სოსო ცისკარიშვილი: „საქართველოში მოლოდინი არსებობს, რომ არაბული ნერგი ჩვენშიც იხარებს“

სოსო ცისკარიშვილი: „საქართველოში მოლოდინი არსებობს, რომ არაბული ნერგი ჩვენშიც იხარებს“

[მანანა ნოზაძე]

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი პრესაგე.ტვ-სთან საუბარში აცხადებს, რომ სააკაშვილი დიდხანს დუმდა ლიბიაში განვითარებული მოვლენების შესახებ. თუმცა მას შემდეგ, რაც ცივილიზებულმა მსოფლიომ დაგმო ტრიპოლის დიქტატორი, სააკაშვილიც იძულებული გახდა აღმოსავლეთის დიქტატურა დაეგმო.

სააკაშვილს გაეროს ტრიბუნიდან უსმენენ. ხომ არ ფიქრობთ, რომ ოპოზიციას სურს სათავისოდ დაინახოს მოვლენები, როცა აცხადებს, რომ დასავლეთისთვის სააკაშვილი საინტერესო აღარაა?

- ნებისმიერი ქვეყნის პრეზიდენტს საკმაოდ სოლიდური ჯგუფი უმზადებს ვიზიტს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. ცხადია, ორმხრივი შეხვედრები გახლავთ საქმიანობის მიღებული ფორმა. არც საქართველოა ამ მხრივ გამონაკლისი. შეხვედრის მოწყობა არ არის რთული, სირთულეს წარმოადგენს იმ პირთა შერჩევა, რომლებიც მსოფლიო პოლიტიკისთვის უყოყმანოდ ღირებულნი არიან და, რომლებთანაც ურთიერთობა პერსპექტივაში სასიკეთოდ გამოდგება ჩვენი ქვეყნისთვის. პარალელურად, არსებობს პიარტექნოლოგიები, რომლებიც ასეთ შეხვედრებს აშუქებენ და, რაც არ უნდა უმნიშვნელო და უშინაარსო იყოს ეს შეხვედრა, მისი წარმოჩენა შეიძლება, როგორც ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონედ.

როგორ შეაფასებთ სააკაშვილის გამოსვლას გაეროს ტრიბუნიდან?

- მისი გამოსვლა, ერთი მხრივ, საინტერესო იყო იმით, რომ მან, განსხვავებით წინა წლებისგან, თავი აარიდა კონკრეტიკას. თუმცა, წინა წლების მსგავსად, საკმაოდ სერიოზული ნაწილი დაუთმო საკუთარი მიღწევების ქებას და უფრო ფილოსოფიური შორსმჭვრეტელობის და ანალიზის უნარის მქონედ მოისურვა თავის  წარმოჩენა. ერთი მხრივ, ეს შეიძლება ჩავთვალოთ მისი „სპიჩრაიტერის“ (ინკოგნიტო მწერალი, რომლის ნააზრევი და იდეები გამოიყენება დამკვეთის მიერ საჯარო გამოსვლებისათვის) წარმატებად, ხოლო, მეორე მხრივ, საქმეში ჩახედულთათვის, სრულიად მკაფიოა, რომ კონკრეტიკა ის სუსტი წერტილია, რომელიც ადვილად შეფასებადია, უპირველეს ყოვლისა, მისივე ქვეყნის მოსახლეობის მიერ და, რომელიც არცთუ სატრაბახოა იმ ვითარებაში, როდესაც მის საკუთარ ქვეყანაში დემოკრატიული ნორმები ყოველდღიურად უხეშად ირღვევა.

ნიუ-იორკში მყოფი სააკაშვილი აცხადებს, რომ არაბულ სამყაროში მომხდარი რევოლუციები, ეს არის შესანიშნავი ცვლილებები. თავის მხრივ კი, ბარაკ ობამა აღნიშნავს, რომ ტირანიები ემხობა - ბინ ლადენი მკვდარია, კადაფის რეჟიმი დასრულდა და მსოფლიოში რაღაც ახალი ხდება. ეს ხომ არ ნიშნავს გაფრთხილებას თვითონ სააკაშვილის რეჟიმისთვის, რომელმაც მოირგო ის, რომ აღმოსავლეთის რევოლუციები თითქოს განვლილი ეტაპია ჩვენი ქვეყნისთვის და, რომ უსამართლო რეჟიმი ჩვენში თურმე ვარდების რევოლუციით დაგვირგვინდა. 

- თითოეული ფრაზის ინტერპრეტაცია მრავალმხრივი შეიძლება იყოს, მაგრამ საქმე ისაა, რომ კარგად გვახსოვს ის მყარი დუმილი სააკაშვილის მხრიდან, რომელსაც ის ინარჩუნებდა თუნდაც იმავე ლიბიაში განვითარებული მოვლენების მიმართ. ეს მანამდე ხდებოდა, ვიდრე გაერომ საჯაროდ არ დაგმო ტრიპოლის დიქტატორი. მას შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა არცთუ ხალისით გადაწყვიტა, კრიტიკის საგნად ექცია ლიბიის ხელისუფლება.

ნუ ლიბიის და, ზოგადად, აღმოსავლეთში არსებული მოვლენები სააკაშვილს აშინებს?

- რასაკვირველია. დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ ანალიზი კეთდება, თუ როდის, რა ტიპის რეაქციებია ქვეყანაში საზღვარგარეთ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, როდის არის ეს რეაქციები წინმსწრები, როდის - დაგვიანებული, როდის - ნაძალადევი. ასე რომ, ძნელია, დღევანდელ მსოფლიოში ალხანამ თავი ჩალხანად მოაჩვენოს, ან პირიქით. ფაქტი ისაა, რომ უცხოელი პოლიტიკოსებისთვის კარგად ცნობილია, რომ არათუ ქართული დემოკრატიის არაბულ ფესვებზე დამყნობის მოლოდინი უნდა იყოს, არამედ არსებობს მოლოდინი თავად საქართველოში და მის მეზობელ ქვეყნებში, რომ სწორედ არაბული ნერგი იხარებს მათ ქვეყნებშიც და პოსტსაბჭოთა ტოტალიტარულ რეჟიმებს ბოლო მოეღება. ნურავის ნუ განვიკითხავთ, რადგან თავად ვიქნებით განკითხულნი და ნურავის ნუ შევთავაზებთ ისეთ რამეს, რისი დეფიციტიც თავად გააგვაჩნია. ამ შემთხვევაში, დემოკრატიის.

სარკოზის ვიზიტი რას შეიძლება დავუკავშიროთ? ზოგიერთის აზრით, ეს არის ყვითელი ბარათი, ანუ გაფრთხილება ჩვენი პრეზიდენტისთვის. პირადად თქვენ რას მიაწერთ ამ ვიზიტს, მით უფრო, რომ ამ ბოლო დროს მივეჩვიეთ - ვინც საქართველოში ჩამოდის, პოლიტიკოსებიდან დაწყებული (მონაკოს პრინცი), მსახიობებით დამთავრებული (შერონ სთოუნი, ენდი გარსია), სააკაშვილის შემდეგ პუტინს აკითხავენ?

- ყვითელი ბარათის თემა ჩემთვის ძნელად დასაჯერებელია. ასეთ შემთხვევაში, მინიმუმ, სამი ყვითელი ბარათი უნდა წამოეღოთ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პრეზიდენტებისთვის. ეს გახლავთ ვიზიტი არა საქართველოში, არამედ სამხრეთ კავკასიაში. სარკოზის რაიმის თქმა რომ ნდომოდა საქართველოსთვის, ჩვენთან ვიზიტის გარეშეც შესანიშნავად მოახერხებდა. მაგრამ რეგიონის მიმართ ევროპის ყურადღება სრულიად გამართლებულია. ისტორიულად საფრანგეთი სომხეთის  ყველაზე აქტიური პარტნიორი გახლავთ. ისევე, როგორც ინგლისი - აზერბაიჯანის, ხოლო გერმანია - საქართველოსი. დღევანდელი სიტუაცია, შესაძლოა, შეცვლილია საქართველოს მიმართ, მაგრამ ფრანგულ-სომხური კულტურულ-ეკონომიკური კავშირები, ისევე როგორც ინგლისურ-აზებაიჯანული ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები, დღეს ცალსახაა და ერთ-ერთ პიკურ განვითარების პერიოდში იმყოფება. ამიტომ ნუ მივცემთ  ზედმეტ მნიშვნელობას ბატონი სარკოზის ვიზიტს თბილისში. უბრალოდ, მისი მხრიდან შესაძლოა, უტაქტობად ყოფილიყო წარმოჩენილი ჩასვლა მხოლოდ ერევანში, რადგან, როგორც წესი, ევროპის ოფიციალური პირები სამხრეთ კავკასიაში მოხვედრისას ცდილობენ, სამივე დედაქალაქი მოინახულონ.

და ბოლოს, „ქართველთა მარშის“ შეფასება მინდა გთხოვოთ. რამდენად გამართლებულია 27 სექტემბერს დაგეგმილი „ქართველთა მარში“?

- ეს ორი თემაა ჩემთვის: ქართველთა მარში და 27 სექტემბერი. თავისთავად, ჩემთვის საინტერესოა მარში, როგორც ორგანიზების, ასევე, მონაწილეთა რაოდენობისა და მიზანმიმართულობის კუთხით. თუმცა, ამავე დროს, მიუღებელია, რომ 27 სექტემბრის თარიღი, რომელიც მხოლოდ შარშან გახდა გარკვეული ქართულ-აფხაზური ხედვის დაახლოების წინაპირობა, წელსვე იყოს უკუგდებული ამ კუთხით. არსებობს საფრთხე, რომ ეს დღე არ გახდეს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ნგრევისა და დასამარების თარიღი, რადგან, მოგეხსენებათ, ერთისთვის ეს გახლავთ სოხუმის დაცემის დღე, მეორისთვის - ომში გამარჯვების ჟამი. შარშან გია ყარყარაშვილის ინიციატივით შედგა ომში დაღუპულთა ერთიანი გახსენება, განურჩევლად მათი ეროვნულობის, და შემდგომ შესაბამისი პარაკლისიც იქნა გადახდილი სამების ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის მიერ. ახლა კი ახალი დატვირთვით ისევ 27 სექტემბრის წარმოჩენა არის, მე ვიტყოდი, ზედმეტი რისკი ისეთი ნაციისთვის, რასაც ჰქვია ქართული ნაცია.

არაფერს ელით ამ მარშისგან?

- სხვა რაიმის მოლოდინი რთულია. ის, რომ ყოველთვის ვაჭარბებთ საკუთარ მოლოდინში, გამოიხატება შედეგში და შემდგომ უკვე თვითგვემაში. ამიტომ თვითგვემას რომ არ მივეცეთ, ვიყოთ რეალისტები.