დიტო გელოვანი -  მერია-კუდაგრძელია: „მოისაქმე და დაასაქმე“

დიტო გელოვანი - მერია-კუდაგრძელია: „მოისაქმე და დაასაქმე“

- არ გეგონოთ, რომ ამით მთავრდება, ამით იწყება...

გია კი ქვედა ტუჩმოსველებული ეუბნებოდა:

- იცი, რა? რაც თქვენ არ გინდათ, ჩვენ იმას ვაკეთებთ. ჩვენ საქართველოს ვათავისუფლებთ!

პარტკომი ბლუკუნებდა:

- მე მიყვარს ახალგაზრდობა... ეკონომიკური დამოუკიდებლობა...

მერე საამქროებში დავრბოდით და ვყვიროდით:

- ეთნოკონფლიქტებს ვერ მოგვიწყობენ! სრული დამოუკიდებლობა! დაუმორჩილებლობა!

ალბათ, მაგიტომ, მაგრამ ხელი ვინ დამადო? ვინ, ვინ, იქ კაგებე არ იქნებოდა? ახლა ყველანი იციან და გვიჭერენ. არც უნდათ დაჭერა, პირდაპირ გესვრიან და მორჩა. კომენდანტის საათიც ამიტომ გამოიგონეს. რაც მეტს გვესვრიან, მით მეტ ორდენს მიიღებენ.

(აკა მორჩილაძე, „შენი თავგადასავალი“)

 

“მე ველოდები იმ დროს, რომ საქართველოდან არავინ წავა სხვაგან სამკურნალოდ. ტურიზმის ერთ-ერთი წყარო უნდა იყოს სამედიცინო ტურიზმი საქართველოში, როგორც ეს ევროპის წამყვან ქვეყნებშია…”

 

“თავად უნდა გამოვკვებოთ ჩვენი თავი და შევქმნათ ჩვენი ქვეყანა. დავიღალეთ იმით, რომ მცირე ტექნოლოგიისთვისაც კი სხვა ქვეყანაში – გერმანიაში, ჩინეთში, უკრაინაში, სომხეთსა და აზერბაიჯანშიც კი გვიხდება სირბილი, რადგან თავად ვერ ვაკეთებთ ამას...”

 

"საქართველოს მოდერნიზაციის დასახული პროგრამის განხორციელების შემდეგ, 2015 წელს, თავს დავდებ, რომ სვანეთში იქნება მინიმუმ, ნახევარი მილიონი დამსვენებელი, 35-ჯერ მეტი, ვიდრე არის მოსახლეობა მესტიაში…”

 

“ის გახდება ყველაზე თანამედროვე აეროპორტი საქართველოსა და კავკასიაში და მუდმივად დატვირთული იქნება - ჩამოიყვანს ტურისტებს, ბიზნესმენებს და თითოეული ჩვენგანის ოჯახს წარმოუდგენლად მეტ შემოსავალს მოუტანს…”

 

“ბოლო რამდენიმე თვე, როცა თბილისში ზოგიერთი პოლიტიკოსი ძალიან აქტიურად, სხვა სიტყვა ამას არ ჰქვია, ლაყბობდა და ყიყინებდა იმის თაობაზე, თუ როგორ ებრძვის ეკლესიას საქართველოს მთავრობა, ჩვენ ამასობაში ვაშენებთ ეკლესიებს…”

 

“სკოლებში ასეთი კლასები ვიღაცისთვის არის წარმოუდგენელი ფუფუნება, თუმცა ამერიკისთვის, იაპონიისთვის, ჩვენთვის არის ყოველდღიური აუცილებლობა. რატომ ვიყავით ვარდების რევოლუციამდელი ბავშვები უფრო ჩამორჩენილები? იმიტომ, რომ არ გვქონდა კომპიუტერი…”

 

“ბუნებრივად მოგვცა ღმერთმა ეს საზღვრები, რომელიც დახატულია ისტორიისა და ბუნების მიერ მსოფლიოში ყველაზე ლამაზ კუთხეში…”

 

“დათვს რაც არ უნდა ბაბა ეძახო, შეგჭამს, ჯობია ჯოხით ან თოფით მოიგერიო. უკეთესია აერიდო, მაგრამ თუ გადაგეყარა, დათვის ერთი ადგილის ლოკვა ამ საქმეს არ შველის. მე ამ დათვში დათვს ვგულისხმობ და არა რომელიმე სახელმწიფოს…”

 

ეს სულ სააკაშვილის ნალაპარაკებია! სულ! უბრალოდ, შეგახსენეთ და, ვგონებ, დაიღალეთ კიდეც, მაგრამ როდესაც სააკაშვილის მარგალიტებს ხელმეორედ ვკითხულობ, ვხვდები, რომ გამეორება ცოდნის დედა კი არის, მაგრამ, ამავე დროს, არის გაღიზიანების მამაც. ასე რომ, ვუსმინოთ და ვიკითხოთ ხშირად, გავიმეოროთ ხშირ-ხშირად და გავღიზიანდეთ. ოღონდ, „არ გეგონოთ, რომ ამით მთავრდება, ამით იწყება...“

 

არავინ იფიქროს, რომ ეს მარგალიტები მხოლოდ მკითხველის გასაღიზიანებლად (აქედან გამომდინარე შედეგებით) გამოვფინე. უბრალოდ, ამ ყველაფრის მოსმენისა და წაკითხვის შემდეგ საშინლად გამაღიზიანა ერთმა ნიუსმა, რომელსაც აქვე შემოკლებით გთავაზობთ:

 

„მსოფლიოში ყველაზე გრძელი ენისა და დიდი მკერდის მფლობელები გამოვლინდნენ. გინესის რეკორდების წიგნს ახალი სახელები შეემატა. უცხოური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, მსოფლიოში ყველაზე გრძელი ენა კალიფორნიელ ფერადკანიან სტუდენტ შანელ ტეპერს აღმოაჩნდა, მისი ენა 9.75 სანტიმეტრი სიგრძისაა...“

 

ვინ-ვინ და, ჩვენ, ქართველებმა, ვიცით, ვინ არის მსოფლიოში ყველაზე გრძელი ენის პატრონი, მაგრამ დღევანდელი სამყარო უსამართლობაზეა აგებული. რაგბში მსაჯობისა არ იყოს, ბობოლა ქვეყნების წვრილმანი მოქალაქე უფრო მნიშვნელოვანი პერსონაა, ვიდრე წვრილმანი ქვეყნის ბობოლა პრეზიდენტი.

 

ვიღაც, კალიფორნიელ ფერადკანიან სტუდენტ შანელ ტეპერი... ვინ ოხერია? ისე, დარწმუნებით მაინც ვერ ვიტყვი, მაგრამ არა მგონია, შანელ ტეპერი ენის ტლიკინში ჩვენს შანელ N5-ს, რომ გაუტოლდეს. ტეპერი და სააკაშვილი რომ შევაჯიბროთ, ტეპერი იტყვის, მე ფალავნებს ვეპაექრები, გოლიათებთან საქმეს არ ვიჭერო.

 

“ვინ ოხერია” ეძახე და, სააკაშვილთან საქმის დაჭერაზე უარს კი აცხადებს. თავის დროზე ჩვენც რომ ეგეთი „ვინ ოხრები“ ვყოფილიყავით...

 

სააკაშვილმა საქართველოს ელჩებსა და დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს  პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა - „ვინ ოხრებზე“ გამახსენდა. გასულ კვირაში „ვინ ოხრებმა“ თბილისში მოიყარეს თავი და ამ თავშეყრას ამბასადორიალი უწოდეს, თუმცა „ოხრობა“ რომ დაერქმიათ, არსობრივად უფრო შესატყვისი იქნებოდა. ამბასადორიალი „რედისონში“ გაიმართა, დიდი ხნის უანახავი მეგობრები ჩაეხუტენ ერთმანეთს, როგორ ხარო - ერთმანეთს ეკითხებოდნენ და არც ერთს არ უკითხავს, რას შვრებიო. რას უნდა შვრებოდნენ? რას შვრებოდნენ ზაზა ბეგაშვილი ჩინეთში და ლადო ჭიპაშვილი ჩეხეთში? რას და, რუსეთს ნიღაბს ხსნიდნენ.

 

იმის თქმაც არ მინდა, რომ თითქოს ამბასადორიალი უბრალოდ უსაქმურთა მორიგი თავშეყრა იყო. იყო საქმიანი საუბრებიც, აზრთა გაცვლა-გამოცვლა. გამოითქვა რამდენიმე მეტად საინტერესო მოსაზრებაც. მათი ჩამოთვლით თავს არ შეგაწყენთ, მხოლოდ ერთს გეტყვით, რომ  საგარეო მინისტრის მოადგილე, დავით ჯალაღანია სოხუმში დაგეგმილ დომინოს მსოფლიო ჩემპიონატს გამოეხმაურა: „სოხუმში 17 ოქტომბერს დაგეგმილი დომინოს მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე ქვეყნები საქართველოს კანონმდებლობას დაარღვევენ“.

 

ძალიან მკვეთრი განცხადებაა, მაგრამ პროფესიონალმა დიპლომატებმა თავისი საქმე იციან, მით უმეტეს, რომ ბევრი მათგანი ვარდების რევოლუციამდე დომინოს ქარხანაში მუშაობდა - ქვებზე წერტილების დასმით იყვნენ დაკავებულები. სხვათა შორის, ის ქარხანა მხოლოდ პუსტა-პუსტებს ამზადებდა, ეგეთი სპეციალიზაცია ჰქონდა.

 

საინტერესო რამ თქვა თემურ იაკობაშვილმაც: „აშშ საქართველოს რუსეთს ლანგარზე არ მიართმევს“. ასეთ სიტყვებს ჰაერზე არ ისვრიან, იაკობაშვილი ელჩია აშშ-ში და იცის, რასაც ამბობს. ამის თქმა იყო და, ატყდა ყაყანი: „არც საფრანგეთი მიართმევს“, „არც გერმანია...“, „არც თურქეთი...“, „არც გვატემალა, შრი-ლანკა და ბურუნდი“ (ეს თქვა საქართველოს ელჩმა გვატემალაში, შრი-ლანკაში და ბურუნდიში)“...

 

„მტერს არ შეუძლება, გაუწვე და ფეხები აულოკო“ - თქვა რამდენიმე დღის შემდეგ სააკაშვილმა. ნუ, გმირია, გმირი და ამ სამი წლის წინ გორში ისე მოიქცა, როგორც გმირს შეეფერება - როდესაც რუსების თვითმფრინავმა გადაიფრინა, მიწაზე გაწვა და მტრის ჯინაზე მშობლიურ მიწას ემთხვია, აქაოდა, ვარ საქართველოს გულდამწვარი ჭირისუფალიო.

 

სხვათა-შორის, მაშინ სააკაშვილმა მეორე პატრიოტული აქტიც ჩაიდინა და ამ ფაქტმა გასულ კვირაში მოულოდნელი გაგრძელება ჰპოვა - გაიმართა რეფორმატორული საკვები „ჰალსტუხის“ პრეზენტაცია  ეს არის ვაშლის პიურესგან დამზადებული ტყლაპი, რომელსაც აქვს ჰალსტუხის ფორმა.

 

„ჰალსტუხი“ 5 ლარი ღირს, ხოლო შეფუთვაზე არის შემდეგი წარწერა: „რეფორმატორული საკვები ჰალსტუხი. ჰალსტუხის მიღება ხელს უწყობს ცხოვრების დონის ამაღლებას, რეკომენდირებულია მცირე ულუფებით, სამჯერ დღეში. აღძრავს მადას თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი. უკუჩვენება: ავტორიტარიზმი, საბჭოთა მენტალიტეტი, სიმხდალე, უგუნურება, აგრესიულობა, მწუხარება მეზობლისა სიკეთისა ზედა“.

 

ცოტა არ იყოს, გაუგებარი წარწერაა, უკუჩვენების ამბავს ვერ ჩავხვდი. ანუ, ავტორიტარიზმი, საბჭოთა მენტალიტეტი, სიმხდალე, უგუნურება და აგრესიულობა მიშას ჰალსტუხის ჭამამდეც ახასიათებდა და ჰალსტუხის ჭამის შემდეგ ხომ სულ გადაირია!

 

„ჩემი მეუღლე აგარაკზე ამზადებდა ტყლაპს, ოლეგმა (პანფილოვმა. დ.გ.) გამოჭრა ტყლაპისგან ჰალსტუხი და ასე დაიბადა ეს იდეა“, - განაცხადა ლევან ჩოლოყაშვილმა და იდეა მეც მაქვს - ჰკითხოს ლევან ჩოლოყაშვილს ვინმემ: სანამ იგი ტყლაპის ჰალსტუხებით ვაჭრობს, რას აკეთებს ამ დროს საფლავში ქაქუცა ჩოლოყაშვილი?

 

არავის არაფერს არ ვაბრალებ, მხოლოდ იდეა დამებადა. საერთოდ კი, დაბრალება და ეგეთი რამეები, როგორც რუსები იტყვიან, ჩრევატა პასლედსტვიამი. რუსები და დაბრალება. ასეთი ნიუსი იყო: „დიმიტრი შაშკინს ექსპერტების მიერ „სატანისტობის“ ბრალდება კვლავ ახსოვს“.  დიმიტრი შაშკინი განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე გამოვიდა და დეპუტატებს თხოვა, არ დაუჯერონ ე.წ. ექსპერტებს, რომლებიც მას სატანისტობაში ადანაშაულებენ, რადგან წილადები არ მოსწონთ.

 

რა წილადები, რის წილადები?! არ მახსოვს, მაგრამ არა მგონია შაშკინს გამოეგონოს. არა იმიტომ, რომ შაშკინის გამომგონებლურ ნიჭს ვაკნინებ, არამედ იმიტომ, რომ ეს ჩვენი ექსპერტები ცოტა არ იყოს... თუმცა, დავანებოთ თავი წილადებს და სკოლების დირექტორები გავიხსენოთ. „თქვენ სისხლს დავლევ“ - უთხრა ერთხელ დირექტორებს შაშკინმა და, სად სატანისტი და სად ვამპირი?

 

ამბობენ, შაშკინი პახმელიაზე დირექტორების სისხლით გამოდისო...

 

შაშკინი მანდატურებს შეხვდა და სკოლაში მათი მუშაობის განვლილი ერთი წელი შეაჯამა - უკვე დამკვიდრდა დისციპლინა, გაიზარდა მოსწავლეთა დასწრება, აღმოიფხვრა დანაშაულის ფაქტები. შაშკინმა მანდატურებს მადლობა გადაუხადა და აღუთქვა, რომ სამინისტრო მომავალშიც იზრუნებს მათ პროფესიულ ზრდაზე.

 

მანდატურების ყველაზე წარმატებული ნაწილი უკვე სკოლის დირექტორია და ალბათ უნივერსიტეტის რექტორობაზეც ოცნებობენ, თუმცა ამ მანდატურ-დირექტორებს ვურჩევ, პახმელიაზე მყოფ შაშკინს მოერიდონ. რევოლუცია თავის შვილებს რომ ჭამს, ეს საყოველთაოდ არის ცნობილი, მაგრამ ბევრმა არ იცის, რეფორმა (თუნდაც - განათლების რეფორმა) სკოლის დირექტორების სისხლს რომ მოითხოვს.

 

გასულ კვირაში ქდმ-მ სოფელ გულგულაში ნაგავსაყრელის ლიკვიდაცია მოითხოვა. როგორც იცით, თელავში შუალედური არჩევნები უნდა გაიმართოს და რა დღესაც არჩევნები დაინიშნა, იმ დღიდან მოყოლებული ნიკოლოზ ლალიაშვილს და ნიკოლოზ ლაშხს გულგულას მოსახლეობაზე გული შესტკივათ, გულგულას ნაგავსაყრელზე კი - ცხვირი. ორი ნიკოლოზი, ორივე გიორგი-ძე და ორივე თარგამაძე.  „კატეგორიულად მოვითხოვთ ხელისუფლებისაგან, ყურადღება მიაქციოს აღნიშნულ პრობლემას და ნუ აიძულებს ხალხს ნაგავში და ჯანმრთელობისთვის საშიშ გარემოში ცხოვრებას“, - განაცხადეს თარგამაძე-დემოკრატებმა.

 

ჩაივლის არჩევნები და ორივენი გულში შეუკურთხებენ სოფელ გულგულას მაცხოვრებლებს - ამ ნაგავში რატომ ჩამოგვიყვანეთო.

 

მძიმე სურათია, მაგრამ ჯერ სად ვართ!

 

2012 წელი ძალიან მძიმე იქნება ქართული დიპლომატიისთვის. დიპლომატებს ბევრი ამოცანა აქვთ გადასაწყვეტი და ამ ამოცანებს გაორმაგებული ძალისხმევა სჭირდება. - ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ იმ თავ(?)ყრილობაზე განაცხადა, რომლის შესახებაც ზემოთ მოგახსენეთ.

 

ეჰ... ვაშაძისთვის მთავარი სიძნელე უკან დარჩა - რუსული პასპორტი რომ დათმო. სხვათა შორის, ბევრი ამბობდა, ვერ გადაიტანსო, მაგრამ გადაიტანა.

 

გასულ კვირაში პასპორტის თემა კიდევ ერთხელ წამოტივტივდა. რუსმა დირიჟორმა მიხაილ არკადიევმა, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტს საქართველოში დასაქმების შესახებ წერილი მისწერა, განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმას არ აპირებს. ეს მას შემდეგ განაცხადა, რაც სააკაშვილმა მას პასპორტი უბოძა. „ეს საქართველოს პრეზიდენტისგან საჩუქრის მაგვარია“, – აღნიშნა არკადიევმა და დასძინა, რომ მზადაა ეს საჩუქარი მიიღოს და, ასევე, საქართველოში დარჩეს, თუ იქ სამუშაოს მისცემენ.

 

მისცემენ, სამუშაოსაც მისცემენ, ლენინზე ლექსებსაც იტყვიან, ქსენოფობიურ განცხადებებსაც აპატიებენ, თუ იგი ქართველების წინააღმდეგ იქნება მიმართული. საჩუქრისმაგვარიო... როდესაც სახელმწიფოსმაგვარის პრეზიდენტისმაგვარი პასპორტს გაძლევს ეს, რა თქმა უნდა, აუცილებლად საჩუქრისმაგვარი იქნება. დირიჟორისმაგვარი აუცილებლად მიიღებს სამუშაოს, კულტურის მინისტრისმაგვარი პირადად იზრუნებს.

 

ლეიბორისტები კვლავ აგრძელებენ პენსიონერებზე ზრუნვას (ვაღიარებ, დიდი რუდუნებით გამოსდით) და პარლამენტის ბოიკოტირებას. ”ლეიბორისტები” პენსიონერებს მანიფესტაციების გამართვისკენ მოუწოდებენ. ლეიბორისტების პოლიტიკური საბჭოს (აუფ!!!) წარმომადგენელმა, ლეილა გაფრინდაშვილმა განაცხადა, ეს ხალხი ცოდოაო და ამიტომ თავიანთი უფლებების დასაცავად მანიფესტაციები უნდა გამართონო. ეს თქვა და ატირდა -  არ გვაქვს იმდენი ფინანსები, რომ გადავიღოთ სატელევიზიო სიუჟეტები, სადაც ხალხი სიმართლეს იტყვის და პენსიონერები პრობლემებზე ისაუბრებენო.

 

ცრემლი დიაცის ლოდსატყორცნიაო - წერდა კონსტანტინე გამსახურდია. დამიჯერეთ - ცრემლი ლეიბორისტი დიაცის ბალისტიკური რაკეტაა.

 

ფული არ გვაქვსო... გააჩნია რისთვის. მაგრამ, ფული აქვთ და მთავარია - საიდან. საიდან და, ხელისუფლების უკანალიდან, ოღონდ, ეჭვი მაქვს, რომ ხახაში კი არ ჩაუყვეს ხელი, არამედ... და, არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ხელით მოხდა ეს ამბავი.

 

ლეიბორისტები აგრძელებენ პარლამენტის ბოიკოტირებას. გასულ კვირაში პარლამენტს შესაბამისი განცხადებითაც კი მიმართეს - ჩვენ არ წავიკითხავთ, და თუ რატომ არ წავიკითხავთ, ძალიან კარგად იცის თვითონ სოსომო... სოსო რა იყო - მიშამო. მიშამ მართლაც იცის, სხვებმაც იციან და ვიყოთ გულახდილნი - ყველამ იცის.

 

ბოიკოტი ქუთაისელმა მეტალურგებმაც გამოაცხადეს, მაგრამ რა - ზოგი დაიჭირეს, ზოგი სამსახურიდან გააგდეს, დარბევით კი ყველანი დაარბიეს და ყველას ასე მოუვა, ლეიბორისტების გარდა. მიშა არის კრიშა და კოჭებზე ეყრდნობა. კოჭები არიან... კოჭებშივე ეტყობათ, ვინც არიან.

 

კოჭების ამბავში. გასულ კვირაში აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი, რომან ბჟალავა აბაშის მოსახლეობას შეხვდა და, როგორც ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახური იუწყება, „ბჟალავა მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა“.

 

კოჭებშივე ეტყობოდა, რომ ასე მოხდებოდა, ანუ პრობლემებს გაეცნობოდა, გადაჭრის გზებზე ისაუბრებდა. როგორ ეტყობოდა? რამდენიმე დღით ადრე ხმა გავრცელდა, რომანოზ ბჟალავა ხე-ტყის აფერაში მონაწილეობდა და საქართველოს დატოვაო. შემდეგ, მიხელ მაჭავარიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გავრცელებული ინფორმაცია რომანოზ ბჟალავას მიერ საქართველოს დატოვების შესახებ, გუშინწინ გადავამოწმე და არაფერი ცუდი მასზე არ გამიგიაო. „ბჟალავას თავს ცუდი არაფერი ხდება და შევუთვალე, რომ უახლოეს სხდომაზე მოვიდეს“ - თქვა მაჭავარიანმა.

 

აეგ საკენკი ბებიათქვენებს დაუყარეთ, ბიჭებო, ჭაობის ჩიტებო.

 

თბილისის მერიამ კი, მორიგი საკენკი გადმოყარა - თბილისის მერია იწყებს ახალ ტელე-პროექტს - „დასაქმდი და დაასაქმე“. როგორც მეგობარ სააგენტოს თბილისის მერიიდან აცნობეს, ახალი პროექტი სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ოქტომბრიდან გავა. პროექტი „დასაქმდი და დაასაქმე“ მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას და ქალაქში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

აი, თქვე ეშმაკის ფეხებო, ვის ატყუებთ?! მეგრელმა რაჭველს შეთავაზა, კუკუდამალობანა ვითამაშოთო. ეგ როგორო - რაჭველმა კითხა და მეგრელმა - მე მოვკუკავ და შენ დამალეო.

 

აი, თქვე კუკუზნაკებო!

 

ბოლოსკენ გავდივარ... ისევ მიშა. „ჩვენ ვერავიზე დამოკიდებული ვერ ვიქნებით. ხეზე ასვლას ვერავინ ვერ გვასწავლის, იქნებ, ჩვენ თვითონ ვისწავლოთ ეს. ვისწავლით კიდეც, მაგრამ ამას უნდა დრო და დიდი განათლება” - თქვა მელია-ენაგრძელიამ.

 

ჯერ, ხიდან ჩამოდი, ბიჭო!!!

 

თ.კ.ჩ. (თუნდაც, კალბასის ჩეკივით) ...ზრდილობის დრო არ არის, ჯორჯია. ახლა სითამამის დროა, ოღონდ, გახსოვდეს, სითამამეს ტვინის განძრევა უხდება... ჩვენ ეგ ტიპი უნდა წამოვიხიოთ?..

- ხინკლის ჩეკივით, პატივცემულო მასწავლებელო, - სიმწრით გავიღიმე და გაცივებული ხელებით ჩავეჭიდე მუხლისთავებს.

(აკა მორჩილაძე, „შენი თავგადასავალი“)