ხომ არ ამცირებს რუსეთის მსო-ში გაწევრიანების შანსებს ობამას „გადატვირთვა“?

ხომ არ ამცირებს რუსეთის მსო-ში გაწევრიანების შანსებს ობამას „გადატვირთვა“?

[Commentary  სეთ მანდელი]

ობამას ადმინისტრაციის რუსეთთან „გადატვირთვის“ პოლიტიკის ერთ-ერთი წინასწარ დაუგეგმავი შედეგი ის არის, რომ მან, როგორც სჩანს კიდევ უფრო გაართულა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების (მსო) საკითხი, ხოლო თავად გაწევრიანების შანსები კიდევ უფრო შეამცირა, ვიდრე ეს დასაწყისში ჩანდა. იმის გამო, რომ საქართველოს რუსეთის მსო-ში გაწევრიანების დაბლოკვა შეუძლია, ის ამ შანსს უპირატესობად იყენებს იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული სასაზღვრო და სავაჭრო კონფლიქტები გადაწყვიტოს


ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლების ლოდი რუსეთის უარია აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი სამხრეთ-ოსეთთან და აფხაზეთთან – საქართველოს საზღვრებში შემავალ ორ რეგიონთან მიმართებაში, რომლებსაც რუსეთი დამოუკიდებელ მოკავშირეებად განიხილავს (ეს რეგიონები გახდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მიზეზიც). ობამას ადმინისტრაციამ, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის „გადატვირთვას“ ჩქარობს, მოსკოვს არ სთხოვა საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა. ამან რუსეთი გაამხნევა, რამაც თავის მხრივ აიძულა საქართველო მსო-ში გაწევრიანების საკითხზე გაჯიუტებულიყო, რადგან ამ საკითხში ის აშშ-ს ვერ დაეყრდნობა და როგორც სააგენტო Bloomberg იუწყება, რუსეთი დღემდე სთხოვს შვეიცარიას საქართველო მოლაპარაკებების მაგიდასთან დააბრუნოს:

„შვეიცარიამ, ნეიტრალურმა ქვეყანამ 1815 წლიდან და იმ ადგილმა, რომელსაც თავს აფარებდნენ რუსული რევოლუციის მამა ვლადიმერ ლენინი და საბჭოთა დისიდენტი მწერალი ალექსანდრე სოლჟენიცინი, მსო-ში გაწევრიანების საკითხზე რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებებში შუამავლის როლი მარტის შემდეგ ოთხჯერ ითამაშა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სერგი კაპანაძის თქმით, უახლოესი შეხვედრა ჟენევაში 12 სექტემბრისთვის იგეგმება. ის რომ ეს ქვეყანა არ არის ისეთი ბლოკების წევრი, როგორებიცაა ევროკავშირი და ნატო, რუსების თვალში მას მეტ წონას და ლეგიტიმურობას სძენს“.

„შვეიცარიის ნეიტრალიტეტი და ის, რომ ის ევროკავშირის და ნატო-ს წევრი არ არის – უზარმაზარი უპირატესობაა, რადგან ასეთ შემთხვევაში არ იქმნება არანაირი საიდუმლო დღის წესრიგი“ – აღნიშნავს დენიელ უორნერი, შეიარაღებულ ძალთა დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის დირექტორის თანაშემწე – „მათთვის ამაში პრესტიჟის გარდა არაფერია“.

მაგრამ ამ პრესტიჟმა პროცესის განსაკუთრებულ წინსვლას ხელი ვერ შეუწყო. საქართველო საკუთარ (საკმაოდ დასაბუთებულ) მოთხოვნებს იმეორებს, ხოლო რუსეთის პასუხი ამაზე მისი საფირმო ხმაური და მუქარებია:

„მსო-ში გაწევრიანების ფასად რუსეთი საქართველოსთან არანაირ გარიგებებზე არ წავა“ – განაცხადა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა, პირველმა რუსმა სახელმწიფოს მეთაურმა, რომელიც შვეიცარიას სტუმრობდა, 4 აგვისტოს ქართველ და რუს მაუწყებლებთან ინტერვიუში – „მსო-ში გაწევრიანების საკითხი არ არის ის ფასი, რომლის გადახდაც ღირს“ – განაცხადა მან.

და რატომ უნდა მოილაპარაკონ მათ? ობამას ადმინისტრაცია სულ უფრო ასუსტებს ჩვენი მოკავშირეების მხარდაჭერას რუსეთის ახლო საზღვარგარეთში, სადაც საქართველო შედის. რუსეთს უდაოდ სჯერა, რომ დრო საბოლოო ჯამში მასზე მუშაობს იმ საკითხში, რასაც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება ჰქვია, მაგრამ სანამ აშშ ისე იქცევა, რომ საქართველო თავს სულ უფრო იზოლირებულად გრძნობს, ქართველები სავარაუდოდ გავლენის იმ ბერკეტზე, რომელიც მათ რუსეთთან მიმართებაში აქვთ, ხისტ კონტროლს შეინარჩუნებენ.

foreignpress