რუსთავში 12 შენობის შეღებვისთვის 1 164 990 ლარს  ხარჯავენ...

რუსთავში 12 შენობის შეღებვისთვის 1 164 990 ლარს ხარჯავენ...

[მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი]

რუსთავში კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ღებავენ შენობების ფასადებს. თვითმმართველობის შენობის წინ მოედნის რეკონსტრუქცია ხდება. მიმდინარე სამუშაოები რუსთავქალაქობამდე, ანუ 5 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს.

რეაბილიტირებული ქუჩის გახსნაზე პრეზიდენს ელიან. ითვალისწინებ რა სააკაშვილის  განსაკუთრებულ სიყვარულს შადრევნებისადმი, ერთის ნაცვლად, მეორე შადრევნისთვისაც შესაბამის გაყვანილობებს ამზადებენ.

„თუ უფროსობა ჩათვლის საჭიროდ, მოედნის შუა გულშიც ადვილად დავაყენებთ შადრევანს. თუმცა ამ ეპატზე ამაზე საუბარი არაა, უბრალოდ თადარიგს ვიჭერთ და შესაბამისი გაყვანილობებს წინასწარ ვამზადებთ,“ –  ამბობს, რუსთავის თვითმმართველობის ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახურის ხელმძღვანელი, ბესიკ თუთბერიძე.

მას  ქალაქის რუკა გამოაქვს და დეტალურად გვიხსნის, მერიის წინ მდებარე მოედნის საფეხმავლოდ გადაკეთების შემდეგ, რომელ შემოვლით გზებზე გადაიტანს მოძრაობას. ამბობს, რომ საკითხი საპატრულო პოლიციასთან უკვე გავლილია.

თუთბერიძე თანამდებობაზე ახალი დანიშნულია. მედიასთან ურთიერთობაშიც გახსნილია და ჯერ არ იცის რუსთავის მერიის წესები. 

წესები კი იმაში მდგომარეობს, რომ როცა რამეზე შვიდნიშნა ციფრისგან შემდგარი თანხა იხარჯება, ყველაფერზე უნდა ისაუბროს ფულის გარდა.

„მოედნის რეკონსტრუქციაზე 648 858 ლარი დაიხარჯება. პროექტს „გზატკეცილი +“ – ახორციელებს. ხოლო ფასადებზე ორი ხელშეკრულება გვაქვს დადებული შპს „პრიზმასთან“ – დასძენს თუთბერიძე.

რუსთავის ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახურის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თვითმმართველობა ორი ოთხსართულიანი შენობის შეღებვისთვის შპს „პრიზმას“ 214 722  ლარს უხდის. საუბარია რუსთავის კოსტავას ქუჩის N18 და N19-ზე ბინებზე.

ფასადების მოწყობა, რომ მხოლოდ მათ შეღებვას ითვალისწინებს თუთბერიძესთან საუბრიდან ვიცით, თუმცა რადგან თანხა საკმაოდ მსუყე გვეჩვენება ვცდილობთ კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ.

„ჩვენ მხოლოდ ვღებავთ. სხვა რა უნდა გავაკეთოთ?! ასევე, დარაბებს ვხსნით და ვყრით. ეს მოსახლეობას უკვე ავუხსენით“. – გვეუბნებიან  მშენებლობაზე მომუშავეები.

აღნიშნული ორი შენობის გარდა იგეგმება კიდევ ათი საცხოვრებელი ბინის შეღებვა. საერთო ჯამში მხოლოდ  ფასადების შეღებვისთვის რუსთავის თვითმმართველობა 1 164 990 ლარს ხარჯავს. თუ ამ თანხას დავამატებთ, მერიის წინ მდებარე მოედნის რეკონსტრუქციის და ერთი სათადარიგო შადრევანის თანხას, ვიღებთ 1 813 776 ლარს.

„პირადად მე მომწონს ფერები, რომლითაც ეს შენობები იღებება, თუმცა ამბობენ, რომ ძალიან დიდი ფული იხარჯება. ალბათ საქმისთვის გამოყოფილი თანხის ნახევარი ჯიბეში მიაქვთ. თავიდან თქვეს ქუჩის რეაბილიტაცია შენობებისთვის ფანჯრების შეცვლასაც ითვალისწინებსო. ყველასთვის მეტალოპლასმასის ფანჯრები უნდა ჩაესვათ. ახლა ამაზე არავინ საუბრობს. შეიძლება ამ ფანჯრების თანხა უკვე დახარჯულიც აქვთ. რაც შეეხება იმას, რომ კოსტავას ქუჩის საფეხმავლოდ გადაკეთებას აპირებენ, არ ვეთანხმები კატეგორიულად. ესენი, ალბათ, ხშირად სტუმრობენ სიღნაღს და რაღაცეები ერთმანეთში ერევათ,“ – ამბობს რუსთაველი ნათელა დემეტრაშვილი.

კოსტავას ქუჩის საფეხმავლოდ გადაკეთებას ამ ეტაპზე არ აპირებენ. ქალაქში მიმდინარე სარემონტო სამუშაობზე რუსთაველები ბევრ ჭორსა, თუ მართალს ამბობენ. ერთადერთი, რაც ყველას აინტერესებს ისაა, რომ იმ მილიონ-ნახევრიდან, რომელიც მიმდინარე სამუშაობისთვის გამოიყო, რამდენი ათასი დაილექება მაღალჩინოსანთა ჯიბეებში.

„ამ პროექტიდან რა თანხა „ტყდება“ არ ვიცი. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრა ისაა, რომ მოედნის გვერდით მდებარე „იმედი–ლ“ –ის ოფისს პრობლემები შეუქმნეს. მოედნის გარშემო ღია კაფეების გაკეთება უნდათ და სადაზღვევოს დაკავებული ფართის დაცლა მოსთხოვს. თუმცა რუსთავის მერს უკან დახევა მოუხდა,“ -  ამბობს ჩვენი წყარო, რომლის თქმითაც დარჩიაშვილმა „იმედი ლ“ –ის ოფისი ერთ-ერთი მოსამართლის ჩარევით შეიწყალა.

რუსთავში კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება. მილიონ-ნახევარი ლარის ბედი, რომელიც ამ საქმის წარმატებით დასრულებას უნდა მოხმარდეს სრულად ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშია. ამ ეტაპზე, არც კონტროლის პალატა ინტერესდება იმით, თუ რაში სჭირდება ორი ოთხსარულიანი სახლის ფასადის შეღებვას 214 722  ლარი.