ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის პერსონალი აქციას გამართავს

ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის პერსონალი აქციას გამართავს

[თავისუფლება ეკა ქევანიშვილი]

2011 წლის 2 სექტემბერს შპს ”ევრაზიანსთილსის” ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა ”ჰერკულესის” თანამშრომლები გამაფრთხილებელი ორსაათიანი აქციის მოწყობას გეგმავენ. პროტესტი ქარხანაში არსებულ მძიმე სამუშაო პირობებსა და ცოტა ხნის წინ ქარხანაში შექმნილი პროფკავშირის ექვსი წევრის სამსახურიდან გათავისუფლებას უკავშირდება.

ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის პირველადი პროფკავშირისა და საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი ქარხნის ხელმძღვანელობას 72-საათიან ვადას აძლევს და მომსახურე პერსონალთან შეხვედრისა და დიალოგისაკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქარხნის მუშები ჯერ გამაფრთხილებელ, შემდეგ კი ფართომასშტაბიან აქციას მოაწყობენ.

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტი თამაზ დოლაბერიძე ამბობს, რომ ქარხანაში მისი დაარსების დღიდან მუდმივად იგრძნობოდა ერთგვარი სოციალური დაძაბულობა, მაგრამ ვითარებამ პიკს 2010 წლის ივნისის შემდეგ მიაღწია, როდესაც დაგვიანებული ხელფასის მიღების მოთხოვნით ქარხნის მუშებმა სპონტანური აქცია მოაწყვეს, რასაც აქციის 7 ლიდერის 20-დღიანი პატიმრობა მოჰყვა. 31 აგვისტოს საქართველოს პროფკავშირების ოფისში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე თამაზ დოლაბერიძემ ქარხანაში შექმნილ სხვა პრობლემებზეც ილაპარაკა:

”კომპანიის ადმინისტრაციას არაფერი გაუკეთებია ქარხანაში პრობლემების მოსაგვარებლად. პირიქით, 2010 წლის ბოლოს ხალხს ხელფასები გაუნახევრეს, იმის ნაცვლად, რომ, ინფლაციის შესაბამისად, ხელფასების ინდექსაცია მომხდარიყო. ამ ქარხანაში პრობლემაა კუთვნილი შვებულების მიღება, არ ანაზღაურებენ დროებითი შრომისუუნარობის ფურცელს, ქარხანას არ გააჩნია გასახდელი, სველ წერტილებში არ არის სინათლე, აბანოში არ მოდის წყალი, არ არის სასადილო. ხელთათმანი, რომელიც სამ დღეში ერთხელ უნდა შეიცვალოს, თვეში ერთხელ იცვლება და ხშირად მუშებს საკუთარი ხელფასით უწევთ მისი შეძენა.”

თამაზ დოლაბერიძე ამბობს, რომ 2 აგვისტოს ქარხნის მომსახურე პერსონალი ”ევრაზიანსთილსის” კომერციულ დირექტორს შეხვდა და ქარხანაში პროფკავშირის შექმნის შესახებ აცნობა. 4 აგვისტოს პროფკავშირი მართლაც დაფუძნდა, 11-ში კი მოულოდნელად სამსახურიდან დაითხოვეს ქარხნის 11 თანამშრომელი, აქედან ექვსი - პროფკავშირის წევრი.

”ეს აშკარა დისკრიმინაციაა”, - ამბობს თამაზ დოლაბერიძე.

გათავისუფლებული გოჩა მელაძე 11 აგვისტოს დილით სამსახურში ჩვეულებრივ გამოცხადდა:

”დილით რომ მივედი, ქარხანაში არ შემიშვეს - განთავისუფლებული ხართო, გვითხრეს და მიზეზად ხელშეკრულების უხეში დარღვევა დაგვისახელეს. ვითომ ვაცდენდი და ვაგვიანებდი. არც ერთია სიმართლე და არც მეორე.”

პროფკავშირის იურისტი თამარ სურმავა კი განმარტავს, რომ გათავისუფლების ბრძანებაში არ არის მითითებული მათი სამსახურიდან დათხოვნის რეალური საფუძველი და რომ ქარხნის გათავისუფლებული თანამშრომლების უფლებებს ის საქალაქო სასამართლოში დაიცავს.
.
ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანა ”ჰერკულესში”, რომელსაც სათავეში ქართულ-ინდური კომპანია შპს ”ევრაზიანსთილსი” უდგას, დღესდღეობით 500-მდე ადამიანი მუშაობს. აქედან 150-მდე ინდოეთის მოქალაქეა. საშუალო ხელფასი იქ 700 ლარია. ქარხნის დირექტორის მოადგილე რომან ლებანიძე, რომელიც ამ პოსტზე ორი თვის წინ დაინიშნა, რადიო თავისუფლებასთან მხოლოდ იმ სიახლეებზე საუბრობს, რაც იქ მისი მისვლის შემდეგ განხორციელდა:

”ამ ერთი თვის წინ დავიწყე და დავასრულეთ კიდეც ახალი დამატებითი სველი წერტილების გაკეთება და მოწესრიგება, - საუბარია ტუალეტებსა და საშხაპეებზე, - გავაკეთეთ მუშათა სასადილო, რაც აქამდე არ არსებულა. რაც შეეხება ხელთათმანს, ცხადია, მუშებს ისეთი სამუშაო აქვთ, რომ ის ხშირად იხევა და მიეწოდებათ. ცხადია, შიშველი ხელებით ისინი ვერ იმუშავებენ. გამორიცხული არ არის, რაღაც მომენტში არ ყოფილიყო, მაგრამ მეორე დღეს ეს პრობლემა გვარდებოდა.”

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შპს ”ევრაზიანსთილსის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს პაატა ჩხენკელსაც. ჩვენ გვაინტერესებდა რამდენად შეესაბამება პროფკავშირის წევრების მიერ ჩამოთვლილი საჩივრები სიმართლეს - თუნდაც მუშების ხელფასების განახევრების ფაქტი.

პაატა ჩხენკელი აცხადებს, რომ ქარხნის ადმინისტრაციას მუშებისთვის ხელფასი არასოდეს გაუნახევრებია. იყო მხოლოდ ერთი შემთხვევა, ისიც ერთი თვის განმავლობაში, როდესაც შეიცვალა ხელფასის გაცემის მეთოდოლოგია - თანხა გაიცა არა გამომუშავების, არამედ საათობრივი ანაზღაურების საფუძველზე. ამის გამო იმ ერთ თვეში ქარხნის მუშების ხელფასს 50 ლარი დააკლდა. შემდგომ თვეში, ამბობს ჩხენკელი, კვლავ აღდგა ხელფასის გაცემის პირვანდელი მეთოდოლოგია. ჩხენკელი ასევე აცხადებს, რომ პროფკავშირი მის საწარმოში ისე შეიქმნა, რომ ამის შესახებ მისთვის არავის უცნობებია და ის არა პერსონალის უფლებების დაცვას ემსახურება, არამედ მუშების წაქეზებას.
პროფკავშირის წევრებისა და ქარხნის მუშების ერთობლივი აქცია კი 2 სექტემბრისთვისაა დაგეგმილი.