[ნინო მიქიაშვილი]
პარლამენტის სხდომათა დარბაზში, უმრავლესობის ერთი დეპუტატის, აკაკი ბობოხიძის მხრიდან მეორის, უმცირესობის წარმომადგენლის, პეტრე მამრაძის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს თან ახლდა ახლადშექმნილი ფრაქციის, „ერთობა სამართლიანობისათვის“ და მისი ერთ–ერთი წევრის, დიმიტრი ლორთქიფანიძის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები და ბრალდებები, რაშიც პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე აქტიურად იყო ჩართული.
ბობოხიძე მამრაძეს თავს მას შემდეგ დაესხა, რაც მამრაძის მიერ გაკეთებული განცხადებები, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით მიუღებლად ჩათვალა – ბობოხიძე წამოხტა, მამრაძისკენ გაცეცხლებული გავარდა, მიკროფონთან მდგომს თავში ჩაარტყა და ზედ უცენზურო სიტყვებიც დააყოლა – „შე სირო, იდიოტო, ნაძირალა...“ მანდატურთან ერთად ბობოხიძის დაშოშმინებაში აქტიურ მონაწილეობას პარლამენტის თავჯდომარის მოადგილე, მიხეილ მაჭავარიანიც იღებდა.
ბობოხიძე, რომ დააწყნარა, შემდეგ იმ ფრაქციის მისამართით, რომელშიც მამრაძეა გაერთიანებული და, რომელსაც ხელმძღანელობს გია ცაგარეიშვილი (ალასანიას პარტიის, დასავლური მენტალიტეტის მქონე პოლიტიკურ ძალად აღიარებული ორგანიზაციის) წევრი, ასეთი განცხადება გააკეთა – „მათ საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმომადგენელი უკვე ჰყავთ და ეს არის „ედინაია რასია“.
მთელი ამ აურ–ზაურის განმავლობაში პარლამენტის თავმჯდომარე სიმშვიდეს ინარჩუნებდა.
„ობიექტივი“ პარლამენტის სხდომას უშუალოდ ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი ბალკონიდან არ ადევნებდა თვალს, მაგრამ სხვადასხვა მედიასაშუალებებით გადაღებულ კადრებში ბაქრაძის აღელვება და შფოთი არ ჩანს...
ბობოხიძისგან განსხვავებით, მამრაძის წინააღმდეგ ბაქრაძეს ფიზიკური ძალა არ გამოუყენებია, მაგრამ ასე ვთქვათ, პოლიტიკურად შეუტია. ამასობაში, ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისათვის“ წარმომადგენელს, დიმიტრი ლორთქიფანიძესაც გადაწვდა და პლუს ამას, გია თორთლაძის შექებაც მოასწრო. ეს ყველაფერი ბაქრაძემ დაახლოებით ერთ პატარა აბზაცში ჩაატია – თუ ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისათვის“ ისევე ფიქრობს, როგორც მამრაძე, მაშინ გია თორთლაძეს კარგი უქნია, საპარლამენტო დელეგაციებიდან დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომ გაუწვევიაო.
ამ ასე ვთქვათ მსუბუქი განცხადების გაკეთებამდე ბაქრაძე „საინტერესოდ“ მოიქცა – მას შემდეგ, რაც ის ლორთქიფანიძემ იმის გამო გააკრიტიკა, რომ ბიუჯეტის ხარჯზე „ფეისბუქელი“ მეგობრები ასადილა, პარლამენტის თავმჯდომარე ადგა და თქვა – „შემიძლია გითხრათ, რა არის ცუდი მაგალითი. ცუდია, როდესაც პატიმართა ოჯახებისგან ცდილობ ფულის გამოძალვას დაპირებების სამაგიეროდ. საზოგადოებასთან შეხვედრა კი არის კარგი მაგალითი. ვინ იძლევა ცუდ მაგალითს და ვინ კარგ მაგალითს, ამაზე საზოგადოებამ იმსჯელოს“.
დღეს პარლამენტში ერთი პატარა ინცინდენტიც მოხდა – უმრავლესობის ერთ–ერთმა თვალსაჩინო სახემ, ზურაბ მელიქიშვილმა, რომელიც ამავდროულად საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეა და თანაპარტიელებისგან განსხვავებით აქამდე ტაქტით და ზრდილობით გამორჩეულ ადამიანად იყო ცნობილი, დიმიტრი ლორთქიფანიძეს ხმის ჩაწყვეტა მას შემდეგ უბრძანა, რაც ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისათვის“ წევრი იმის გარკვევას ცდილობდა, თუ რატომ მოხდა საპარლამენტო დელეგაციებიდან მისი გამოწვევა – ლორთქიფანიძეს მელიქიშვილმა უთხრა – „შენ ხმა ჩაიწყვიტე!“
„ობიექტივთან“ საუბრისას დიმიტრი ლორთქიფანიძე, პარლამენტის სხდომაზე უშუალოდ მასთან მიმართებაში გაკეთებულ განცხადებებსა და საპარლამენტო დელეგაციებიდან მისი გაწვევის ფაქტს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს:
„უმრავლესობას და პარლამენტის თავმჯდომარეს ძალიან დიდი ხანია ყელზე აქვთ დადმგარი დიმიტრი ლორთქიფანიძე. ჩვენს შორის პოლიტიკური დაპირისპირება რომელიც პირად ანგარიშსწორებაში გადაიზარდა, ჯერ კიდევ 2010 წლიდან დაიწყო, როდესაც მე შემიზღუდეს ციხეების მონიტორინგის უფლება. შეგახსენებთ, რომ მანამდე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტთან არსებული მუდმივმოქმედი კომისიის ჯგუფის წევრი ვიყავი.
უმრავლესობაში მნიშვნელოვანი ვნებათაღელვა გამოიწვია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, მევლუდ ჩაუშოღლუსთან შეხვედრამ, რომელიც პოლიტპატიმრებსა და პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ ადამიანებს ეხებოდა. ამის შემდეგ 26 მაისის თემა გავიტანე ეუთოს საპარლამენტაშორისო ასამბლეაზე და 55 ქვეყნის დელეგაციების წარმომადგენლებს დავურიგე დარბევის ამსახველი ვიდეო და ფოტო–მასალა. ამან ეტყობა ურთიერთობებში საბოლოო წერტილი დასვა.
ახლა ფაქტიურად, პარლამენტის თავმჯდომარე შანტაჟზეა გადასული. ჩემთვის ცნობილია, რომ მას ასევე უთქვამს, რომ თითქოს მე რაღაც თანხის გამოძალვას ვაწარმოებდი პატიმრების მშობლებისგან. ამ შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარე იმითაა განებრივრებული, რომ სისხლის სამართლის კოდექსში აღარ არის მუხლი – „ცილისწამება დანაშაულის დაბრალებით“. ეს მუხლი კოდექსიდან 2006–ში ამოიღეს. როგორც ჩანს, ენას ძვალი არა აქვს და ვინც რასაც ჩათვლის საჭიროდ, იმას იტყვის და მე არ ვაპირებ ამ საკითხების ასე დატოვებას. ვთვლი, რომ ჩემზე და ფრაქციის სხვა წევრებზე ხორციელდება პოლიტიკური ხასიათის ზეწოლა, რომელიც როგორ მასშტაბებს მიიღებს, ეს მხოლოდ მომავლის საკითხი. ამიტომ მე ძალიან ცოტა ხანში გავაკეთებ ძალიან მნიშვნელოვან განცხადებას“.
ლორთქიფანიძე თუ არ აპირებს მასთან მიმართებაში გაკეთებული განცხადებების უყურადღებოდ დატოვებას, მამრაძე აპირებს – როგორც „ობიექტივთან“ საუბრისას აღნიშნა, მისი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტისთვის სამართლებრივი მსვლელობის მიცემა არ უნდა. პარლამენტარი ამბობს, რომ ბობოხიძისთვის ყველაზე დიდი სასჯელი ის იქნება, ზემოხსენებულ ინცინდენტის ამსახველ ვიდეოკადრებს ფართო საზოგადოება რომ ნახავს.
პეტრე მამრაძე აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით ახალი არაფერი უთქვამს, თქვა ის, რაც ტალიავინის კომისიამ დაწერა და რაც ცნობილმა დასავლელმა პოლიტოლოგებმა თქვეს:
„გამოსვლა დავიწყე იმით, რომ ეს არის ხსოვნისა და იმედის დღე (სოხუმის დაცემის შემდეგ ამ დღეს ასე დაერქვა). მაშინდელი ომი დაიწყო იმით, რომ კიტოვანი და მისი ბანდა შეიჭრნენ აფხაზეთში და დაიწყეს ძარცვა–გლეჯა. სოხუმისა და მთლიანად აფხაზეთის გმირული დაცვა 13 თვისა და 13 დღის განმავლობაში გრძელდებოდა–მეთქი. ამ განცხადების დროს დარბაზში უკვე გნიასი და ყვრილი იყო. რატომღაც კიტოვანის ეს ბანდიტიზმი გახდა გაღიზიანების საბაბი. შეიძლება ისინი 13 თვემ და 13–მა დღემ უფრო გააღიზიანა, რადგან ყველას ახსოვს, რომ 2008 წელს ყველაფერი დღენახევარში დამთავრდა.
ამის შემდეგ გადავედი იმაზე, რომ კიდევ ერთხელ უნდა ითქვას სიმართლე, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილმა განახორციელა სამხედრო–პოლიტიკური ავანტიურა, როცა დაიწყო ცხინვალის დაბომბვა. ამის შედეგად მან ლანგარზე მიართვა რუსეთის სამხედრო–პოლიტიკურ მანქანას, რომ კიდევაც წაეღო აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ და კიდევაც ეცნო მათი დამოუკიდებლობა–მეთქი.
ამის შემდეგ მოხდა ინცინდენტი, რომელშიც ერთ ადამიანს არ გამოვყოფდი – ბევრი ყვიროდა, შეურაცხყოფებს ისროდა, ბევრის ხმა მესმოდა, „დაჯექი და აღარ გაბედო მიკროფონთან გამოსვლა“. მათი სახეები არ დამინახავს, რადგან მთელი კონცენტრაცია ეკრანზე მქონდა მიმართული, რომ პატარა დროში სათქმელი მეთქვა. მხოლოდ მაშინ, როცა ჩემს გვერდით ხალხი დავინახე, მივიხედე და შევნიშნე, რომ ყველაზე აქტიური ბობოხიძე იყო. დარტყმა არა, მაგრამ ხელს, რომ კრავენ, ეს ვიგრძენი. ამ ინცინდენტის დროს ხელი არ გამინძრევია.
თავის დროზე კრივში ინტენსიურად ვვარჯიშობდი, ფიზიკურ ფორმას დღესაც ვინარჩუნებ და მიუხედავად ასაკისა (59 წლის შევსრულდი), მზად ვარ რინგზე ნებისმიერს შევხვდე, მაგრამ პარლამენტის დარბაზში, არც 1994–1995 წლებში და არასდროს არ გამისვრია ხელი და არც ახლა ვაპირებ ამის გაკეთებას. ეს პარლამენტის წევრს არ ეკადრება. დღევანდელი ინცინდენტისთვის სამართლებრივი მსვლელობის მიცემას არ ვაპირებ. ამას პარლამენტის რეგლამენტი უნდა არეგულირებდეს, ეს მანდატურებს არ უნდა დაეშვათ. ამათი ყველაზე კარგი დასჯა ის იქნება, რომ ინცინდენტს ხალხი ტელევიზიით ნახავს“.
ასე რომ, აკაკი ბობოხიძეს მამრაძის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი ისევე შერჩება, როგორც 6 წლის წინ, პირდაპირ ეთერში ჟურნალიტს ირაკლი იმნაიშვილის ცემა შერჩა. შეგახსენებთ, რომ 2005 წლის 1 დეკემბერს, ადგილობრივი ტელეკომპანია „რიონის“ ეთერში, აკაკი ბობოხიძემ, რომელიც მაშინ იმერეთში პრეზიდენტის რწმუნებული იყო, სცემა ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი, რომელმაც ტვინის შერყევა მიიღო. ამ ფაქტს სამართლებრივი მსვლელობა არ მისცემია. ახლა ბობოხიძე ღიად აცხადებს, რომ თუ უფლებამოსილებას არ მოუხსნიან და ვინმე მისი თანდასწრებით მამრაძისმაგვარი განხადების გაკეთებას კიდევ გაბედავს, ბობოხიძე საკუთარ ქმედებებზე პასუხს არ აგებს.
„ბობოხიძე არის ნული, არარაობა, მშიშარა და თავისი გამოხტომებით ცნობილი ადამიანი. ჩემთან პირისპირ გამოვიდეს და ვინ ვის სცემს, მაგას ვაჩვენებ. უბრალოდ, ბობოხიძეს „ნაცმოძრაობის“ უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს და უმრავლესობაშია ძლიერი. ისე არავინ არ არის და ასეთი არარობებისგან შედგება დღევანდელი პარლამენტი. ეს არარაობები ებრძიან სწორედ დიმიტრი ლორთქიფანიძეს, რადგან ის „ნაცმოძრაობის“ მონა არ გახდა“, – ამბობს მედია–კავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელი, ირმა ინაშვილი, რომელიც დღეს პარლამენტარ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან მიმართებაში გაკეთებულ განცხადებებს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა.
ლორთქიფანიძე რადიო „ობიექტივის“ ერთ–ერთი წამყვანია – ადამიანის უფლებებზე, საპატიმროებში შექმნილ მდგომარეობასა და ადვოკატების დევნის ფაქტებზე გადაცემებს უძღვება. ჩვენთან საუბრისას ირმა ინაშვილი ლორთქიფანიძესთან მიმართებაში, უმრავლესობის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს ასე ააფასებს:
„დიმიტრი ლორთქიფანიძე ის დეპუტატია, რომლის რეიტინგიც ძალიან მაღალია, ისევე, როგორც მისადმი საზოგადოების ნდობა. ის, როგორც დეპუტატი, მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებს. ამასთან, პატიმართა მრავალათასიანი არმიისთვის, მათი ოჯახებისთვის არის ერთ–ერთი ყველაზე სანდო ადამიანი, რომელიც პატიმრებს ქმედით დახმარებას უწევდა და უწევს. ბოლო პერიოდის მანძილზე სწორედ დიმიტრი ლორთქიფანიძის დახმარებით და თანადგომით არაერთ პატიმარს შეუნარჩუნდა სიცოცხლე. ხელისუფლებამ ძალიან კარგად გაანალიზა დიმიტრი ლორთქიფანიძისადმი საზოგადოების ნდობა, მისი მაღალი რეიტინგი და ავტორიტეტი. ხელისუფლება ამ რეიტინგებს ითვლის. შესაბამისად, მოახლოებული საარჩევნო მარათონის ფონზე, ლორთიფანიძის წინააღმდეგ იერიშის მიტანა გადაწყვიტეს, რაც არის პოლიტიკური ნიშნით დევნა. მეტსაც გეტყვთ – ეს არის ოცდამეერთე საუკუნის ბოლშევიზმი და ბოლშევიკური სულისკვეთების გამოხატულება, რასაც დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჰქონდა ადგილი.
პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლა, როდესაც ის პატიმრების ოჯახებისათვის ფულის გამოძალვაზე საუბრობს, არის ბორის ძნელაძის გამოსვლა. დააკონკრეტოს ლორთქიფანიძეს სდებს ბრალს ფულის გამოძალვაში, ეს ზოგადი ფრაზა იყო, თუ რას ნიშნავს. ზუსტად ბოლშევიკები იქცეოდნენ ანალოგიურად, სწორედ ამ ბინძური მეთოდებით – ცილისწამებითა და იარლიყების მიწებებით ახდენდნენ ადამიანების დისკრედიტაციას.
ამ წუთიდან ავამოქმედებთ იმ საერთაშორისო კონტაქტებს, რაც გვაქვს და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ევროსტრუქტურებს მივაწვდით ინფორმაციას, საქართველოში როგორ იდევნება პარლამენტის წევრი და დეპუტატი, რომელიც არ ფიქრობს ისე, როგორც უმრავლესობა. დღევანდელი ფაქტის შესახებ ევროსტრუქტურებსა და პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებს ქმედით რეაგირებას მოვთხოვთ.
იმ პარლამენტის თავმჯდომარისგან, რომელიც აგვისტოს ომის დროს გვირჩევდა დანა–ჩანგლით და სხვა საოჯახო სამზარეულო ნივთებით დაგვეცვა ჩვენი ოჯახები, მე არ მივიღებ დიმიტრი ლორთქიფანიძისადმი გავრცელებულ არანაირ ბრალდებას და ვფიქრობ, არც ჩვენი საზოგადოება არ მიიღებს.
მოვუწოდებ ყველა უფლებადამცველს, ყველა მედიასაშუალებას, რომ დღევანდელი ეს ფაქტი გახდეს ღია, საჯარო მსჯელობის საგანი და ყველამ დააფიქსიროს პოზიცია იმაზე, რაც დღეს პარლამენტში მოხდა“.