აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი ბაღაფშის პოლიტიკას გააგრძელებს – ეს არის ყველაზე გავრცელებული პროგნოზი, რომელსაც ეთანხმება თითქმის ყველა ექსპერტი როგორც თავად აფხაზეთში, ასევე რუსეთსა და საქართველოში. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, წინა საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ასახელებდნენ ბაღაფშს ანქვაბის მიერ შექმნილ კაცად, რომელსაც მხოლოდ მარიონეტის როლი უნდა შეესრულებინა დეფაქტო პრეზიდენტის სტატუსით, რადგან რეალურად აფხაზეთი ანქვაბის ხელში აღმოჩნდებოდა.
მართლაც, ბაღაფშის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, 2007 წლის აფხაზეთის დეფაქტო პარლამენტის არჩევნების შედეგად საკანონმდებლო ორგანო თითქმის მთლიანად ანქვაბის კადრებით დაკომპლექტდა – ესენი იყვნენ მოძრაობა „ერთიანი აფხაზეთის“ წარმომადგენლები. მოძრაობაში ორი პარტია იყო გაერთიანებული: „აიტაირა “ და აფცახარა“. მაშინ ანქვაბისა და ბაღაფშის მომხრედ ითვლებოდა ოპოზიციურად აღიარებული მეორე მთავარი პოლიტიკური ძალა „სახალხო ერთობის ფორუმიც“, რომლის მთავარ ბირთვს შეადგენდა სერგეი შამბას სოციალურ–დემოკრატიული პარტია. მაშინ შამბასა და მის პარტიაზე ხშირად გამოითქმებოდა აზრი, რომ მათ არჩეული აქვთ ორმაგი მოთამაშის პოზიცია, შუალედური, გაწონასწორებული. ეს პოზიცია შამბას დაეხმარა ხელისუფლებაში მაღალი თანამდებობის შენარჩუნებაში. ფორუმს რადიკალური ოპოზიციის იმიჯს განუმტკიცებდა მხოლოდ მასთან რაულ ხაჯიმბას დაახლოება
მაშინ ალექსანდრე ანქვაბმა საუკეთესო გამოსავალი იპოვა ძალაუფლების ფაქტობრივი მოხვეჭვისთვის. ჩრდილში გადასვლა და თავისი კაცის ზურგს უკან აფხაზეთის პირველ პირად დაბრძანება ერთადერთი გამოსავალი იყო, რადგან ოპოზიცია არ ებრძოდა ბაღაფშს, ებრძოდა ანქვაბს. ბაღაფშით ანქვაბი მასთან დაპირისპირებულებს ათვინიერებდა. მაშინ აფხაზეთში ჯერ კიდევ ძლიერი იყო არძინბას მიმართ ფეტიში, არძინბას კი ანქვაბი ძალიან ბევრ პრობლემას უქმნიდა, მეტოქედ მიიჩნევდა. ანქვაბი, რომელიც აფხაზეთის ომის დროს შინაგან საქმეთა მინისტრად მუშაობდა, ომის შემდეგ მოსკოვში წავიდა, იქიდან შექმნა და დააფინანსა არძინბას ოპოზიცია.
რა თქმა უნდა, მაშინაც ისევე სწყუროდა პრეზიდენტობა, როგოსც მოგვიანებით, თავისი კაცის – ბაღაფშის გარდაცვალების შემდეგ მოსწყურდა. მაგრამ მაშინ ცბიერმა და ინტრიგებში გაწვრთნილმა არძინბამ სწორედ ანქვაბის ამ ჩანაფიქრის წინააღმდეგ შექმნა კანონი, რომლის მიხედვით, პრეზიდენტობის კანდიდატს აფხაზეთში უნდა ეცხოვრა ბოლო 5 წლის განმავლობაში. არძინბას რომ ეგონა, ამ კანონით შეაკვეცა ფრთები ანქვაბის პრეზიდენტობაზე ოცნებას, სინამდვილეში საქმე სხვაგვარად იყო – ანქვაბმა ფრთები მხოლოდ დამალა და წინ, როგორც უკვე ვთქვით, ბაღაფში აიფარა. არ დაიშურა ფინანსები და კავშირები თავისი კაცის პრეზიდენტად გასაყვანად. არავინ იცის, როდემდე მოუწევდა ანქვაბს აფხაზეთში მეორე კაცად დარჩენა, დროზე რომ არ წამოშველებოდა ბაღაფშის მეტად უცნაური სიკვდილი.
არსებობს ერთი საინტერესო პარადოქსი – ანქვაბი არის აფხაზი პოლიტიკოსი, რომელსაც რამდენიმე ტერორისტული აქტი მოუწყვეს საკუთარ ქვეყანაში. დღემდე არ არის დადგენილი, ვინ იდგა ამ ტერაქტების უკან: ქართული მხარე, როგორც თავად ანქვაბის წრე ვარაუდობდა, ფინანსური წრეები, რომლებსაც სურდათ მის მიერ მართული რუსული ივესტიციების ხელში ჩაგდება თუ თავად ის ოპოზიცია, რომელიც დღემდე არ მალავს სიძულვილს ანქვაბის მიმართ და მაინც მასვე აძლევს საარჩევნო ხმებს.
მაგრამ ანქვაბმა იცის იდუმალებით მოსილი ცხოვრების ფასი. ის ამ მხრივ ყველაზე საინტერესო პოლიტიკოსად ითვლება ენგურს გადაღმა. მისი პოლიტიკური კარიერა ძალიან შორიდან იწყება – თავის დროზე, კომუნისტურ პარტიაში მოღვაწეობის დროს, ანქვაბი სოხუმში ყველაზე გამოჩენილ კაცად ითვლებოდა. იგი სოხუმიდან თბილისში შევარდნაძემ გადმოიყვანა და თავის წრეში შეიყვანა, როგორც ყველაზე სანდო აფხაზი კადრი. იგი საქართველოს ცენტრალურ კომიტეტში ცნობილი იყო, როგორც ერთ–ერთი ყველაზე მკაცრი და დისციპლინის მიმდევარი მუშაკი. ის შინაგან საქმეთა სამინისტროს შტაბის უფროსიც იყო.
თუმცა აღნიშნავენ, რომ მაშინ შევარდნაძეს ასეთივე განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ბაღაფშის მიმართაც, რომელიც მაშინ ოჩამჩირის რაიკომის პირველ მდივნად მუშაობდა. მაგრამ შევარდნაძემ საბოლოო არჩევანი მაინც ანქვაბზე გააკეთა. ეს ალბათ იმით იყო განპირობებული, რომ ბორის ადლეიბა, მთავარი აფხაზი შევარდნაძის ხელისუფლებაში, სწყალობდა ანქვაბს და არა ბაღაფშს. თანაც, ბაღაფშის ღია და კომუნიკაციურ მეთოდებს შევარდნაძემ ამჯობინა ანქვაბის მკაცრი ხელი, მის წინაშე თანამშრომლების მოკრძალება და შიში, სიტუაციის მართვის უნარი. ის თბილისში არავის ესაუბრებოდა ქართულად, თუმცა ქართული იცოდა, არც არავის აძლევდა უფლებას, მასთან ქართულად ესაუბრათ. მისი საკომუნიკაციო ენა იყო რუსული. ყოველთვის ახერხებდა თავისი აფხაზობისთვის ხაზგასმას.
მან თბილისი 90–იან წლებში დატოვა. ეს გააკეთა პროტესტის ნიშნად, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის პრესტიჟულ უბანში ცხოვრობდა, არც დაფიქრებულა, ისე წავიდა. თავისი ოთხოთახიანი ბინა ქართველ მეგობარს ჩააბარა და ოჯახით სოხუმში დაბრუნდა. სოხუმში დაბრუნებულმა, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ლომინაძე შეცვალა. ეს ცვლილებაც შევარდნაძის რეკომენდაციით მოხდა.
საინტერესოა, რომ პირველი ბზარი ანქვაბსა და არძინბას შორის ომის გარიჟრაჟზე და ომის თემაზე გაჩნდა. ანქვაბი ქართველებთან ომის წინააღმდეგი იყო. ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ ის არ იყო აფხაზეთის დამოუკიდებლობის მომხრე. ის ომს დამანგრევლად მიიჩნევდა თავად აფხაზებისთვის და არძინბას უპირისპირდრბოდა ომის პროვოცირების გამო. რადგან არძინბას გარემოცვა დაუპირისპირდა, მან მოსკოვში თავის გარიდება არჩია. იქ საკმაოდ წარმატებული ბიზნესი წამოიწყო და აფხაზურ პოლიტიკაში დაბრუნება ამ გზით შეძლო. უდავოდ შეიძლება ითქვას, რო ანქვაბი, რომელსაც თითქმის 20 წელი დასჭირდა პრეზიდენტობისთვის ლოდინი, ომის ფიგურა არასდროს ყოფილა.
არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეალობა, რომელმაც ასევე ანქვაბის სასარგებლოდ იმუშავა – ეს იყო დიდი განხეთქილება თავად არძინბას გარემოცვაში, რაც დაახლოებით 1998 წლის შემდეგ დაიწყო. არძინბას დასაყრდენი ძალა ნელ–ნელა ეცლებოდა ხელიდან. მათ ერთმანეთის ჭამა დაიწყეს. აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის მოგვარე ზურაბ, აკა და ლევან არძინბები ფიზიკურად გაანადგურეს, მანამდე ლევან არძინბა, რომელიც ბესიკ ჯონუასთან ერთად იარაღის ძირითადი შემომტანი იყო აფხაზეთში, 2000–იანი წლების დასაწყისში ქართველებთან იწყებს კონტაქტს. მას მეუღლე თბილისელი ქართველი ჰყავდა, თუმცა ამას არ შეუშლია ხელი, ომის სათავეებთან ვლადისლავ არძინბას ყველაზე ერთგულად და მყარად დასდგომოდა გვერდით. მაგრამ ომის შედეგებმა მას საქართველოსკენ შემობრუნება აიძულა – 1998 წელს მისი ინიციატივით მოეწყო მოსკოვში ზურაბ ჟვანიას შეხვედრა აფხაზ ბიზნესმენებთან, 2000 წელს რამდენიმე ქართველი პოლიტიკოსი მიიწვია გუდაუთაში.
აკა არძინბა და ლევან არძინბა ერთმანეთის მიყოლებით დახოცეს – ერთი მოსკოვში, მეორე გუდაუთაში. 2006 წელს მოკლეს ბესიკ ჯონუაც. არძინბას გუნდიდან ამ ფიგურების გაყვანა ამავე გუნდში მყოფ რაულ ხაჯიმბას პოზიციებს შესაშურად ამაგრებდა. ამავე პერიოდში ხდებოდა თავდასხმები ანქვაბზე, რომლის პიველ ნომერ მტრად ასევე რაულ ხაჯიმბა სახელდებოდა. თუმცა, სწორედ, ანქვაბი იყო ერთადერთი მოწინააღმდეგე, რომელიც ხაჯიმბამ დღემდე ვერ მოიშორა თავიდან.
ანქვაბის დაუმარცხებლობის ერთ–ერთ მიზეზად მის რკინის წარსულს ასახელებენ. ანქვაბს არასდროს დაუმალავს, რომ ეს ძალა მას კომუნისტურ პარტიაში მრავალწლიანმა მოღვაწეობამ მისცა. არავინ იცის, იხსენებს თუ არა ამ მხრივ თავისი ქართველი მამის, ედუარდ შევარდნაძის, დამსახურებასაც, რომელმაც აფხაზებს ყველაზე ცნობილი „ეროვნული“ კადრები აჩუქა.