ანდრეი ილარიონოვი “Foreign Policy”
აფხაზეთის დამოუკიდებლობისადმი სწრაფვა საერთაშორისო სამართლის დაცინვაა და მისი აღიარება ეთნიკური წმენდის საზარელ გამართლებას ნიშნავს.
გასულ თვეში, საქართველოს თვითგამოცხადებულ აფხაზეთის რეგიონში, ეგრედწოდებული საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. იმ ფაქტს, რომ ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა ის არ აღიარეს და აბსოლუტურად არალეგიტიმური უწოდეს, ხელი არ შეუშლია აფხაზეთის „საქმის“ მხარდამჭერებისთვის, რომლებმაც განაგრძეს კამპანია აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელწიფოდ აღიარების უზრუნველსაყოფად. რუსმა მინისტრებმა, რაღა თქმა უნდა, ძალიან დადებითად შეაფასეს კენჭისყრის პროცესი და მისი შედეგები. მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობამ არავის არ უნდა მისცეს თავის გაბრიყვების საშუალება.
აფხაზური რეჟიმი მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ მას სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერას რუსეთი უწევს. აფხაზეთის აღიარებისკენ ხმამაღალი მოწოდებების ფონზე, ძალიან მოხერხებულად იჩქმალება ის გარემოება, თუ როგორ შეიქმნა ეს რეჟიმი. არადა 1990-იან წლებში ის ხელისუფლებაში მოვიდა დაახლოებით 10 000 მშვიდობიანი მოქალაქის განადგურებისა და ბოლო ოცი წლის განმავლობაში აფხაზეთიდან დაახლოებით 300 000-ზე მეტი ადამიანის გაძევების ხარჯზე.
იმ სისასტიკეების სამართლებრივი შეფასება, რომელსაც აფხაზი მებრძოლები და მათი რუსი მხარდამჭერები სჩადიოდნენ, საერთაშორისო სასამართლოების საქმეა. მაგრამ არავინ არ უნდა დაივიწყოს ეს ფაქტები ამ რეგიონის მომავალზე ფიქრისას, რეგიონის, საიდანაც ძალადობის გზით მოსახლეობის დიდი უმრავლესობა გამოყარეს.
1992-1993 წლის კონფლიქტმა და 2008 წლის რუსეთის ინტერვენციამ (არააფხაზური ეროვნების მშვიდობიანი მოქალაქეების მუდმივ დაშინებასა და დევნასთან ერთად) აფხაზეთის დემოგრაფიული სურათი რადიკალურად შეიცვალა. საბჭოთა პერიოდში მოსახლოების აღწერის მონაცემებით, 1989 წელს აფხაზეთის 525 000-იანი მოსახლოებიდან ეთნიკური აფხაზები 17,8%-ს შეადგენდნენ, ხოლო ქართველები – 45,7%-ს, ანუ დაახლოებით 240 000 ადამიანს. 2003 წლისთვის, ქართული მოსახლეობის რაოდენობა 81%-ით – 4 600 ადამიანამდე შემცირდა (დიდწილად ისინი გალის და ტყვარჩელის რაიონში ცხოვრობენ); სომხების 41%-მდე, რუსების 69%-მდე, ბერძნების 87%-მდე, სხვა ეროვნების (უკრაინელების, ბელორუსების, ესტონელების, ებრაელების) მცხოვრებთა რიცხვი – 81%-მდე.
იმავე პერიოდში, აფხაზები იმ ერთადერთ ეთნიკურ ჯგუფად იქცა, რომლის რიცხვიც ომამდელი 17%-დან მთლიანი მოსახლეობის ნახევრამდე გაიზარდა. ის სასტიკი და აღმაშფოთებელი პროცესი, რომლის შედეგადაც ეს მოხდა, დაგმო გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და ის ეთნიკურ წმენდად შეაფასა, ასევე ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ და სხვებმა.
სასტიკი დანაშაულებები, აფხაზების მსგავსად, ქართულმა მხარემაც ჩაიდინა, რომელიც 1990-იანი წლების ომებში დიდწილად არაფორმალური სამხედრო დაჯგუფებების სახით მონაწილეობდა, მაგრამ საქართველომ, როგორც სახელმწიფომ, ეს დამნაშავეები გაასამართლა. არაფორმალური ჯგუფები აიკრძალა, მათი მეთაურები კი ციხეში მოხვდნენ. არაფერი მსგავსი აფხაზური მხრიდან არ მომხდარა. არავინ გაუსამართლებიათ, ხოლო დამნაშავეებმა დიდება, ორდენები და სხვებისთვის წართმეული ქონება მიიღეს. აფხაზეთის პრეზიდენტობის არცერთ კანდიდატს ეთნიკური წმენდა არ უღიარებია, რომ არაფერი ვთქვათ მის დაგმობაზე.
იმავდროულად, აფხაზური საქმის მხარდამჭერებმა შეიძლება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა დასვან: რატომ არ შეიძლება აფხაზეთთან დაკავშირებით კოსოვოს პრეცედენტის გამოყენება, რომელმაც საერთაშორისო აღიარება სერბეთისგან ძალადობრივი გამოყოფის შემდეგ მიიღო?
მაგრამ კოსოვოს პრეცედენტი (იქ აღიარების პროცესს უზადოს ნამდვილად ვერ უწოდებ) აფხაზეთთან დაკავშირებით არ გამოდგება. ამ ორ მოვლენას შორის უზარმაზარი სხვაობაა. ჯერ ერთი, კოსოვოში ყველაზე სასტიკი დანაშაულებები სერბებმა ჩაიდინეს, რომლებიც გამოყოფას ეწინააღმდეგებოდნენ. აფხაზეთში კი ეს აფხაზმა სეპარატისტებმა და მათმა რუსმა მოკავშირეებმა გააკეთეს. მეორეც, კოსოვოში დევნილების დაბრუნების უფლება, ამ მხარის თვითგამორკვევის აუცილებელ პირობას წარმოადგენდა. აფხაზეთში კი თვითგამორკვევა იძულებით გადაადგილებულ პირთათვის დაბრუნებაზე უართანაა დაკავშირებული.
უფრო მარტივად რომ ვთქვათ, კოსოვოს დამოუკიდებლობა გახდა სასჯელი ეთნიკური წმენდებისთვის. აფხაზეთისთვის კი ასეთი აღიარება გადაიქცევა ეთნიკური წმენდის საზარელ გამართლებად და ჯილდოდ მათთვის, ვინც ის განახორციელა და ჩაიფიქრა.
არის სხვა ასპექტებიც, რომელთა გამოც კოსოვოსთან პარალელის გავლება არ შეიძლება. კარდინალურად განსხვავებულია ის პროცესებიც, რომლებსაც დამოუკიდებლობა და აღიარება მოჰყვა. აფხაზმა ლიდერებმა რამდენჯერმე უარყვეს ის სამშვიდობო გეგმები, რომლებსაც მათ საქართველოს მთავრობა, გაერთიანებული ერბის ორგანიზაცია და გერმანია სთავაზობდა. კოსოვოს შემთხვევაში კი სამშვიდობო ძალისხმევას სლობოდან მილოშევიჩის სერბული მთავრობა უარყოფდა. ომის შემდეგ ცხრა წლის განმავლობაში კოსოვოს გაერო მართავდა მანამ, სანამ ის სახელმწიფოთა ფართო კოალიციამ არ აღიარა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა და ევროპის სახელმწიფოთა უმრავლესობამ. აფხაზეთში კი საერთაშორისო ორგანიზაციებს შესვლა აკრძალული აქვთ, ხოლო მისი ეგრედწოდებული დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთმა და კიდევ იმ სამმა არაევროპულმა სახელმწიფომ აღიარა, რომლებსაც მოსკოვი ფინანსურად დაეხმარა.
თუმცა აფხაზეთის დამოუკიდებლობის არალეგიტმურობა, მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არ აღიარებით არ აიხსნება. ის უფრო ღრმა პრობლემებთან არის დაკავშირებული, როგორებიცაა აფხაზი ხელმძღვანელების წარსული და ამჟამინდელი ქმედებები, მათი იდეოლოგია ეთნიკური უპირატესობის შესახებ, ასევე რუსეთის მხრიდან ამ ტერიტორიის სამხედრო ოკუპაცია.
აფხაზ ხალხს სჭირდება ევროპასთან თანამშრომლობა და იმსახურებს იმას, რომ იყოს მსოფლიო თანამეგობრობის ნაწილი. მაგრამ უკიდურესად მნიშვნელოვანია ის, თუ რა ფორმით მოხდება ეს. არ შეიძლება ამის გაკეთება ეთნიკური წმენდის გამართლების აღიარებით, საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ანექსიის უგულებელყოფით, ასევე იმ არჩევნების აღიარებით, რომელიც აპარტეიდულმა საზოგადოებამ ჩაატარა, საიდანაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გაძევებულია, ხოლო იქ დარჩენილი ქართველების უმრავლესობას ხმის მიცემის უფლება არ აქვს.
ამის ნაცვლად, საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა მოითხოვოს საქართველო-რუსეთის 2008 წლის სამშვიდობო შეთანხმების სრულად შესრულება, შეთანხმების, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის შუამავლობით გაფორმდა და რომლის თანამხადაც რეგიონიდან რუსეთის არმია უნდა გავიდეს. შემდეგ ნაბიჯად უნდა იქცეს საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების შექმნა, მათ შორის დევნილებისთვის დაბრუნების უფლების მიცემა.
ნებისმიერი სხვა ნაკლებ მნიშვნელოვანი ქმედება იმის ნიშანი იქნება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმები აფხაზეთში ნაგვის ურნაში გადაიყრება. და ნებისმიერი არჩვენები, გამართული ძალით გაძევებული ადამიანების დაბრუნებამდე, იქნება სხვა არაფერი, თუ არა – ტრაგიკული ფარსი.
foreignpress.ge
841
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85