგი ჩანდა: „დედაენისათვის“. იმ ახალგაზრდებს კი, რომლებსაც ეს პლაკატი მოჰქონდათ, მაისურზე წაეწერათ: „მე ვარ ლაზარე“. ალბათ ამით აქციის ორგანიზატორები სიმბოლურად საღათას ძილიდან ქართველი ერის გამოფხიზლების სურვილს გამოხატავდნენ და ლაზარესავით მკვდრეთით აღდგომაზე მიანიშნებდნენ. 

თავიდანვე ცხადი იყო, რომ 27 სექტებერს, ჯვართამაღლებისა და სოხუმის დაცემის დღეს სიმბოლურად დაგეგმილი „ქართველთა მარში“ ერის ცხოვრებაში გადამწყვეტი არ იქნებოდა. შესაძლოა, ხელისუფლებისადმი ნეგატიურად განწყობილმა ჩვენმა თანამემამულეებმა ამიტომაც არ შეიწუხეს თავი და გარეთ გასვლა არ ისურვეს. მათ ხომ ერთ დღეში დასრულებული ხელისუფლების დანახვა სჭირდებოდათ და არა, ერთი შეხედვით, უწყინარი „მარში“.

„ქართველთა მარშზე“ არ გამოჩენილა ნინო ბურჯანაძე, თუმცა მისი პარტიიდან შევნიშნეთ შალვა ობგაიძე, გია კობახიძე. ასევე, გამოჩნდნენ ეკა ბესელია, ირაკლი ბათიაშვილი და კაკო ასათიანი, წმინდა გიორგის სადროშოს დამფუძნებელი მამა ელიზბარი, არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლები. და რა თქმა უნდა, ამ აქციას შეუერთდა აქციების მოყვარული, აშშ-ის დროშა წამოსხმული სკანდალური ბაბუ, რომლის გარეშეც ამ ბოლო დროს აქციებს არ ჩაუვლია და, რომელიც ამას წინათ კულტურის სამინისტროსთან რეჟისორ ზაზა სვანაძეს „გადაეკიდა“.

გუბაზის გამოჩენას ხალხი ტაშით შეეგება. „ქართველთა მარშის“ მონაწილეთა ჩავლისას რუსთაველის გამზირზე სამანქანო მოძრაობა შეჩერდა. სამების ტაძართან მისვლისას გუბაზ სანიკიძემ ხალხი შეაჩერა და აქტიურობისთვის მადლობა მოახსენა. მანვე სამოქმედო გეგმა დასახა, რომ „აწი იწყება ბრძოლა. „ფორუმი“ გაჩერებას არ აპირებს. არ მოვეშვებით ამას, ოღონდ თქვენი იმედი გვაქვს. ცალ-ცალკე ვერავინ ვერაფერს გააკეთებს. ესაა გზა დაცემიდან ამაღლებამდე: რესპუბლიკის მოედანი ერქვა, დაარქვეს ვარდების მოედანი; დავით აღმაშენებლის ძეგლი იდგა, გააქრეს; „ივერია“ ერქვა, „რედისონი“ დაარქვეს. დაცემიდან ამაღლებამდე -რესპუბლიკის მოედნიდან სამებამდე - ეს გზა აქვს გასავლელი ჩვენს ხალხს თვეებისა და წლების განმავლობაში. შევიდეთ ტაძარში და ერთად ვილოცოთ. ეს იქნება აღთქმა უფლის მიმართ. ვისაც გვინდა, ფიცად ჩავთვალოთ, მაგრამ ფიცი არ შეიძლება ქრისტიანისთვის, ამიტომ ეს იქნება ჩვენი აღთქმა“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

სამების ტაძარში ომში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის დასრულების შემდეგ გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ „ეროვნული ფორუმი“ ერთჯერად აქციებს ხშირად გამართავს, რაც ეროვნული მოძრაობის დროინდელი მივიწყებული მეთოდია. სანიკიძის თქმით, თავის დროზე მრავალჯერადად გამართული ამ აქციებით ეროვნულმა მოძრაობამ საბჭოთა კავშირი დაამარცხა და რამდენიმე ასეულ საპროტესტოდ განწყობილ ადამიანს მილიონობით ადამიანი შეუერთდა.
ამასთან, ტაძრიდან გამოსულ გუბაზ სანიკიძეს სხვა პარტიების მიმართ უკმაყოფილება არ გამოუხატავს: „სხვა პარტიების შემოერთებაზე ნაკლებად ვფიქრობდი, ვინაიდან ამ დღეს წინა პლანზე არა პოლიტიკა, არამედ ირაციონალური იყო წამოწეული“.

პრესაგე.ტვ. გაესაუბრა აქციის მონაწილეებს, როგორც პოლიტიკოსებს, ისე ჩვეულებრივ მოქალაქეებს. აღმოჩნდა, რომ რიგითი ადამიანები „ფორუმის“ სტრატეგიამ არ გაანაწყენა. პირიქით, მათ თავიდანვე იცოდნენ, რომ 27 სექტემბერს ერის ბედი არ გადაწყდებოდა. ამ ადამიანებს შორის ძირითადად „ფორუმის“ აქტივისტები ჭარბობდნენ.   

კახა შარტავა აცხადებს, რომ პოლიტიკური კომენტარის გაკეთების დრო არ აქვს და ლოცვის განწყობითაა მოსული. ხოლო, თუ რატომ უნდა გავიდეს ქართველი ერი  გარეთ, ასეთი პოზიცია აქვს: „თუ ქართველობას გიკრძალავენ, თუ ენას გიკნინებენ, ტერიტორიებს გართმევენ და, თან გეუბნებიან, ქართველებო, არ დაგინახოთ გარეთ გამოსულნი და ასე გიქნიათ, საკუთარ სახლებში ამომწყდარხართო, სწორედ გარეთ უნდა გამოვიდეთ და ვაჩვენოთ, რომ ქართველები ვართ და ამის დათმობას არ ვაპირებთ“.

კახა შარტავამ ნინო ბურჯანაძესთან სამომავლო თანამშრომლობაც არ გამორიცხა. იგი მზადაა, ითანამშრომლოს ყველასთან, ვინც აბსოლუტური გულწრფელობით და შეგნებით ხმამაღლა იტყვის, რომ დიახ, ჩვენ ქართველები ვართ და აქ საქართველოა. „საქართველოს სამომავლოდ სჭირდება სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები, რომლისთვისაც აუცილებელი პირობები უნდა მივაღებინოთ ხელისუფლებას“.

რაც შეეხება აპირებს თუ არა რუსულ ძალებად მიჩნეულ პარტიებთან თანამშრომლობას, კახა შარტავა არ აკონკრეტებს და აცხადებს: „რუსეთი არის ის ქვეყანა, რომლის მონაწილეობამაც ომში, მათ შორის, აფხაზეთის ომში, გამოიწვია ის, რომ ჩემი ნათესაობის ნახევარი ამოწყვეტილია“.

„ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერი რეზო შავიშვილი აცხადებს, რომ „ქართველთა მარში“ შედგა.

„აქ იყო რამდენიმე ათასი კაცი და ამით კმაყოფილი ვარ. აქციები შემდგომშიც გაგრძელდება. ბრძოლა არის გამარჯვებამდე. რას დაინახავს ამ ქართველთა მარშის შემდეგ ჩვენი ხელისუფლება, ეს მათი ნებაა“.

შეკითხვაზე, თუ რატომ შეუერთდნენ სხვა პარტიები, რეზო შავიშვილი აცხადებს, რომ ამ კონკრეტულ აქციას მასპინძელი არ ჰყავს, არც „ფორუმი“ არის მასპინძელი. უბრალოდ, ეს იყო შეთავაზება, რომ მოეწყოთ მსვლელობა სოხუმის დაცემის დღის აღსანიშნავად.

„27 სექტემბერი ის თარიღია, როცა საქართველო ბოლოს იყო ერთიანი. ეს მოხდა 18 წლის წინ. ამიტომაც შევარჩიეთ სამების ტაძარი, გზა დაცემიდან ამაღლებამდე“, - გვითხრა შავიშვილმა.

რეჟისორ რეზო ჩხეიძის აზრით, მცდარია შეხედულებაა, რომ თურმე მსვლელობა არ უნდა გამართულიყო. „მიმაჩნია, რომ მთელი თბილისი უნდა გამოსულიყო, რადგან სოხუმის დაცემის დღეა. უნდა იგლოვოს ქართველმა ხალხმა აფხაზეთის დაკარგვა. ის მიწა ქართული მიწაა, ის ეკლესიები ქართული ეკლესიებია. ეს ლახვარი იყო საქართველოსთვის და ქართველი ხალხის ტრაგედია იყო, ამიტომ ეს უნდა აღნიშნულიყო“.

კინორეჟისორი კარლო ღლონტი, რომელიც რეზო ჩხეიძესთან ერთად სიხარულით შეეგება სამების ტაძარში შესულ გუბაზ სანიკიძესა და კახა შარტავას, იხსენებს, რომ აფხაზეთში, კამანში მოღვაწეობდა აფხაზი მართლმადიდებელი იური ანუა, რომელიც გახარებული იყო, რომ კამანის აღდგენაში პატრიარქს დიდი წვლილი მიუძღოდა. თუმცა რამდენიმე ხნის შემდეგ იური ანუას მეუღლემ მას უთხრა, რომ სეპარატისტები მთიდან ჩამოვიდნენ, დაიჭირეს ანუა და მისი მეგობრები, კედელთან მიაყენეს და ყველანი დახვრიტეს. „ეს იყვნენ აფხაზი სეპარატისტები“.  

ჯაბა ჯიშკარიანი ხალხის ნაკადით კმაყოფილი არ იყო. მისი აზრით, ამ აქციის მსვლელობისას არ იგრძნობოდა მკვეთრი პროტესტი.

„ეს რომ ყოფილიყო უფრო კოორდინირებული, ხუთჯერ მეტი რაოდენობა მოვიდოდა და რეჟიმის დასასრულის მესიჯი იქნებოდა. თუ ოპოზიციური სპექტრი საერთო შეთანხმებას არ მიაღწევს, ყველა იდეა ჩანასახშივე დამარცხებისკენ იქნება განწირული. ოპოზიცია ერთხელ მაინც უნდა დაჯდეს და დადოს სამოქმედო გეგმა. ამ შემთხვევაში, ვიგრძენი პარტიებს შორის ეჭვიანობა, კინკლაობა, რომ ეს ამის ღონისძიებაა და ამიტომ არ მიდიან ხოლმე. ბურჯანაძის ელექტორატი, თუ ნინო არ მივა, „ფორუმის“ ღონისძიებაზე არ მიდის და პირიქით. ეს არ არის ქართველი ხალხის დაკვეთა. ცალკეული ღონისძიებები, წერტილოვანი დარტყმები, თარიღებთან დაკავშირებული ნებისმიერი პროტესტი კარგია, მაგრამ დღეს უკვე ამის დრო გავიდა. ყველამ იცის, რომ სააკაშვილი ცუდია, დღეს საჭიროა ამ ყველაფრის ერთ ქვაბში თავმოყრა და რეჟიმის წინააღმდეგ მიმართვა“, - აცხადებს ჯიშკარიანი.

მისი თქმით, არჩევნებში სააკაშვილს სამი სახელმწიფოს ოპოზიციაც კი ვერ მოუგებს, რადგან საარჩევნო უბანზე ოპოზიციას მხოლოდ ორი წარმომადგენელი ჰყავს, სააკაშვილს კი - ყველა, მათ შორის, ზონდერები.

„ასეთი აქციები არ ნიშნავს, რომ ჩვენ მოვერევით სააკაშვილს. ამით თავს ვიტყუებთ. ეს კარგი იყო მაშინ, როცა მოკლეს სანდრო გირგვლიანი. ახლა ეს წყლის ნაყვაა, სანამ არ გამოცხადდება ერთი კონკრეტული დღე და უკან მისასვლელ გზას არ მოვიჭრით: ან რეჟიმს უნდა ვეკვეთოთ და ბრძოლა მოვუგოთ, ან სახლში ვეღარ მივალთ. მთელი ოპოზიცია ამ იდეის გარშემო უნდა გაერთიანდეს“, - აღნიშნა ჯიშკარიანმა.             

„ქართველთა მარშის“ მონაწილე გიორგი გოგიტიძე აცხადებს, რომ მარშში მისი მონაწილეობის მიზანი იყო, ენახა, შერჩათ თუ არა ქართველებს სული და გენი.

„თუ საქართველოს დასჭირდება, აქციებში მონაწილეობას ყოველთვის მივიღებ. მე იმ ასაკში ვარ, რომ ეროვნული მოძრობა კარგად მახსოვს, „ფორუმის“ მხრიდან სწორი განცხადებაა, რომ ეროვნული მოძრაობის მეორე ტალღა უნდა აგორდეს. სხვანაირად განწირულები ვიქნებით“.  

„ფორუმის“ წევრი იოსებ ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ ამ აქციამ მისი იმედი გაამართლა, რადგან არც ყოფილა არავითარი მოწოდება, რომ ამ დღეს რამე გადაწყდებოდა.

„აქ ვინც გამოვიდა, მათ 90 %-ს არ დაეუფლება ნიჰილიზმი და არც არიან ამისთვის განწყობილნი. „ქართველთა მარშისთვის“ დაიბლოკა ტელეკომპანიები, არ ყოფილა რეზონანსული რეკლამირება და ხალხის მობილიზაცია. ამდენად, კმაყოფილი ვარ ხალხის ამ რაოდენობით“.  

„ქართველთა მარშის“ ერთ-ერთი მონაწილე კი, რომელმაც ვინაობის დაკონკრეტება არ ისურვა და უბრალოდ ქართველად გაგვეცნო, აცხადებს: „ქართველი ვარ და რაც ყველა ქართველს ტკივა, მეც მტკივა. შესაძლოა, აქ ასჯერ მეტი ადამიანი უნდა იყოს, მაგრამ, რამდენსაც ვხედავ, მე იმდენი ქართველი მყოფნის. მეტი ადამიანი რომ ყოფილიყო, ეს მსოფლიოს დაუმტკიცებდა, რომ ქართველ ერს თავმოყვარეობა აქვს“.

მისი თქმით, ხალხი აუცილებლად გავა აქციებზე, ოღონდ ისეთი ლიდერიც უნდა გამოინახოს, რომელიც თავს დადებს ამ ქვეყნისთვის. „პირადი მაგალითი იძლევა ყველაფერს, რომ მე ვდებ თავს ქვეყნისთვის. თორემ, მე გალახული ხალხი მინახავს, მაგრამ ლიდერი არცერთი“.