„მუბარაქი გაყიდეს, მიშა სააკაშვილს კი თვითონ ცხოვრება გასწევს გვერდზე“

„მუბარაქი გაყიდეს, მიშა სააკაშვილს კი თვითონ ცხოვრება გასწევს გვერდზე“

„ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე სუპერაქტიურობას გვპირდება და „ქართველთა მარშს“ აანონსებს, რომელიც მსოფლიოს დაანახვებს, რომ ქართველები არ გაჩერდებიან, არ შეეგუებიან ტერიტორიების დაკარგვას, არ შეეგუებიან ექსპერიმენტს, სახელად სინგაპურს. პრესაგე.ტვ. ესაუბრება გუბაზ სანიკიძეს.

 

- 27 სექტემბერს, სამშაბათს, თბილისში „ქართველთა მარში“ გაიმართება. „ქართველთა მარში“ 16.00 საათზე რესპუბლიკის, ე.წ. ვარდების მოედნიდან დაიწყება, მსვლელობით გავივლით რუსთაველის გამზირს, შემდეგ მივალთ სამების ტაძარში, სადაც გაიმართება დაღუპული გმირების მოსახსენიებელი რიტუალი და ამ დღის აღნიშვნა. მოგეხსენებათ, ეს მარტო სოხუმის დაცემის დღე არ არის, არამედ ჯვართამაღლების დღეა.

 

ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმაა იმის შესახებ, ეს ხომ არ არის ფორუმის პარტიული აქცია. ჩვენი სურვილი რომ ყოფილიყო, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ფორუმის აქცია ყოფილიყო, მაშინ ჩვენ ამას დავარქმევდით „ფორუმის მარშს“. არავითარ შემთხვევაში! ამ აქციას ჰქვია „ქართველთა მარში“, მინდა ყველას ვუთხრა, ვინც მოვა 27-ში და ჩვენთან ერთად გაივლის ამ მარშს, არავინ იქნება სტუმარი, ყველა მასპინძელი იქნება. დავიძრებით სამების ტაძრისკენ და აქცია იმ დღესვე დამთავრდება, ანუ დაიწყება 27-ში და დასრულდება 27-შივე. ეს არის აქცია, რომელმაც ქართველი ერის ძალიან სერიოზული განაცხადი უნდა გამოხატოს, რომ ჩვენ, როგორც ერი, განვაგრძობთ არსებობას.

 

ჩვენ ვართ ერი, რომელიც აღნიშნავს თავის ეროვნულ კატასტროფას, მაგრამ ორიენტირებულია მომავალზე. ამ აქციის მიზანი არის დემონსტრაცია ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რომ ჩვენ არ ვეგუებით იმ ვითარებას, რა ვითარებაშიც დღეს ჩვენი სამშობლოა, რომ სოხუმიც და ცხინვალიც აუცილებლად  საქართველოს შემადგენლობაში იქნება, რომ ქართველი ხალხი არ შეეგუება სახელისუფლებო პროგრამას, რასაც სინგაპურიზაციის პროგრამას ეძახიან. არაფერი დაფარული არ არის, თვითონ აცხადებს ამის შესახებ ხელისუფლება. ეს აქცია არის ანტისინგაპურის აქცია, მთელი თავისი შემადგენლობით და შინაარსით.

 

არაერთგზის დაისვა შეკითხვა, ხომ არ გახდება ეს აქცია „ექვსიანში“ განხეთქილების შეტანის მიზეზი?

- არავითარ შემთხვევაში, „ექვსიანში“ არანაირი განხეთქილება არ არის. უახლოეს პერიოდში „ექვსიანი“ შეიკრიბება თავის ჩვეულ ფორმატში და იმ თემებზე ვისაუბრებთ, რა თემაც გვაქვს დასახული: საარჩევნო გარემო, ზოგადად დემოკრატიის დამყარება საქართველოში. ჭორები ექვსიანის დაშლის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. ძალიან მარტივად დგას საკითხი „ექვსიანში“ შემავალი პარტიებისთვის. საარჩევნო გარემოზე მუშაობა არ ნიშნავს, რომ პარტიებმა, პოლიტიკურმა გაერთიანებებმა თუ ორგანიზაციებმა საქმიანობა შევუზღუდონ ერთმანეთს.  

 

წინასწარ თუ იცით, ქართველთა მარშს რომელი პოლიტიკური პარტიები შემოუერთდებიან?

- არ ვიცი, ისინი თავად გააკეთებენ განცხადებას ამის შესახებ. არ დაგიმალავთ, ჩვენ არავისთან კონსულტაციები არ ჩაგვიტარებია. ეს არ არის „ეროვნული ფორუმის“ ვიწრო პარტიულ ინტერესებში ჩამჯდარი აქცია, ამას ჰქვია „ქართველთა მარში“ და არა „ფორუმის მარში“.

 

მოლოდინი გაქვთ, რომ 26 მაისის შემდეგ მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ ქუჩაში გავა?

- მოლოდინი მაქვს. საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი ამ საკითხთან დაკავშირებით. არავითარი პოლიტიკური განცხადება და დოკუმენტი არ იქნება მიღებული, ეს იქნება მსვლელობა ტაძრისკენ. პარტიულობასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ „ფორუმის“ გადაწყვეტილებით, ამ აქციაზე „ფორუმის“ პარტიული დროშები არ იქნება. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც „ქართველთა მარშს“ შემოუერთდება, პოლიტიკური გაერთიანებების დროშები მათაც არ ჰქონდეთ. „ფორუმი“ აცხადებს პრეტენზიას, რომ მან საერთო ქართულ პრობლემებზე ფიქრი  დაიწყოს, ამიტომაც დაიგეგმა აქციის მოწყობა. 

 

„ექვსიანიდან“ ვინმეს შემომატებას ელოდებით?

- არ ვიცით, ვნახოთ. საარჩევნო გარემოსა და საერთო დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით ჩვენ „ექვსიანთან“ ერთად ვიმსჯელებთ, უახლოეს პერიოდში ისევ „ექვსიანთან“ ერთად გაიმართება სამუშაო შეხვედრა.

 

ეს მარში გაუგებრობას ხომ არ შეიტანს იმ თვალსაზრისით, რომ ოპოზიციური „ექვსიანიც“ აპირებდა აქციების მოწყობას?

- არ არის პრობლემა. თუ 27 სექტემბერს გულისხმობთ, ყველას გვაქვს უფლება, მოვაწყოთ ის, რასაც სწორად ვფიქრობთ.

 

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი პარტნიორები „ექვსიანიდან“ ქართველთა მარშში მონაწილეობას არ მიიღებენ, თქვენ გული არ დაგწყდებათ?

- არანაირად, არავითარ შემთხვევაში.

 

იმის მიუხედავად, წინმსწრებად რა განცხადებებს აკეთებენ ზვიად ძიძიგური და სხვები, რომ „ფორუმის“ მიერ დაგეგმილი „ქართველთა მარში“ „ექვსიანისთვის“  მოულოდნელი სიურპრიზი აღმოჩნდა, რომლის შესახებაც მათ მხოლოდ მედიის საშუალებით შეიტყეს?

- არავითარ შემთხვევაში! ზვიად ძიძიგურსა და გუბაზ სანიკიძეს შორის შავმა კატამ გაირბინოს - ეს გამორიცხეთ საერთოდ. ბოლოსდაბოლოს, ჩვენ ერთმანეთის 22 წლის თანამებრძოლები ვართ.

 

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა“  „ქართველთა მარშს“ შეუერთდება. გამოითქვა ასეთი მოსაზრებაც, რომ ბურჯანაძემ გამოიყენა 26 მაისის ტრიბუნა, ამჯერად კი 27 სექტემბრის ტრიბუნის გამოყენებას აპირებს „ქართველთა მარშის“ სახით.

- მე ვინ მომცა უფლება, ვინმეს რამე დავუშალო? ტრიბუნა რას ნიშნავს? არავითარი ტრიბუნა - მე ვიქნები რიგითი მონაწილე და რიგითი წევრი ამ მსვლელობისა. უბრალოდ, „ეროვნულმა ფორუმმა“ ეს იდეა და ეს ინიციატივა შესთავაზა ქართულ საზოგადოებას. აქ მონაწილეობის უფლება აქვს ყველას და არავისზე მეტი მე არ ვარ და არც არავისზე ნაკლები არ გახლავართ. ყველანი ვართ თანასწორნი ამ ქვეყანასთან მიმართებით.

 

პრორუსულ ძალებს რომ ეძახიან - ნოღაიდელს, კუკავას და სხვებს, მათაც აქვთ „ქართველთა მარშში“ მონაწილეობის უფლება?

- არ ვიცი, ეს მათ უნდა გადაწყვიტონ. ამ ქვეყანაში უკვე ყოველგვარი მინუსები მოიხსნა. არავითარი მინუსი არ არსებობს. 27 სექტემბერი გახლავთ სოხუმის დაცემის დღე. იცით, როგორ არის საქმე? ეროვნული კატასტროფის თარიღებს რამდენად აღნიშნავს ხალხი?! ზეიმი სულ სხვა ამბავია. სერბები დღემდე აღნიშნავენ კოსოვოს ველზე დამარცხებას თურქეთთან. არადა, მას შემდეგ თითქმის 600 წელია გასული. ისინი აღნიშნავენ თავიანთ კატასტროფას და ჩვენც ასე უნდა აღვნიშნოთ.

 

რამდენი წელია სოხუმი დაეცა, მაგრამ არასდროს ჩვენ მსვლელობა ან პროტესტი არ გამოგვიხატავს ამასთან დაკავშირებით. სულ ვიღაცის იმედად ვიყავით, ან ჯორჯ ბუში მიშველის, ან გაერო მიშველის, ან ევროპა მიშველის. არავინ არ გვიშველის, ჩვენ თვითონ უნდა ვუშველოთ ჩვენს თავს. ეს იქნება ძალიან სერიოზული აქცია, რომელიც მთელ მსოფლიოს დაანახებს, რომ ქართველები არ გაჩერდებიან, არ შეეგუებიან ტერიტორიების დაკარგვას. ქართველები არ შეეგუებიან ექსპერიმენტს, სახელად სინგაპური.

 

დაახლოებით ასეთი მარშრუტი ერთხელ უკვე გავიარეთ, როდესაც გია გაჩეჩილაძემ ხალხი სამების ტაძარში წაიყვანა და იქ ელოდა პატრიარქის გამოსვლას.

- არა, ჩემო კარგო, არაფერი საერთო 26 მაისის აქციას და 27 სექტემბრის აქციას არ აქვს. 

 

პატრიარქის გამოჩენას და სამებისკენ მიმავალი მრევლადქცეული ხალხის  დალოცვას არ ელით?

- ველოდებით - არ ველოდებით, ეს პატრიარქის გადასაწყვეტია. ჩვენ უბრალოდ ვიცით, რომ, როცა იქ მივალთ, ჩვენ იქ დაგვხვდებიან და ყველანაირი ქრისტიანული წესით მოხდება ამ თარიღის აღნიშვნა.

 

ანუ სხვა მოძღვრებს გულისხმობთ?

- დიახ.

 

რაც შეეხება თქვენს მიერ ნათქვამ ფრაზას, რომ „ეროვნული ფორუმი“ სუპერაქტიურობაზე გადადის. რა იგულისხმება ამ ფრაზაში? „ქართველთა მარში“ ალბათ ამ სუპერაქტიურობის დასაწყისი იქნება?

- დიახ. ამ სუპერაქტიურობაში ბევრი რამ იგულისხმება, იმავე „ექვსიანთან“ ერთად და, არა მარტო „ექვსიანთან“ ერთად. ჩვენ ვგეგმავთ, დიდი სურვილი გვაქვს, რომ დიდი ერთობა შედგეს, მოხდეს მობილიზება კონკრეტული მოთხოვნების გარშემო. ძალიან ბევრი პრობლემა აქვს საქართველოს და ეს პრობლემები უგროვდება და უგროვდება. ამიტომ სხვადასხვა ქმედებებია საჭირო, მარტო მსვლელობები და მიტინგები არ იქნება. ქართველი ერის პრობლემა დღეს ერთადერთია და ყველა პრობლემა ერთ სათავეში იყრის თავს, ეს გახლავთ ანტიქართული ხელისუფლების პრობლემა.

 

ამ ფონზე ვხედავთ, რომ ჩამოდის სარკოზი, მონაკოს პრინცი... თქვენ რა შეფასებას მისცემთ მათ ვოიაჟებს?

- არაფერი, უბრალოდ, ჩამოდიან და წავლენ.

 

ეს მაშინ, როცა ოპოზიცია ამტკიცებს, რომ დასავლეთში სააკაშვილს მხარდაჭერა აღარ აქვს... რას მივაწეროთ ეს ვიზიტები?

- ეს მხარდაჭერას არ ნიშნავს. როგორ გგონიათ, მიშას მხარდასაჭერად ჩამოდიან? მონაკოს პრინცი ამჟამად არის ზღაპრული სახელმწიფოს მეთაური. მსოფლიო პოლიტიკაში მონაკოს წილი ძალიან მცირეა. მონაკო არაფერს არ წარმოადგენს. ახლა ეს არის მიშას გართობის ერთ-ერთი ნაირსახეობა. რაც შეეხება სარკოზის, მოდით, სხვანაირად განვიხილოთ სარკოზის ვიზიტი. იქნებ, ყვითელი ბარათი ჩამოაქვს ჩვენი ჭკვიანი და დალაგებული პრეზიდენტისთვის? ესეც არ გამორიცხოთ და კიდევ სხვა პროცესებია დაწყებული, რაზეც მოგვიანებით ჩვენ გავაკეთებთ განცხადებებს. ეს გახლავთ ძალიან არასასურველი პროცესები ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით.

 

„ქართველთა მარშს“ უკვე გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგენი. ზოგიერთებმა ეს რუსული მარშის ანალოგიად მონათლეს.

- ნუ, რაც უნდათ, ის თქვან. ვიღაცებმა თქვეს, რომ ეს არის ამერიკელების პროექტი.

 

ვიღაცებმა კი თქვეს, რომ ეს მარში ხელისუფლების ინტერესშიცაა.

- მოდით რა, იმარჩიელონ მათ, ვისაც მარჩიელობა მოსწონთ. ამაში სპეციალისტი არ ვარ. კიდევ ერთი - შეთანხმდნენ ერთ რამეში: როდესაც რაღაცას აბრალებენ „ფორუმს“, შეთანხმებულად დააბრალონ ხოლმე.

 

27-ში ნინო ბურჯანაძე თქვენს გვერდით დადგება, თუმცა ის პერიოდულად შეახსენებს ხოლმე ოპოზიციას, რომ ისინი მის გვერდით 26 მაისს არ დადგნენ. ეს რაიმე გაუგებრობას არ შექმნის, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ მის ოჯახთან დაახლოებული პირი ბრძანდებით?

- არა მგონია, ამან რაიმე გაუგებრობა გამოიწვიოს. არის საკითხები, რაზედაც ჩვენ, შესაძლოა, ერთი მოსაზრება არ გვქონდეს, განსაკუთრებით წარსულთან მიმართებით. აქ მარტო ბურჯანაძეს არ ვგულისხმობ, მაგრამ ახლა მთავარია, რომ ქვეყანას სჭირდება დიდი ოპოზიციური ერთობა. მორჩა და გათავდა. და ეროვნული ფორუმი ყველაფერს გააკეთებს, რომ ოპოზიციური ძალების დაახლოება მოხდეს.

 

და ლიდერობის პრეტენზია არ გექნებათ?

- არა, ლიდერობის პრეტენზია არ არის მთავარი, ლიდერებს აჩენს ვითარება. დანიშნული ლიდერების დრო დამთავრდა. არ ამართლებს, ისტორიამ არ იცის, რომ მაინცდამაინც ეს იქნება ჩვენი ბელადი.

 

თქვენ არაერთგზის გითქვამთ, რომ ქართველებს გმირული წარსული ჰქონდათ, რომ ისტორიული ეპოპეა გავიარეთ, მაგრამ ამ ეტაპზე ქართველ ერში არის მიტინგების, მარშების მზაობა?

- რატომაც არ არის მზაობა? უკმაყოფილება ხომ არის?

 

უკმაყოფილება არის, მაგრამ მიტინგებზე გასვლა არ უნდათ.

- ჰოდა, მორჩა და გათავდა, ეგ არის პოლიტიკური პარტიის ამოცანა, რომ უკმაყოფილების აკუმულირება მოახდინოს. ქართველი ერი დღეს ბედნიერი ერების სიაში არ წერია. ეს ფაქტია. ამას სჭირდება არა ისეთი ვითარება, როცა ყველა გათითოკაცებული ვართ და რაღაცები არ მოგვწონს, მოდი რა, ერთად დავარისხოთ ზარები და დაინახონ ქვეყნის გარეთაც ვიღაც-ვიღაცებმა, მტერმაც და მოყვარემაც და ქვეყნის შიგნითაც. ეს არის მთავარი.

 

რას დაინახავს დასავლეთი, ბატონო გუბაზ?

- დასავლეთი დაინახავს, რომ მოიცა, კაცო, აქ ფაქტორი მიშა კი არ არის ამ ქვეყანაში. მოიცა, მიშა გაიწიე ერთი...

 

რომ არ გასწიონ მიშა?

- არა, როგორ არა, ცხოვრება გასწევს, ჩემო კარგო. მუბარაქი გაყიდეს ეგრე, რას მელაპარაკები. მიშა ვინ არის?

 

ანუ „ქართველთა მარში“ გათვლილია დასავლეთზეც და შინაურებზეც?

- დიახ, ყველაზე, რადგან ფაქტორი აქ არის ქართველი ხალხი და არა სააკაშვილი და ნაცმოძრაობა.

 

საზოგადოება ითხოვს, რომ ოპოზიცია გააქტიურდეს და ხალხს სათავეში ჩაუდგეს. ოპოზიცია კი აქეთ მიმართავს ქართველ ერს, თქვენ გააქტიურდით და ჩვენ შემდეგ შემოგიერთდებითო. რაღაც შუალედი ხომ არ არის მოსაძებნი?

 - ეს პროცესი დინამიკაში უნდა მოხდეს. ოპოზიცია ხალხის გარეშე როგორ გააქტიურდება?! ხალხს კიდევ სჭირდება მაორგანიზებელი ძალა. ჩვენ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ხალხი განწირულნი ვართ იმისთვის, რომ  ერთმანეთთან ვითანამშრომლოთ. სხვა გზა არ გვაქვს.

 

მაინც რამდენი ადამიანი გამოვა 27 სექტემბერს?

- არ ვიცი, 27-ში ყველაფერს დავინახავთ.