რუსეთის ჩრდილში აფხაზეთი პრეზიდენტს ირჩევს

რუსეთის ჩრდილში აფხაზეთი პრეზიდენტს ირჩევს

[The New York Times  მაიკლ შვირცი]

სოხუმი, საქართველო – აფხაზეთმა პრეზიდენტად ალექსანდრე ანქვაბი აირჩია. საქართველოს ეს აჯანყებული რეგიონი სამი წლის წინ რუსეთმა ცალმხრივად სუვერენულ სახელმწიფოდ აღიარა. მას შემდეგ ის ლეგიტიმურობისთვის იბრძვის

შაბათს, აფხაზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, რომ ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ბ-მა ანქვაბმა ხმების თითქმის 55% მოიპოვა, რითაც თავის ორ ოპონენტს გაუსწრო.

არჩევნები, რომელიც პარასკევს ჩატარდა ძალიან უჩვეულო იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის რეგიონებისთვის იმით, რადგან შედეგი წინასწარ ცნობილი არ იყო და ის თითქოს დემოკრატიული პრინციპების დაცვით მიმდინარეობდა.

მაგრამ ექსპერტებმა განაცხადეს, რომ არჩევნების შედეგები აფხაზურ პოლიტიკაზე თითქმის ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებს, რადგან შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ამ სუბტროპიკული მიწის არსებობა მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული.

2008 წლის აგვისტოში, ხანმოკლე ომში საქართველოს დამარცხების შემდეგ, რუსეთმა აფხაზეთის და მეორე ქართული ანკლავის სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობა ცალმხრივად აღიარა. რუსეთი დღემდე ერთადერთი წამყვანი სახელმწიფოა, რომელმაც ეს გააკეთა და ის ამ რეგიონების უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სიცოცხლისუნარიანობის ერთადერთ გარანტად რჩება.

საქართველო, რომელიც აფხაზეთს და სამხრეთ-ოსეთს მის სუვერენულ ტერიტორიებად მიიჩნევს და რუსეთს ოკუპაციაში ადანაშაულებს, არჩევნების აღიარებაზე უარს ამბობს.

„არ ვფიქრობ, რომ ეს რაიმეს არსებითად შეცვლის“ – ამბობს საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი შოთა უტიაშვილი – „ჩვენ არა გვაქვს არანაირი პოზიცია გარდა იმისა, რომ ეს არჩევნები არალეგიტიმურია“.

წინა წლებისგან განსხვავებით, რუსეთს არც ერთი კანდიდატისთვის ღიად მხარი არ დაუჭერია, როგორც სჩანს იმ ვარაუდით, რომ ნებისმიერი გამარჯვებული მაინც მოსკოვზე იქნება დამოკიდებული.

„რუსეთის მთავარი ინტერესია აფხაზეთში სტაბილური სიტუაცია იყოს“ – ამბობს სიმონ გრიგორიევი, რუსეთის ელჩი აფხაზეთში – „არ ვფიქრობთ, რომ ეს არჩევნები უახლოეს მომავალში შეცვლის ჩვენს ურთიერთობებს. ჩვენ კვლავ ახლოს ვიქნებით“.

შაბათს შედეგების გამოცხადების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ბ-ნ ანქვაბს მილოცვა გაუგზავნა.

ვადამდელი არჩევნები მას შემდეგ გამოცხადდა, რაც მაისში პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში გარდაიცვალა. ბაღაფშს საქართველოსგან გამოყოფას და ამავდროულად რუსეთის ანექსიის თავიდან აცილებას მიაწერენ.

ზოგიერთ აფხაზს სულ უფრო აწუხებს რუსეთის გავლენა აფხაზეთში. მოსკოვს ამ ტერიტორიაზე 5 000 სამხედრო და მესაზღვრე ჰყავს განთავსებული და რეგიონის ისეთი აქტივების კონტროლისკენ მიისწრაფვის, როგორიცაა მისი სანაპირო უძრავი ქონება.

მაგრამ აფხაზეთის დედაქალაქის, სოხუმის საარჩევნო უბნებზე ინტერვიუებში, ბევრი ამომრჩეველი აცხადებდა, რომ არსებული სიტუაციით კმაყოფილია. მათი თქმით, რუსეთმა პირველად წლების განმავლობაში მათ უსაფრთხოების განცდა გაუჩინა. აფხაზებს დიდი ხნის განმავლობაში ეშინოდათ ქართველებთან სამხედრო მოქმედებების განახლებისა, რომლებიც მათ 1990-იანი წლების დასაწყისში სასტიკი ომის შემდეგ რეგიონიდან განდევნეს.

„აფხაზი ხალხი დღეს აღარ ცხოვრობს იმ განცდით, რომ მათზე ყუმბარებია დამიზნებული“ – ამბობს 76 წლის პენსიონერი გიორგი სუკბა – „რუსეთმა ეს მოგვცა. ვერც ერთი სხვა ქვეყანა ამას ვერ შესძლებდა“.

foreignpress