[ახალი 7 დღე სანდრო ყაველაშვილი]
გუშინ აფხაზურ პრესაში გამოჩნდა წერილი, რომელშიც აფხაზეთში ჩატარებული არჩევნების მიმართ თბილისის უგულისყურობა და საერთაშორისო კრიტიკა შეძლებიდაგვარად არის გაკრიტიკებული. წერილის ავტორი ცხადია რუსია – ვლადიმერ პაშკოვი. იგი წერას ასეთი ფრაზით იწყებს: საქართველოს ხელისუფლების იმედი, რომ არჩევნები დაყოფდა, ერთმანეთთან დააპირისპირებდა აფხაზ საზოგადოებას, არ გამართლდა. არჩევნები ჩატარდა მშვიდად და დაცული იყო ყველა საერთაშორისო კანონი. არჩევნები ცნო უამრავმა დამკვირვებელმა, ამის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები გაიძახიან, რომ ეს იყო არალეგიტიმური არჩევნები და მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას, განსაჯოს მომხდარი.
როგორც ჩანს, რუსი ავტორი გააღიზიანა ცნობილი და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აფხაზური არჩევნების არცნობის შესახებ გაკეთებულმა განცხადებებმა. წერს კიდეც, რომ აჩქარდნენ ნატო და ევროკავშირი, როცა განაცხადეს, რომ არალეგიტიმურად მიიჩნევენ აფხაზეთში პრეზიდენტის არჩევასო. შემდეგ პატიოსნად ზუსტად ციტირებს ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფონ რასმუსენის მიერ 27 სექტემბერს გაკეთებული განცხადებიდან ერთ მცირე აბზაცს. რუსი გამოთქვამს აზრს, რომ ჩრდილო–ატლანტიკური ალიანსის მიერ კონფლიქტის დარეგულირებაში მარტო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გულისხმობა არ არის კარგი და ეს მხოლოდ რეგიონში მისი ინტერესების გაღრმავებას ემსახურება. არც უკვირს ავტორს ნატოს ასეთი პოზიცია, რადგან ღრმად არის დარწმუნებული, რომ ნატოს გაფართოების გეგმას დიდად უშლის ხელს აფხაზეთში დამოუკიდებლობის გამყარება. აქვე მოჰყავს თავისი თანამემამულე რაგოზინის სიტყვები რასმუსენის პასუხად: „ნატო ამბობს, რომ არ ცნობს აფხაზეთის არჩევნებს, ჩვენ კი არ ვცნობთ ნატოს უფლებას, აღიაროს ან არ აღიაროს არჩევნები და არა მხოლოდ აფხაზეთში“.
როგორც ჩანს, პაშკოვს ძალიან ენამოსწრებულად მიაჩნია თანამემამულის სხარტულა, რაკი თავისი შედევრის ციტატად გამოიყენა იგი. საკითხავი კი ის რჩება, ვინ ავალებს რუსეთს, აფხაზების მიერ ჩატარებული არჩევნების შესახებ გამოთქმულ აზრებს პასუხები გასცეს. თუ რაგოზინ–პაშკოვები აზრის გამოთქმის უფლებებს ანაწილებენ, ეს ჩასაფრებული პასუხებიც არ უნდა მიაჩნდეთ თავიანთ უზენაეს უფლებად.
იმაზე აღარ მოვყვებით, რომ ავტორი რაგოზინის მიერ სოხუმის არჩევნებზე დამსწრეების აზრებსაც აცნობს მკითხველს. ამათში ახალი არაფერია. აი, წერილის დასასრული კი მართლა კეთილი ზღაპრის დასასრულს მიამსგავსა პაშკოვმა. თურმე როცა პრესკონფერენციაზე ჰკითხეს ანქვაბს, როგორი იქნება დამოკიდებულება რუსეთთან, მან უპასუხა:
„ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი დამოკიდებულება, მომავალშიც განვამტკიცებთ სტრატეგიულ კავშირს. ჩვენთვის ეს ძალიან საინტერესოა. ეს არის ჩვენი პრიორიტეტი. ვის მოსწონს ეს და ვის არა, ეს ნაკლებად გვაინტერესებს“.
პასუხი ისეთ კონტექსტშია მოწოდებული, თითქოს პაშკოვი წერის მომენტშივე ხედავს, როგორ დგას ფეხზე სრულიად დუმა და შვებით ამოსუნთქული ერთმანეთს ულოცავს ანქვაბის პასუხს.