„აღიარების ბიზნესს“ ტუვალუც შეუერთდა

„აღიარების ბიზნესს“ ტუვალუც შეუერთდა

წყნარი ოკეანის სახელმწიფო ტუვალუმ სეპარატისტული აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. ტუვალუს ტერიტორია 26 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს, მოსახლეობა 12 177 ადამიანია. იგი ბრიტანეთის კოლონია იყო და დამოუკიდებლობა 1978 წელს მოიპოვა.

თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში „რაღაც დოკუმენტის გაფორმებას“, „არალეგიტიმურ და უკანონო ქმედებად“ აფასებენ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიას თქმით, ტუვალუს მხრიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, ამ დროისთვის ოფიციალურად დადასტურებული არ არის:

„სამწუხარო ფაქტია, რომ ტუვალუსთან ცოტა ხნის წინ საქართველომ დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობა. მინდა შეგახსენოთ, რომ ამ ქვეყანამ მხარი დაუჭირა ჩვენს რეზოლუციას ლტოლვილების დაბრუნების და მათი უფლებების თაობაზე. ამდენად, საკმაოდ გასაკვირი და სამწუხარო ფაქტია“.

ჯალაღანიას თქმით, ეს ფაქტები მიუთითებს, თუ რამდენად აქტიურად მუშაობს რუსეთი აღიარების ყიდვის, შანტაჟის, ზეწოლის კუთხით.

ამასთან ცნობილი ხდება, რომ გასული წლის 10 სექტემბერს საქართველოს მთავრობის განკარგულებით, თბილისმა ტუვალუს ფინანსური დახმარების სახით 12 000 აშშ დოლარი გამოუყო.

განკარგულების ტექსტში ნათქვამია, რომ თანხის მიმღებია გაერო-ში ტუვალუს მუდმივი წარმომადგენლობა, რომელმაც ამავე ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წამომადგენლობას დახმარების თხოვნით მიმართა, რათა აშშ-დან ტუვალუში სამედიცინო ტვირთის გადაზიდვის ხარჯები დაეფარა.
საქართველომ ტუვალუსთან დიპლომატიური ურთიერთობები მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში დაამყარა. ტუვალუ იყო იმ 50 ქვეყანას შორის, რომელმაც ცოტა ხნის წინ მხარი დაუჭირა საქართველოს მიერ ინიცირებულ გაერო-ს რეზოლუციას დევნილების აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაბრუნების თაობაზე.

ტუვალუ მსოფლიოში რიგით მეოთხე ყველაზე პატარა სახელმწიფოა, რომელიც პოლინეზიის რეგიონში რამდენიმე კუნძულზეა განთავსებული. მისი ერთ–ერთი მეზობელია მსოფლიოში ყველაზე პატარა კუნძულოვანი სახელმწიფო ნაურუ - გაერო-ს მეოთხე წევრი ქვეყანა რუსეთის, ნიკარაგუას და ვენესუელას შემდეგ, რომელმაც 2009 წლის დეკემბერში აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა სცნო.

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელის დავით დარჩიაშვილის აზრით, „რუსეთის ფედერაცია ყოველთვის მისდევდა რაოდენობას ხარისხის ხარჯზე, თუმცა საბოლოო შედეგად ვერც მისთვის სასურველ რაოდენობას იღებდა“.

დარჩიაშვილი თვლის, რომ ტუვალუს, ნაურუსა და მსგავსი სახელმწიფოების მხრიდან აღიარებათა დაგროვება საქართველოსთვის დამატებით პრობლემად არ იქცევა, ვინაიდან „რაც უფრო მეტი ტუვალუ აღიარებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას, მით მეტად დაიკლებს მათი ლეგიტიმაციის საფუძველი“.

„პირიქით, როცა გაერო-ს წევრი სერიოზული სახელმწიფოები დაფიქრდებიან, თუ როგორი პარადოქსული რეჟიმების მოსყიდვის გზით ცდილობს მოსკოვი მის მიერ ოკუპირებული რეგიონების ლეგიტიმაციის მიღწევას, მათთვის მკაფიო გახდება, რა არანორმალური ვითარებაა ამ მხრივ.

ასეთი ტიპის ქვეყნების მხრიდან აღიარება ის შემთხვევა არ არის, როდესაც გარკვეული ეტაპის შემდეგ რაოდენობა შეიძლება, ხარისხში გადავიდეს. საერთოდ კი, რუსეთი ყოველთვის მისდევს რაოდენობას ხარისხის ხარჯზე, თუმცა საბოლოოდ ვერც ამ რაოდენობას იღებს“.

პოლიტოლოგ ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ტუვალუს მხრიდან სეპარატისტული აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება იძულებით მოხდა. როგორც სესიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განაცხადა, პატარა ქვეყნები ფულის შოვნისა და თვითგადარჩენის მიზნით ასეთ ხერხებსაც მიმართავენ:

„ფული ჯოჯოხეთს ანათებს. ტუვალუმ ნებსით თუ უნებლიეთ ეს აღიარება გააკეთა. ჩვენი ქვეყნისათვის ეს არაფერს ცვლის. მსოფლიოში ამგვარი აღიარებები ბიზნესად იქცა საკუთარი გადარჩენის მიზნით“.

კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, ტუვალუს მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკად ცნობა ტრაგედია არ არის:

„ნაურუს მსგავსი პატარა ქვეყანა-პროვინციის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპირებული ნაწილის აღიარება საქართველოსთვის ტრაგედია არ არის, მთავარია, საქართველოს სუვერენიტეტი ჩვენმა დიდმა მეგობარმა სახელმწიფოებმა ეჭვ ქვეშ არ დააყენონ, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ ეს ფაქტი უყურადღებოდ არ უნდა დატოვოს“.

მისივე თქმით, ქართულმა მხარემ ცივილიზებულ სამყაროს უნდა აჩვენოს, რომ ის აფხაზეთთან ურთიერთობას აუმჯობესებს:

„როცა ჩვენ აფხაზეთის სეპარატისტულ მთავრობასთან არ ვსაუბრობთ, ამით კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ რუსეთს, რომ ჩვენსა და აფხაზებს შორის ურთიერთობა არასდროს აღდგება. მთელი უცნაურობა სწორედ ისაა, რომ მათთან მოლაპარაკებაზე უარს ჩვენ ვამბობთ და არა აფხაზები“.

თავის მხრივ, რუსეთის პოლიტიკური კონიუნქტურის ცენტრის ექსპერტის პაველ სალინის შეფასებით, „ტუვალუს მიერ დამოუკიდებლობის აღიარება აფხაზეთს არაფერს აძლევს, პიარის გარდა, ხოლო როდესაც აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას სერიოზული მოთამაშეები დაიწყებენ, ამას რუსეთისთვის არახელსაყრელი შედეგები ექნება“:

„მხედველობაში მყავს, პირველ რიგში, თურქეთი, რომელსაც აფხაზეთთან ისტორიული კავშირები აქვს. ადრე თუ გვიან, იგი რესპუბლიკის დამოუკიდებლობას აღიარებს. მაშინ აფხაზეთს მანევრირების დიდი თავისუფლება ექნება და რუსეთზე ნაკლებად გახდება დამოკიდებული“ – განაცხადა სალინმა, რომლის აზრით, „2008 წელს აფხაზეთის დამოუკიდებლობის მხურვალე აღიარება რუსეთის ხელისუფლების დიდი შეცდომა იყო“:

„რუსეთისთვის სერიოზული ქვეყნების მიერ არა აფხაზეთის, არამედ სამხრეთ ოსეთის აღიარებაა ხელსაყრელი, რამდენადაც როდესაც კრიტიკული მომენტი დადგება, იგი ამ ტერიტორიის მიერთებას შეძლებს. ახლა მას ამის გაკეთება არ შეუძლია, რამდენადაც საერთაშორისო თვალსაზრისით, სამხრეთ ოსეთი არა დამოუკიდებელი სახელმწიფო, არამედ საქართველოს ნაწილია. ვფიქრობ, 2008 წელს მხოლოდ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება იყო საჭირო, აფხაზეთი კი ჰაერში დაკიდებულ სიტუაციაში უნდა შეგვენარჩუნებინა“.