[რეზონანსი ეკა ბასილაია]
30 აგვისტოს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთშორისო დღე აღინიშნა. ექსპერტების თქმით, საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში სამი შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ჯამში 2 -ათასამდე ადამიანია უგზო-უკვლოდ დაკარგული. თუმცა, შსს ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგულად 907 ადამიანი ითვლება.
როგორც ექსპერტები აცხადებენ, დაკარგულთა აბსოლუტური უმეტესობა დიდი ალბათობით გარდაცვლილია. მხოლოდ ერთეული შემთხვევები არსებობს, როცა წლების განმავლობაში გაუჩინარებული ადამიანი ცოცხალი უპოვნიათ.
ქართული კანონმდებლობით, პირი უგზო-უკვლოდ დაკარგულად დაკარგვიდან ორი წლის მერე მიიჩნევა. გარდა ამისა, იმისათვის, რომ დაკარგულის ოჯახის წევრმა დაზარალებულის სტატუსი მიიღოს, უნდა დამტკიცდეს, რომ პიროვნების დაკარგვისას სს ნიშნები იყო სახეზე (სისხლის ან ძალადობის კვალი, მოწმეები და ა.შ.). წინააღმდეგ შემთხვევაში, ახლობლები დაზარალებულებად არ მიიჩნევიან. შედეგად საქმის გამჭვირვალობა უზრუნველყოფილი არაა. ეს კი განსაკუთრებულად მაშინ არის მნიშვნელოვანი, როდესაც საქმე პოლიტიკურად აქტიური პირების გაუჩინარებას ეხება.
კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ჯამში დაკარგული ალბათ 2 000-მდე ადამიანი იქნება.
"ზუსტ ციფრს ვერავინ დაასახლებს, რადგან არის შემთხვევები, როცა ოჯახები მთლიანად გაწყდა, ან რუსეთში წავიდნენ და გაქრნენ. ბევრი ადამიანია, რომლებიც რუსეთში ცხოვრობს, მაგრამ აქ ჰგონიათ, რომ დაკარგულია. მაგალითად, 1995 წელს რომ დაკარგულთა სიები შედგა, 1999 წელს შეიძლება მათგან ვინმე გამოჩნდა, სიები კი სიებად დარჩა. ამიტომაც ზუსტი ციფრის თქმა შეუძლებლია.
"ამ სამივე კონფლიქტისას დაღუპულების ზუსტი რაოდენობაც კი არ არის ცნობილი. ჩემი მონაცემებით აფხაზეთის ომში 20 ათასამდე ქართველი დაიღუპა, ოფიციალურად კი 10 ათასს ასახელებენ. 2008 წლის ომში 170 კაცია ოფიციალურად დაღუპული. მე ვთვლი, რომ 30-40 კაცით მეტი შეიძლება იყოს ეს სია.
"მიუხედავად იმისა, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა 90% დაღუპული იქნება, სამხედრო წესის მიხედვით დაკარგული ჯარისკაცი დაღუპულების სიას არ ემატება, სამოქალაქო პირი კი, თუკი წლების შემდეგ არ გამოჩნდება, გარდაცვლილად მიიჩნევა", - ამბობს არეშიძე.
უგზოუკვლოდ გაუჩინარების მხრივ დღემდე რთული სიტუაციაა გალის რაიონში. აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 54 დაკარგული ჰყავს აღრიცხული. ყველაზე მეტი ადამიანი 1994 წელს, ანუ ომის დამთავრების პირველ ხანებში გაუჩინარდა. იყო შემთხვევები, როცა ერთი ოჯახიდან ერთბაშად ორი პირი იკარგებოდა. შემდგომ გაუჩინარების ფაქტებმა შედარებით იკლო.
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ უამრავი ფაქტი არსებობს, უბრალოდ სახელი და გვარები აღარ ახსოვს.
პაატა ზაქარეიშვილი: "მიუხედავად იმისა, რომ 18 წელია გასული, ვერ ხერხდება ბევრი იმ პირის მოძიებაც, რომლებიც აფხაზეთის ომის დროს გაუჩინარდნენ. ძალიან ტრაგიკული და დრამატული ასობით ფაქტი იყო. ძირითადად, დაკარგულები, როგორც წესი დაღუპულები იყვნენ.
"აფხაზეთის ომის დროს მე ვიყავი ტყვეთა გაცვლის სამთავრობო კომისიაში და ის არქივი ახლაც სახლში მაქვს, არავინ დაინტერესებულა, რომ წაეღოთ. 1997 წლის თებერვალში წამოვედი ამ კომისიიდან და 860 კაცამდე იყო დაკარგული. ბოლო გაცვლისას მახსოვს ერთი შემთხვევა, როცა 1993 წელს ომში ტყვედ ჩავარდნილი ადამიანი 4 წლის შემდეგ ცოცხალი გამოვიყვანეთ. გვარი აღარ მახსოვს, მოხევური გვარი ჰქონდა, ახალგაზრდა მეომარი. ძალიან ცუდ პირობებში იყო იქ.
"თავიდან, როგორც წესი, ყველა ტყვეს აწამებენ, როგორც აფხაზეთის მხრიდან, ისე ჩვენთანაც. გამონაკლისი არ არსებობდა. ციხეში, მით უმეტეს მტრულად განწყობილ მხარეს, პატიმრებს, მძევლებს ცუდად ექცვიან. ტყვეები პირობითად ციხეებში კი არ იყვნენ, არამედ სადღაც სარდაფებში, ანდა ვინმე კერძო პირებს ჰყავდათ დამალული და სხვათა შორის, კერძო პირების ხელში ბევრად უფრო უარეს მდგომარეობაში იყვნენ ხოლმე ტყვეები".
ზაქარეიშვილი იხსენებს, რომ "როგორც სისასტიკე და ამაზრზენი ქცევა იყო ორივე მხარისათვის დამახასიათებელი, ისე ჰუმანურობაც. ქართველები მალავდნენ და სამშვიდობოზე გაჰყავდათ ძალიან ბევრი აფხაზი და აფხაზები მალავდნენ და სამშვიდობოზე გაჰყავდათ ქართველები. როგორ წესი, ეს იყვნენ მეზობლები ან ნათესავები. არსებობს რამდენიმე ფაქტი, როცა სრულიად უცნობიც შეუფარებიათ, მაგრამ ეს იშვიათი შემთხვევა იყო. უმრავლეს შემთხვევაში შეფარება იყო რამდენიმედღიანი ან რამდენიმეთვიანი.
"მახსოვს 5-6 წლის წინ ქართველებმა აფხაზეთში შვილი იპოვეს. ომის დროს აფხაზებს უშვილებიათ და გაუზრდიათ. მშობლებმა კი წლების შემდეგ მიაკვლიეს", - ამბობს ზაქარეიშვილი.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში გზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძიების სახელმწიფო კომისიის წევრი ნინელი ანდრიაძის თქმით, "დაკარგული პირების პირველი გადმოსვენება 1997 წელს "ბაბუშერას" აეროპორტიდან მოხდა. მაშინ 15 ჯარისკაცი გადმოვასვენეთ. ჯამში 165 ადამიანის გადმოსვენება მოხერხდა. ყველა ეს პირები თავიდან დაკარგულად მიიჩნეოდა. უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა თვითმფრინავში დამწვარი 95 ბიჭი, რომელიც 1993 წლის 22 სექტემბერს აფეთქდა".
ნინელი ანდრიაძე: "რაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, აფხაზეთის ომში 140 კაცია დაკარგული. ცოცხლები ძალიან ცოტა აღმოვაჩინეთ. ეს იყო ალუდაური, გიორგი წკრიალაშვილი და გირგვლიანი, რომელიც საქართველოში ჩამოყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ეს ბიჭები აფხაზურ ოჯახებში იყვნენ და როგორც მონებს, ისე ამუშავებდნენ. 1993 წლიდან 1996 წლამდე ტყვედ იყვნენ.
"ასევე მახსენდება ტყვედ ჩავარდნილი ჯარისკაცი სრიალაშვილი, რომელიც აფხაზებს გარდაცვლილი ეგონათ და გარეთ, გზად დაეტოვებინათ. "წითელმა ჯვარმა" კი იპოვა ასე მიგდებული, სოხუმის საავადმყოფოში მიუყვანიათ, სადაც უმკურნალეს და შემდეგ საქართველოს გადმოსცეს".
მამუკა არეშიძე რუსულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად 2008 წლის ომის დროს დაკარგულ პირთა მოძიების პროცესს იხსენებს.
მამუკა არეშიძე: "2008 წლის აგვისტოში, ბრძოლები რომ დამთავრდა, დაკარგულების ძალიან დიდი რიცხვი იყო. მაშინ შევეცადეთ რუსულ მხარეს რამენაირად დავკავშირებოდით და არასამთავრობო ორგანიზაცია "მემორიალის" მეშვეობით მოგვეძებნა დაკარგულები. პირველად დეკემბერში, შემდეგ კი იანვარში ჩავედით მოსკოვში. ამ შეხვედრაზე ჩვენი სია წარვადგინეთ.
"მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ძიება განსაკუთრებით ეფექტური არ ყოფილა. მხოლოდ ერთი ადამიანი ვიპოვეთ, რომელიც დაკარგულთა სიაში იყო და ცოცხალი აღმოჩნდა. ეს იყო კობალაძე, რომელსაც ცხინვალის ციხეში მივაკვლიეთ და შემდეგ მისი გაცვლა მოხერხდა. როცა ეს ინფორმაცია თბილისში ჩამოვიტანეთ და თქვენი გაზეთის მეშვეობით მოხდა ამის ტირაჟირება, აღმოჩნდა, რომ სამართალდამცავებს ეს ამბავი სცოდნიათ, უბრალოდ არ ამხელდნენ.
"იყო ფაქტები, როცა ადამიანები ტყვედ ჩავარდნის შემდეგ საშინელი წამებით იყვნენ დახოცილები. იგივე კაპრალი ანწუხელიძე, რომელმაც უკანდახევის ბრძანების მიუხედავად არ დათმო პოზიციები და ტყვედ ჩავარდა, ოსების მიერ იყო ნაწამები და შემდეგ დახვრეტილი".
არეშიძის თქმით, დაკარგულებს ბევრგან ეძებდნენ, მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიაში, მაგრამ ყველაფერი უშედეგო აღმოჩნდა.
"მონაცემებს გვაძლევდნენ არა მარტო რუსული მხარე, არამედ ჩრდილო კავკასიაში მცხოვრებნი და გვატყობინებდნენ სად შეიძლება ყოფილიყვნენ ტყვეები. მაგალითად, გროზნოს ერთ-ერთ იზოლატორში და სხვაგან და სხვაგან, ოღონდ სახელი და გვარებით კი არა, არამედ, მაგალითად, "პატიმარი ირაკლი". იყო შემთხვევები, როცა ჩვენი მოძიების შემდეგ ესა თუ ის პირი უკვე სხვაგან იყო გადაყვანილი.
"ჩვენ 70-კაცამდე ადამიანის სია გვქონდა. ჩვენს სიაში იყვნენ ტანკისტი ძმები როზომაშვილები, რომლებიც სამწუხაროდ დაღუპულები აღმოჩნდნენ. ასევე კაპიტანი მელია, რომელზეც ახლობლები ვარაუდობდნენ, რომ ცოცხალი იყო, მაგრამ არ აღმოჩნდა ასე.
"ჩვენ, ძირითადად, სამხედროებს ვეძებდით, თუმცა სამოქალაქო პირებზეც იყო თხოვნები. მაგალითად, ჩვენ ვიცით სოფელ ერედვის მიდამოებში ორი სამარხის არსებობაზე და იქ 5-მდე ადამიანი უნდა იყოს დასაფლავებული. მაგრამ ეს ინფორმაცია არ ნიშნავს, რომ ეს რეალური შეიძლება იყოს.
"პირადად მე, დაკარგული სამოქალაქო პირების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. ზოგჯერ ირკვევა, რომ ოჯახის წევრები იგებენ მათ საფლავებზე ცნობებს, მაგრამ ვეღარ შედიან ოკუპირებულ მხარეს," - იხსენებს არეშიძე.
არეშიძე აგვისტოს ომის გარდა აფხაზეთის ომის დროინდელ დაკარგულთა ამბებსაც იხსენებს.
"2-3 წლის დამთავრებული იყო აფხაზეთის ომი, როცა მოგვდიოდა ცნობები - არიან ტყვეები, რომლებსაც ოჯახებში ამუშავებენო. 2000 წლის დასრულებმდეც კი მოგვდიოდა ასეთი ცნობები, მაგრამ ვერ ვადასტურებდით.
"ომის შემდეგ გვქონდა შემთხვევა, როცა ვიპოვეთ ადამიანი, რომელიც დაჭრილი იყო და ქართულ-აფხაზურმა ოჯახმა წლები შეიფარა. არ მინდა მისი გვარის ხსენება", - ამბობს არეშიძე და დასძენს, რომ ერთი-ორი ცოცხლად გადარჩენილი დაკარგულის აღმოჩენის მიუხედავად, "სამწუხაროა, მაგრამ როგორც წესი, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა 97% დაღუპულია".