ალასანია ჰიბრიდული სიმინდით დაზარალებულებისთვის კომპენსაციას ითხოვს

ალასანია ჰიბრიდული სიმინდით დაზარალებულებისთვის კომპენსაციას ითხოვს


"ახლა ვიმყოფები ხობის რაიონში და აქ დამუშავებული მიწის ნაკვეთების მხოლოდ 20%-ზე მოვიდა მოსავალი," - ამბობს სამეგრელოდან "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია, რომელიც ჰიბრიდული სიმინდის პროექტით დაზარალებული ხალხისთვის კომპენსაციის დარიგებას მოითხოვს.

ირაკლი ალასანია: სამეგრელოში ჩამოვედი ჰიბრიდული სიმინდის საკითხთან დაკავშირებით. ახლა ვიმყოფები ხობის რაიონში და აქ დამუშავებული მიწის ნაკვეთების მხოლოდ 20%-ზე მოვიდა მოსავალი. არადა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან იყო დაპირება, რომ უხვი მოსავალი იქნებოდა. 

მიუხედავად იმისა, რომ მიწის კულტივაციის ყველა წესი დაცული იყო, რეალური შედეგი მხოლოდ 20%-ია. სხვა რაიონებშიც ანალოგიური სიტუაციაა და გლეხობის უდიდესი ნაწილი დაზარალებულია. როგორც მთავრობა იძახდა, ჰიბრიდული სიმინდის პროექტი იყო გლეხების ხელშემწყობისათვის განკუთვნილი, რეალურად კი ეს იყო გლეხების დაზარალებისათვის გამიზნული პროექტი.

ვითხოვთ, რომ ის თანხა, რაც გლეხმა ჰიბრიდული სიმინდისათვის უნდა გადაიხადონ, ჰექტარზე 40 ლარი, დაზარალებულებს მთავრობამ არ უნდა გადაახდევინოს. რეალურად უნდა დავიწყოთ კომპენსაციაზე ფიქრი. 

პრეზიდენტისა და მთავრობის ფონდიდან უნდა იყოს თანხები გამოყოფილი. რომ არა ეს პროექტი, გლეხები ქართულ სიმინდს მოიწევდნენ და რეალური შემოსავალი ექნებოდათ.

დღეს ოჯახები არიან არჩევანის წინაშე - ან აღებული ვალები მათ ბანკროტებად აქცევს, ან იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება კომპენსაციას გამოყოფს, გადაიტანონ ეს სეზონი და შემდეგ სეზონზე განაახლონ მიწათმოქმედება. ჩვენი ერთადერთი ამოცანაა, რომ გლეხებს დავუდგეთ მხარში და მათი ინტერესები დავიცვათ. საჭიროა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დავაყენოთ. აღნიშნულ სამინისტროში უნდა მუშაობდნენ კვალიფიციური ექსპერტები, რომლებიც გაუძღვებიან ამ სფეროს.

"რ": ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად გიწევთ რეგიონებში ჩასვლა. პოლიტიკური განწყობა, რომელიც მოსახლეობაშია, გაძლევთ იმის თქმის საშუალებას, რომ რეალურად შეძლებთ "ექვსიანის" ლოზუნგის განხორციელებას, რომელიც საარჩევნო უბანზე მილიონი ამომრჩეველის მიყვანას გულისხმობს?

ი.ა: დღეს კონკრეტულად სოფლის მეურნეობის პრობლემების გამო ვართ სამეგრელოში, მაგრამ ყველაზე მთავარი პრობლემა ტოტალური უმუშევრობაა, რომელმაც რაიონებში 55%-ს გადააჭარბა. ეს არის ის ფაქტი, რასაც ყოველდღე ვხედავთ. ამ ადამიანების დიდი უმრავლესობა იმ პოლიტიკური რეალობის ცვლილებას ითხოვს, რომელსაც ყოველდღიურად ხედავენ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხალხი სწორედ იმ მილიონი ამომრჩევლის შემადგენელი ნაწილია, რომელიც არჩევნების დღეს საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს.

"რ": რაც შეეხება "ექვსიანს", ბოლო პერიოდში საკმაოდ ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება თქვენ ირგვლივ, რეალურად რა ხდება? "ექვსიანი" იშლება?

ი.ა: მოდით პირდაპირ გეტყვით, რომ ახლა სადაც მე ვიმყოფები, აქ ხალხს პოლიტიკური პრობლემები არ აინტერსებს. ხალხს აინტერესებს როგორ იპოვოს სამუშაო ადგილი, როგორ შეიცვლება მათი სოციალური მდგომარეობა და არა ის, ვინ ვისთან ერთად იქნება პოლიტიკურ პროცესში.

თქვენ შეკითხვასაც ვუპასუხებ, ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ საარჩევნო გარემოსთვის ერთობლივად ვიბრძოლოთ და ეს პროცესი გრძელდება. "ექვსიანი" გეგმავს კონკრეტულ ღონისძიებებს, რომელიც მიმართული იქნება როგორც საარჩევნო გარემოს, ასევე საარსებო გარემოს შეცვლისკენ. მთავარი ამოცანაა, მოქალაქეებს დავანახოთ, რომ არსებული მდომარეობა საქართველოს ხელისუფლების დამსახურებაა და ეს უნდა შეიცვალოს.

"რ": თუმცა, რეალურად "ფორუმმა", რომელიც ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად არის, "ქართველთა მარშის" ინიციატივა ისე წამოაყენა, რომ კოალიციის დანარჩენ წევრებს ეკრანიდან მოუწიათ ამის გაგება...

ი.ა: ჩვენ შეთანხმებული ვართ, რომ კონკრეტულ ნაბიჯებს საარჩევნო რეფორმაზე გადავდგამთ. ჩვენ არ ვზღუდავთ კოალიციის წევრებს.

"რ": "ფორუმი" ახლა საკუთარ ძალებს სინჯავს?

ი.ა: ეს მათ ჰკითხეთ. იმას, რაც ერთობლივად დაიგეგმება, ექნება კონკრეტული მიზანი და იქნება შედეგზე ორიენტირებული. იგივე, როდესაც ვითხოვთ საარჩევნო კოდექსის ცვლილებას, ჩვენი მიზანია საზოგადოების უმრავლესობის ნება დავაფიქსიროთ ამ კუთხით - ვგულისხმობ მანიფესტაციებსა და მშვიდობიან აქციებს, ასევე, საკომიტეტო განხილვებზე აზრის დაფიქსირებას.

"რ": როდის იწყებთ მოქმედებას? პარლამენტში ახალი საარჩევნო კოდექსის ინიცირება უკვე მოხდა და "ექვსიანის" ნაბიჯები კი არ ჩანს.

ი.ა: როგორც კი საპარლამენტო განხილვები დაიწყება, ჩვენ აქტიურად ვიქნებით ჩართულები, როგორც განხილვების პროცესში ალტერნატიული საკანონმდებლო ინიციატივის შეტანით, ასევე საზოგადოების მობილიზებით, რათა "ნაცმოძრაობას" დავანახოთ, რომ ხალხი ითხოვს რეალურ ცვლილებებს, არა იმ ფასადურს, რომელსაც დღეს ხელისუფლება გვთავაზობს და რომელსაც რამდენიმე პარტია ეთანხმება.

"რ": ხელისუფლებაზეც რომ ვისაუბროთ, "ვიკილიქსის" გამოქვეყნებულ მასალებს თუ დავეყრდნობით, გიგი უგულავა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში ხელისუფლების ფავორიტად მოიაზრებოდა, შესაძლოა მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარით ჩაანაცვლონ. ეს ინფორმაცია ხელისუფლების შიგნით დაპირისპირებაზე მიუთითებს?

ი.ა:მინდა გითხრათ, რომ "თავისუფალი დემოკრატების" პოზიციაა, რომ არანაირ კომენტარს არ გავაკეთებთ "ვიკილიკსის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

"რ": რატომ? ამ საიტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება? თქვენი და თქვენი პარტიის წარმომადგენლების საინტერესო მოსაზრებებიც იქნა გავრცელებული.

ი.ა: ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ინფორმაცია მოპოვებულია არასწორი ფორმით და ამაზე შეგნებულად არ ვაკეთებთ კომენტარს. არც საზოგადოების დიდ ნაწილს და არც მე რეალურად არ გვაინტერესებს "ვიკილიკსის" ინფორმაცია ან "ნაცმოძრაობის" შიგნით მიმდინარე გადაჯგუფებები. ჩემთვის მთავარია, დავარწმუნო მოსახლეობა, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური ძალა, რომელიც მათ გვერდით დგას და რეალურად დაეხმარებათ.

"რ": თუმცა, მაინც უნდა გკითხოთ, დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, თქვენი კონკურენტი ვინ უფრო იქნება უგულავა თუ ბაქრაძე?

ი.ა: პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ჩვენი პარტიის მთავარი კონკურენტი "ნაციონალური მოძრაობაა" და მათი ნებისმიერი სხვადასხვა სახით გამოვლინება არ ცვლის ჩვენს კონკრეტულ ამოცანას, რომ მომავალი მოწვევის პარლამენტში "ნაცმოძრაობა" უმცირესობაში გადავიყვანოთ.