ირაკლი ალასანია: აფხაზებთან და ოსებთან შერიგების ბუნებრივი საფუძველი არსებობს

ირაკლი ალასანია: აფხაზებთან და ოსებთან შერიგების ბუნებრივი საფუძველი არსებობს

[მანანა ნოზაძე]

„ჩვენ გვახსოვს წარსული, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ იმისთვის, რის გამოც ჩვენმა გმირებმა თავი გასწირეს“ - აღნიშნა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ მისივე პარტიის აფხაზეთის ორგანიზაციის დაფუძნებისას, რომელიც სიმბოლურად სოხუმის დაცემის ტრაგიკულ დღეს დაამთხვიეს.

27 სექტემბერს ჯვართამაღლებისა და, იმავდროულად, სოხუმის დაცემის დღეს „თავისუფალმა დემოკრატებმა“ აფხაზეთის ორგანიზაცია დააფუძნეს, რომლის თავმჯდომარედაც ირაკლი ალასანია ერთხმად აირჩიეს. ამიერიდან, ალასანია შეითავსებს როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერობას, ისე, „თავისუფალი დემოკრატების“ აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარეობას. აფხაზეთის ორგანიზაციის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი კი კახა ჩიხრაძე იქნება.

პროფკავშირების დარბაზი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული დელეგატებით იყო გადავსებული. ტრიბუნაზე კი აფხაზეთიდან დევნილი და ამჟამად „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები ცვლიდნენ ერთმანეთს, რომელთა მიზანიც აფხაზეთში მშვიდობიან დაბრუნება არის.

„თავისუფალი დემოკრატების“ აფხაზეთის ორგანიზაციის დაფუძნების იდეა ირაკლი ალასანიას ეკუთვნის. მისი გადაწყვეტილებით, ამიერიდან დევნილებთან შეხვედრა უფრო გახშირდება და ეს ორგანიზაცია დევნილებს პრობლემის მოგვარებაშიც დაეხმარება.

გარდა ამისა, ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ აფხაზებთან და ოსებთან შერიგების ბუნებრივი საფუძველი არსებობს. კერძოდ, ისევე, როგორც ქართველ ერს, აფხაზებსა და ოსებსაც დემოგრაფიული პრობლემები ემუქრებათ. ამას ცალ-ცალკე ვერც ქართველები, ვერც აფხაზები და ოსები ვერ გადავწყვეტენ. ამიტომაც ეს უნდა გახდეს  ქართველებისა და აფხაზების შერიგების საფუძველი, რისთისაც აფხაზები ახლიდან უნდა გავიცნოთ. „აფხაზები ისეთნი აღარ არიან, როგორც 30 წლის წინ, ჩვენც შევიცვალეთ“, - აცხადებს ალასანია.  

„27 სექტემბერი თითოეული ქართველისთვის უმძიმესი დღეა. ამ დღეს გვახსოვს როგორი იყო ალმოდებული სოხუმი, როგორ დაიწყო ათეულ ათასობით ჩვენი თანამოქალაქის გამოდევნა, ეთნიკური წმენდა საკუთარი სახლებიდან. 18 წლის წინ ჩვენ გვახსოვს ის ქართველები, რომლებმაც აფხაზეთის მთავრობის შენობაში შეგნებული გადაწყვეტილება მიიღეს და დარჩნენ, რომ დახვედროდნენ მტრებს. დახვედროდნენ რუსეთიდან შემოსულ დიდ სამხედრო ძალას და საკუთარი თავი გაეწირათ საკუთარი სამშობლოსთვის, რათა ყველასთვის, მოსული ჯალათებისა და მთელი მსოფლიოსთვის ეთქვათ, ქართველებს სიკვდილისაც არ გვეშინია. ეს დღეა ჩემთვის 27 სექტემბერი. ჩვენმა გმირებმა დაგვანახეს, რომ შიშის დაძლევა შეიძლება იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც იცი, რომ რამდენიმე წუთში, საათში სიცოცხლეს გამოგასალმებენ“, - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

მისივე თქმით, პირადად მისთვის საქართველოს ყველა მოქალაქის განცდა და განწყობა ერთ ფრაზაში ვლინდება, რომელიც ერთმა გმირმა კაცმა თქვა: 27-ში,  ჯალათებით გარშემორტყმულ სოხუმის მერს, გურამ გაბისკირიას უთხრეს, დაეჩოქა, მან კი ჯალათებს უპასუხა: „არასდროს ცხოვრებაში“. ალასანიაც მიიჩნევს, რომ საქართველოში მცხოვრებთა დევიზი უნდა გახდეს, რომ ჩვენ ვერავინ ვერასდროს დაგვაჩოქებს.

ალასანიას თქმით, მოქმედების დროა და მხოლოდ მოქმედებით დავუპირისპირდებით ძალადობას. „თუ ჩვენს მეგობრებს, ვინც სიცოცხლე გაიღო, სიკვდილის არ შეეშინდათ, ჩვენ ძალადობის არ უნდა შეგვეშინდეს. დღეს საქართველოში გამეფებულია ძალადობა“.

იმის მიუხედავად, რომ საქართველოში ზოგჯერ უიმედობის განცდა ისადგურებს, ირაკლი ალასანია იმედს მამულიშვილებზე ამყარებს, რომლებიც საქართველოს ისტორიული ძნელბედობისას ერთიანდებოდნენ და ქვეყანა სწორი გზით მიჰყავდათ. 

„ჩვენ მოქმედებაში ვერთიანდებით, აღარ გვაერთიანებს მხოლოდ და მხოლოდ ტკივილი 27-ის და მოგონება. არ გვაერთიანებს მხოლოდ სინანული, ამიერიდან ჩვენ უნდა გაგვაერთიანოს მომავლის იმედისთვის მოქმედებებმა“.

ალასანია და „თავისუფალი დემოკრატების“ აფხაზეთის ორგანიზაცია ხვალიდანვე 24 საათიან მუშაობას გვპირდებიან. „თავისუფალი დემოკრატები“ შეხვედრებს გამართავენ და მოქალაქეებს დაარწმუნებენ, რომ იმედი არ გადაწურულა.

„დღევანდელ ტრაგიკულ დღეს გადავწყვიტეთ, ჩამოგვეყალიბებინა ორგანიზაცია. ეს ორგანიზაცია ჩვენს მეტ მხარდამჭერს გაუწევს კონსოლიდაციას. უფრო მეტი ჩვენი მოქალაქე უნდა შემოგვიერთდეს, რომ ხმამაღლა ვთქვათ, ვერ შეგვაშინებენ, ვერ დაგვაჩოქებენ. ეს ძნელბედობა დროებითია“.    

ალასანიას თქმით, ორი მთავარი ამოცანა აქვს ამ ორგანიზაციას, რომ აფხაზეთში დაღუპულთა ოჯახებს, რეალურად ადამიანური ცხოვრების პირობები შეუქმნან, რადგან არ შეიძლება, 20 წლის განმავლობაში ადამიანი ყოველ წელს აქციო დევნილად და ის ბინა, რომელსაც უბედობის შემდეგ შეეგუა, წაართვა. ხოლო მეორე ამოცანაა, აფხაზეთში ნაბრძოლი მეომრების მოვლა-პატრონობა, ნუგეშის მიცემა.

აფხაზეთის ორგანიზაციის დაფუძნებისას სიტყვით გამოვიდნენ დელეგატები: გიორგი ჩიქოვანი, ლონდერ ცაავა, მერაბ ნაჭყებია, მერაბ ჯიქია. მათ აფხაზებსა და ოსებთან ნდობის აღდგენაზე გაამახვილეს ყურადღება და ამ კუთხით რუსეთთან პირდაპირი დიალოგის წარმართვა მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნიეს.

მათი თქმით, მეტად მნიშვნელოვანია, თუ ვისთან სალაპარაკოდ ისურვებენ თავად აფხაზები დაჯდომას? ასეთად კი დელეგატებს ირაკლი ალასანია ესახებათ, მისი ოჯახიდან და წარსულიდან გამომდინარე. მათი თქმით, აფხაზების მდგომარეობა რთულია, რადგან აფხაზეთში სომხები და რუსები გენოფონდის მხრივ პირველ ადგილზე არიან, თავად აფხაზები კი მესამე ადგილზე გადიან.

„დრო აფხაზებისა და ქართველების საწინააღმდეგოდ მუშაობს. არის პიროვნება, რომელმაც შეიძლება გზა გახსნას აფხაზთა გულებისკენ“, - აღნიშნა ერთ-ერთმა დელეგატმა მერაბ ნაჭყებიამ  და აფხაზებთან მოლაპარაკების საქმეში ირაკლი ალასანიას უალტერნატივობა აღნიშნა. 

სიტყვით გამოსულმა დელეგატებმა გულისტკივილით აღნიშნეს ის ფაქტი, თითქოს დევნილები მხარს უჭერენ ხელისუფლებას. სინამდვილეში, დელეგატები დარწმუნებულნი არიან, რომ დევნილების რეალური განწყობა არავინ იცის, რადგან  არავის ულაპარაკია მათთან. ამას ემატება ისიც, რომ დევნილები ინფორმაციულ ვაკუუმში ცხოვრობენ. ხელისუფლებამ მათი გახლეჩა მოახერხა და ისინი ლუკმა-პურის შოვნაზე არიან გადართულნი.   

დარბაზში დამსწრე დელეგატებმა მოკლემეტრაჟიანი ფილმიც იხილეს, სადაც აფხაზეთიდან დევნილების ტკივილი და დროებით დაკარგულ ტერიტორიაზე დაბრუნების სურვილი იყო გამოთქმული. სურათი მით უფრო მძიმე იყო, რომ ორსიტყვიან წინადადებაში დევნილების ცხოვრების დრამა იყო გადმოცემული, ზოგიერთი დევნილი მამის საფლავის მოძიებაზე ოცნებობდა, ზოგს კი დედაქალაქში ცხოვრების მიუხედავად, აფხაზეთში დაბრუნება ეწადა.

პრესაგე.ტვ ესაუბრა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს ირაკლი ალასანიას:

- ჩვენ თუ გვინდა, ამ ტრაგიკულ დღეს, აფხაზეთის დაკარგვის დღეს, იმედი გავუჩინოთ ხალხს, უნდა ვიმოქმედით. ამიტომაც ჩვენ ვთქვით, რომ „გვახსოვს და ვმოქმედებთ“. ვმოქმედებთ იმისთვის, რომ ჩვენი დევნილები, ადამიანები, ვინც საკუთარი სახლ-კარი დაკარგა აფხაზეთში და დაბრუნების იმედი აქვთ, მათი ყოველდღიური ცხოვრება გავხადოთ ადამიანური, მოვუაროთ ჩვენი გმირების ოჯახებს, მათ მშობლებს, იმ მეომრებს, ვინც საკუთარი გმირობის ფასად იცავდა ქვეყანას. ასევე, უნდა ვიმოქმედოთ იმისთვის, რომ აფხაზებს მეგობრობის ხელი გავუწოდოთ. აფხაზებსა და ქართველებს საერთო ტრაგედია გვაქვს. ამის გადაწყვეტა მხოლოდ და მხოლოდ შერიგებით, ერთმანეთისკენ ნაბიჯის გადადგმით, ერთმანეთის ახლიდან გაცნობით უნდა დავიწყოთ. ამიტომ ჩვენი პარტიის მთავარი საქმე იქნება დევნილების მობილიზება და ამ ცვლილებისთვის ერთ მუშტად შეკვრა.

შარშან, 27 სექტემბერს, გია ყარყარაშვილი აფხაზებთან შერიგების წინადადებით გამოვიდა. წელს, 27 სექტემბერს თქვენი ინიციატივაც აფხაზებთან შერიგებაა. რამდენად გაიგებენ დღევანდელ თქვენს მესიჯს აფხაზები?

- ჩვენ დიდი ხანია გვაქვს ურთიერთობა აფხაზურ საზოგადოებასთან. მოლაპარაკების პროცესში აფხაზურ საზოგადოებას გულწრფელად ვუხსნიდით, თუ რა გვაქვს გასაკეთებელი ქართველებსა და აფხაზებს. პირველ რიგში, ერთმანეთისთვის იმ ცოდვის მიტევება, როდესაც ძმამ ძმას ესროლა 90-იან წლებში. ეს ჩავიდინეთ და რაც მთავარია, მომავლისკენ უნდა გავიხედოთ, ერთმანეთის მიმართ თითის გაშვერა და ბრალდების სიტყვებით მიმართვა, შორს არ წაგვიყვანს, ეს ამ 20-მა წელმა დაგვანახა. ამიტომ ჩვენ ვაპირებთ პირადი კონტაქტით, საზოგადოებებს შორის კონტაქტების გაჩენით, რეალური მოლაპარაკების პროცესის დაწყებით სიარულს, როდესაც უკვე ხელისუფლებაში ვიქნებით.

კონკრეტულად რას შესთავაზებთ აფხაზებს?

- მე მგონია, მათთვისაც მნიშვნელოვანია დაინახონ, რომ ჩვენ აფხაზეთი გვახსოვს, აფხაზეთისთვის ვზრუნავთ და ვმოქმედებთ და არასდროს დავივიწყებთ ჩვენს გმირებს, დევნილებს და მათი დაბრუნება აუცილებლად მოხდება. აფხაზებს რეალურად დავანახებთ, რომ მათთან ერთად ღირსეული ცხოვრებისთვის ერთიან საქართველოში ვართ მზად, 20 წლის განმავლობაში ეს ვერ მოვახერხეთ.

ამბიცია გაქვთ, რომ თქვენ ჩაუდგებით ამ საქმეს სათავეში?

- დიახ, ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ამაზე დავიწყებთ მუშაობას, ნაბიჯებს გადავდგამთ და დარწმუნებული ვარ, მთელი ქართული საზოგადოება თავის წვლილს შეიტანს ამ საქმეში. დღეს გვაქვს ყველა რესურსი, რომ  „თავისუფალი დემოკრატები“ ჩაუდგნენ ამ საქმეს სათავეში.

ფორუმის ინიციატივით გამართული „ქართველთა მარშიც“  სოხუმის დაცემის დღეს დაემთხვა. ეს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს ხელს ხომ არ შეუშლის?

- არა  მგონია, როგორც დღევანდელი ჩვენი ორგანიზაციის დაფუძნება მიმართულია იქითკენ, რომ ქართველებმა და აფხაზებმა რეალურად შერიგებისკენ გადავდგათ ნაბიჯი, ეს იქნება მარში, თუ ნებისმიერი სხვა ჩანაფიქრი, ესეც მიმართულია, რომ ჩვენ რეალური ნაბიჯები გადავდგათ ქართულ-აფხაზური შერიგებისკენ.

თქვენ იქნებით ამ მარშზე?

- ეს „ფორუმის“ ღონისძიებაა და „ფორუმი“ ატარებს. ჩვენ ჩვენი მნიშვნელოვანი ღონისძიებები გვაქვს.

მაგრამ საარჩევნო გარემოს მოსაპოვებლად ერთად განაგრძობთ ბრძოლას?

- რა თქმა უნდა, არჩევანის უფლების მოპოვებისთვის სამოქალაქო მოძრაობის ბრძოლას ერთად გავაგრძელებთ.

და არანაირ დაპირისპირებას არ შეიტანს, რომ „ფორუმმა“ „ექვსიანის“ ინფორმირების გარეშე გამართა მარში?

-  არანაირად. რატომ წარმოიშვა ასეთ მოსაზრება, არ ვიცი.