"წარამარა ლენტებს რომ ჭრის ჩვენი პრეზიდენტი, ერთი ლამისყანასაც გვეწვიოს"

"აგერ ერთ კილომეტრში რუსები დგანან, მიუახლოვდები და ცხინვალში ამოყოფთ თავს..." - სოფელ თვაურებში შესვლისას გვაფრთხილებს ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები, რომელიც სოფლის დათვალიერებასა და იქაური ჭირ-ვარამის მოყოლასაც გვპირდება.

თვაურები სოფელ ლამისყანის მომიჯნავე, პატარა 60-კომლიანი ოსური დასახლებაა. მიუხედავად იმისა, რომ სოფელი რუსულ საგუშაგოსთან ასე ახლოსაა, ადგილობრივებისათვის პრობლემას არა "რუსი სალდათების შიში", არამედ წლების განმავლობაში არსებული სარწყავი არხის უქონლობა და სულ მთლად მოშლილი სავალი გზა წარმოადგენს.

"გზა და უწყლოობა, წლებია ეს არის ამ სოფლების პრობლემა. თუმცა, ახლა აგვისტოს ბოლოს სარწყავი სისტემა აამუშავეს. წელს კი გაუფუჭდა მთელ სოფელს მოსავალი, მაგრამ მომავალი წლისთვის მაინც გვაქვს იმედი, რამე მოვიყვანოთ და ხალხი შიმშილით არ ამოვწყდეთ," - გვიყვება ჩვენი გამცილებელი, ადგილობრივი პაატა კობაური.

"ვისაც 1 ჰექტრის მორწყვაზე 200 ლარის გადახდა შეუძლია, იმას ეშველა, ვისაც არა, მისთვის ისევ უწყლოობა იქნება," - გვეუბნება ერთი გლეხი, რომელსაც წელს 2 ჰექტარზე დათესილი სიმინდის ყანა მთლიანად გაფუჭებია, უწყლოობის გამო.

ლამისყანაში ჩასვლის ერთ-ერთი მიზეზი ოსური მხარის მიერ გავრცელებული ცნობები იყო: რამდენიმე კვირის წინ ქართულმა ჯარმა 60-მდე კარავი გაშალაო. სოფელში შესვლამდე, "თბილისი-ლამისყანის" სამარშრუტო ტაქსში დავიწყეთ ამბის გარკვევა.

"რა "პალატკები"?! არც თვალი მოგვიკრავს და არც გვსმენია რამე," - იყო პასუხი.

"მაგას სჯობს, სოფელს რაც აწუხებს იმაზე დაწეროთ, იქნებ ვინმემ მოგვაქციოს ყურადღება. რომ აცხადებენ, ყველგან გზას ვაკეთებთო, ჩვენ რა დავაშავეთ? აქეთ რუსი, აგერ - წლებია უწყლოობა და უმოსავლობა და აგერ კიდევ უგზოობაც. ჩვენი პრეზიდენტი საცა ანაკლიაში ჩავიდა შორტებით ლენტების გასაჭრელად, აქაც ჩამოვიდეს და გვნახოს, მაგრამ ამ გზებზე გვერდებს ხომ არ დაიმტვრევს?!" - ახლა უკვე უგზოობაზე შემოგვჩივის მეორე. სახელის შეკითხვისას, ინტრიგანები ხომ არ ხართო, შემოგვიბღვირა.

უგზო-უწყლო სოფელი რუსულ და ქართულ ბლოკ-პოსტებს შორის

ლამისყანა ისტორიული სოფელია, სადაც ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლე და მამულები ყოფილა და საიდანაც 1728 წელს დავით გურამიშვილი გაიტაცეს ლეკებმა.

გურამიშვილმა 12 დღის წვალების შემდეგ შეძლო რუსეთისკენ გაღწევა... ლამისყანიდან რუსეთამდე კი შორია, მაგრამ იქვე დაბანაკებულ რუსებამდე სულ რაღაც ერთი კოლომეტრი აშორებს.

სოფელი მდინარე ქსნის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს, კასპის რაიონიდან 16 კილომეტრის მანძილზე. სამხრეთით მას ახალგორის რაიონის სოფელი ახმაჯი ესაზღვრება. სოფლის ბოლოს, ერთი ხელის გაწვდენაზე რუსული ბლოკ-საგუშაგოა. ლამისყანა რუსებისთვის სტრატეგიული ტერიტორიაა, ის ახალგორის რაიონს ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალთან აკავშირებს. როგორც სოფელში ამბობენ, ამის გამო რუსები კარგადაც არიან მოწყობილნი, მაშინ როცა ქართული საგუშაგო სულ რაღაც ორი სახელდახელო ჯიხურია, ლამისყანის მახლობლად რუსებს 10-მდე კარავი და მშენებარე კორპუსები აქვთ საკუთარი ჯარისკაცებისთვის.

სოფელში შესვლისას თვალში გადამხმარი ყანები და მთლიანად მორღვეული, ქვიანი გზა გეცემა. წელამდე ძლივს თუ მოგწვდება სიმინდის გაყვითლებული ყანები. გზებზე ბოლომდე გატენილი სამარშრუტო ტაქსი საშინლად მიჯაყჯაყებს.

სოფლის შუაგულში, ელექტროგადამცემი ხაზის ბოძზე, ქართული დროშა ფრიალებს, იმის ნიშნად, რომ მართალია, რუსები ორ ნაბიჯში არიან, მაგრამ აქ ქართული იურისდიქცია ვრცელდება.

"აქვე ახლოს ხომ დგანან რუსები, მაგრამ შევეჩვიეთ, არაფერს გვიშავებენ. ისინი აქით არ გადმოდიან და ჩვენ - იქით და ვართ ასე. აქეთ ქართული ჯარი და იქით - რუსული, შუაში კი ჩვენ ვაგრძელებთ ცხოვრებას. წინა წლებში ყოფილა შემთხვევა, რუს ჯარისკაცს ან გზა შეშლია და მოსულა სოფელში, ან არყისთვის შემოუვლია, მაგრამ ცუდად არ მოქცეულან. სოფელი ომის დროსაც არ აუწიოკებიათ. მაღაზიაში შედიოდნენ და რუსულ რუბლებს იხდიდნენ, ოჯახებში არაყს თხოულობდნენ, წართმევით კი არავის არაფერს ართმევდნენ",- გვიყვება სოფლის ცენტრში პირველივე შემხვედრი ქალბატონი.

"არა, ისინი აქ არ ჩამოდიან. არაფერს გვერჩიან. იმათთან ჩვენ კონტაქტი არ გვაქვს... თუმცა, აი, თვაურებში სასაფლაოს ერთი ნაწილი იმათ მხარეს არის მოქცეული და მკვდრის სატირლად ვეღარ მიდიან. თუ გადახვალ, დაგიჭერენ. თვაურები და ხვითი ოსური სოფლებია, მაგრამ არც მათ უშვებენ სპეციალური პასპორტი თუ არ აქვთ. რამდენი შემთხვევა იყო, სატირლად წასული ხალხი რომ დაიჭირეს რუსებმა. ამბობენ, ახლა ახალ პასპორტებს დაარიგებენ და გადავლენ მერე მარტივადო. რა ვიცი, ასე ამბობენ. ჩვენ ხვითიდან ვართ, პატარა სოფელია, ლამისყანასთან ერთი საბჭო გვაერთიანებს," - გვეუბნეკბა მეორე ხანშისესული, ასე 55-60 წლის შავებში ჩაცმული ქალი.

"სოფელში რუსი და ოსი კი არ არის პრობლემა, არამედ - წყალი და გზა. ახლა წყალი გაგვიკეთეს, მაგრამ ამ გზას რა ეშველება, არ ვიცით. ასფალტი კომუნისტებმა რომ დააგეს, შეიჭამა, ახლა კი თქვენც ხომ ნახეთ, რას ჰგავს ჩვენი სოფლის გზა? ძლივს გაივლი. არავინ არ არის მომხედავი. ახლა, აგვისტოს ბოლოს სარწყავი არხი რომ გახსნეს სოფელში, ჩამოსულიყო ერთი პრეზიდენტი და ენახა რა გზაა სოფელში. ისედაც სოფელი კონფლიქტის ზონაა, რუსები ორ ნაბიჯში არიან და რა იქნება ჩვენმა მთავრობამ მეტი ყურადღება მოგვაქციოს?! ალბათ, გზას იმიტომ არ აკეთებენ, რუსები ამ საშინელ გზაზე ადვილად რომ არ წამოვიდნენ თბილისისკენ", - სიმწარენარევი ხუმრობით ამბობს ადგილობრივი გლეხი.

გვიყვებიან, რომ ორი წლის წინ ახალგორიდან გადაკეტილი სარწყავი არხის გამო სოფელში ხეხილის ბაღები და ბოსტნები სულ გადახმა, ბევრმა გაჩეხა კიდეც ვაშლის ბაღები.

"აქ ნაკვეთებს თუ არ მორწყავ, ისე არაფერი მოდის. მარტო ხორბალი და ქერი. დანარჩენს - სიმინდს, პომიდორს, კიტრს, ვაშლისა და ატმის ბაღებს - ყველაფერს მორწყვა სჭირდება. ვაშლის ხეები ბევრმა გაჩეხა კიდეც, ეს წლები რომ ვერ წყავდნენ. ლამისყანელები ყველაფერს თბილისელებივით ბაზარში ყიდულობენ, ნახევარი სოფელი შიმშილობს. წელს თქვეს, რომ სარწყავ სისტემას ავამუშავებთ, 4 მილიონია გამოყოფილიო", - გვიყვება ჩვენი მეორე გამცილებელი ზურა გვინდაძე: - "პირადად მე, ბანკში 25 ათასი ლარის სესხი ავიღე, 22 ჰექტარზე სიმინდი დავთესე და ამათ მოლოდინში მთლიადად გამიხმა. შეპირებულნი იყვნენ წყალი ივნისის ბოლოს უნდა მოსულიყო და აგერ 19 აგვისტომდე არ ჩართულა. ახლა გინდა გამოუშვიათ წყალი და გინდ - არა. დაგვიანებულია უკვე. სულ დახმა ყველაფერი. ადამიანი რომ მოკვდება, გააცოცხლებ?! ისეა ახლა ეგა. ჩემსავით რამდენმა იზარალა წელს."

პაატა კობაური ამბობს, რომ "როცა ახალგორიდან წყალი გადაკეტეს, სოფლის მოსახლეობას უნდოდა მათ ფულზე მოლაპარაკებოდნენ. ჩვენკენ დარჩენილ ოსებს მათთან კონტაქტი ჰქონდათ და გამორიცხული არ იყო საერთო ენა გამოგვენახა, მაგრამ პოლიტიკაო - უშიშროებამ - მანდ არავინ გაეკაროსო და დავრჩით ასე. მაშინ 1 ჰექტარის მორწყვაზე მხოლოდ 12 ლარს ვიხდიდით, შემდეგ 60 გახდა, ახლა კი ამ ახალი საქაჩით 1 ჰექტარის მორწყვა 400 ლარი ჯდება და ნახევარი მოასახლეობამ უნდა გადაიხადოს".

ახალ წყალსაქაჩის ამოქმედებას, რომელიც ქსნის წყალს 4 სოფელს მიაწვდის, ერთი ადამიანის სიცოცხლე მოყოლია.

"წყალი რომ მოვიდა, ყველას ეჩქარებოდა მორწყვა. თან ყველას ეშინოდა, ისევ არ გადაიკეტოსო. ყელში ჰქონდათ ამოსული ეს უწყლოობა და შიმშილობა. წყალი რომ დაინახეს მეზობლებაში ჩხუბი ატყდა, არა მე უნდა მოვრწყა პირველი, არა - მეო და იმერლიშვილმა დანა გაუყარა მეზობელს", - გვიყვება კობაური.

ადგილობრივებთან გასუბრების შემდგომ ახალ წყალსაქაჩსაც ვეწვიეთ.

"ორი თვე მიმდინარეობდა ამ წყალსაქაჩის მშენებლობა, 19 აგვისტოს ჩაირთო. თავიდან გათვლილი იყო, რომ 11 სოფელს ჰყოფნოდა, მაგრამ მხოლოდ 4-ს თუ გაწვდება - თვაურებს, ლამისყანას, თეზსა და ოკამს. ამ უწყლოობის გამო ორი წელია პომიდორსა და ხახვს, როგორც თბილისელები, ისე ვყიდულობდით. ორი წელია მშივრები ვართ. მიწიდან რომ წყალი გამოდის, იმით თუ ახერხებდნენ გლეხები წვალებით რაღაც ნაწილის მორწყვას, იმდენს მაინც, საკუთარ საჭმელად რომ ყოფნოდათ ბოსტნეული. წელს დაგვიანდა საქაჩის დასრულება და სიმინდი გაუფუჭდა სოფელს. ახლა მორწყვით მომავალი წლისთვის ხეხილმა კვირტი რომ გამოიღოს, მაგას თუ ეშველება", - გვიხსნის წყალსაცავზე მომუშავე ჯამბულ ხოკრიშვილი.

მისი თქმით, "ადრე არსებული სარწყავი სისტემა 35 ჰექტარს ამარაგებდა, 6,5 კბმ წყალი მოდიოდა. ახალი სისტემით, რაც ახლა გაკეთდა, ორ ნახევარი კუბმეტრი წყლის ამოქაჩვა ხდება და 11 ჰექტარს თუ ეყოფა, მეტს ვერ გაწვდება და ასე, რომ ომამდე რაც იყო, ისეთი მორწყვა სამწუხაროდ, არ იქნება." წყალსაცავის ნახვის შემდეგ თვაურების დასახლებისკენ გავწიეთ. ის სადაც ერთი კოლომეტრის მოშორებით დგანან ქართული და რუსული საგუშაგოები.

ახალი წყალსაცავისაგან გვერდაქცეული თვაურები

ლამისყანა, თვაურები, ხვითი - სამივე ეს დასახლება ერთ 1000-კომლიან სოფელ ლამისყანას ქმნის, თუმცა ადგილობრივები თვაურებსაც და ხვითსაც ცალკე სოფელს ეძახიან. სამივე სოფელს ერთი საერთო სკოლა აქვთ, დიდი და ფანჯრებზე ცელოფანგაკრული, სადაც ოსი და ქართველი ბავშვები ერთად სწავლობენ. ზოგი ბავშვი კილომეტრებს გადის, სკოლაში რომ მივიდნენ.

ქართული საგუშაგო თვაურების დასახლებაშია, სადაც ერთი გვარის - თვაურების 60-მდე ოჯახი სახლობს. შარშან რუსებმა თვაურების სასაფლაოს ნაწილი მიიტაცეს და ახლა რამდენიმე ოჯახი საკუთარი მიცვალებულის დასახედად სპეციალურ საშვს იღებს.

"ომის შემდეგ ასეა. ოსებს იქითა ნაწილში გადასვლის საშუალება აქვთ, რაღაც საბუთს აიღებენ და პრობლემა მოხსნილია. ჩვენ, ქართველები, ვინც ახალგორში არ არის ჩაწერილი, მეორე მხარეს ვერ მივდივართ. აი, ახმაჯში, ამ გვერდით სოფელშიც, ვერ წავალთ. შარშან წინ ტყეში შეშის მოსაჭრელად 8 ახალგაზდრა წავიდა და ოსებმა - ის ტყე ჩვენ გვეკუთვნის, ჩვენს საზღვარს გადმოსცდითო და 9 თვე ბიჭები ცხინვალის ციხეში ჰყავდათ ჩამწყვდეული.

"შარშან თვაურებიც დაიჭირეს. ახლობლის გასვენებაში იყვნენ ახმაჯში უსაბუთოდ გადასულები, 11 დღეში უკან გამოუშვეს. თვაურები ხომ ოსები არიან, მაგრამ საბუთები არ გაქვთო და ვერ უშველა ოსობამ," - გვიყვება პაატა კობაური.

თვაურებში მისვლისას ქართული საგუშაგოც ვნახეთ, ორიოდე პატარა ჯიხური, სამი სამხედრო და ერთი დიდი მეძებარი ძაღლი. სურათი არ გადაგვიღოთი - გაგვაფრთხილეს.

- რუსებს 10 კარავი და მშენებარე კორპუსები აქვთო, ამბობდით და თქვენ ამ ორი ჯიხურის იმედად ხართ? - ვეკითხებით ადგილობრივებს.

"ამათ იმედად კი არა, საკუთარი თავის იმედად ვართ ყველანი", - გვპასუხობს კობაური და დასძენს, რომ მთად ამ ორი "ბუტკის" იმედად არ არის სოფელი: - "ამ საგუშაგოს ხომ ხედავთ, სულ რაღაც ერთ კილომეტრში არიან რუსები. შუაში ნეიტრალური ტერიტორიაა, სადაც ოთხამდე ოსის სახლია მოქცეული და ისინი ოსებისკენ დადიან, ჩვენკენ - არა. ჩვენი ჯარი მარტო აქ არ დგას, ოძისიდან ახმაჯამდე ტყეში არის კარვები, რამდენი ეს არ ვიცით, მოფარებულში არიან".

ქართულ საგუშაგოსაგან მოშორებით, იქვე სოფლის ბირჟაზე რამდენიმე ადგილობრივს მოუყრია თავი. ყველა მათგანი გვარად თვაურია, ქართულად კარგად ლაპარაკობენ. მათთან გზა უფრო მეტად აყრილია, მიწა დიდი გორებითაა აზვინული. იქვე მთაზე ორი დიდი მილი ადის, გვეუბნებიან, რომ ამით საქაჩიდან წყალი ლამისყანის ბაღებში გადადის მოსარწყავად. ეს მიწაც ამ სამუშაოების დროს აუყრიათ და ისედაც მოშლილი სოფლის გზა უფრო დანგრეულა.

როგორ გააუბედურეს აქაურობა, ნახეთ, გზა რას ჰგავს?! - პირველი ამას გვეუბნებიან თვაურები.

"წყლებს ვაკეთებთო, გაიყვანეს "ტრუბა", გზა გააუბედურეს და დატოვეს. ეს პრობლემა არ არის? ან, რა არის გაკეთებული? სარწყავი არხი ლამისყანისთვის გაიყვანეს, ჩვენი სოფლის გზა მიანგრ-მოანგრიეს და ჩვენ კი უწყლოდ დაგვტოვეს. წყალი სხვას გაუყვანეს, ჩვენ კი არა", - ამბობს ერთ-ერთი თვაური.

- თქვენ რატომ არ მოგცეს წყალი? - თვაურებს ვეკითხებით.

- "რა ვიცი, რატომ? ეს წყალი ქვევით მიდის, ჩვენი ნაკვეთები კი მაღალზეა. ორი "ტრუბა" დაემატებინათ და ჩვენს ნაკვეთებზეც ამოვიდოდა, მეტი არაფერი უნდოდა, მაგრამ ალბათ მერე თავად არაფერი დარჩებოდათ შესაჭმელი. პროექტში არ ეწერაო. გამგებელი კი არა, გაუმგებავი გვყავს," - გაბრაზებული ამბობს მეორე.

"ამ ახალ საქაჩამდე ჩვენს მიწებს ვრწყავდით. ქსანი, თვითდინებით რაც მოდიოდა, ჩვენი ნაკვეთებისთვის მეტ-ნაკლებად გვყოფნიდა. ახლა გვეუბნებიან რწყვები რომ მორჩება, დავბრუნდებით და თქვენსასაც გავაკეთებთო.

"არავინ ჩამოდის ჩვენთან ევროკავშირის დამკვირვებლების მეტი. ისინიც რატომ მოდიან, ვერ ვხვდებით, საწვავი უფასო აქვთ ალბათ და დადიან რა... მე რა უნდა გამიკეთონ, როცა ამდენი წელია ამ მინგრეულ გზაზე დადიან და არ წუხდებიან. სადმე მაინც თქვან, მათ სიტყვას მეტ წონა ექნება", - საუბარში სხვებიც ერთვებიან.

"ჩვენ კი ვლაპარაკობთ, მაგრამ დაწერ კი ამას? აქ მოსული ბევრი გვინახავს, მაგრამ შემდეგ თბილისში სხვანაირად ყვებიან - ყველაფერი კარგად არის, ხალხი ბედნიერიაო. თქვენც ასე დაწერთ, ალბათ", - მედიის მისამათრითაც ისმის საყვედურები.