ევროკავშირი და ნატო უარყოფენ აფხაზურ არჩევნებს და სახელმწიფოებრიობას

ევროკავშირი და ნატო უარყოფენ აფხაზურ არჩევნებს და სახელმწიფოებრიობას

[New Europe   ივან დელიბასიკი]

26 აგვისტოს საქართველოს აჯანყებულ აფხაზეთის რეგიონში გამართული არჩევნები ნატო-მაც და ევროკავშირმაც უარყო. მოქმედი პრეზიდენტი, პრორუსი ბიზნესმენი ალექსანდრე ანქვაბი, პრეზიდენტად ამომრჩევლების 54%-მა აირჩია. მან უმალ დაადასტურა რუსულ-აფხაზური ურთიერთობების განტკიცებისადმი მისი ერთგულება

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კეტრინ ეშტონმა განაცხადა, რომ ევროკავშირი არ აღიარებს აფხაზეთის სახელმწიფოებრიობას და შესაბამისად იმ სამართლებრივ ჩარჩოებს, რომლის ფარგლებშიც არჩევნები ჩატარდა.

მან ხელახლა დაადასტურა ევროკავშირის „მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, როგორც ეს საერთაშორისო სამართლით არის აღიარებული“.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ერჟი ბუზეკმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტი აფხაზეთს მიიჩნევს „საქართველოს ავტონომიურ რეგიონად“, მანაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, პარლამენტის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ბუზეკის თქმით, კონფლიქტიდან სამი წლის შემდეგ, რუსეთი კვლავ სრულად არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს და 8 სექტემბრის შეთანხმებებს, რომელთა თანახმად მან უნდა გაიყვანოს არმია ომამდელ პოზიციებზე საქართველოს ოკუპირებული სამხრეთ-ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორიებიდან. მან მოუწოდა რუსეთს შეწყვიტოს პასპორტების გაცემა ამ ორი ოკუპირებული პროვინციის მოსახლეობისთვის.

„ევროპარლამენტი იწონებს ამ გამოყოფილი რეგიონების მიმართ საქართველოს მთავრობის ინტეგრაციის სტრატეგიას, განსაკუთრებით მის სოციალურ-ეკონომიკურ სფეროს და ადამიანების უშუალოდ ერთმანეთთან ურთიერთობის ნაწილს“ – განაცხადა ბუზეკმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა, ალიანსის მხრიდან დაადასტურა „სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში“.

რუსეთ-საქართველოს შორის ხუთდღიანი ომის შემდეგ, საქართველოს ორმა აჯანყებულმა რეგიონმა, აფხაზეთმა და სამხრეთ- ოსეთმა, ცალმხრივად გამოაცხადეს დამოუკიდებლობა და რუსეთმა მათი სახელმწიფოებრიობა აღიარა