[რეზონანსი ლილი ხმალაძე]
ადგილობრივი არასამთავრობოების მონაცემებით, საქართველოში პოლიტპატიმრების რიცხვი, გაზაფხულის საპროტესტო აქციების შემდეგ, 100-მდე გაიზარდა. იურისტი გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ ძირითადად მათ ბრალად იარაღის ან ნარკოტიკული ნივთიერებების ტარება-შენახვა ან პოლიციასთან დაპირისპირება ედებათ.
"კონსერვატორ" ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, დღეს პოლიტპატიმრების რიცხვი, საერთო ჯამში, 100-ზე მეტია და ზოგადად ქვეყანაში მათი არსებობა საერთაშორისო ორგანიზაციების, მაგალითად, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის მიერაა აღიარებული.
ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, გაზაფხულის საპროტესტო აქციების შემდეგ დაკავებულთა შესახებ მონაცემები და მათი სტატუსი ადგილობრივი არასამთავრობოების მიერ არის აღიარებული, რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათთან მუშაობა მიმდინარეობს და ამ საკითხების განხილვას დრო სჭირდება.
"გაზაფხულის მოვლენების დროს 500-მდე პირი იყო დაკავებული, აქედან 100-ზე მეტი ადმინისტრაციული წესით გაასამართლეს. როდესაც პოლიტიპატიმრებზეა საუბარი, ძირითადად ეს ეხებათ სისხლის სამართლის წესით გასამართლებულ ადამიანებს. უმრავლესობა იყო ადმინისტრაციული წესით გასამართლებული. იმ პერიოდში, როდესაც ისხდნენ, რა თქმა, უნდა, ისინი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულებად ითვლებოდნენ ადგილობრივი არასამთავრობოების მიერ. დრო სჭრიდება ამას, რომ ეს თემა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ეს განიხილონ. რაც შეეხება სისხლის სამართლის წესით გასამართლებულებს, რამდენიმე ათეულ ადამიანს, ამ ეტაპზე არის საუბარი, რომ ისინი არიან პოლიტპატიმრები. ძირითადად ან იარაღი ან ნარკოტიკი აქვთ ჩადებული, ან ბრალად პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა ედებათ. ამათში ვგულისხმობ მათ, ვინც გაზაფხულის მოვლენების შემდეგ არის დაკავებული.
მაგალითად, ბათუმში, აქციაზე, 8 ადამიანია დაკავებული. საჭიროა მუშაობა, რომ დავარწმუნოთ საეთაშორისო საზოგადოება, რომ ისინი არაინ პოლიტიკურიპატიმრები, და ა. შ. ადგილობრივი არასამთავრობოები სწავლობენ ამ საკითხებს, მასალები მოდის სპეციალურ კომისიაში, სადაც ვეცნობით საქმეს, ვისმენთ მათ არგუმენტებს, ვიხილავთ საქმეებს. გვაქვს კონტაქტები საერთაშორისო ორგანიზაციის ადვოკატებთან და ვაცნობთ მათ ამ საქმეებს. ვინც საპროცესო შეთანხმებები გააფორმა, მათი საკითხი აღარ განიხილება, რადგან საპროცესო შეთანხმება უკვე დანაშაულის აღიარებას ნიშნავს. დღესდღეობით, დაახლოებით, 100-მდე პოლიტიკური პატიმარია. ეს მაჩვენებელი მუდმივად იცვლება. ზოგი გამოდის ციხიდან, ზოგი მერე დაიჭირეს და ა. შ. აქედან დაახლოებით ნახევარი, 40% მაინც გაზაფხულის მოვლენების შემდეგ არის დაკავებული", - ამბობს გელა ნიკოლაშვილი.
"კონსერვატორი" ლაშა ჩხარტიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკური პატიმრების არსებობა საქართველოში არის უმთავრესი დასტური იმისა, რომ ქვეყანაში არის ავტორიტარიზმი.
"ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არსებობა აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების, მაგალითად, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის მიერ, ასევე არასამთავრობოების მიერ შექმნილი კომისიის მხრიდან. წლევანდელი ზაფხული ძალიან მწვავე იყო პოლიტიკური დაპატიმრებების კუთხით, რადგან მაისში იყო საპროტესტო აქციები. გამძაფრდა შემოტევა იმ ადამიანებზე, რომლებიც არიან პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტები. მაისის აქციებამდე, საქართველოში არასამთვარობოების სამუშაო ჯგუფის მიერ 60-მდე პოლიტიკური პატიმარი იყო აღიარებული. ახლა მათი რიცხვი 100-სს აჭარბებს, რაც ძალიან დიდი რაოდენობაა. შეგახსნეებთ, რომ კუბაში, რომელიც საერთაშორისო ზეწოლის საგანი გახდა, 60-მდე პოლიტიკურ პატიმარზე იყო საუბარი. სხვათაშორის, ნარკოტიკების ჩადება - ეს ძველი მეთოდი ისევ განაახლა საქართველოს ხელისუფლებამ.
ბოლო დროს განსაკუთრებით გახშირდა ასეთი ფაქტები. ავიღოთ თუნდაც კაკი დარასელია, შოთა იამანიძე, რომლებიც აქტიურობდნენ საპროტესტო აქციების დროს და რომლებსაც ნარკოტიკული ნივთიერებები ამოუღეს. ჩვენი ინფორმაციით, მაისის აქციების შემდეგ ნარკოტიკების "ჩადებით" 60-მდე პირია დაკავებული", - ამბობს ჩხარტიშვილი.
რამდენი ადამიანი და რა ბრალდებით იხდის სასჯელს, რომლებიც გაზაფხულის მოვლენების დროს ან მის შემდგომ დააკავეს და რამდენი მათგანი გაათავისუფლეს, ამ ინფორმაციის მოძიება სასჯელაღსრულების სამინისტროსგან ვერ მოხერხდა. ორი დღის მცდელობის მიუხედავად შეუძლებელი აღმოჩნდა მათთან დაკავშირება.
ჩხარტიშვილის თქმით, პოლიტიკური ნიშნით დააკავეს გაზეთ "აი-ია"-ს გამომცემელი ზურაბ ხუციშვილიც.
შეგახსენებთ, რომ ოფიციალური ინფორმაციით, ხუციშვილი სოდის თანამშრომლებმა 2011 წლის 21 ივლისს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერება ჰერონის ტარება-შენახვის ბრალდებით დააკავეს, რომელიც მას ჩხრეკისას ამოუღეს.
"ის არის პოლიტიკური პატიმარი, რადგან მას ჩაუდეს ნარკოტიკი. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს შემდეგი დეტალები: არც ერთი მოწმე არ ესწრებოდა ჩხრეკას და იმ ნარკოტიკების "ამოღებას". გამოძიება უარს ამბობს იმ ვიდეო მასალის ამოღებაზე, რომელიც ქუჩის კამერით იყო გადაღებული. თავად შსს-ს თანამშრომლებს არ გადაუღიათ ეს დაკავება, ყოველ შემთხვევაში, ამ მასალას მალავენ. ყველა ეს ფაქტი და კიდევ თავად ხუციშვილის წინა პერიოდის საქმიანობა, ასევე მასზე არსებული ზეწოლა ადასტურებს იმას, რომ ის პოლიტიკური პატიმარია და არა - დამნაშავე.
ხუციშვილზე ზეწოლა დაკავებამდე თვეების მანძილზე გრძელდებოდა. რამდენიმე კვირით ადრე, ბორჯომში საკუთარ მანქანაში ხმამაღალი ლაპარაკისთვის დააკავეს და დააჯარიმეს, გარდა ამისა, მას სახლში უვარდებოდნენ "ინკასატორების" სახელით პოლიციის წარმომადგენლები. როდესაც იქ მივიდნენ მედიისა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დატოვეს ტერიტორია პოლიციელებმა და გაიქცნენ. დადასტურდა, რომ ისინი "ინკასატორები" ნამდვილად არ იყვენენ. ზურაბ ხუციშვილის საქმიანობა უკავშირდება საგანმანათლებლო სფეროს, "აი იაში" პოლიტიკურ საკითხებზე საგანმანათლებლო კუთხით იწერებოდა. ამ ხელისუფლებას არ ჭრიდება განათლებული საზოგადოება, რომელსაც აქვს უნარი, იმსჯელოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე და ჰქონდეს შესაბამისი განათლება.
მეორე მხრივ, ზურაბ ხუციშვილი იყო ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრი, ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობისას ახალციხის პრეფექტი. მას აქვს ძალიან კარგი სახელი ამ რაიონში, გარდა ამისა, მონაწილეობდა სხვადასხვა საპროტესტო აქციებში 2009 წლესაც და შემდგომშიც, იყო გამომცემელი და ჰქონდა კარგი ურთიერთოები ახალციხის რაიონში, საიდანაც წარმოშობით ვანო მერაბიშვილია და რომელსაც მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ვერ იტანს, რადგან საკუთარი ნათესავების გარდა ცუდის მეტი არავისთვის გაუკეთებია", - ამბობს ჩხარტიშვილი.
მისი თქმით, თანაგუნდელებთან ერთად აქტიურად მონაწილეობს ზურაბ ხუციშვილის დაცვაში სამართლებრივი კუთხით. ასევე გეგმავენ გარკვეულ საჯარო ღონისძიებებს არა მხოლოდ ხუციშვილის, არამედ "საერთოდ პოლიტიკურ პატიმრებთან მიმართებაში".
ზურაბ ხუციშვილის საქმესთან დაკავებასთან დაკავშირებით რაიმე სპეცალური განცხადება არ გაუვრცელებია შსს-ს. საქმის დეტალებზე სასაუბროდ კი მათთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა.