გაეგზავნა თუ ეგზავნება საარჩევნო კოდექსის პროექტი ვენეციის კომისიას

გაეგზავნა თუ ეგზავნება საარჩევნო კოდექსის პროექტი ვენეციის კომისიას

გადაეგზავნა თუ არა საარჩევნო კოდექსის პროექტი ვენეციის კომისიას, ამაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი დაჟინებული მცდელობის მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან არანაირი კომენტარი არ კეთდება, რაც იმ ეჭვს აძლიერებს, რომ პროექტი გაგზავნილი არ არის. თუმცა, “ახლების” წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე იმედოვნებს, რომ პროექტი გაგზავნილი იქნება. 

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოდექსის ვენეციის კომისიისთვის გაგზავნის პირობა ხელისუფლებამ საარჩევნო შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ დადო. ივლისის ბოლოს ითქვა, რომ პროექტი 20 აგვისტოსთვის გაეგზავნებოდა ვენეციის კომისიას, საიდანაც დასკვნას სექტემბრის ბოლომდე მივიღებდით და საპარლამენტო განხილვა მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებოდა. ამიტომაც, ბოლო ვადად, როდესაც საარჩევნო კოდექსი უნდა იქნას მიღებული, ოქტომბერი დასახელდა.

სხვა საკითხია, თუ რამდენად არის პოლიტიკური სპექტრის და საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მისაღები ის შეთანხმება, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციის ერთ ნაწილს შორის გაფორმდა. ამ შემთხვევაში საინტერესო ის არის, თავად ხელისუფლება როგორ ასრულებს ამ შეთანხმებას.

ივლისის ბოლოს გამართულ შეხვედრაზე ითქვა, რომ ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტი პარლამენტში 20 სექტემბრისთვის იქნება ინიცირებული. 20 აგვისტომდე კი ცვლილებების პროექტი ექსპერტიზისთვის ვენეციის კომისიას გადაეგზავნებოდა - ამის შესახებ მაშინ სარედაქციო ჯგუფის ხელმძღვანელმა პავლე კუბლაშვილმა და „ქრისტიან-დემოკრატების“ წარმომადგენელმა გიორგი ახვლედიანმა განაცხადეს, ხოლო „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემ ისიც კი თქვა, რომ ეს ფაქტი არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რადგან „...ვენეციის კომისიას, როგორც წესი, უკვე მიღებული კანონები გადაეგზავნებოდა ხოლმე და ახლა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტი პარლამენტში მხოლოდ მას შემდეგ იქნება ინიცირებული, რაც ცნობილი იქნება ვენეციის კომისიის დასკვნა“.

დათქმული თარიღის შემდეგ თორმეტი დღეა გასული და ზუსტი პასუხი არ არსებობს, გაეგზავნა თუ არა, ბოლო-ბოლო ვენეციის კომისიას პროექტი.

„20 აგვისტოს, როდესაც თქვენ ამის შესახებ მკითხეს, მე დავუკავშირდი ხელისუფლების წარმომადგენლებს და მითხრეს, რომ რამდენიმე დღეში გადაეგზავნებაო და ვვარუდობ, რომ სადღაც 25-30 აგვისტოს შუალედში ის თერთმეტი პუნქტი გადაეგზავნებოდა. ის სამი პუნქტი კი, რომელიც კომისიების შექმნას ეხება, სექტემბრის დასაწყისში კიდევ გახდება სარედაქციო ჯგუფის შეჯერების საგანი და სადღაც სექტემბრის შუა რიცხვებში დაეწევა წინა პროექტს. საბოლოოდ კი სექტემბრის ბოლოსთვის იქიდან პასუხს დაველოდებით, რომ ოქტომბრის დასაწყისიდან პარლამენტში საკანონმდებლო პროცესი დაიწყოს“ - აცხადებს მამუკა კაციტაძე.

აღსანიშნავია, რომ შეთანხმების საკითხები სარედაქციო ჯგუფის ბოლო შეხვედრაზე, პირობითად, ორ ჯგუფად გაიყო. პირველი რიგის საკითხებად განისაზღვრა ის, რომელიც რაიმე სახის შეთანხმებას არ საჭიროებს. აქ გაერთიანდა ფაქტობრივად ყველა, გარდა კომისიების შექმნისა. ვენეციის კომისიას სწორედ ეს ნაწილი უნდა გადაგზავნოდა.

რაც შეეხება კომისიების შექმნის საკითხს, ხელისუფლებისა და ოპოზიციის ნაწილის შეთანხმებით, უნდა შეიქმნას მედიამონიტორინგის, საარჩევნო სიების გადამოწმების და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ზედამხედველი კომისიები.

ამ კომისიების დაკომპლექტების და მუშაობის პრინიციპებზე საბოლოო პოზიციები, შეთანხმების თანახმად, სექტემბრისთვის უნდა ყოფილიყო მზად. კაციტაძის თქმით, ეს უკვე 10 სექტემბრისთვის გაირკვევა.

ამასთან, ამ კომისიების მუშაობასთან დაკავშირებით წინადადებები არასამთავრობო ორგანიზაციებს სექტემბრისთვის უნდა წარედგინათ და ასევე გაურკვეველია, მიაღწიეს თუ არა ხელისუფლებამდე მათმა წინადადებებმა. საქმე ის არის, რომ ერთი თვის განმავლობაში არანაირი შეხვედრა არ გამართულა, თუმცა, პავლე კუბლაშვილი მაშინ აცხადებდა, ურთიერთობა ელექტრონული ფოსტის საშუალებით გვექნებაო. ასე რომ, ათ დღეში გამოჩნდება, კითხულობდა თუ არა პავლე კუბლაშვილი მის ელექტრონულ ფოსტაში შესულ წერილებს.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვისმიმდინარე სამუშაო პროცესში 8 ქართული არასამთავრობოორგანიზაცია იყო ჩართული. ესენია: „სამართლიანი არჩევნები“, „ახალი თაობა - ახალი ინიციატივა“, საია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, ოპოზიციური „რვიანის“ მიერ შერჩეული კონკრეტული არასამთავრობოებიდან წარმომადგენელი კახი კახიშვილი, „მრეწველების“ მიერ წარმოდგენილი პირი, საპარლამენტო ოპოზიციის მიერ არასამთავრობო სექტორიდან წარმოდგენილი ბადრი ნიაური და ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი. ასევე, ჯგუფს დაემატება ერთი წარმომადგენელი ჟურნალისტების საინიციატივო ჯგუფიდან.

რაც შეეხება იმ საკითხებს, რომლებიც დაზუსტებას აღარ საჭიროებს და რომლებიც ვენეციის კომისიისთვის უკვე გაგზავნილი უნდა იყოს, რამდენიმე კომპონენტს მოიცავს. მათ შორის - საარჩევნო დავების ვადის, გადასატანი ყუთის, პარტიების დაფინანსების წესის და ა.შ.

როგორც ცნობილია, საარჩევნო დავების განხილვისთვის დადგენილი ვადები, სავარაუდოდ, გადაიხედება. აღნიშნული საკითხი საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფს რამდენიმე თვის წინ ხელისუფლებამ შეთავაზა, დღეს კი სარედაქციო ჯგუფი უკვე კონკრეტულ ფორმულირებაზე ჩამოყალიბდა.

კანონის მოქმედი ნორმით, საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება კომისიის მიერ მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს იხილავს 1 კალენდარული დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს რაიონულ-საქალაქო სასამართლოში. რაიონული-საქალაქო სასამართლო საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული-საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

ასევე, მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საარჩევნო კომისიაში. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება კი შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ ზემდგომ საარჩევნო კომისიაში და მხოლოდ ამის შემდგომ - სასამართლოში.

სარედაქციო ჯგუფი შეთანხმდა, რომ სასამართლოსთვის მიმართვა თავიდანვე იქნება შესაძლებელი. კერძოდ, საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან სასამართლოში.

რაც შეეხება ვადებს, შეთანხმებული ვარიანტით დგინდება, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, კომისიის მიერ მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო კომისიაში, ან 4 კალენდარული დღის ვადაში - შესაბამის რაიონულ-საქალაქო სასამართლოში. ასევე, საოლქოსაარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება 3 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 1 კალენდარული დღის ვადაში.

სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 1 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კი კვლავ საბოლოო იქნება.

რაც შეეხება პარტიების დაფინანსებას, შეთანხმების თანახმად,საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე 5 %-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს, სავარაუდოდ ერთ მილიონ ლარამდე დაფინანსებას მიიღებს.

ჯერჯერობით, არსებულ ვარიანტში ნათქვამია, რომ საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებისას გადალახავს 5%-იან საარჩევნო ბარიერს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღებს დაფინანსებას ერთ მილიონ ლარამდე საარჩევნო კამპანიის ხარჯების დასაფარად, მათ შორის 300 000 ლარამდე, მიზნობრივად - წინასაარჩევნო სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარად.

შემუშავებული წინადადების მიხედვითვე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან საარჩევნო კამპანიის ფონდის დაფინანსების მიზნით შესაბამისმა საარჩევნო სუბიექტმა წერილობით უნდა მიმართოს ცესკოს არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-40 დღისა. აღნიშნულ დაფინანსებას კი საარჩევნო სუბიექტი მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შედეგების შეჯამებიდან არაუგვიანეს მე-20 დღისა წარმოადგენს შესაბამის ფინანსურ დოკუმენტაციას.

ასევე, კანონით იქნება გაწერილი ის გარემოებაც, რომ ეს თანხა საარჩევნო სუბიექტის ანგარიშზე არჩევნების შედეგების შეჯამებიდან არაუგვიანეს 30-ე დღისა უნდა ჩაირიცხოს. ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიების განთავსებაზე შეზღუდვები დაწესდება.

შემუშავებული წინადადებების თანახმად, აიკრძალება საოლქო საარჩევნო კომისიის განთავსება იმავე შენობაში, სადაც განთავსებულია სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის, და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები - საკრებულო, გამგეობა ან მერია.

ასევე შეთანხმდნენ, რომ არჩევნების დღეს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ცესკოსთვის გამოყოფილი ასიგნებების ხარჯზე განხორციელდება. თითო წარმომადგენელზე საუბნო საარჩევნო კომისიაში გაიცემა 50 ლარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში - 100 ლარი. ეს თანხა საარჩევნო სუბიექტს საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშზე, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 5 დღისა ჩაერიცხება. საარჩევნო სუბიექტის შემოწირულობათა ზღვარი კი, სავარაუდოდ, გაორმაგდება.

„საარჩევნო კოდექსის“ მოქმედი რედაქციით, პარტიის საარჩევნო ბლოკის და პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიის ფონდებში მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს: თითოეული ფიზიკური პირისაგან, მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისაგან - 30 000 ლარს; თითოეული იურიდიული პირისაგან - 100 000 ლარს.

ასევე, პარლამენტის წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიის ფონდებში მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს: თითოეული ფიზიკური პირისაგან - 10 000 ლარს და თითოეული იურიდიული პირისაგან - 30 000 ლარს.

რაც შეეხება დაგეგმილ ცვლილებას, საარჩევნო კოდექსზე მომუშავე სარედაქციო ჯგუფი თანხმდება, რომ არსებული ზღვარი გაორმაგდება. კერძოდ, პარტიის, საარჩევნო ბლოკის და პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიის ფონდებში მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების მოცულობა, ფიზიკური პირისგან 60 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს, თითოეული იურიდიული პირისაგან კი - 200 000 ლარს.

ასევე, პარლამენტის წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიის ფონდებში მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების მოცულობა თითოეული ფიზიკური პირისაგან 20 000 ლარს, ხოლო თითოეულიიურიდიული პირისაგან - 60 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

ასეთი იყო შეთანხმების საკითხები ივლისის ბოლოს არსებული მდგომარეობით, მაგრამ საბოლოოდ რა გაიგზავნა თუ - გაიგზავნება ვენეციის კომისიაში, რა აისახება კანონმდებლობაში და, რაც მთავარია, შეცვლის თუ არა საარჩევნო გარემოს, ძნელი სათქმელია. ყოველ შემთხვევაში, არასამთავრობო სექტორს ამ საკითხებთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი კითხვა გააჩნია.