სააკაშვილი თურმე, ოპოზიციის სურვილების ასრულებაზე ზრუნავს

სააკაშვილი თურმე, ოპოზიციის სურვილების ასრულებაზე ზრუნავს

[თეონა ხარაბაძე]

მართალია, პარლამენტში ჯერჯერობით არ შესულა საკონსტიტუციო ცვლილების ის პროექტი, რომლითაც პარლამენტართა რაოდენობა 150-დან 190-მდე გაიზრდება, მაგრამ ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს საკითხი აღარ შეიცვლება. ამასთან, არ შეცვლილა არც ამ საკითხისადმი დამოკიდებულება და ხელისუფლება პარლამენტართა რაოდენობის გაზრდას ისევ ოპოზიციას აბრალებს. ყოველ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „ეს ოპოზიციის დაჟინებული მოთხოვნა იყო“.

ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა „სპეციალურ რეპორტაჟისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა, რომელიც ყვარელში, მიხეილ სააკაშვილის სახლში შედგა. 

ამ ინტერვიუში მიხეილ სააკშვილმა, როგორც წესი, ძალიან ბევრ რაღაც მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო საკითხზე ისაუბრა და, ცხადია, მათ შორის, დიდი ადგილი საარჩევნო თემატიკასაც დაეთმო.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აქამდე, ყოველი არჩევნების წინ, რამდენიმე თვით ადრე, ქვეყანაში უცხო ქვეყნის, ან არც თუ რაციონალური პოლიტიკოსების ორგანიზებით, საპროტესტო აქციები იწყებოდა, რაც ქვეყნის ეკონომიკას აზარალებდა. მისი თქმით, აქციის ორგანიზატორები ელოდებოდნენ საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლას. 

„არჩევნები და ყველაფერი უკან მოგვრჩება, თუ ეკონომიკა არ იქნება განვითარებული. ჩვენ თავისუფალი არჩევნები გვინდა. ბევრ რაღაცას არ ვეთანხმები იმ მოლაპარაკებებში, რომელიც ოპოზიციისა და უმრავლეოსობას შორის შედგა. მთელი ოპოზიცია ითხოვდა პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდას და მე არ ვეთანხმებოდი, მაგრამ ბევრი კამათის შემდეგ გადავდგით ეს ნაბიჯი. მერე ამ ოპოზიციის ნაწილი გამოხტა და თქვა, რომ ეს რეფერენდუმის შედეგებს ეწინააღმდეგებოდა. სინდისიც ხომ კარგი საქონელია. თუ გინდა თანხმობა, რაღაცაში შევთანხმდეთ. ჩვენი ინიციატივა იყო პარლამენტის წევრთა რაოდენობის შემცირება, მაგრამ ასევე ხალხის დაკვეთაა, რომ ჩვენ რაღაცაზე შევთანხმდეთ და ეს ხალხი ითხოვს ოპოზიციის პარლამენტში მოხვედრას. თუ გაიზარდება დეპუტატების რაოდენობა, მეტი შანსი აქვს ოპოზიციას პარლამენტში მოხვედრის“, - განაცხადა პრეზიდენტმა. 

სააკაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ზოგადი რადიკალური რიტორიკა საქართველოში აღარ ჭრის, ხალხს აფრთხობს, საზოგადოების დაკვეთა კი დიალოგია და პარლამენტის რაოდენობის გაზრდა სწორედ ამ დიალოგის შედეგად მოიხსენია.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო შეთანხმების თანახმად, პარლამენტართა რაოდენობა უნდა განისაზღვროს 190 წევრით. აქედან 83 აირჩევა მაჟორიტარული სისტემით, ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქებიდან, ხოლო 107 აირჩევა პროპორციული სისტემის საფუძველზე. საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზე, ყველა ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქი, რომელშიც ამომრჩეველთა რაოდენობა100 000 აღემატება, გაიყოფა და შესაბამისად, შეიქმნება დამატებით 10 ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქი.

სხვა საკითხებს და სხვა განცხადებებს რომ თავი დავანებოთ, მხოლოდ პარლამენტართა რაოდენობის გაზრდის საკითხი სააკაშვილს საკმაოდ აწუხებს. შეგახსენებთ, რომ მისი მხრიდან პარლამენტართა რაოდენობის გაზრდის ოპოზიციისთვის დაბრალება პირველი არ არის. სააკაშვილი იგივე განცხადებებს აკეთებდა ივლისშიც, როდესაც ხელისუფლებას და ოპოზიციის ერთ ნაწილს შორის საარჩევნო შეთანხმება გაფორმდა.

პარლამენტართა რაოდენობის გაზრდის საკითხი ამ შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილი იყო. მაგრამ, პრობლემა ის არის, რომ, თავის დროზე პარლამენტართა რაოდენობის შემცირება 2003 წელს ჩატარებული რეფერენდუმით გადაწყდა და შემდეგ მისი აღსრულება 2005 წელს მოხდა. სხვათა შორის, არსებობს სტენოგრამული ჩანაწერები, სადაც უმრავლესობის წარმომადგენლებიც და თავად სააკაშვილიც ამბობს, რომ რეფერენდუმის შედეგის აღსრულება ხდებოდა.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, რეფერენდუმის გადაწყვეტილების შეცვლა ისევ რეფერენდუმით არის შესაძლებელი, მაგრამ ხელისუფლებამ ახლა გამოაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება რეფერენდუმის შედეგი არ არისო.

ამ არგუმენტს, ცხადია, არც ექსპერტები და არც ოპოზიციის დიდი ნაწილი არ იზიარებს, მაგრამ ხელისუფლებას ეს საერთოდ არ აინტერესებს. სამაგიეროდ, სააკაშვილი ცდილობს, რომ ეს ყველაფერი ოპოზიციას გადააბრალოს.

ამიტომაც საინტერესოა, თუ კონკრეტულად ვინ სთხოვდა ამას სააკაშვილს და რა არგუმენტით. ამიტომ პრესაჯი.ტვ ამ თემაზე იმ ადამიანებს ესაუბრა, ვინც მოლაპარაკების პროცესში აქტიურად არიან ჩართულები.

ლევან ვეფხვაძე, ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელი: ეტყობა, ხელისუფლებამ ჩაატარა კვლევა და აღმოაჩინეს, რომ მოსახლეობაში პოპულარული თემა არ არის და ამიტომ სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ ყველაფერი ოპოზიციას დააბრალოს. მაგრამ ეს იყო პოლიტიკური კონსესუსი და ეს არავის მოთხოვნა არ ყოფილა. ეს იყო გარკვეული შეთანხმებით მიღებული გადაწყვეტილება. კი, ბატონო, ყოფილიყო 150 კაციანი პარლამენტი, მაგრამ ამ 150-ში ყოფილიყო 50 მაჟორიტარი და 100 - პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატი. ჩვენ ამის არაფერი საწინააღმდეგო არ გვექნებოდა და რაოდენობა არ გაიზრდებოდა. ამიტომ, სხვისთვის გადაბრალებას თავი დაანებონ და გაიხსენონ ის წინადადებები, რომელიც შეთავაზებული იყო და ისიც განმარტოს, ამ შეთავაზებებზე უარი რატომ თქვეს“.

გია ცაგარეიშვილი, თავისუფლი დემოკრატების წარმომადგენელი: ვინ სთხოვდა?  ოპოზიცია ძალიან ტევადი ცნებაა და კონკრეტულად დაასახელოს. არც ერთ შეხვედრაზე ასეთი საკითხი ოპოზიციის არც ერთ წარმომადგენელს არ დაუყენებია.  ახლა, ფინჯან ყავასთან თუ რომელიმე ოპოზიციის წარმომადგენელთა პრივატულად საუბრობს, ეს მათ ჰკითხეთ.

ჩვენი პარტიის არც ერთ წევრს, რომელიც ამ მოლაპარაკებებზე იყო მივლინებული „რვიანის“ ფორმატში, სადაც ხელისუფლებაც მონაწილეობდა, ეს საკითხი არ დაუყენებია. უფრო მეტიც, ეს არავის არ დაუყენებია. ეს არის სიცრუე. ამას სჯობს, ის თქვას, ვისთან, რომელ ლიდერთან ჰქონდა საუბარი და რაზე. მაგრამ, რადგან თავადაც იცის, რომ ცრუობს, ვერც ამ ლიდერების ვინაობას აკონკრეტებს და ვერც თარიღებს და ვერც ადგილს.

ამიტომაც მე მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ეს არის სიცრუე. უბრალოდ, ახლა, ე.წ. ოპოზიციასთან „მოლოტოვ-რიბენტროპის“ პაკეტს რომ აფორმებენ, აქ ამოტივტივებული თემაა და ოპოზიციისთვის გადაგდებული და, სხვათა შორის, ეს თავად სააკაშვილმა აღიარა. დააკვირდით, რა თქვა ჩვენმა უმაღლესმა ხელისუფალმა? მან თქვა, რომ ეს ოპოზიციამ მოითხოვა და ამას ხალხიც ითხოვს, რადგან მათ სჭირდებათ პარლამენტში ოპოზიციაო. რა, ოპოზიცია 150-ში ვერ შევიდოდა და 190-ში შევა?

ამიტომაც ვამბობ, რომ ეს არის სიცრუე და რიგით მერამდენე, კაცმა არ იცის და ძალიან მარტივად ჩანს, რომ ეს არის გარიგების ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც ოპოზიციასთან გაფორმდა. ამიტომაც, სჯობს, ეს იმ ადამიანებს ჰკითხოთ, ვინც კონსტიტუციის გვერდის ავლით თანხმდებიან რაოდენობის გაზრდას“.

გია თორთლაძე, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი: „მე პირადად ასეთ შეთავაზებასთან დაკავშირებით არაფერი მსმენია და არც ასეთ მოლაპარაკებებში არ მიმიღია მონაწილეობა. ამიტომაც, ამ საკითხის არანაირი დეტალები არ ვიცი და, ალბათ, უნდა დაზუსტდეს ყველანაირი დეტალები, თუ ვინ, სად, როდის, რა შესთავაზა და კომენტარების გაკეთება მერე იქნება შესაძლებელი. მე ამის შესახებ არაფერი არ ვიცი, რადგან ასეთ არანაირ მოლაპარაკებაში მონაწილეობა არ მიმიღია.

რომ მიგეღოთ, მხარს დაუჭერდით?

- იცით რაშია საქმე? თუკი ვინმე დასაბუთებულად წარმომიდგენს, თუ რა თვალსაზრისით იზრდება რაოდენობა, შეიძლება, დავუჭირო კიდეც. მაგალითად, რატომ იყო თავდაპირველად 235 დეპუტატი, კაცმა არ იცის და მერე რატომ გახდა მაინცდამაინც 150 არც ამის დასაბუთება მომისმენია. არც ახლა ვიცი იმის დასაბუთება, თუ რატომ ხდება - 190. რომ ყოფილიყო დასაბუთება, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა რეგიონებთან, გასაგები იქნებოდა.

ახლა რაოდენობის შეცვლის დასაბუთება არ არსებობს, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი პარლამენტში ნაკლებად არის წარმოდგენილი და, თუკი ეს ხელსშეუწყობს პარლამენტის წარმომადგენლობის გაზრდას, მაშინ, ალბათ, მისაღები იქნებოდა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ თვალსაზრისის არანაირი დასაბუთება არ მომისმენია.

ხელისუფლებას რატომ სურს, რომ ეს ოპოზიციას დააბრალოს?

- სიმართლე გითხრათ, მიკვირს, ეს ოპოზიციის, განსაკუთრებით პარლამენტის გარეთ მყოფს, რატომ არ მოსწონს, რადგან ეს ოპოზიციური პარტიების პარლამენტში მოხვედრის მეტი შანსია. რაც შეეხება ხელისუფლებას, როგორც ჩანს, კი არ აბრალებს ოპოზიციას, არამედ ამ თემაზე სადღაც მოლაპარკება მართლა იყო, მაგრამ მე ამის შესახებ არაფერი ვიცი და ამაში მონაწილეობა არ მიმიღია.

პავლე კუბლაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი: ეს იყო ოპოზიციის მოთხოვნა და ეს იყო ძალიან მარტივი მოთხოვნა. პირველი, არ უნდა შემცირებულიყო მაჟორიტარების რაოდენობა, რადგან ამბობდნენ, რომ ყველას თავისი მაჟორიტარი უნდა ჰყავდესო. ამასთან, ითხოვდნენ, რომ პროპორციული წესით არჩეული დეპუტატები უნდა იყოს მაჟორიტარზე ორჯერ მეტიო. ე.ი. რა გამოდის? მაჟორიტარი თუ იყო 75 და ორჯერ უფრო მეტი უნდა ყოფილიყო პროპორციული, გამოდის, რომ პროპორციული უნდა ყოფილიყო 150 და ამას დამატებული 75 მაჟორიტარი და მივიღებდით 225-ს. ანუ, რეალურად მათი წინადედება იყო 225 კაციანი პარლამენტი. ეს გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული და მოვძებნეთ ძალიან ოპტიმალური ვარიანტი.

შეგახსენებთ, რომ მედიის რამდენიმე წარმომადგენელი საარჩევნო შეხვედრებს მუდმივად ვესწრებოდით. მათ შორის, ჩვენც და ზუსტად ვიცით, რომელ შეხვედრაზე რა საკითხი იქნა დაყენებული. ამ შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო და საერთშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რომლებიც შეხვედრების სტენოგრამებს და ოქმებს ადგენდნენ და, შესაბამისად, ადვილი მისაკვლევია, რომელ შეხვედრაზე რა საკითხი იქნა დაყენებული.

ცნობისთვის, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით „ოპოზიციურმა რვიანმა“ გასული წლის ნოემბერში წარმოადგინა. ამ ხედვაში კი არაფერი იყო ნათქვამი პარლამენტის რიცხოვნობის გაზრდასთან დაკავშირებით. „რვიანის“ ინიციატივა მხოლოდ მანდატების ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით გადანაწილებას ითვალისწინებდა. ამასთან, ამ ვარიანტით, უნდა შეცვლილიყო მაჟორიტარული არჩევნების სიტემაც.

ხელისუფლებამ კი ამ საკიხთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავებული ხედვა წარმოადგინა, თანაც რამდენიმე თვის დაგვიანებით. ნაცმოძრაობის ხედვების პრეზენტაცია მიმდინარე წლის 9 მარტს გაიმართა.

მაშინ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა აკაკი მინაშვილმა აღნიშნა, არსებობს ეუთოს და “ოდირის” რეკომენდაციები, რომლის თანახმადაც დაცული უნდა იყოს ხმების თანასწორობის პრინციპი. დასაშვები სხვაობა კი შეიძლება 10-15%-ს შეიძლება შეადგენდეს და მათი ხედვაც ამ პრინციპს ეყრდნობოდა.

გამონაკლისი დასაშვებია განსაკუთრებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული და გეოგრაფიული მახასიათებლების გათვალისწინებით. მაგალითად, კომპაქტურად დასახლებული ეროვნული უმცირესობის დაცვა, არამჭიდროდ დასახლებული ადმინისტრაციული ერთეული.

ამისთვის კი ხელისუფლება ოპოზიციას სთავაზობდა, რომ თითო მანდატი დამატებოდა იმ ოლქებს, სადაც 100 ათასზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული. ასეთ ოლქებად კი დასახელებული იყო თბილისში გლდანის, სამგორის, ნაძალადევის, საბურთალოს და ისნის მაჟორიტარული ოლქები და ასევე ქუთაისის, ზუგდიდის, გორის, რუსთავის და ბათუმის მაჟორიტარული ოლქები.

მანდატების გადანაწილებისთვის კი ხელისუფლებას სამი ვარიანტი გააჩნდა.

პირველი ვარინატის თანახმად, 150 მანდატიანი პარლამენტი უცვლელად დარჩებოდა, ხოლო მაჟორიტარების რაოდენობა გაიზრდებოდა 83-მდე და პროპორციული მანდატების რაოდენობა შემცირდებოდა 67-მდე.

მეორე ვარიანტის თანახმად კი 150 დეპუტატს დაემატებოდა 10 მანდატი. თუმცა, წარმოდგენილ პროექტში 150 მანდატს გამოკლებული ჰქონდა 2 მანდატი, ახალგორის და კოდორის და ეს 158 მანდატი გადანაწილდება პრინციპით, -  83 მაჟორიტარული და 75 პროპორციული.

მესამე ვარიანტით კი მანდატების რაოდენობა 166-მდე გაიზრდებოდა და თანაბრად, 83-83-ზე გადანაწილდებოდა მაჟორიტარულ და პროპორციულ მანდატებზე. ამის შემდეგ კი საარჩევნო საკითხებზე მუშაობის ეს ფორმატი ჩავარდა და ისევ რამდენიმე თვის შემდეგ უკვე ოპოზიციის ნაწილს და ხელისუფლებას შორის გაფორმდა შეთანხმება, სადაც უკვე პარლამენტართა 190-მდე გაზრდის საკითხი იქნა წარმოდგენილი.

ამიტომაც, ცხადია, რომ კითხვები აღარ ჩნდება, თუ როდის გაჩნდა ეს იდეა. სხვათა შორის, მაშინ არაოფიციალურად იმასაც ამბობდნენ, რომ უმრავლესობამ პარლამენტართა რაოდენობის გაზრდა იმის გამო მოიფიქრა, რომ მაჟორიტარების დათმობა თავად პრეზიდენტს არ სურდა. არადა, უნდა მომხდარიყო საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინება მანდატების თანაბარ წონადობასთან დაკავშირებით. მაჟორიტარების არშემცირების შემთხვევაში კი უმრავლესობამ მეტი ვერაფერი მოიფიქრა და, როგორც ჩანს, ახლა სააკაშვილს სურს, რომ საკუთარი ახირება ოპოზიციას გადააბრალოს.