კრემაციის საიდუმლო კანონი, რომლითაც მიცვალებულთა დასაფლავება იკრძალება

კრემაციის საიდუმლო კანონი, რომლითაც მიცვალებულთა დასაფლავება იკრძალება

«სააკაშვილს ისე რცხვენია თავისი ეთნიკური წარმომავლობის, რომ ამის შეხსენებისათვის უდიდესი რეჟისორი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ეს კი, თავის მხრივ, მოასწავებს რუსთაველის თეატრის ნგრევას. მე, პირადად, სომეხი რომ ვიყო, ვიამაყებდი იმიტომ, რომ ჩემი მოძმე და მეზობელი სომეხი ერი უძველესი კულტურის წარმომადგენელია. როდესაც სააკაშვილს ეუბნებიან, რომ სომხური წარმომავლობისაა და ამას ავადმყოფურად განიცდის, ეს იმას ნიშნავს, რომ თვითონაა ქსენოფობი», - ამბობს «ქართულ სიტყვასთან» საუბრისას «ლეიბორისტული პარტიის» გენერალური მდივანი იოსებ შატბერაშვილი.


ბატონო სოსო, თქვენც ქსენოფობი ხართ?

- დავიწყოთ იმით, რომ ქსენოფობიური განცხადებები რობერტ სტურუას არ გაუკეთებია. სწორედ რობერტ სტურუას გათავისუფლებააა ქსენოფობია. ქსენოფობია უცხოსადმი შიშსა და შეურიგებლობას ნიშნავს. სტურუას  არ უთქვამს, რომ უცხოსადმი შიში და სიძულვილი აქვს. მან განაცხადა, სააკაშვილი სომეხია და არ მინდა, სომეხი პრეზიდენტი მყავდესო. სააკაშვილს ამაზე ჰქონდა უმწვავესი რეაქცია და ამით შეურაცხყოფა მიაყენა თავის წარმომავლობას. სააკაშვილს ისე რცხვენია თავისი ეთნიკური წარმომავლობის, რომ ამის შეხსენებისთვის უდიდესი რეჟისორი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ეს კი, თავის მხრივ, მოასწავებს რუსთაველის თეატრის ნგრევას. მე, პირადად, სომეხი რომ ვიყო, ვიამაყებდი იმიტომ, რომ ჩემი მოძმე და მეზობელი სომეხი ერი უძველესი კულტურის წარმომადგენელია. როდესაც სააკაშვილს ეუბნებიან, რომ სომხური წარმომავლობისაა და ამას ავადმყოფურად განიცდის, ეს იმას ნიშნავს, რომ თვითონაა ქსენოფობი.

 

თუმცა, გულთან არავის მიუტანია, როდესაც სააკაშვილმა ზანგებს ველურები, რუსებს და აფხაზებს კი, მონღოლოიდური გადმონაშთები და ბარბაროსები უწოდა...

- სააკაშვილი ქსენოფობია - მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ჩვენ, რა, ზანგები ვართ, ველურებივით რომ ვიქცევითო? თუ ჩვენ ამ პრინციპს მივყვებით, სააკაშვილის კლასიფიკაციით, აშშ-ს პრეზიდენტი ობამა ველური ყოფილა. მან, ასევე, რამდენიმე დღის წინ ანაკლიაში გააკეთა განცხადება, ენგურს იქეთ მონღოლოიდი ბარბაროსები არიანო და ამით შეურაცხყოფა მიაყენა რუს და აფხაზ ერს. შეიძლება, არ მოგწონდეს კრემლის ხელმძღვანელობა და სეპარატისტული მთავრობა, მაგრამ არ გაქვს  უფლება, რუს და აფხაზ ერს ბარბაროსები უწოდო და მონღოლოიდურ რასას შეურაცხყოფა მიაყენო, რადგან მთელი შუა აზია მონღოლოიდური რასაა, ასევე, - ჩინეთის ნახევარი. ესაა ფაშიზმი, რასიზმი და ქსენოფობია. ამას ისიც დაემატა, რომ სააკაშვილმა საქართველოში აკრძალა რუსული ენის სწავლება, დახურა რუსული სკოლები, რესტორნებსა და რადიოში აკრძალა რუსული სიმღერები. ეს არაა ფაშიზმი? როგორც ჩანს, ბავშვობიდან აქვს ეთნიკური წარმომავლობის კომპლექსი. იტალიელს რომ ეტყვი, იტალიელი ხარო, აზერბაიჯანელს - აზერბაიჯანელიო და სომეხს - სომეხიო, იქნებ, ვინმემ ამიხსნას, რატომაა ეს ქსენოფობია?

 

ისიც ასახსნელია, ბატონო სოსო, რომ საქართველოში სტეფანიანები გვიხსნიან რეჟისორს და მოსახლეობას რუსთაველის თეატრის ბოიკოტისკენ მოუწოდებენ. საერთოდ, რა კაცია ეს არნოლდი?

- არნოლდ სტეფანიანი სომხეთის სპეცსამსახურების, შესაბამისად, რუსული სპეცსამსახურების აგენტია, რადგანაც სომხეთი და რუსეთი მოკავშირეები არიან და მათ გაერთიანებული სპეცსამსახურები აქვთ. სტეფანიანი აღვივებს ერთა შორის შუღლს. მან შეადგინა, თავისი გაგებით, ქსენოფობების 30-კაციანი სია და ამ სიაში შეიყვანა ჩვენი პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი. სხვათა შორის, რადიოინტერვიუში მეც დამასახელა ქსენოფობად, ვინაიდან განვაცხადე სიმართლე ენციკლოპედია «ბრიტანიკის» მიერ გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით, რომ სომეხი ლინგვისტი მესროპ მაშტოცი თითქოს ქართული ანბანის ავტორია. ვთქვი, ანბანის ავტორი მეფე ფარნავაზია და ქართული ანბანის წარმომავლობის საკითხი ძალიან კარგად მაქვს შესწავლილი-მეთქი. იმიტომ ვარ ქსენოფობი, რადგანაც ვთქვი, რომ ფარნავაზია ქართული ანბანის ავტორი და არა - მაშტოცი? «ბრიტანიკმა» ეს შეცდომა დაუყოვნებლივ გაასწორა. თუ ეს მართალი არაა, რატომ არ დატოვა უცვლელად? ერთა შორის შუღლის გამღვივებელი გახლავთ არნოლდ სტეფანიანი, რომელმაც შეასრულა ხელისუფლების დაკვეთა, გარეგინ II-ის დაკვეთა, რასაც რუსთაველის თეატრიდან რობერტ სტურუას გაძევება მოჰყვა.

 

ადრე ცოტა ვინმემ თუ იცოდა ქსენოფობიის მნიშვნელობა, ახლა კი, ეს ტერიმინი მოდურია და ყველა, ვისაც ოდნავ განსხვავებული აზრი აქვს, შესაძლოა, ქსენოფობად მონათლონ...

- ნუთუ, ყველა ერს აქვს უფლება თავის ისტორიაზე, მეფეებზე ამტკიცოს რაღაც და ქართველს არ აქვს ს უფლება, რომ მეცნიერულ პოლემიკაში შევიდეს ამა თუ იმ საკითხზე? ეს იმის ბრალია, რომ ჩვენ გვყავს არაქართული ხელისუფლება. საქართველოს ხელისუფლების თითქმის 80%-ი არაქართველია, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ რომელიმე სხვა ეთნოსის თავგამოდებული და თავგადაკლული წარმომადგენლია. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი ხელისუფლება ანტიმართლმადიდებლურია, მაგრამ ისინი არც კათოლიკეები არიან, არც - ათეისტები, რაღაც გაურკვეველი, მანქურთული წარმომავლობისანი არიან, რომელთაც არც თავისი ერი უყვართ, არც მოძმე და მოსაზღვრე ერები. ისინი მაინცდამაინც არ გამოირჩევიან არც აზერბაიჯანლების, არც - თურქების, არც - ოსების და აფხაზების სიყვარულით. ამათ, საკუთარი თავის გარდა, ყველა და ყველაფერი სძულთ!

 

ბატონო სოსო, თითქმის იმავეს იმეორებთ, რაც რობიკო სტურუამ თქვა და არ გეშინიათ, რომ ქსენოფობად შეგრაცხონ და ანათემას გადაგცენ?

- არნოლდ სტეფანიანის მიერ ანათემას უკვე გადაცემული ვარ - როდესაც ერთ-ერთ რადიოში იყო მიწვეული, პირდაპირ ეთერში ჩაერთო გიორგი გუგავა. სტეფანიანმა განაცხადა, რომ აპირებს ჩემს წინააღმდეგ სასამართლო დევნის განხორციელებას და მოვუწოდეთ, რომ ეს რაც შეიძლება, მალე გააკეთოს, რადგან ჩვენც ეს გვინდა - თუ სასამართლოში გვიჩივლა, დავუმტკიცებთ, რომ ის უცხო ქვეყნის შპიონია და ერთა შორის შუღლს და მტრობას აღვივებს. ამავე დროს, მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი პარტიის დიდი ნაწილი სომხური წარმომავლობისა და როდესაც ჩვენ ეროვნებით სომხებს (და არა მარტო მათ) ვეკითხებით, თუ რამ გადაგაწყვეტინათ «ლეიბორისტულ პარტიაში» შემოსვლა. იცით, რას გვპასუხობენ? - ჩვენი ერის წარმომადგენლების ერთადერთი დამცველები ხართ საქართველოშიო. აი, ასეთ პასუხს იძლევიან ეთნიკურად სომხები და რა ეტაკა სტეფანიანს და საიდან დაინახა რომელიმე ეთნოსის მიმართ ჩვენი სიძულვილი? თუ სააკაშვილი გვძულს, რატომ აიგივებს ეს ადამიანი ამას სომეხი ერის სიძულვილთან? ჩვენ კეზერაშვილიც გვძულს იმიტომ, რომ საქართველოს მტერია და ომის წაგებაში დიდი წვლილი მიუძღვის და, ესე იგი, ებრაელი ერიც გვძულს? სადამდე შეიძლება მივიდეს ამათი უგუნურება? თუკი «ნაცმოძრაობის» რომელიმე წევრზე აუგი თქვი, ეს რატომღაც მისი ერის შეურაცხყოფად ითვლება.

 

რა მაგის პასუხია, ბატონო სოსო და, რესტორნებში დადიხართ?

- იშვიათად, როდესაც ვინმეს ქორწილი, ან მეგობრის დაბადების დღეა, მაშინ მივდივარ ხოლმე.

 

ბოლო დროს რესტორანში რუსული სიმღერა მოგისმენიათ? ბატონი რურუა ამტკიცებს, რუსული სიმღერების აკრძალვაზე არანაირი ოფიციალური დოკუმენტი არ არსებობსო...

- აბსოლუტურად მართალია ბატონი რურუა - არანაირი ოფიციალური დოკუმენტი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ სიტყვიერი აკრძალვა. როგორც კი მომღერლები რუსულ სიმღერას შეასრულებენ, მათ მაშინათვე ფინანსური რევიზია დაეცემა და იმას კი არ ეტყვიან, რუსული სიმღერა რატომ იმღერეთო, რესტორანს გაწეწავენ. 9 მაისთან დაკავშირებით ვეტერანების შეხვედრაზე ვიყავი ერთ-ერთ რესტორანში და მათ დაუკვეთეს სიმღერა «ეტა დენ პობედი», რასაც მუსუკოსების საშინელი რეაქცია მოჰყვა, თუ ამას შევასრულებთ, ვაი, ჩვენი ბრალი, ისეთი დღე დაგვადგებაო. გარდა ამისა, როგორც გითხარით, დაიხურა რუსული სკოლები და ნიკა რურუამ განაცხადა, საქართველოში ვერ ვხედავ რუსული ენის სწავლის საჭიროებასო. თუ ის ვერ ხედავს, ჩვენ ვხედავთ, რომ საჭიროა, ჩვენმა შვილებმა ისწავლონ რუსული და წაიკითხონ პუშკინი, დოსტოევსკი, გოგოლი... ეზიარონ რუსულ კულტურას. კულტურის მინისტრს ეს რომ ესმოდეს, შესაბამისი განათლება უნდა ჰქონდეს. ალბათ, არ აქვს და არ ყოფნის იმდენი განათლება, რომ ჩაწვდეს რუსულ კულტურას, ლევ ტოლსტოის და ბულგაკოვის სიდიადეს. ბატონ რურუას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ვეჭვობ, განათლების დეფიციტი აქვს.

 

«ლეიბორისტები» უცნაური და ორიგინალური განცხადებებით გამოირჩევით. ასე, მაგალითად, ამტკიცებთ, თუ მიცვალებულს სამ დღეში არ დაასაფლავებენ, ოჯახს დააჯარიმებენო, თუმცა ამაზე «ჰერმესის» დირექტორი და მერიის თანამშრომლები სიცილით დაიხოცნენ. საიდან მოგაქვთ ასეთი ინფორმაციები?

- თუ იმას, რაც რეალობაა, უცნაურს უწოდებთ, ჩავთვალოთ უცნაურობად, მაგრამ ხელისუფლება უკვე მიცვალებულებს მიადგა. გახსოვთ, ალბათ, ორი წლის წინ საფლავების დაბეგვრა რომ გადაწყვიტეს. როცა ამაზე ავაღებინეთ ხელი, მაშინ უგულავამ განაცხადა, რაკი შატბერაშვილს უფრო ესმის ეს საქმე, მოდით, ის დავნიშნოთ «ჰერმესის» დირექტორადო. ეს შეთავაზება თავისთვის დაიტოვოს უგულავამ, მაგრამ მაშინ ხელისუფლებამ უკან დაიხია, რადგან ჩვენს განცხადებას საშინელი რეაქცია მოჰყვა. ჩვენთან მოდიან ადამიანები და გვეუბნებიან, აგვიკრძალეს მიცვალებულების სამ დღეზე მეტხანს გაჩერება, ბალზამირებას გვიკრძალავენ, გვაიძულებენ, სასახლე-მაცივრების დაქირავებასო. ჩემი თვალით ვნახე ასეთი მაცივარი - მეგობრის დაკრძალვაზე ვიყავი და ჩართული ჰქონდათ, აციებდნენ მიცვალებულს იმიტომ, რომ ოჯახს ბალზამირების უფლება არ მისცეს. სხვათა შორის, მესამე დღეს დამარხვა ქრისტიანულია, მაგრამ ამ ხელისუფლებას ქრისტიანობასთან არაფერი კავშირი არ აქვს.

 

აბა, რა არის ამ ნოვაციის მიზანი?

- ის, რომ ნელ-ნელა კრემაციაზე გადავიდნენ, საერთოდ აკრძალონ  დასაფლავება და ააშენონ კრემატორიუმი. ახლახანს ტაბახმელასთან დიდი კრემატორიუმის მშენებლობაც დაიწყეს.

 

ნუთუ, მართლა აპირებს პარლამენტი კრემაციის დაკანონებას? როგორც ჩანს, ეს თემა, ბოლო დროს, მეტად აქტუალური გახდა. სოციალურ ქსელ «ფეისბუქზე» მიცვალებულთა ფერფლად ქცევის მომხრეების ჯგუფიც კი შეიქმნა ლოზუნგით - «ჩვენ გვინდა კრემაცია საქართველოში». ბრინჯაოს ხანაში კრემაცია მაღალი სოციალური ფენის «ფუფუნება» იყო... ესე იგი, ამიერიდან ყველას დაგვწვავენ?

- ეს კანონპროექტი გამზადებულია და მიიღებს თუ არა პარლამენტი, სექტემბერში დავინახავთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამას ხელი შევუშალოთ. ჩვენი ხელისუფლება ცდილობს, ამოძირკვოს ყოველგვარი ქრისტიანული, მართლმადიდებლური და ტრადიციული. მესამე დღეს დაკრძალვას რომ ავალდებულებენ, აცხადებენ, ეს ქრისტიანული და მართლმადიდებლურიაო, მაგრამ მეორეს მხრივ, ამზადებენ კრემაციის შესახებ კანონს, რაც უკვე ანტიქრისტიანულია, ანუ თუ დასჭირდათ, ქრისტიანობას იშველიებენ, თუ დასჭირდათ, მისგან შორს მიდიან. შეგიძლიათ, შეხვიდეთ თბილისის ფორუმზე და ნახოთ, რომ ჩვენი ბრიფინგის შემდეგ გაიხსნა თემა ამ საკითხზე, სადაც ადამიანები, მათ შორის, ტაბახმელელებიც აღშფოთებულნი ადასტურებენ, რომ იქ კრემატორიუმის მშენებლობა დაიწყო.

 

მერე, სასაფლაოების ბიზნესს რა ეშველება?

- კრემაცია საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ეს ხელისუფლების მონოპოლიაა. კრემატორიუმის აშენება-მოწყობაც ძვირი ჯდება და ამ თანხებს ამოღება სჭირდება. მეორეც, მათ უნდათ, დროთა განმავლობაში მიითვისონ სასაფლაოების მიწები, გაათავისუფლონ და დაცალონ ისინი. გადასახადის შემოღებაც იმისთვის უნდოდათ, რომ ამოეთხარათ მიცვალებულები და გადაესაფლავებინათ ქალაქგარეთ, არაპრესტიჟულ სასაფლაოებზე. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ვერის სასაფლაოზე მათ უნდათ სასტუმროს აშენება! პირდაპირ ვერ დაიწყებენ მიცვალებულთა ამოთხრას, მაგრამ ვინც გადასახადს ვერ გადაიხდიდა, მათ ამოასაფლავებდნენ და არაპრესტიჟულ სასაფლაოზე გადაასაფლავებინებდნენ. არაპრესტიჟულში ისინი მუხათგვერდის სასაფლაოს გულისხმობდნენ. სასაფლაოს ადმინისტრაციის შენობის წინ ჩემი თვალით ვნახე წარწერა... ჭირისუფლებმა დაგვირეკეს, მივედით და დაგვხვდა გადაღებილი წარწერა. მაინც წავიკითხე განცხადება ერთ კვმ-ზე 20 ლარის დაწესების შესახებ. ვინც ვერ გადაიხდის, გაუშვებდნენ და ნელ-ნელა დაცლიან ვერისა და ყველა ცენტრალურ სასაფლაოს.

 

ახლა სამარშრუტო ტაქსების თემას მივხედოთ. რომ ამბობთ, სამარშრუტო ტაქსებს შაბათ-კვირას ბოიკოტი გამოვუცხადოთ, ეს რისი მომტანია?

- რატომაც არა?! სამწუხაროდ, ჩვენ არ აგვყვა მოსახლეობა, თორემ რომ აგვყოლოდა, დავაკლებინებდით ტარიფს. თუ ყოველ დღე არ გამოუცხადებენ  ბოიკოტს, შაბათ-კვირას მაინც ნუ ჩაჯდებიან, ამით გაკოტრდება სამარშრუტო კომპანიები და იძულებულნი გახდებიან, ტარიფი დაწიონ, კომპანიები ორ საათში აღადგენენ 50 თეთრიან ტარიფს. იმ ორ დღეს მეტროთი იმგზავრონ, ან ფეხით გაიარონ და ეს ორი დღეც საკმარისი იქნება.

 

არ შეიძლებოდა, ოპოზიცია ამაში მაინც ყოფილიყო ერთიანი, ერთად შეგეტანათ საჩივარი და ეგებ, რამესთვის მიგეღწიათ?

- რომელ ერთიანობაზეა საუბარი? პარლამენტი შედგა თუ არა, მაშინვე შევიტანეთ იმპიჩმენტის დოკუმენტი, რაზედაც არც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ ხელი არ მოგვიწერა. რას ნიშნავს ეს? როცა პარლამენტში შემოდის იმპიჩმენტის დოკუმენტი, თავს თვლი ოპოზიციურ პარტიად და ხელს არ აწერ, ეს რას ნიშნავს? კომენტარი მკითხველისთვის მიმინდვია.

 

ანაკლიაში პრეზიდენტის მიწვევაზე რატომ თქვით უარი, რატომ დახიეთ მოსაწვევი?

- ჩვენ რომ იქ მივსულიყავით, მიშა სააკაშვილი მეორე დღესვე მოსდებდა მსოფლიოს, აი, «ლეიბორისტებიც» კი დაესწრნენ ქალაქ ანაკლიის ტაშ-ფანდურით გახსნასო. ჩვენ, ასევე, მივიღეთ სამთავრობო ლოჟებში მოწვევა 2005 წლის 10 მაისს, როდესაც ჯორჯ ბუში ჩამოვიდა საქართველოში. მაშინ საკრებულოს წევრები ვიყავით, მაგრამ გადავხიეთ ეს მიწვევები და ჯორჯ ბუსს საწინააღმდეგო მიტნგით რესპუბლიკის მოედანზე შევხვდით.

 

სხვათა შორის, სააკაშვილმა აიტაცა თქვენი ლიდერის მიერ შერქმეული სახელი - „შადრევან-1» და თითქმის ყველა გამოსვლაში ახსენებს...

- კი, მოეწონა. ჩვენ მას სხვა სახელიც ვუწოდეთ, კერძოდ, კახაბერ ძაგანიამ მას მიხეილ სატანაშვილი უწოდა, აბა, ეგეც გაიმეოროს, რატომ არ იმეორებს? ეს არ მოეწონა.

 

განახლებულ ბათუმშიც არ ჩასულხართ?

- არა, წელს არ ვყოფილვარ. რა გვესაქმება ჩვენ სახელისუფლებო კონცერტებზე? გაიხსენეთ, რამდენჯერ გახსნა ყინულის მოედანი, 3-4-ჯერ გახსნა შადრევანი რესპუბლიკური საავადმყოფოს წინ, მაგრამ საბოლოოდ, დაშალა, დაანგრია საავადმყოფო, ახლა კი, საერთოდ, ყიდის ამ შენობას, ექიმები კი, გაყარა. ეს სააკაშვილის ხელწერაა. ან რა გვესაქმებოდა იქ, როდესაც თბილისში შერონ სტოუნი ჩამობრძანდა? აუცილებელი კი არაა, ბათუმში წახვიდე, აქაც დიდ ტაშ-ფანდურებს აწყობს, მაგრამ ჩვენ არ დავდივართ.

 

რატომ, შერონ სტოუნი არ მოგწონთ, ბატონო სოსო?

- როგორ არ მომწონს, ძალიანაც მომწონს, მაგრამ შერონ სტოუნი 5 მილიონად არ ღირს. ჩვენს ბიუჯეტს არ უღირს 5 მილიონის გაღება იმისთვის, რომ შერონ სტოუნმა შუბლზე ქართველი ხალხის ფულით ნაყიდი ბრილიანტის დიადემა ატაროს. 5 მილიონი საკმარისია იმისთვის, რომ საქართველოში ბევრი სასარგებლო საქმე გაკეთდეს, მაგალითად, მშობიარობა იყოს უფასო. ხშირად მშობიარე ქალბატონები ნაყოფს იცილებენ, ნაგვის ყუთში აგდებენ იმიტომ, რომ მშობიარობის ფული არ აქვთ და ამ დროს, შერონ სტოუნს ჩუქნიან 5-მილიონიან დიადემას.

 

ბოლოს, რა იქნება შემოდგომაზე?..

- შემოდგომა კარზე მოგვადგა და ვაპირებთ, ორიგინალურად შევხვდეთ - ახალი პოლიტიკური ქმედებები შევთავაზოთ ხალხს. ველოდებით, როდის დაბრუნდებიან დედაქალაქში გასარუჯად წასული ჩვენი კოლეგა-პოლიტიკოსები, მათაც დაველაპარაკებით, კონსულტაციებს გავივლით. წინასწარ ვერ გეტყვით, მაგრამ მგონია, რომ საინტერესო შემოდგომა ელის მოსახლეობას.