პროფკავშირების თავმჯდომარეს ირაკლი პეტრიაშვილს შიმშილობის წამოსაწყებად სრული საბაბი აქვს, რადგან დაკავებული ქუთაისელი მეტალურგები არ გაათავისუფლეს. სრულიად უდანაშაულო და ე.წ. ინდოელი ინვესტორების მიერ დაჩაგრულ მეტალურგებს 10-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ჯერი პროფკავრშირებსა და სახალხო დამცველზეა, რომელებიც ქუთაისელ გაფიცულებს სრულიად უდანაშაულოდ მიიჩნევენ.
ქართულ-ინდური მეტალურგიული საწარმო “ჰერკულესის” სამ თანამშრომელს ირაკლი იობიძეს, ემილო გუმბერიძეს და მალხაზ გოგიავას სასამართლომ ათდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. ისინი სასამართლომ პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევაში სამართალდამრღვევებად ცნო. ეს პირები პოლიციამ გუშინ, ქუთაისის ბაზართან დააკავა. დაკავებულები პროტესტის ორგანიზებას ახდენდნენ და გასულ დღეებში მეტალურგების აქციებში მონაწილეობდნენ.
როგორც პროფკავშირების წარმომადგენელმა თამაზ დოლაბერიძემ განაცხადა, დაკავებას მათ აქტიურობას უკავშირებს. ამიტომ ხვალისთვის კანონდარღვევების და დევნის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას დიპლომატიური კორპუსისათვის აპირებენ. შემდგომ დღეებში კი პერმანენტულ საპროტესტი აქციებს გეგმავენ.
პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი გუშინ დილიდან საშიმშილოდ ემზადებოდა და აცხადებს, რომ თუკი სამივე მატალურგი გათავისუფლებული არ იქნებოდა, თავად დაიწყებდა უვადო შიმშილობას.
“გამომდინარე იქიდან, რომ ამ ქვეყანაში კანონი არ კანონობს და აგონიაში მყოფი ხელისუფლება უვნებელ პროტესტსაც რეპრესიებით პასუხობს, მე მივიღე გადაწყვეტილება, გამოვაცხადო უვადო შიმშლობა, თუკი ხვალ დაკავებულები არ გათავისუფლდებიან. ვთხოვ საერთაშორისო თანამეგობრობას, სამოქალაქო საზოგადოებას, დაუდგეს გვერდით ამ ბიჭებს, რადგან, გამორიცხული არ არის, მალე დანარჩენი აქტივისტებიც დააკავონ”, - აცხადებდა პეტრიაშვილი.
საქმეში სახალხო დამცველი გიორგი ტუღუშიც ჩაერთო. იგი მოითხოვს შესწავლილ იქნას გაფიცულ მუშათათვის აქციის ჩატარებისას სამართალდამცავთა მხრიდან ხელის შეშლის, აქციის დაშლისა და მათი დაკავების ფაქტები.
ტუღუში მიიჩნევს, რომ გაფიცვის მიმდინარეობისას ადგილი ჰქონდა რამდენიმე ინციდენტს, რომლის დროსაც დაირღვა გაფიცვის მონაწილეთა უფლებები.
“13 სექტემბერს, აქციის მიმდინარეობისას, აქციის მონაწილეებმა დადგეს კარავი. კარვის დადგმიდან რამდენიმე წუთში ადგილზე მივიდნენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები. მათ გაფიცულებს კარვის აღება მოსთხოვეს. სამართალდამცავებმა კარავი დაშალეს და პოლიციის ავტომანქანაში მოათავსეს. 10-15 წუთში სამართალდამცავებმა კარავი მფლობელებს დაუბრუნეს. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ გაფიცვა გაგრძელდა, თუმცა გაფიცულთა განმარტებით, მათ კარვის დადგმა აღარ უცდიათ. საქართველოს სახალხო დამცველისთვის მიცემული ახსნა-განმარტებებისა და საინფორმაციო საშულებების მიერ გავრცელებული კადრების თანახმად, არც აქციის მიმდინარეობისას და არც კარვის დადგმის დროს არ მომხდარა “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის მიერ დადგენილი მოთხოვნების დარღვევა”, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
15 სექტემბერს პოლიციის თანამშრომლებმა მოითხოვეს აქციის დაშლა და დააკავეს აქციის მონაწილეთა ნაწილი.
“რაც შეეხება 2011 წლის 15 სექტემბერს განვითარებულ მოვლენებს, საქართველოს სახალხო დამცველისთვის მიცემული ახსნა-განმარტებების თანახმად, დაახლოებით 21:30 საათზე, აქციის მიმდინარეობის ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიციის დაახლოებით 30 ეკიპაჟი. პოლიციის თანამშრომლებმა მოითხოვეს აქციის დაშლა და დააკავეს აქციის მონაწილეთა ნაწილი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატის, რევაზ თოფურიას ახსნა-განმარტების თანახმად, ის თამაზ დოლაბერიძესთან ერთად, რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდა დაკავებულებს დროებითი მოთავსების იზოლატორში და პოლიციის სხვადასხვა განყოფილებაში, თუმცა დაკავებულებთან შეხვედრა მხოლოდ მათი გათავისუფლების შემდგომ მოახერხა.
აქციის მონაწილეები რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ ქუთაისის შს საქალაქო სამმართველოში, სადაც მათ დააწერინეს ხელწერილები იმის თაობაზე, რომ დასაქმებულები აღარ გააგრძელებდნენ გაფიცვაში მონაწილეობას და დაუბრუნდებოდნენ სამსახურს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხს აგებდნენ კანონით დადგენილი წესით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დაკავებული აქციის მონაწილეებიდან მხოლოდ სამმა პირმა განაცხადა თანხმობა, ახსნა-განმარტება მიეცა საქართველოს სახალხო დამცველისთვის, მათი ვინაობის კონფიდენციალურად დატოვების პირობით, ხოლო დანარჩენებმა აღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ ზეპირი საუბრისას დაადასტურეს”, - ნათქვამია განცხადებაში.
ტუღუშის აზრით, არც დაკავებისას და არც მის შემდგომ სამართალდამცავთა მხრიდან არ მომხდარა აქციის მონაწილეთათვის მათი დაკავების საფუძვლის განმარტება, ამასთან, მათი პოლიციის შენობაში ყოფნის პერიოდში ე.წ. ხელწერილების გარდა, არ შემდგარა არანაირი სამართლებრივი დოკუმენტი.
826
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85