წელს თხილის მოსავალი შეუდარებლად მაღალია, მაგრამ ასევე დიდია ამ ბიზნესისთვის დამახასიათებელი პრობლემები - ფასი შარშანდელთან შედარებით დიდად არ განსხვავდება, გალის მოსახლეობა კი პროდუქციის რეალიზაციას ვერ ახერხებს. ისევე როგორც ბოლო წლებში, ახლაც გალელებს თხილის ჩაბარება კვლავ ადგილზე, რეალურზე დაბალ ფასად უწევს. თხილის ე.წ. საზღვარზე გადატანის უფლება კვლავ არავის ეძლევა.
“გალის რაიონის მოსახლეობის ძირითადი შემოსავალი თხილის რეალიზაციაა, რომელსაც ისინი ადრე ზუგდიდში აბარებდნენ. ამჟამად ამის შესაძლებლობა აღარ არსებობს. თხილს ადგილზე აფხაზებთან დაახლოებული პირები შედარებით ნაკლებ ფასად იბარებენ. იშვიათად ცალკეული ოჯახები თხილის ზუგდიდის რაიონში ფარულად გადატანას ახერხებენ, თუმცა შემჩნევის შემთხვევაში მათ ეს ტვირთის საფასურის ნახევარი უჯდებათ”, - აცხადებენ გალის რაიონის სოფლების მკვიდრნი.
არადა წლეულს აფხაზეთში უხვი მოსავალია, მაგრამ გაყიდვა იქ კვლავ პრობლემაა. გალელები ამბობენ, რომ ადგილობრივები თხილის გაყიდვისგან თავს იკავებენ, რადგან მიღებული შემოსავლის გამო, შესაძლოა, ყაჩაღობის მსხვერპლი გახდნენ.
საერთოდ, წლეულს მთელ საქართველოში თხილის კარგი მოსავალი მოვიდა, ფასი კი გლეხებისთვის ხელსაყრელი მაინც და მაინც არ არის. ამჟამად 1 კგ თხილის ფასი 2,5-3 ლარის ფარგლებშია.
თხილის წლევანდელი მოსავლით გლეხები კმაყოფილი არიან. დიდი მოსავალი მიიღეს გურიაში და სამეგრელოშიც. კახეთში თხილის ნარგავები ჯერ ახალგაზრდაა, ამიტომ იქ მოწეულ მოსავალის რაიდენობასა და ხარისხზე საუბარი 2-3 წლის შემდეგ გახდება შესაძლებელი.
თურქეთში დაბალი მოსავლის გამო, წლეულს საქართველოში თხილის გასაყიდი ფასი შარშანდელთან შედარებით მაღალია, თუმცა გლეხები აღნიშნავენ, რომ ფასით უფრო ექსპორტიორები სარგებლობენ.
საქართველოდან თხილი საექსპორტოდ, ძირითადად, ევროპის ქვეყნებში გადის და ქვეყნის სასურსათო ექსპორტში 24%-იანი წილი უჭირავს. მსოფლიოში კი თხილზე მოთხოვნა ყოველწლიურად დაახლოებით 2%-ით იზრდება, მოსავლის რაოდენობა კი მოთხოვნის შესაბამისი არ არის. საქართველოს თხილის ექსპორტის მხრივ ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია უკავია და მსოფლიო ბაზრის 5% უჭირავს. ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი კი თურქეთია, ბაზარზე 75%-იანი წილით.
თხილის საექსპორტო კომპანიის დამფუძნებლის ბეგი სიორიძის თქმით, წლეულს საუკეთესო მოსავალია, რომლის მსგავსიც მას არ ახსოვს. “მთელ საქართველოში, ალბათ, 35 ათას ტონას მოვიწევთ. დღევანდელი ფასი 2,80 ლარია 1 კილოგრამზე. ეს ყველაზე ხარისხიანი თხილის ფასია და შედარებით დაბალი ხარისხის თხილი უფრო იაფიც, დაახლოებით, 2,25 ლარი ღირს.
თურქეთში წლეულს მოსავალი შედარებით ნაკლები მოვიდა, ამიტომაც ჩვენთან, უხვი მოსავლის მიუხედავად, მაღალი ფასი დადგინად. ჩვენი მოსავალი როგორიც უნდა იყოს, თხილის ფასზე გავლენას ვერ ახდენს. მსოფლიოს ფასს თურქეთი კარნახობს. ნაჭუჭიანი თხილის საექსპორტო ფასი ამჟამად 2,60-2,65 დოლარია, მაქსიმალურ ნიშნულს კი თებერვალში აღწევს. თუმცა, ძნელია განსაზღვრა, რა ზღვრამდე შეიძლება გაიზარდოს თხილის ფასი მარაგების ამოწურვამდე”, - აცხადებს სიორიძე.
2153
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85