რამდენად არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ უცხოურმა ბანკებმა საქართველოში ფეხი მყარად მოიკიდონ, მით უფრო მას შემდეგ, რაც ქვეყნიდან წავიდა ევროპის უმსხვილესი საბანკო ინსტიტუტი? ამ კითხვას პასუხი ძნელად მეძებნება. ფაქტია, რომ საქართველოს საბანკო სექტორი გაჯერებულია და თანაც გასაქანიც დიდი არ არის.
საქართველოს საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ რვა თვეში 180 მილიონს გადააჭარბა. 2011 წლის იანვარ-აგვისტოს მაჩვენებლებით, მოგებაზე 16 ბანკი გავიდა. საბანკო სექტორის მიერ გაცემული სესხების ოდენობამ კი 7 მილიარდ 147 მილიონი ლარი შეადგინა. გაცემული სესხების კუთხით ერთ თვეში 147-მილიონიანი ზრდა დაფიქსირდა. ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა კი ივლის-აგვისტოში თითქმის იდენტური იყო.
ეს და სხვა მონაცემები, მთლიანობაში კი საერთო დადებითი ტენდენცია ქართული საბანკო სექტორისა გახდა მიზეზი იმისა, რომ ამ სფეროში ინვესტირებით უცხოური სუბიექტები დაინტერესდნენ. ჯერჯერობით საუბარია მხოლოდ ჩვენ მეზობლებზე. აზერბაიჯანული ბანკები საქართველოში შემოსვლით სისლხორცეულად არიან დაინტერესებულნი.
ექეპერტთა ერთი ნაწილი თვლის, რომ ისინი ამინდს ვერ შეცვლიან და ადგილობრივ ბანკებს კონკურენციას ვერ გაუწევენ. სხვები კი მიიჩნევენ, რომ ქართულ ბანკებს აზერბაიჯანული ბანკების სახით, შესაძლოა, ძლიერი კონკურენტი გამოუჩნდეთ. არ არის გამორიცხული, მათ დიდი ინვესტიციაც განახორციელონ და ნამდვილად ექნებათ ინტერესი, რომ ქართულ ბაზარზე თავი დაიმკვიდრონ. ადგილობრივ ბაზარზე გააქტიურებას ერთდროულად სამი აზერბაიჯანული ბანკი გეგმავს.
საბანკო დარგის ექსპერტი ლია ელიავა ნაკლებად ვარაუდობს,რომ აზერბაიჯანული ბანკები ქართულ ბაზარზე ამინდს შექმნიან.ექსპერტის განმარტებით, უცხოური ბანკები საქართველოში,ძირითადად, იმის გამო შემოდიან, რომ აქ დოლარის დიდი მასა ტრიალებს.
განუვითარებელ ქვეყნებში, სადაც წარმოება არ არის, უცხოური ბანკები შემოდიან მხოლოდ იმის გამო, რომ იქ დოლარის დიდი მასაა. ეროვნულ ვალუტაზე მეტად, ქვეყანაში დოლარი წარმოადგენს დაბანდების საშუალებას, რაც ბანკების ინტერესს იწვევს.
საქართველო უხვად მარაგდება საერთაშორისო ორგანიზაციებიდან შემოსული კრედიტებით, რაც ასევე სადოლარო მასაა. ამასთან, არის ერთი დამატებითი ფაქტორი, რამაც აზერბაიჯანულ ბანკებს აქ შემოსვლისკენ უბიძგა. საქართველოში აზერბაიჯანული დიდი ინვესტიციებია შემოსული და მას სჭირდება საბანკო მომსახურება. ეს ერთ-ერთი პირობაა, რომ აზერბაიჯანელები ჩვენთან ბანკის გახსნით დაინტერესებულიყვნენ”, - აცხადებს ელიავა.
განსხვავებული მოსაზრება აქვს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელს ზურაბ გვასალიას. მისი განმარტებით, ეს ბანკები რეგიონალური ბანკებია და მაღალი აქტიურობით გამოირჩევიან. ამასთან, არ არის გამორიცხული,მათ საქართველოში დიდი ინვესტიციები განახორციელონ და ქართულ ბანკებს კონკურენცია გაუწიონ.
“2 ბანკი შემოდის, ერთ-ერთი “ფაშა ბანკია”, რომელიც მაღალკვალიფიციურობით გამოირჩევა. რა ინტერესები აქვთ, ეს ჯერჯერობით არ იკვეთება, მათ სტრატეგიაზეა დამოკიდებული.
ეს არ არის ცუდი ჩვენი საბანკო სისტემისთვის, პირიქით,კარგიცაა, რეალური ეკონომიკის სექტორს დააფინანსებს.კონკურენცია გამოიკვეთება, მაგრამ როგორ, ამას აზერბაიჯანული ბანკების საქმიანობა განსაზღვრავს. აუცილებლად გამოჩნდება მათი სტრატეგია, შეფასებებს ჯერჯერობით მოვერიდები”, - ამბობს გვასალია.
857
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85