ჯოშუა ჩაფინი “FINANCIAL TIMES”
ევროპის ქვეყნების მთავრობები ცდილობენ გაანახლონ თავიანთი ძალისხმევა და წაართვან რუსეთს ის წამყვანი როლი, რომელიც მას ევროპაში შუააზიური გაზის უზარმაზარი მარაგების მიწოდებაში უკავია.
როგორც მოსალოდნელია, ორშაბათს ევროკავშირის მინისტრები გადაწყვეტილებას მიიღებენ იმ ქმედებების შესახებ, რომელიც ბრიუსელს გადასცემს უფლებამოსილებას გაზსადენთან დაკავსირებულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები აწარმოოს აზერბაიჯანთან და თურქმენეთთან.
თუკი ამ ზომებს მოიწონებენ, ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ბლოკის 27 წევრი ქვეყანა ევროკომისიას გადასცემს უფლებამოსილებას მათი სახელით გადაწყვიტოს მესამე ქვეყნებთან ენერგეტიკულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხები.
უფლებამოსილების უპრეცედენტო გადაცემა მორიგი ნიშანია იმის, თუ რამდენად წუხს ევროკავშირი რუსეთზე დამოკიდებულებით, რომელიც მას ბუნებრივი გაზის მთლიანი მოცულობის დაახლოებით მეოთხედით ამარაგებს.
აღნიშნული პროექტი ევროკავშირის სტრატეგიის ქვაკუთხედია. პროექტის მიზანი ამ დამოკიდებულების შეწყვეტაა და ის დიდი ხნის განმავლობაში ევროკომისიის თავმჯდომარის, ჟოზე მანუელ ბაროზუს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენდა.
ევროკომისია არაფორმალურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა თურქმენეთთან ორი წლის განმავლობაში იმ იმედით, რომ დაარწმუნებდა ამ ქვეყნის მთავრობას, მისი გაზის მარაგების ნაწილი ევროპისთვის მიეწოდებინა.
თუკი ასეთი შეთანხმება მიღწეულ იქნება, ამას დასჭირდება გაზსადენის გაყვანა კასპიის ზღვის ქვეშ, რომელიც თურქმენეთს აზერბაიჯანთან დააკავშირებს. აზერბაიჯანი ევროპისთვის გაზის მიწოდებას უკვე დათანხმდა.
ტრანსკასპიური მომარაგების ხაზის მოგვარების წინა მცდელობები მარცხით დასრულდა ტერიტორიული დავების გამო, რომელიც ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის არსებობს, ასევე რუსეთის წინააღმდეგობით.
ევროკავშირის წევრი-ქვეყნები, რომლებიც ტრადიციულად ხელშეკრულებებს კრემლთან და ენერგორესურსების სხვა ექსპორტიორებთან აფორმებდნენ, დიდხანს სიფრთხილით ეკიდებოდნენ ისეთ საკითხს, როგორიც იყო ბრიუსელისთვის ენერგეტიკულ პოლიტიკასთან დაკავშირებული უფლებამოსილების გადაცემა. თუმცა, დღეს, როგორც ჩანს ისინი ამისთვის მზად არიან, რადგან თურქმენეთს, რომლის კეთილგანწყობის მოპოვებას რუსეთი და ჩინეთიც ცდილობენ, აჩვენონ, რომ ევროპა გახსნილია უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის.
ევროკავშირის ენერგეტიკის საკითხების კომისარმა გიუნტერ ეტინგერმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებას „ისტორიული“ უწოდა და დასძინა: „საბოლოო ჯამში სწორედ ევროპა, და არა ცალკე აღებული ერთი ქვეყანა, ისარგებლებს კასპიის გაზის მიწოდებით“.
თუკი ეს პროექტი განვითარდა, მან შეიძლება ესოდენ აუცილებელი მხარდაჭერა აღმოუჩინოს Nabucco-ს, 3900 კილომეტრიან გაზსადენს, რომლიც მიზანიც აზერბაიჯანიდან თურქეთის გავლით ავსტრიაში (რუსეთის გვერდის ავლით) გაზის მიწოდებაა. სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადმა „გაზპრომმა“ (რუსულმა მონოპოლისტმა გაზის ექსპორტის სფეროში) უკვე წარმოადგინა კონკურენტი გაზსადენის „სამხრეთ ნაკადის“ პროექტი.
ევროკომისიის მხარდაჭერის მიუხედავად, პროექტ Nabucco-ს ბედი, ჯერ კიდევ ბუნდოვანია, რადგან გაურკვეველია კერძოდ ის, შეძლებენ თუ არა მისი მხარდამჭერები ისეთი მოცულობის გაზის მოძიებას, რომელიც პროექტს კომერციულად სიცოცხლისუნარიანს გახდის, განსაკუთრებით მისი ამუშავების პირველ წლებში. არსებობს ვარაუდი, რომ მისი წლიური სიმძლავრე 31 მილიარდი კუბური მეტრი იქნება.
ორი ნაკლებად ძვირადღირებული პროექტი – ტრანსადრიატიკული გაზსადენი და თურქეთ-საბერძნეთ-იტალიის დამაკავშირებელი მილსადენი – ასევე ერთამანეთის მეტოქეები არიან დაახლოებით 20 მილიარდი კუბომეტრის წილზე, რომელზეც აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ამ მოცულობის გაზს ევროპის გაზის მაგისტრალების სამხრეთ დერეფნისკენ მიმართავდა.
ეს წინააღმდეგობა ძლიერდება უკიდურესი ვადის, 1 ოქტომბრის მოახლოებასთან ერთად. ამ დღემდე მხარეებმა თავიანთი სატარიფო წინადადებები უნდა წარუდგინონ კონსურციუმს, რომელიც აზერბაიჯანში შახ-დენიზის გაზის საბადოს მეორე რიგის დამუშავებაზე მუშაობს. ჯგუფმა, რომელშიც შედიან ბრიტანული ВР, ნორვეგიული Statoil, ფრანგული Total და აზერბაიჯანული Socar, გადაწყვეტილება შეიძლება წლის ბოლომდე მიიღოს.
Nabucco-ს მხარდამჭერებს მიაჩნიათ, რომ თურქმენეთიდან დამატებით 10 მილიარდი კუბომეტრი გაზი პროექტის პერსპექტივებს გააუმჯობესებს. ВР-ს მონაცემებით ეს მხოლოდ ნაწილია ამ ქვეყნის 8000 მილიარდი კუბომეტრის გაზის მარაგებიდან.
ევროკომისიის ჩინოვნიკები ფიქრობენ, რომ საბოლოო ჯამში ტრანსკასპიური მაგისტრალის საშუალებით შესაძლებელი გახდება მიწოდებების განხორციელება ამ რეგიონის სხვა ნაწილებიდანაც.
FOREIGNPRESS.GE
870
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85