ბზარაშვილების გათავისუფლებას ცხინვალი აჭიანურებს

ბზარაშვილების გათავისუფლებას ცხინვალი აჭიანურებს

[რეზონანსი  მარი ოთარაშვილი]


"მათ ჯერჯერობით არ გაათავისუფლებენ. ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება. ბზარაშვილებს ბრალად ედებათ სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა და იარაღის უკანონო ტარება-შენახვა", - განუცხადა "რეზონანსს" აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით კომპეტენტურმა პირმა ცხინვალიდან. ოსური მხარის მიერ დაკავებული ბზარაშვილების საკითხი გუშინ დვანში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს. თუმცა დაკავებულების გათავისუფლება იმის გამო, რომ მათ იარაღი (სანადირო თოფები) ჰქონდათ, ამჯერად ვერ მოხერხდა.

შეხვედრის დაწყებამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა: "ჯერჯერობით ბზარაშვილების თაობაზე ახალი ინფორმაცია არ გვაქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ საკითხს აუცილებლად განვიხილავთ ხვალინდელ შეხვედრაზე".

გორის რაიონის სოფელ წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ოსმა სამართალდამცავებმა სამი ახალგაზრდა, ძმები 21 და 23 წლის შოთა და გიგა ბზარაშვილები და მათი ბიძა, 33 წლის ელიზბარ ბზარაშვილი დააკავეს. დაკავებულებს ბრალი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ედებათ. როგორც ერთ-ერთი მათგანის მეუღლე ანა ბზარაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, ისინი სანადიროდ სახლიდან 22 აგვისტოს გავიდნენ.

ანა ბზარაშვილი: "სანადიროდ გავიდნენ გორის რაიონის სოფელ წითელუბანში. წინა წელსაც იყვნენ აქ სანადიროდ. 21 აგვისტოს დილის 6-ის ნახევარზე ჩემი მეუღლის ავტომანქანით გავიდნენ. თან ჰქონდათ 3 თოფი და ჰყავდათ 2 მონადირე ძაღლი. ზუსტად არ ვიცი, რატომ მოხდა მათი დაკავება, რადგან ჩვენი და მათი საზღვარი ზუსტად გაყოფილი არც არის. შეიძლება, შემთხვევით მოუვიდათ საზღვრის უკანონო გადაკვეთა. ზუსტად ვერაფერს გეტყვით".

ცხინვალში მოღვაწე ოსმა უფლებადამცველმა ლირა ცხოვრებოვამ განგვიცხადა, რომ დაკავებულები ამ დროისთვის ცხინვალის იზოლატორიაში იმყოფებიან, მათ ოსი სამართალდამცავები ზრდილობიანად ეპყრობიან და მიმდინარეობს გამოძიება.

ლირა ცხოვრებოვა: "ამ დაკავებულების შესახებ ჩემთვის ცნობილია ის, რომ ისინი სანადიროდ იმყოფებოდნენ და ნადირობისას გადაკვეთეს საზღვარი. როდის გაათავისუფლებენ მათ, ეს ჩემთვის ამ ეტაპზე უცნობია. თუმცა შემიძლია გითხრათ ის, რომ მათ ოსი სამართალდამცავები კარგად ექცევიან და ნორმალურ პირობებში არიან".

როგორც ცნობილია, საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებები ადამინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერუტორიებზე ხშირია. ასეთ შემთხვევაში ოსი დე ფაქტო სამართალდამცავები დაკავებულებს პირობით სასჯელს უფარდებენ და დაახლოებით 1, მაქსიმუმ 2 კვირის შემდეგ უშვებენ.

როგორც "რეზონანსმა" ცხინვალიდან შეიტყო, ბზარაშვილების შემთხვევაში შესაძლებელია სიტუაცია გართულდეს, რადგან მათ თან იარაღი (სანადირო თოფები) ჰქონდათ.

"მათ ჯერჯერობით არ გაათავისუფლებენ. ამ დროისათვის მიმდინარეობს გამოძიება. ბზარაშვილებს ბრალად ედებათ სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა და იარაღის უკანონო ტარება-შენახვა", - განუცხადა "რეზონანსს" აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით კომპეტენტურმა პირმა ცხინვალიდან.

რადიო "თავისუფლების" ინფორმაციით, გუშინ დვანში მხარეთა შეხვედრა 3 საათს გაგრძელდა. როგორც მერაბ ჩიგოევმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, დაკავებულების გათავისუფლება ჯერ არ იგეგმება, რადგან ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს გამოძიება. რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტმა გოგა აფციაურმა, რომელიც გუშინ დვანში იმყოფებოდა, ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ოსურ მხარეში ჯერ კიდევ მიმდინარეობს განხილვა იმისა, როგორ გადაწყდება ბზარაშვილების საკითხი. როგორც ზემოთ აღინიშნა, რამდენადაც ბზარაშვილებს იარაღი ჰქონდათ, მათი გათავისუფლების საკითხი ამიტომაც ჭიანურდება. ჟურნალისტის თქმით, შეხვედრისას განწყობა ისეთი იყო, რომ ბზარაშვილების საქმე მათი გათავისუფლებით დამთავრდება თუმცა როდის, ეს ამ დრომდე უცნობია.