რას ელოდება ქართული ემიგრაცია 27 სექტემბერს „ქართველთა მარშისაგან“

რას ელოდება ქართული ემიგრაცია 27 სექტემბერს „ქართველთა მარშისაგან“

[ნინო ცხოიძე]

ქართული ემიგრაციის ინტერესი ქართული პოლიტიკისადმი, მეტ-ნაკლებად, მაგრამ მაინც საკმარისად არის გამძაფრებული. თუმცა, წინა საუკუნეებისაგან განსხვავებით, ემიგრაციაში ბოლო 20 წლის განმავლობაში სულ უფრო მეტად ჭარბობს ეკონომიკური მიგრანტების რაოდენობა, ვიდრე პოლიტიკური თავშესაფრის მქონე პირთა. მიუხედავად ამისა, ქართული ემიგრაციის დიდი ნაწილი კვლავ ცდილობს, თუნდაც შორიდან, მიიღოს მონაწილეობა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში და მოსაზრებები მაინც გამოთქვას.

ადამიანები, რომლებიც ემიგრაციის პრობლემებს ყურმოკვრით იცნობენ, ხშირად საყვედურობენ უცხოეთში გადახვეწილ თანამემამულეებს და „თბილი ადგილიდან“ ჭკუის დარიგებად აღიქვამენ იმ წუხილსა და გულისტკივილს, რაც სამშობლოს, ოჯახებსა და ქართულ გარემოს იძულებით მოწყვეტილ ემიგრანტთა მხრიდან ისმის. არადა, ფაქტია - ათწლეულების განმავლობაში ერთიდაიგივე ადგილის ტკეპნა, ქუჩის აქციების უშედეგოდ დასრულება და მხოლოდ „საქართველოს“ ძახილი მათ უიმედობასა და განაწყენებასაც იწვევს.

ამდენად, ვამკვიდრებთ ახალ რუბრიკას - „ქართული პოლიტიკა და ემიგრაცია“, რაც საშულებას მისცემს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გაბნეულ ძველ, თუ ახალ ემიგრანტებს, თავიანთი მოსაზრებები გამოთქვან სამშობლოში არსებული  პოლიტიკური, ეკონომიკური, თუ სოციალური მდგომარეობისადმი.

პირველ აქტუალურ თემად 27 სექტემბერს დაგეგმილი „ქართველთა მარში“ შევარჩიეთ. როგორც აღმოჩნდა, ბევრი მათგანისათვის კარგად არ არის ცნობილი მარშის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები. ხოლო „ვარდების მოედნიდან“ სამებამდე მსვლელობაში თბილისის მოსახლეობის განსაკუთრებულ აქტივობას ისინი ნაკლებად ელოდებიან.

რესპოდენტების უმრავლესობამ თავიანთი ვინაობის გამხელა უპრობლემოდ გადაწყვიტა. თუმცა, ზოგმა - პირიქით, მხოლოდ ინიციალების გამჟღავნების პირობით გამცა პასუხი შეკითხვებზე.

ერთ-ერთი მათგანის თქმით, ოპოზიციამ დიდი შანსი გაუშვა ხელიდან, როცა ურთიერთკინკლაობით და ლანძრვა-გინებით, ქუჩებსა თუ სტადიონებზე ხალხის უშედეგოდ ტარებით პოლიტიკურად აქტიურ მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლის სურვილი დაუკარგა.

პ. ი. (ბელგია) „2007 წელს ოპოზიციაც კი არ ელოდა, რომ 2 ნოემბერს ასეთი დიდი რაოდენობით ხალხი გამოვიდოდა მიტინგზე, ისევე, როგორც ლეიბორისტები არ ელოდნენ ასეთ მხარდაჭერას, როცა დედაქალაქი სააკაშვილს გადააბარეს. მე სულაც არ მაქვს სურვილი, მიშა ნინომ ჩაანაცვლოს. „გრეჩიხებიც“ წარსულს ჩაბარდა. არც იმის იმედი მაქვს, რომ 27 სექტემბერს ბევრი ხალხი გამოვა მარშში მონაწილეობისათვის. საერთოდ, არ მესმის, რა მიზანს ისახავს „ქართველთა მარში“, პარადია, თუ რა ხდება? ან, ისევ სამებაში რომ სრულდება, თუნდაც - პანაშვიდით, სამგლოვიარო მარში გამოდის. მე მაინც ვფიქრობ, სანამ შიგნიდან არ დაერევიან ერთმანეთს, მანამ 2000 მარში რომ მოაწყონ წელიწადში, ქვეყანას და ხალხს არაფერი ეშველება“.

ალექსანდრე სანდუხაძე (ავსტრია) პირიქით, მიიჩნევს, რომ ბოლო ორმა ათეულმა წელმა საქართველოს ისტორიაში შავად შემოსილი თარიღები დატოვა, მათ შორის 1991/1992 წლების გასაყარი. 1992 წლის 14 აგვისტო, 1993 წლის 27- 30 სექტემბერი, 2008 წლის 7-8 აგვისტო და ბევრი სხვაც.

„რაც შეეხება წლევანდელ 27 სექტემბრის მსვლელობას, მე ჩემი მოსაზრება მაქვს. რა თქმა უნდა, ასეთი მარშები აუცილებლად უნდა იმართებოდეს და უნდა იყოს საერთო ეროვნული გლოვის გამომხატველი. მაგრამ ამის ორგანიზატორი არ უნდა იყოს ერთი, ან თუნდაც რამდენიმე პარტია. ამ დღეს არა მარტო თბილისში, არამედ საქართველოს ყველა ქალაქში უნდა გამოდიოდეს ხალხი და ეს უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ საქართველოს სახელმწიფო არ დაიბრუნებს მტერთაგან წაგლეჯილ მის მიწას.

ამგვარი მსვლელობებით ჩვენს შვილებს სულსა და გულში უნდა ჩავუნერგოთ ხსოვნა აფხაზეთისა და შიდა ქართლისა, ასევე ანდერძი სამშობლოს გამთლიანებისა და გაფრთხილებისა“.

ვლადიმერ ხმელიძე (საფრანგეთი) ქართველი ხალხის აბუჩად აგდებად მიიჩნევს პოლიტიკოსების მხრიდან ყველა მნიშვნელოვანი და მტკივნეული თარიღის სათავისოდ გამოყენებას.

„ჯერ იყო და, ბატონი პატარკაციშვილი გამოიყენეს და სანამ არ მოაკლევინეს, არ დაწყნარდნენ და რომ მოკლეს, მერე არავინ, თურმე, არ იყო კავშირში. შემდეგ, 9 აპრილის გმირებს მიადგა ისეთი ხალხი, რომლებმაც თავის დროზე უღალატეს მათ გმირობას და ხსოვნას. ყველამ ვნახეთ, რა კრახითაც დაამთავრეს გმირთა ხსოვნის დღეს დაგეგმილი აქცია.

შემდეგ, ორჯერ, 26 მაისი. პირველად 60-70 ათასი ადამიანი მოვიდა სტადიონზე იმის იმედით, რომ  ძმები „გრეჩიხები“ და ძმანი მათნი მართლა შეასრულებდნენ ხალხისთვის მიცემულ პირობას და იმ დღესვე დაამთავრებდნენ მიშას და მის გუნდს. მაგრამ რა მივიღეთ?.. უფალმა გვიხსნა, თორემ ყველამ კარგად უწყის, მიშას და ვანოს ზონდერები მზად ყავდა, არაფერს მოერიდებოდნენ, სისხლს დაღვრიდნენ.

შემდეგ 2011წლის 26 მაისი - ვერ შესრულდა გეგმა და დარჩა მოედანზე 500 გულანთებული ქართველი, თუ არაქართველიც. უმოწყალოდ დაარბიეს და დახოცეს თავდადებული პატრიოტები. მივიღეთ დარბეული, დახოცილი, დამცირებული ქართველი ხალხი. რა დღეში ჩააგდეს ოჯახები, არავინ არ მოითხოვა საქმის გამოძიება და დამნაშავის დასჯა.

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის და აფხაზეთის ჩაბარების დღეა, ამას ქართველების მარში კი არა, ამ საქმეს უნდა მშვიდობიანად, დიპლომატიურ ენაზე, ურთიერთმოფერება - ერთმანეთი დავარწმუნოთ, რომ ჩვენ, ორთავე, ვართ ქართველები და უნდა ვიცხოვროთ ერთად, ერთიან ოჯახში და ერთიან ქვეყანაში. უნდა დავდოთ ერთიანი გეგმა და საბოლოოდ უნდა დავარწმუნოთ ერთმანეთი, რომ აღარასოდეს აღვმართავთ იარაღს და ერთიანი შეთანხმებით მარში მოვაწყოთ მარშრუტით: თბილისი-სოხუმი, სოხუმი-თბილისი. ამის პროგრამა და გეგმა გვაქვს ჩვენ - საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობას და აღვასრულებთ ჩვენს ერთიან გეგმას. გვაქვს შეხვედრები აფხაზი საზოგადოების წარმომადგენლებთან, რიგ პოლიტიკოსებთან და თითქმის 90% თვლის, რომ ის ომი იყო რუსეთის, შევარდნაძის და ზოგიერთი აფხაზი უზნეო ადამიანის მიერ პროვოცირებული. ამიტომ, ძალიან მალე დავიწყებთ ჩვენი პროგრამის განხორციელებას“.

ბატონ ლადო ხმელიძეს მიჩნია, რომ პოლიტიკოსები ამ მარშს მხოლოდ გარკვეული დავალების საფუძველზე შეურთდებიან. „ხალხი შეიძლება გამოვიდეს 27 სექტემბერს ჯვართამაღლებაზე, რომ მოიხსენიოს ის გმირები, ვინც თავი შესწირა სამშობლოს, მაგრამ ეს მიშას და რუსეთის მიერ მართულ პოლიტიკოსებს სიკეთეს არ მოუტანს“.

ამ რუბრიკით ამ და სხვა თემებზე ჩვენ კვლავ გავაგრძლებთ ემიგრაციიდან მიღებული გამოხმაურებების, ინტერვიუებისა თუ რეპორტაჟების გაშუქებას. იაქტიურეთ, გამოხატეთ თქვენი პოზიციები. ჩვენ ასევე გვინდა, ქართულ  საზოგადოებას გავაცნობთ მიგრაციის რეალური სურათი, რამდენად რთულია ემიგრაციაში დამკვიდრება, რატომ ტოვებენ ქართველები სამშობლოს და აპირებენ თუ არ უკან დაბრუნებას.