“ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია” 1998 წლიდან ფუნქციონირებს და სამ სიხშირეს - რუსთავის, მარნეულის და ბოლნისის - ფლობს. შესაბამისად, შეიძლება ითქვს, რომ იგი მთელ რეგიონს ფარავს.
იურიდიული თვალსაზრისით კომპანია კერძოა, თუმცა პრინციპი „ვინც იხდის, ის უკვეთავს მუსიკას“ აქაც მოქმედებს. აღნიშნულ რეგიონალურ მაუწყებელს რუსთავის თვითმმართველობა სატელევიზიო მომსახურებისთვის თანხას სიტემატიურად უხდის.
ტელევიზია იმდენადაა დამოკიდებული ამ დაფინანსებაზე, რომ ახალი წლის დადგომისას, როცა ტექნიკური მიზეზების გამო თვითმმართველობა მას თანხას ვერ ურიცხავს, თანამშრომლებს უხელფასოდ ამუშავებს.
„ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია” შაბათ-კვირის გარდა, ყოველდღე პირდაპირი ეთერით 15-წუთიან საინფორმაციო გამოშვებას ამზადებს. სიუჟეტების უმრავლესობა გუბერნატორ დავით კირკიტაძის და რუსთავის თვითმმართველობის მაღალჩინოსანთა მუხლჩაუხრელ მუშაობას ეხება.
რომელი ქუჩის ასფალტის საფარის დაგება დაათვალიერა რუსთავის მერმა და რომელი მაღალჩინოსანი ყავდა რეგიონში სტუმრად კირკიტაძეს – ტელევიზიის მთავარი თემებია. რაც შეეხება ქალაქის პრობლემებს, საინფორმაციო გამოშვებებში მათ ფრთხილად შეპარებას ტელევიზიის რიგითი ჟურნალისტები ახერეხებენ, თუმცა ხშირად ასეთი პატარა გმირობები დიდ თავსატკივრად ექცევათ ხოლმე.
აგვისტოს ბოლო დღეები „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიიისთვის” განსაკუთრებულად ცხელი აღმოჩნდა. ჩვენთვის უცნობი მიზეზის გამო სამსახურიდან ტელევიზიის დირექტორი და საინფორმაციო სამსახურის უფროსი დაითხოვეს. „ჯერ-ჯერობით უპატრონოთ ვართ. არ ვიცით, ვის დანიშნავენ, მაგრამ ვიღაც უცხოს, ვისაც არ ენდობიან, ცხადია არ მოიყვანენ” – საუბრობდნენ ჩვენი კოლეგები, ქვემო ქართლის ტელევიზიიდან.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ტელევიზიის დირექტორად ქვემო ქართლის გუბერნატორის პრესმდივანი, ხათუნა მამარდაშვილი დაინიშნა. მამარდაშვილი გუბერნატორის კარზე გამორჩეული ფიგურა არაა, თუმცა ყველასთვის ცნობილია, რომ ის გუბერნატორის ერთგული კადრი და მეგობარია.
მიუხედავად იმისა, რომ მამარდაშვილთან წარსულში კონფლიქტი არ გვქონია, ჩვენ სატელეფონ ზარს იგი აგრესიულად პასუხობს: „დიახ, მე დავინიშნე დირექტორად. არანაირ კომენატს არ გავაკეთებ! ახლა მაცადეთ მუშაობა! დირექტორის ვაკანსია არ იყო გამოცხადებულია. მე ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭომ ამირჩია“ – გვპასუხობს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის” ახალი დირექტორი.
მამარდაშვილს, გუბერნატორის პრესმივნის ფუნქციის გარდა, სამხარეო ადმინისტრაციაში სხვა თანამდებობაც აქვს. ის ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსია. ეს სამსახური საგანგებობად მისთვის შეიქმნა. დაახლოებით ნახევარი წლის წინ კირკიტაძემ პრესმივნად, რუსთავი 2-ის თანამშრომლის სალომე გირკელიძის დანიშვნა გადაწყვიტა და ასეც გააკეთა.
„ეს, რომ ხათუნამ გაიგო, მისი ცრემლები სამხარეო ადმინისტრაციის ავეჯს ალპობდა. მერე კირკიტამ შეუქმნა ეს სამსახური. თუმცა საბოლოოდ გირკელეძემ წესიერად ვერ იმუშავა და რეალურად პრესმდივანი ისევ მამარდაშვილი გახდა” – ამბობს ჩვენი წყარო, რომელიც თავადაც რეგიონის მაღალჩინოსანია.
ჩვენ ვიფიქრეთ, რომ რადგან ქალბათონი ხათუნა კერძო ტელევიზიის დირექტორად დაინიშნა, გუბერნატორის პრესმდივნობაზე უარს იტყოდა. დაგვაინტერესა, თუ ვის უნდა დავკავშირებოდით სამხარეო ადმინისტრაციაში, როდესაც რაიმე ინფორმაცია მოწოდება დაგვჭირდებოდა.
„თუ როგორც ჟურნალისტს რამე დაგაინტერესებთ, მიმართეთ კვლავ ხათუნას. კი გენაცვალე, ჩვენც ვიცით, რომ ტელევიზიის დირექტორად დაინიშნა, მაგრამ ჩვენთანაც ჩვეულებრივად მუშაობს” – გვიპასუხეს გუბერნატორის მისაღებში.