"ორი" წეროვანი


წეროვანელი ლიახველებისათვის წიგნების გარეშე დაწყებული ახალი სასწავლო წელი; ტალახიანი გზები მრავალგზის შეპირებული ასფალტის მოლოდინში; კოტეჯები - ისევ შეპირებული ღობეების გარეშე; წლიდან წლამდე გამქრალი დახმარებები; პრეზიდენტის მიერ დადებული პირობა დევნილების დასაქმების შესახებ; წყალდიდობების გამო სარემონტოდ დარჩენილი კოტეჯები... - 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დიდი და პატარა ლიახვის მცხოვრებლები დაპირებების ფონზე მესამე წელია განაგრძობენ ცხოვრებას და თან გულისტკივილით იმასაც დასძენენ, რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე კობა სუბელიანმა ესეც კი დაგვამადლაო.

"სუბელიანმა კი - ისიც იკმარეთ, წეროვანში რომ მოხვდითო... ამასაც გვამადლიან..." - ამბობს ჩვენთან საუბარში 87 წლის მოხუცი ქალი.

"რომ მოხვედით, ხომ ნახეთ რა საშინელი გზაც გამოიარეთ? ასეა, ზევით, ვარდისფერ კოტეჯებს დაუგეს გზა, იქ სადაც ახალგორელები ცხოვრობენ ვარდისფერია ყველაფერი, ჩვენ კი არავის ვახსოვართ... აგვისტოში შეგვპირდნენ ასფალტს გავაკეთებთო და როგორც სხვა დანარჩენი, ესეც ტყუილი გამოდგა", - ხელისუფლების ბოლო შეუსრულებელი დაპირებით დაიწყო საუბარი ლიახველების მწვანე კოტეჯების დასახლებაში პირველივე შემხვედრმა. სოფელი ქემერთიდან ვარო, გვითხრა.

"სანამ ჩემს სოფელში ვცხოვრობდი თბილისში მომავალი ამ ადგილებზე ვამბობდით, რას ჰგავს აქაურობა, რა უბედურებაა მეთქი. ჭაობები იდგა და მაგიტომ... ამ ჭაობში კი დამასახლეს და თან, მამადლიან..." - ბრაზმორეული გვეუბნება.

"ხომ არის ნათქვამი, ჭერი თუ გაქვს, არ გაწვიმსო - ჭერი კი გვაქვს, მაგრამ კარებიდან გვაწვიმს. წვიმის დროს კარის გაღების მეშინია, სახლში წყალი არ შემოვარდეს, ქარის დროს შიშით გვძინავს, ჭერი არ ახადოს. საშინელი ნესტის გამო ზაფხულია და შინ ისე ხურს ყველაფერი, სუნთქვა გიჭირს. ზამთარში ოთახებს ვერაფრით ვათბობთ. ბლოკებით და გიბსოკარდონითაა ეს კოტეჯები აშენებული, კედლები შელესილიც კი არ არის, ცოტა სითბო რომ დაიჭიროს, ქარი წუილით შემოდის. სუბელიანი კი ამასაც გვამადლის..." - გულისტკივილის გაზიარებას ერთმანეთს არ აცლიან პატარა ლიახვის სხვადასხვა სოფლიდან ერთ რიგში დამეზობლებული ხეობელები.

ახალგორელებისაგან "გამორჩეული" ლიახველები

წეროვანი, სამიოდე წლის წინ დაჭაობებული ადგილი, სადაც ახლა ერთმანეთის მიყოლებით ერთნაირი ფორმა-ზომის კოტეჯების მთელი რიგია. სულ დაახლოებით 2000, სადაც 2008 წლის 2 593 დევნილი ცხოვრობს. სადაც ხეობისა და ახალგორელების სახლებს ფერებით თუ გაარჩევ.

თამარაშენი, აჩაბეთი, ქურთა, ხეითი, ძარწემი, კეხვი, ქემერტი...- მთელი ლიახვის სოფლებს სწორხაზოვან და დანომრილ რიგებად მოუყრიათ თავი. გზა დატკეპნილი მიწისაა, ქვიანი. წვიმაში ტალახი დგებაო, შემოგვჩივლეს.

აქ ყველა სოფელს თავისი რიგი აქვს, ყველა სახლს თავისი ნომერი. 500-800-კომლიან დიდ სოფლებს აქ პატარა აბრებით თუ გამოარჩევ, რიგებს შორის რომ გამოუკრავთ. მთელი ლიახვის ხეობა მწვანე კოტეჯების რიგებად გადაქცეულა.

"ხედავთ, თურმე რა პატარა ადგილზე შეიძლება დაატიო მთელი სოფელი? იმხელა სახლები და ეზოები დავტოვეთ იქ. დიდი ბაღები... საქონელი გვყავდა, ხილი გვქონდა. ფული გაგიჭირდებროდა და გაყიდდი. აქ კი -... ჩვენ იმხელა ტკივილი გვაქვს გულში დაგროვილი..." - გვეუბნებიან.

სადარდელი ვინ მოთვლის რამდენი აქვთ. შეიკრიბებიან ხოლმე წარსულში კილომეტრებს მოცილებული სოფლების მკვიდრნი ახალ, დაპატარავებულ და რიგებად ქცეულ "სოფლის თავში" და გულს იოხებენ. ოღონდ ამასაც ფრთხილად, ვინ იცის ვინმე არ გვისმენდეს და იქ, ზევით, არ წაიღოს მათზე გამოთქმული ჩვენი სამდურავიო.

მიწაზე შრომა ენატრებათ, ამიტომაც ის პატარა 20-მეტრიან რადიუსში, რაც მათ სახლებს იგვლივ აკრია, დაუმუშავებიათ, ვაზი დაურგავთ, ლობიო მოუყვანიათ. იქვე სიმინდის პატარა ყანებიცაა. ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი გადის და ვინც განაპირა კოტეჯებში მოხვდნენ, ნავთობის კორპორაციამ მიწების გამოყენების ნება დაგვრთოო, მადლობას იხდიან.

"ახალგორელების დასახლებაში კოტეჯებს მიუშენეს კიდეც რაღაცები, ჩვენ კი თუ ვინმე ცელოფანს ააკრავს სახლს წინ, ქარისგან და წვიმისაგან მცირედ დასაცავად, ესეც უკვე დიდი საქმეა. რაც სახლების გარშემო მიწა გვაქვს, ვამუშავებთ. ერთხელ ჩამოუვლია აქითკენ ჩოჩელს და შემდეგ ახალგორელებისთვის უთქვამს, შეხედეთ გაჭირვებამ რა იცის, ლიახველებს როგორი მოვლილი ბაღი აქვთ, თქვენსავით ზარმაცები არ არიანო. რაც შეგვიძლია ვშრომობთ, მაგრამ რად გინდა, ჯერ ხომ მიწის მტკაველი გვაქვს მარტო და თან ყველაფერს ან ჭია ჭამს ან ქათამი. ჩვენთან, ქემერტში კი მთელი წელი შეგეძლო ლობიო შეგენახა, ერთი არ გაფუჭდებოდა", - გულისტკივილით იხსენებს სოფელს.

"გაჭირვების მეტი რა არის, მაგრამ წასასვლელი არსად გვაქვს და მეტი რა გზა გვაქვს, გულში უნდა ჩავიკლათ სამდურავიც. იქ, ზევით, ვარდისფერ კოტეჯებში ახალგორელები ცხოვრობენ და ჩვენთან შედარებით მართლაც ვარდისფერი ცხოვრება აქვთ. იმათ სახლებში რომ შეხვალ, გულს უხარია, ლამაზად არიან მოწყობილნი. რაც უნდოდათ ყველაფერი წამოიღეს ახალგორიდან. ახლაც ჩადიან და იქაური ბაღებიდან მოაქვთ ნობათი. ძალიან კარგი ხალხია, პატრონიც კარგი ჰყავთ, თითქმის ყველა დაასაქმა ჩოჩელმა. "ბარამბოა", "ბერტა" თუ ქაღადლის ფაბრიკა ჩვენი ხეობის ხალხი ჯამში 5 თუ იქნება დასაქმებული. მე სად არ ვეძებე სამუშაო და დამლაგებლადაც ვერ ვიშოვე ადგილი. პრეზიდენტმა კი თქვა, პირველ რიგში დევნილები უნდა დავასაქმოთო და ჩვენ დევნილებად არ ვითვლებით?!

"ალბათ, წასასვლელი რომ არსად გვაქვს, იმიტომაც არ გვაქცევენ ყურადღებას, სად გაგვექცევიანო და მიგვივიწყეს სულ", - გვიყვება 45 წლის ქალბატონი, რომელიც ყველა სხვა სატკივარზე მეტად ახლა შვილის სკოლის სახელმძღვანელოებზე დარდობს

"ახლა ყველაზე დიდი პრობლემა სკოლის წიგნებია, გუშინ მოვიდა ბავშვი და წიგნების სია მოიტანა. სანამ დახმარების ფულს არ ავიღებ, ვერ გიყიდი მეთქი და იტირა ბავშვმა. რა ვქნა, არავინ ვმუშაობთ და მაინტერესებს დევნილები სოციალურად დაუცველ ფენას არ ვეკუთვნით? სახლი მე არ მაქვს და წიგნების შეძენაში მაინც დაგვეხმაროს ეს მთავრობა, წარამარა კონცერტებისთვის ფული რომ არ ენანება?!" - ამბობს.

წლიდან წლამდე დაცოტავებული დახმარებები

ჩვენ გარშემო ერედველები და ქემერტელები იკრიბებიან და სხვა ბევრ პრობლემაზეც იწყებენ საუბარს, ოღონდ ჯერ ვიდეოკამერისა და ფოტოაპარატის გამორთვას გვთხოვენ.

"ამ ზაფხულს მე-20 რიგში წყალი არ იყო. ვედროებით ზიდავდნენ. როგორია ზაფხულში, სიცხეში უწყლოობა, თან ტუალეტისთვის ხომ გინდა და ვედროებით ზიდო დღეები?!

"რუსთავი 2"-ში დარეკეს და მოცვივდნენ მთავრობა და ტელევიზია და ისეთი ამბავი ატყდა, ვინ დარეკა, ან რათ დარეკეთო? აბა რა უნდა ექნათ, წყალი არ იყო, ავყროლდით და თურმე ხმაც არ უნდა ამოიღო."

"რა დახმარებები გაქვთ?" - ვეკითხებით.

"სწავლა დაიწყო და როგორც სოციალურად დაუცველს, წიგნები ხომ გვეკუთვნის, თქვენ უნდა იყიდოთო, სკოლაში ბავშვებს უთხრეს. ბავშვებს წიგნებით არ უნდა დაეხმარონ? აგერ მე 3 ბავშვი მყავს და ყველას წიგნი უნდა ვუყიდო. 100 ლარი არ ეყოფა თითოსო და საიდან უნდა მოვიტანო? ჯერ არადევნილს უჭირს ამ წიგნების ყიდვა და ჩვენ რა ვქნათ?

"პირველ წელს რომ დაგვასახლეს ოჯახზე 100 ლარი დაგვირიგეს, შემდეგ რამდენჯერმე პროდუქტებიც მოგვცეს, მაგრამ ახლა უკვე ყველა დახმარებას ნელ-ნელა გვიუქმებენ. ვერ გავიგეთ, ჩვენ აქ გავმდიდრდით თუ რა ხდება?

"არც შეღავათები, არც დასაქმება - წლიდან წლამდე ყველაფერს გვიმცირებენ. ჯერ საკვები პროდუქტები გაქრა, წელს გაზის 50-ლარიანი ვაუჩერი, მომავალი წლისთვის რას გვიმზადებენ? დენზე, თითო სულს 13 ლარი ერიცხება ვაუჩერის სახით და ახლა აქ ამბობენ, ესეც აღარ იქნებაო," - ერთმანეთს ლაპარაკს არ აცლიან სოფლად ქცეულ რიგის თავში შეკრებილი ხეობელები.

"სანაკოევის ადმინისტრაციას დე ფაქტოს ვეძახით, არაფერს არ აკეთებს და იმიტომ. შარშან, ჩვენი განათლების მინისტრს, სოსო ცოტნიაშვილს მივაკითხე, 100 ლარით მაინც დამაფინანსე, რომ ბავშვს წიგნები ვუყიდო მეთქი. განვიხილავთო. მეორედ რომ ჩამოვიდა, არაო, არ გამოვიდა, არანაირი საშუალება არ გვაქვსო.

"სანაკოევის კომპეტენცია არ არის ჩვენ რომ მოგვხედოს? არანაირი დახმარება არ არის მაგათგან, თავად იყიდეს ჯიპები და ხალხი აღარ ანაღვლებთ", - ამბობს ერედველი ქალბატონი.

"შარშან იყო ერთი პროგრამა წამლებზე, დასწრებაზე იყო განცხადების შეტანა. ვინც პირველებმა შევიტანეთ, იმათ მოგვცეს 100 ლარის წამლები. ერთი წიგნებზე წელსაც უნდა მივაკითხო. ან დავემუქრო მაინც", - საუბარში მეორეც ერთვება.

შეუსრულებლი დაპირებები

"სამი წლის წინ რომ დაგვასახლეს, გვითხრეს ეზოებს შემოგიღობავთ, რომ პატარა ბოსტანი მოაშენოთო, სად არის ეს შეპირება. რასაც დავთესავთ, იმასაც ქათამი ჭამს".

"გზის დაგებასაც ხომ შეგვპირდნენ და ისევ ტყუილი გამოდგა". ბოლოს გვითხრეს, 24 აგვისტოს დაიწყება სამუშაოები და სექტემბრისთვის უკვე ასფალტი გექნებათო მთავარ ქუჩებზე, მაგრამ ისევ ტყუილი გამოდგა", - ამბობს ერთი, რომელიც პოლიციის ყოფილ პოლკოვნიკად გაგვეცნო.

"ავნევიდან ვარ. აქ ყოველ გაზაფხულზე იცის წყალმოვარდნები, ხალხს კარის გაღების ეშინია. ჩვენ წყალი სახლში შარშან 16 მარტს შუაღამისას შემოგვივარდა. გვერდით პატარა სათავსო გვქონდა. მეზობელმა დაგვიკაკუნა, სათავსოში პურის ფქვილი ხოს არ გაქვთ, წყალია მოვარდნილიო. ჩემმა ქმარმა კარი როგორც კი გააღო, წყალი სახლში შემოვარდა.

მეორე ბავშვზე ფეხმძიმედ ვიყავი და ნერვიულობის გამო იმ დღესვე წამიყვანეს სამშობიაროში. სამშობიაროდან გამოწერის შემდეგ, რამდენიმე ხანში, დევნილთა და განსახლების სამინისტროს მივაკითხე. სამინისტროდან ვიღაც დავით ჭყონია მოვიდა, დაათვალიერა და თქვა, კი ექვებდებარება გაკეთებასო და წავიდა. შემოსასვლელში აი კედლებზე ახლაც ამჩევია. სასტუმრო ოთახში კი ახალი შპალერი ავაკარით, ისე საშინლად იყო დაობებული. ჩვენმა გამგებელმა, გიორგი კაპანაძემაც იცის. წელიწადნახევარი გავიდა, წელს, მეორე წყალდიდობაც გადავიტანეთ და ჯერ არ მოსულან. კაციშვილი ყურადღებას არ გვაქცევს," - გვიყვება ნინო ჯოჯუა.

"ხეობიდან ვარ, სოფელი ძარწემიდან. წლებია, გაზაფხულზე როცა დიდი წვიმები იცის, წყალი კოტეჯებში შემოდის. ჩემი სახლის კედლები რომ ნახოთ, ისეთი დაობებულია... შემპირდნენ გავაკეთებთო, მაგრამ არავინ მოსულა. სამინისტროდან ჩვენსკენ არა, მაგრამ იქ ზევით, ახალგორელების დასახლებისკენ იყვნენ და იმათ გაუკეთეს", - ამბობს თეონა ხადური.

"გაზზე არ არის შეღავათები, იყო და მოგვიხსნეს. ერთხელ გადავიხადე 100 ლარი და ახლა 16 ლარი მაქვს გადასახდელი. თუ არ გადაიხდი, ჩაგიჭრიან. ზამთარში შეშა არ გვქონდა და დენით ვთბებოდით და 500 ლარი გადავიხადეთ. გაზი კარგად არ ათბობს, ლამის ზედ უნდა დააჯდე. კედლები გიბსოკარდონია და არ იჭერს სიცივეს. არ ვიცი ზამთარში როგორ უნდა გადავიხადოთ გადასახადები, ხალხი დასაქმებულიც არ არის. სოციალური დახმარება თითოს 22 ლარი გვაქვს და მეტი არაფერი. წელს ჩემმა მამამთილმა პენსია შეაგროვა და ახლა შეშა ვიყიდეთ. 500 ლარი მივეცით. ისინიც ჩვენთან ერთად ცხოვრობენ. 10 ათასდოლარიან კონპენსაციაზე არიან ჩაწერილები და მესამე წელია უკვე გასული, ფული კი ჯერ არ მიუღიათ. ასეთები ბევრნი არიან", - ყვება თეონა.

"გაზაფხულზე წყალდიდობამ შეგვჭამა, ზაფხულში გველებმა. პირველ წელს სახლებში უვარდებოდა ხალხს. ახლ ცოტა შემცირდა, ზოგი მოკლეს, ზოგი გაიქცა ალბათ, ჩვენზე გაჭირვებულები არიანო - იფიქრეს... გაზაფხულზე წყალს რომ მიაქვს ქუჩები და ზოგს სახლშიც უვარდება. მოდიან სურათებს უღებენ, მარტო სურათები ეყოფა ამას? აგერ ამ ქუჩას ხომ ხედავთ, ამ არხის პირას მილის ჩადება უნდა და აღარ იქნება წალდიდობები. კი, კი გავაკეთებთო, ყოველ წელს გვპირდებიან".

"სააკაშვილმა ჯერ დევნილები უნდა დავასაქმოთო, "ბარამბოსა" და "ბერტაში" მხოლოდ ახალგორელები რომ მუშაობენ, ლიახველები დევნილებად არ ითვლებიან?" - თითქმის ყველა ერთნაირ გასაჭირზე გვიყვება.

"ყველა უმუშევარია, ზოგი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა და ისინი 54 ლარზე არიან, ზოგს პენსია აქვს და ამით ძლივს გააქვს თავი. თან იმხელა გადასახადებია, გადასახადი გადაიხადო თუ საჭმელი იყიდო, აღარ იცი. 80 ლარს რომ გაზი დაგიწერს და 54 ლარს აიღებ დახმარების ფულს, რა უნდა ქნა? ათბობდეს მაინც ეს გაზი. 10 კუბამეტრი შეშა ვიყიდე, 500 ლარი მივეცი. გაზი აღარ ათბობს, შეშა გვირჩევნია. თან გაზი იცი აქ რა ღირს? 58 თეთრია. უფრო მეტს გვახდევინებენ, ლტოლვილები ვართ და მაგიტომ... ფულს არ გადაიხდი და ჩაგიჭრიან".

წამოსვლისას გვთხოვენ, რომ ყველაფერი დავწეროთ. ბოლოს სახლებში დაბრუნების უიმედო ოცნებასაც გვიმხელენ - "ნეტა იქ დაგვაბრუნონ და სულ არ მინდა ამათი დამადლებული წეროვანი, როგორც იქიდან წამოვედი ერთი შარვლით, ისე წავალ უკან, მაგრამ ეს ჩვენთვის უკვე ზღაპარივითა, რომელსაც კეთილი დასასრული არ უჩანს".

სანაკოევი ამბობს, რომ ყველა პრობლემა იცის

სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ერთეულის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ სასკოლო სახელმძღვანელოებზე დევნილებს შეძლებისდაგვარად დაეხმარება. სხვა პრობლემის გადასაჭრელად კი ის უფლებამოსილი არ არის.

დიმიტრი სანაკოევი: "რაც შეგვიძლია, სახელმძღვანელოების მხრივ ყველას დავეხმარებით. ისე კი ჩემთან ამაზე არავინ მოსულა. მოვიდეს მსურველი და რაც შემიძლია, დავეხმარები. გზებისა და წყალდიდობის შედეგად სახლების დაზიანებაზეც ვიცი, მაგრამ ამ პრობლემებზე დევნილთა სამინისტრო მუშაობს. სამინისტროდან კი თქვეს - გაკეთდება, პრობლემა არ არისო, მაგრამ როგორ აკეთებენ, სიმართლე გითხრათ, მე არ ვიცი."

სანაკოევი ამბობს, რომ წეროვანში ლიახველ დევნილებს არაერთხელ სწვევია.

"როგორ არ ვყოფილვარ! სამჯერ ვიყავი. ერთი თვის წინათაც ვიყავი. ყველა პრობლემა ვიცი, რაც იქ არის. ყველა ეს პრობლემა გამგეობისა და სამინისტროს გადასაწყვეტია. ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო ეს პრობლემები, უკვე გაკეთებული იქნებოდა საქმე. ჩემთან ამაზე თანხები არ არის გამოყოფილი და არაფერი?! უფლებაც კი არ მაქვს, რამე გავაკეთო."

"რეზონანსი" ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსს, ეკა გულუას ესაუბრა. თუმცა ჩვენს შეკითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა.