მოისხა რა დასუფთავების სამსახურის უბრალო თანამშრომლის უნიფორმა, ოპოზიციონერი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე რამდენიმე წუთით იქცა “ჩვენი ქალაქის მეეზოვედ” და სოციალურ-პოლიტიკური ტიპის კითხვები სეტყვასავით მიაყარა დედაქალაქის მერს, რომელიც ერთი-ორჯერ თავადაც იყო “ამავე ქალაქის მეეზოვე”, მაგრამ როგორც ჩანს, ამ პრაქტიკული გამოცდილებიდან სასიკეთო, ვაგლახ, რომ ვერა შეიმეცნა რა.
გუშინ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა მიმართ სოლიდარობის მიზნით, თავისუფლების მოედანზე მეეზოვის ფორმაში ჩაცმული მივიდა. “ამ შენობაში საკრებულომ მიიღო უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება ნაგვის გადასახადის ელექტროენერგიაზე მიბმასთან დაკავშირებით, რის გამოც დასუფთავების უკვე გაძვირებული გადასახადი, 10-ჯერ მოიმატებს ზამთრის პერიოდში. ჩვენ გვაინტერესებს, სად მიდის ეს ფული და მივმართავთ სარევიზიო კომისიას, დაიწყოს დროულად მუშაობა და შეამოწმოს თანხები”, - აღნიშნა აბაშიძემ.
თავისუფალი დემოკრატების გაანგარიშებით, ამჟამად თბილისში აღრიცხულია 85 000 სოციალურად დაუცველი ოჯახი და მათგან 19 000 იღებს ყოველთვიურ შემწეობას. ეს არის თბილისის მოსახლეობის 15%; ანუ მხოლოდ 15%-ისთვის დარჩა გადასახადი იგივე, დანარჩენ 85%-ს კი მინიმუმ გაორმაგებული გადასახადის გადახდა მოუწევთ. ზაფხულის პერიოდში ეს დიდად შესამჩნევი არ ყოფილა, მაგრამ ზამთარში ეს მკვეთრად საგრძნობი გახდება ყოველი ოჯახის ბიუჯეტისთვის.
გარდა ამისა, აბაშიძე ითხოვს პასუხი გაეცეს შემდეგ კითხვებს - მოხმარდება თუ არა გაზრდილი გადასახადიდან შემოსული თანხები დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების ხელფასების გაზრდას და ზოგადად დედაქალაქს; ხოლო თუკი მერია იღებს გაზრდილ შემოსავალს, მაშინ შეიძინონ ნაგვის მოსაგროვებელი მანქანები, გააუმჯობესონ სერვისი და გაზარდონ თანამშრომელთა ხელფასები.
“ეს არის პირდაპირი ძარცვა ჩვენი თანამოქალაქეების. თბილისელები არ არიან მეწველი ძროხები და ეს კარგად უნდა ესმოდეს უგულავას”, - განაცხადა აბაშიძემ. ბოლოს მან კითხვით მიმართა მერს, აწუხებს თუ არა მის ოჯახს დასუფთავების გაზრდილი გადასახადი.
ბოლო პერიოდში ჩამოყალიბდა აზრი, რომ უგულავას და მისი კლანის მიერ დასუფთავების გადასახადის მკვეთრად ზრდა მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს - მერია სამსახურის გაყიდვას აპირებს. ამჟამად დასუფთავების საქალაქო სამსახური მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, მაგრამ ხელისუფლების მიზანი არის, რომ ეს სამსახური გარდაქმნას და ჩამოაყლიბოს მომგებიან ორგანიზაციად, რომელსაც ყოველთვიურად ექნება საკმაოდ მაღალი შემოსავალი და წმინდა სახის მოგება.
ამით იგი ცდილობს დააინტერესოს ინვესტორი და გაყიდოს ეს სამსახური, ხოლო თუ ვინ იქნება ე.წ. ინვესტორი ეს ყველამ კარგად იცის და გამოჩნდა კიდეც სამარშრუტო ხაზებზე ჩატარებული ტენდერის დროს. შემდეგ უკვე “ინვესტორი” განსაზღვრავს რამდენი იყოს 1 კვტ_სთ-ზე გადასახადი - 5 თეთრი თუ კიდევ უფრო მეტი.
ამ მოსაზრებას იზიარებს აბაშიძეც. “ეს გადაწყვეტილება უბრალოდ არ მიუღიათ, მის უკან დიდი გეგმები იმალება. რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში ხელისუფლების ჩარევის გარეშე არაფერი იყიდება და, თავისთავად ცხადია, აქაც გამოკვეთილი იქნება მმართველი პარტიის რომელიმე ფრთის ინტერესი, რომლებიც ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადებიდან კარგ შემოსავალს მიიღებენ.
ჩვენ ამჟამად არ გვაქვს რაიმე სახის დოკუმენტაცია, რომ მართლაც იყიდება დასუფთავების სამსახური, მაგრამ ამ ხელისუფლების ქმედებებმა გვაჩვენა, რომ კონკრეტული მიზნის გარეშე არაფერს აკეთებენ. ჩვენ გავაანალიზეთ და დავადგინეთ, რომ დასუფთავების გადასახადის მკვეთრად ზრდა სწორედ ამით არის განპირობებული”, - დასძენს აბაშიძე.
1071
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85