არჩილ კბილაშვილი: საკუთარ ანგარიშზე თანხის გატანასთან დაკავშირებით, შეზღუდვის  ან აკრძალვის რაიმე ნორმა არ არსებობს

არჩილ კბილაშვილი: საკუთარ ანგარიშზე თანხის გატანასთან დაკავშირებით, შეზღუდვის ან აკრძალვის რაიმე ნორმა არ არსებობს

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი არჩილ კბილაშვილი აუდიტის სამსახურის განცხადების შეფასებისას, რომლის თანახმადაც, კოალიციის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს და კოალიციის წარმომადგენელს კახა კალაძეს საკუთარი საბანკო ანგარიშებიდან გატანილი თანხის კვლავ პირად ანგარიშზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს,  უკანონოს უწოდებს და აცხადებს, რომ  პირის მიერ, საკუთარ ანგარიშზე არსებული თანხის გატანასთან დაკავშირებით, შეზღუდვის  ან აკრძალვის რაიმე ნორმა არ არსებობს.

შესაბამისად, კბილაშვილის თქმით, დასახელებულ პირებს სრული უფლება გქონდათ თანხები ისე გაეტანათ,  როგორც სურდათ.

„საყურადღებოა ისიც,  რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით, თვით აუდიტის სამსახურიც  ვერანაირ ნორმას ვერ უთითებს, რომელიც დარღვეული შეიძლებოდა ყოფილიყო. აუდიტის სამსახურის მოთხოვნა თანხის დაბრუნების შესახებ, უკანონოა. უკანონოა რამდენადაც, კანონს არ ეფუძნება“, - განაცხადა კბილაშვილმა.

ადვოკატი მიიჩნევს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მხოლოდ ეჭვი ამოძრავებს.

„აუდიტის სამსახურს  ამოძრავებთ ეჭვი იმისა, რომ ეს თანხები რა მიზნით იქნა დახარჯული და ხომ არ იქნა  გამოყენებული ვთქვათ,  პოლიტიკური მიზნებისათვის. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, როგორ მოქმედებენ  დაუსაბუთებელი ეჭვის ფარგლებში და როგორ ახდენენ დაუსაბუთებელი ეჭვის ნიადაგზე მოთხოვნის დაყენებას. ესაა დღეს ჩვენი რეალური ვითარების გამოხატულება,  როდესაც სახელმწიფო დაწესებულებები დაუსაბუთებელი ეჭვებით მოქმედებენ“, - განაცხადა კბილაშვილმა.

მისივე თქმით, შეუძლებელია იმის განჭვრეტა,  თუ რა შეიძლება მოჰყვეს ამ ყოველივეს, რა სანქციებს გამოიყენებს აუდიტის სამსახური და მას  სასამართლო როგორ დაუდასტურებს, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ  ჩვენ გვაქვს  რეალობა, როდესაც აუდიტის სამსახურს  სასამართლო ყველა ფაქტს თუ პრეტენზიას უდასტურებს.

„დაუსაბუთებელი ეჭვების მორიგი კასკადი,  რომელიც წამოიწყეს და რომელიც დასაბუთდება სასამართლოს მხრიდან. ამაზე აქვს ივანიშვილს ნათქვამი,  რომ სასამართლო, გადაიქცა  როგორც იდეოლოგიური რუპორი და ყველაფერს ეჭვების ნიადაგზე ამბობს. ეს კონკრეტული ქმედება ამის კარგი მაგალითია“, - განაცხადა კბილაშვილმა.