გოგა ხაინდრავა: რურუა არის პრიმიტიული მკვლელი

გოგა ხაინდრავა: რურუა არის პრიმიტიული მკვლელი

ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, რეჟისორ გოგა ხაინდრავას თავისი შეფასებები აქვს შემოდგომაზე დაგეგმილ ე.წ. ქუჩის აქციებთან დაკავშირებით. მისი აზრით, ოპოზიციის რესურსებზე მეტად მნიშვნელოვანია, თუ რა რესურსი აქვს თავად ქართულ საზოგადოებას; იმ საზოგადოებას, რომელმაც ბოლო დროს   ხელისუფლებისგან კიდევ ერთი მორიგი შეტევა განიცადა, რაც ქართველი ერის ქართული კულტურისგან მოწყვეტის მცდელობაში გამოიხატა. „პრესაგე.ტვ“ ესაუბრა გოგა ხაინდრავას.  

როგორია თქვენეული შეფასება ბოლო დროს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით? 

- ახლა აქვთ მცდელობა, რომ ქართული საზოგადოება მოწყვიტონ ქართულ კულტურას. ეს არის უნიჭოების ბრძოლა ნიჭიერებთან, ეს არის გაუბედავების ბრძოლა გაბედულებთან, ეს არის არარაობების ბრძოლა ისტორიასთან. ხალხი რომ ძეგლებთან და საკუთარ ჩრდილებთან ბრძოლას დაიწყებს, როგორც ეს გორში ვიხილეთ, როცა საკუთარ ჩრდილს გაურბოდნენ, ეს ხალხი გენიოსი ქართველების დიდებას რას დააკლებენ?!

თუნდაც რობერტ სტურუას მაგალითი ავიღოთ. იგი არის საქართველოს თანამედროვე, უკვე შემდგარი ისტორია. ეს არის მთელი ეპოქა, ეპოქასთან ბრძოლა კი უგუნურთა და უნიჭოთა ხვედრია. მე ვფიქრობ, აქ ყველაზე მნიშვნელოვანია საზოგადოების რეაქცია, რადგან რობერტ სტურუას და ამ ეპოქას, ამ თეატრს ქართველ ხალხს ართმევენ. თორემ სტურუას ვერაფერს ვერ წაართმევ, ის გახლავთ შემდგარი ფაქტი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს არის კაცი, რომელსაც ნებისმიერი ქვეყანა დაუგებს ხალიჩას და პატივისცემით მიიპატიჟებს, გზაში შეეგებებიან აპლოდისმენტებით. 

მცდელობა, რომ ქართული საზოგადოება მოწყვიტონ ქართულ კულტურას, აბსოლუტურად უშედეგოა. თუ ქართველებს ღირსების ნასახი და მომავლის იმედი, რწმენა შერჩენიათ, ისინი საკუთარ კულტურას ვერანაირად ვერ ჩამოშორდებიან. რაც მთავარია, როდესაც საზოგადოება ეგუება და კულტურის სათავეში მკვლელს აყენებს, ადამიანს, რომელსაც კონკრეტული ადამიანების სისხლში აქვს ხელები გასვრილი, ის კულტურასაც მოკლავს. 

შემოდგომაზე იწყება ქუჩის აქციები. ფიქრობთ, რომ მიტინგებს თეატრალური დასის აქტიური წევრებიც შეუერთდებიან?

- ვფიქრობ, თეატრალური დასის აქტიური წევრები და ის ადამიანები, ვისაც თავმოყვარეობა გააჩნია, ვისაც ეს ქვეყანა სამშობლოდ მიაჩნია, ხოლო ეს წყალი საკუთარ წყლად და ეს ცა საკუთარ ცად, ისინი ყოველთვის იქ იქნებიან, სადაც ქართული საზოგადოება იდგება; სადაც იქნება პროტესტი ამ გახრწნილობის, ამ უზნეობის, ამ უგუნურების წინააღმდეგ. ამიტომ, ბუნებრივია, ყველანი იქ იქნებიან და, სხვათა შორის, ეს ხელოვანი ადამიანები ყოველთვის იქ იდგნენ, აქციებზე. ამდენად, მე მჯერა საქართველოს მომავლის.

ამ აქციების მსვლელობისას რა რესურსი აქვს ოპოზიციას?

- ჩემი მოსაზრებით, იმაზე ლაპარაკს, თუ რა რესურსი აქვს ოპოზიციას, აზრი არ აქვს.  რა რესურსი აქვს ქართულ საზოგადოებას, ეს არის მთავარი. იმიტომ, რომ პოლიტიკური ველი საქართველოში არ არსებობს. არის ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც იბრალებენ პოლიტიკოსობას და შემდეგ თამაშობენ პოლიტიკანობას. თორემ, როგორ შეიძლება, ასეთ საზოგადოებაში პოლიტიკოსები იყვნენ? ახლა, კადაფის ლიბიაში პოლიტიკა იყო? ცხადია, არ იყო. ჰუსეინის ერაყში პოლიტიკა იყო? არ იყო. ასევეა, სააკაშვილის საქართველოში. როგორ შეიძლება, აქ პოლიტიკა არსებობდეს? სააკაშვილის საქართველოში არის მხოლოდ ბრძოლა გადარჩენისთვის და ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ.

შემოდგომაზე აქციები ნამდვილად დაიწყება?

- ვნახოთ. მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად დაიწყება. როდესაც კულტურას აბარებ მკვლელს, ღებულობ ფატალურ შედეგს. ამ შემთხვევაში, რობიკო სტურუას გათავისუფლებაა ფატალური შედეგი, რადგან რურუა არის პრიმიტიული მკვლელი და ეს იცის მთელმა საზოგადოებამ. დღეს რომ იყოს 1924 წელი, რურუები მოკლავდნენ რობერტ სტურუას. სწორედაც მკვლელს ჩააბარეს ქვეყანა და მიიღეს კიდეც მოკლული ქვეყანა. როდესაც სამართალს აბარებ მკვლელს, ღებულობ მკვდარ სამართალს. როდესაც წესრიგსა და უსაფრთხოებას აბარებ მკვლელს, ღებულობ მკვდარ ქვეყანას. ასეთია ვითარება. არსებობენ ცალკეული ადამიანები, რომლებიც ღირსების მქონენი არიან. ასეთები ყოველთვის იარსებებენ. თუმცა, ჩემდა სამწუხაროდ, ამ ცალკეული ადამიანების ძალისხმევა საკმარისი არაა, რომ ქვეყანა გადარჩეს. ჩემი შეფასებით, საქართველო, როგორც სახელმწიფო, მსოფლიო რუკიდან წაშლილია. აღარავისთვის საინტერესო აღარ ვართ. სააკაშვილმა საქართველო პოლიგონად გადააქცია. 

ხშირად გაიგონებთ, რომ დადგა დრო, ერისთვის საპატივსაცემო ადამიანებმა ხმა ამოიღონ და ამხილონ უსამართლობა. 

- ცნობილი ადამიანები არ წყვეტენ საკითხს. აქ მთავარია საზოგადოების, ხალხის მენტალობა, მზაობა იმისთვის, რომ გადაარჩინონ თავისი ქვეყანა. ეს ხალხი არ არის მზად, საკუთარი ქვეყანა გადაარჩინოს. საზოგადოებას არ ადარდებს, რომ მკვლელები მართავენ ქვეყანას, არ ადარდებს, რომ მათი მომავალი იშლება და ქვეყანა ნაწილ-ნაწილ იყიდება მედუქნე ბენდუქიძის მიერ. არც ის ადარდებს, რომ რასაც ესენი ლაპარაკობენ, რეალურად ყველაფერ ამის საწინააღმდეგოს აკეთებენ. ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერად ებრძვის რუსეთს, რეალურად კი, როგორც პოლიტიკურად და ეკონომიკურად, ისე სამხედრო თვალსაზრისით, ეს ქვეყანა ჩააბარეს რუსეთს. მეტი არანაირი გავლენა ერთი ქვეყნისა მეორეზე არ არსებობს.

ბოლო დროს აქტუალური გახდა, ანტისომხური გამონათქვამებით იარლიყის მიწებება. ანტისომხური გამონათქვამები რობერტ სტურუაში არ ყოფილა. მეც იმავეს ვიძახი, რასაც სტურუა, რომ არ მინდა სომეხი პრეზიდენტი. ისევე, როგორც სომხების 100% გეტყვის, რომ არ უნდა, ქართველი ჰყავდეს პრეზიდენტად. აბა, გავაჩეროთ ქუჩაში სომხების 100 % და ისინი გეტყვიან, რომ არ სურთ, სომხეთის პრეზიდენტად ქართველი ჰყავდეთ. ისიც, რომ სომეხზე თქვა სომეხიაო, არანაირი დანაშაული არ არის. ის, რომ თეთრზე თეთრი თქვა და შავზე შავი, სიმართლეა. ქსენოფობიაა ის, რასაც აკეთებს სააკაშვილი ქართველი ხალხის მიმართ. ის ვერ იტანს ამ ხალხს, ამ სახელმწიფოსა და ერს. ყველაფერი დანარჩენი, არის ფარისევლობა, განსაკუთრებით კი, ტირილი ამ ქსენოფობიაზე.