სასჯელის შეკრებითობის დაწუნებული პრინციპი

სასჯელის შეკრებითობის დაწუნებული პრინციპი


რამდენიმე დღეში საქართველოს პარლამენტის ფრაქცია ”ერთობა სამართლიანობისთვის” საკანონმდებლო ორგანოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების კანონპროექტს წარუდგენს. კანონპროექტი სასჯელის უპირობო შეკრებითობის პრინციპის შეცვლას ითვალისწინებს. ცვლილებების პროექტზე პარტია ”თავისუფალი დემოკრატები” მუშაობს.

საპარლამენტო პარტია ”თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარის მოადგილის, თეა წულუკიანის განმარტებით, კანონპროექტის პარლამენტში ინიცირების გარდა, მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ ცვლილებების პროექტი საჯარო განხილვის საგნად იქცეს. ამისათვის ”თავისუფალი დემოკრატები” ღია სხდომის მოწვევასაც აპირებენ და ამაში თანადგომას ”ნაციონალური მოძრაობისგანაც” ითხოვენ. თეა წულუკიანი შენიშნავს, რომ ”თავისუფალი დემოკრატების” კანონპროექტი მოსამართლის მმართველი პარტიის დიქტატისაგან გათავისუფლებას და პატიმრებისთვის გამოსწორების შანსის მიცემას ისახავს მიზნად, სისხლის სამართლის საქმეებზე სასჯელის მექანიკური შეკრება, ანუ მოქმედი პრინციპი კი სამართლიან მართლმსაჯულებას არ ემსახურება და იგი შთანთქმისა და შეჯამების პრინციპით უნდა შეიცვალოს.


”ჩვენ ვთავაზობთ, რომ მოსამართლეს მიეცეს თავისუფლება, განასხვაოს პირველად დანაშაულის ჩამდენი პირი სხვა დამნაშავეებისგან და პირველად ჩამდენ დამნაშავეს, ნაკლები სიმძიმის დანაშაულის შემთხვევაში, დაუნიშნოს მხოლოდ ერთი, ყველაზე მკაცრი სასჯელი. აგრეთვე, ჩვენ ვთავაზობთ, რომ მოსამართლეს მიეცეს შესაძლებლობა, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების შემთხვევაში, თავად გადაწყვიტოს შეკრიბოს დანაშაულები მთლიანად, შეკრიბოს დანაშაულები ნაწილობრივ თუ გამოიყენოს შთანთქმის პრინციპი”.

სისხლის სამართლის საქმეებზე დღეს მოსამართლე ვალდებულია, სასჯელები შეკრიბოს იმის მიუხედავად, რა კატეგორიის დანაშაულთან და როგორი პიროვნული წარსულის დამნაშავესთან აქვს საქმე. კანონის ამ მიმართულებით გამკაცრება 2006 წელს დანაშაულის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის რეფორმის ფარგლებში მოხდა. 2010 წელს პარლამენტმა სასჯელის შეკრებითობის პრინციპი ნაწილობრივ შეცვალა – კერძოდ, თუ დანაშაულთა ერთობლიობის დროს თითოეული დანაშაულისთვის ძირითადი სასჯელი ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით ინიშნება, სრულად რჩება ყველაზე მძიმე, ერთი ძირითადი სასჯელი, ხოლო დანარჩენი სასჯელები შესაძლებელია განახევრდეს და საბოლოო სასჯელი ისე შეიკრიბოს. ამით უპირობო შეკრებითობა მაინც ძალაში დარჩა. თავისუფალი დემოკრატები კი ფიქრობენ, რომ მოსამართლის გადასაწყვეტი უნდა იყოს, სასჯელის შთანთქმა გამოიყენოს, ნაწილობრივ შეკრიბოს თუ მთლიანად. მათ მოსაზრებას იზიარებს სისხლის სამართლის სპეციალისტი, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მინდია უგრეხელიძე, რომლისთვისაც გაუგებარია, რატომ ამჯობინა სახელმწიფომ თავის დროზე სასჯელის შთანთქმისა და შეჯამების პრინციპს მხოლოდ შეჯამების პრინციპი.

”მე, მთელი ჩემი არსებით, მხარს ვუჭერ იმას, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ და ქართულმა სამართალმა, ვგულისხმობ, როგორც კანონმდებლობას, ასევე მისი გამოყენების პრაქტიკას, მიიღოს ის, რაც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ყველა ჭკუათმყოფელ იურისტს ევალება რომ გააკეთოს”, – აცხადებს მინდია უგრეხელიძე.

”თავისუფალი დემოკრატი”, საქართველოს პარლამენტის წევრი, გიორგი ცაგარეიშვილი კი, თავის მხრივ, ვარაუდობს, რომ კანონპროექტის გატანა საკანონმდებლო ორგანოში ადვილი არ იქნება.

”ფრაქცია ”ერთობა სამართლიანობისთვის” განახორციელებს საკანონმდებლო ინიციატივას, გამოიყენებს თავის უფლებას, მონიჭებულს საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით და შეიტანს კანონპროექტს პარლამენტის განხილვის დღის წესრიგში. საკმაოდ რუტინულია ეს წესები, საკმაოდ ბევრი ბარიერის გადალახვა მოგვიწევს, მაგრამ მე გპირდებით, რომ, ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, უახლოეს კვირებში, დაახლოებით ერთ თვეში, უკვე დაიწყება განხილვები საქართველოს პარლამენტში”. 

სასჯელთა შეკრებითობის პრინციპის ნაწილობრივ გაუქმებას ითხოვს კიდევ ერთი ოპოზიციური ფრაქცია ”ძლიერი საქართველო”. მმართველი პარტიის გეგმები ამ მიმართულებით, ჯერჯერობით, უცნობია. ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” კი ფიქრობენ, რომ კოდექსის შესწორებაზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს და სასჯელის შთანთქმის პრინციპი კანონმდებლობით დაბრუნდეს. ”ახალგაზრდა იურსტთა ასოციაციის წევრი, საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტი გიორგი გოცირიძე აღნიშნავს, რომ არც შეკრების პრინციპი უნდა იყოს ბოლომდე უარყოფილი.

”ორივე უნდა იყოს კომბინირებულად გამოყენებული. მაგრამ, ბუნებრივია, საბოლოოდ დანიშნული სასჯელი გონივრულობის ფარგლებს უნდა იყოს მიახლოვებული”.