„ისკანდერისთვის“ და „ტოჩკა-უ“-სთვის კი რა მნიშვნელობა აქვს, თბილისში იქნები თუ ქუთაისში?!“

„ისკანდერისთვის“ და „ტოჩკა-უ“-სთვის კი რა მნიშვნელობა აქვს, თბილისში იქნები თუ ქუთაისში?!“

[მერაბ ბრეგაძე]

წინააღმდეგობის მიუხედავად, ახლადარჩეული პარლამენტი უკვე ქუთაისში იმუშავებს. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დედაქალაქიდან გადატანის ერთ–ერთ მოტივაციად, უსაფრთხოების გართულებული საკითხები დასახელდა. პოლიტიკურ ოპოზიციას ხელისუფლების ამ ვერსიის არ სჯერა. 

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ უსაფრთოების თვალსაზრისით ქვეყნის მდგომარეობა მართლაც არასახარბიელოა. რუსული ტანკები თბილისიდან რაღაც ორ ათეულ კილომეტრში დგანან და პოზიციებს ამაგრებენ. ოკუპირებულ მიწებზე დამპყრობლის სამხედრო ბაზები სოკოებივით მრავლდებიან და ისინი წასვლას არსად აპირებენ.

საერთაშორისო საზოგადოების მხარდამჭერ პოზიციებს და რუსული ოკუპაციის აღიარებას ხელშესახები შედეგები არ მოაქვს. ქვეყნის შიგნით წაგებულ ომზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არავის აუღია. ამ ვითარებაში, დედაქალაქიდან პოლიტიკური ცენტრის გადატანა (რეალობისგან გაქცევა) საეჭვოა მდგომარეობიდან გამოსავალს წარმოადგენდეს.   

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები კი კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ქვეყნის პოლიტიკური ცენტრის თბილისიდან ქუთაისში გადატანისა და მომავალი მოწვევის პარლამენტის ქუთაისში ამოქმედების გადაწყვეტილების ერთ-ერთ ძირითად საფუძველს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენს.

„პირWელის“ კითხვაზე, რამდენად განაპირობა პარლამენტის ქუთაისში გადატანისა და ზოგადად ამ ქალაქის ქვეყნის პოლიტიკურ ცენტრად გადაქცევის გადაწყვეტილება იმ გარემოებამ, რომ რუსეთის საოკუპაცია ჯარი დედაქალაქიდან სულ რაღაც 20 კოლომეტრის მოშორებითაა დისლოცირებული, ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა და ინიციატივის ერთ-ერთმა ავტორმა აკაკი ბობოხიძემ დაადასტურა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის უსაფრთხოებიდანაც გამომდინარეობს:

„პოლიტიკური ცენტრი ქუთაისში მხოლოდ ნაწილობრივად გადადის და ვინმეს რომც უნდოდეს, თბილისი თავის პოლიტიკურ მნიშვნელობას ვერ დაკარგავს. შეუძლებელია თბილისის, როგორც კავკასიის რეგიონული ცენტრის ფუნქცია და მისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა დაიკარგოს.

რაც შეეხება იმას, არის თუ არა პარლამენტის ქუთაისში გადატანის გადაწყვეტილება ნაკარნახევი უსაფრთხოების საკითხებითა და იმ გარემოებით, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარი თბილისიდან სულ რაღაც 20 კილომეტრის დაშორებით დგას, გეტყვით, რომ საკითხზე ფიქრისას მნიშვნელობა ამ მომეტსაც ჰქონდა.

იმ ადამიანების მხრიდან, რომელთაც შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს და საკითხს აანალიზებდნენ, ამ ნაბიჯის სამხედრო მნიშვნელობაც იქნა გააზრებული. რადგან გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ეს მინიმუმ, ქვეყნის უსაფრთხოებას არ ავნებას და პირიქით, აძლიერებს კიდეც მას. თუმცა თამანედროვე ომის პირობებში მტერი 20 კილომენტრში დგას თუ 150-ში, დიდი მნიშვნელობა არ აქვს“.

თავის მხრივ, „ქრისტიან-დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა ლალიაშვილის აზრით, ქვეყნის პოლიტიკური ცენტრის თბილისიდან ქუთაისში გადატანის გადაწყვეტილება უსაფრთხოების თვალსაზრისით ქვეყნის წინაშე მდგომ გამოწვევებს არ პასუხობს.

როგორც დეპუტატმა „პირWელს“ განუცხადა, „პარლამენტის და რიგი სახელმწიფო დაწესებულებების ქუთაისში გადატანისკენ გადადგმული ნაბიჯი უსაფრთხოების კუთხით ადექვატურიც რომ იყოს, კაპიტულანტურია“:

„რაკი საოკუპაციო ჯარი თბილისიდან 20 კილომეტრში დგას, ამის გამო ძირითადი სახელმწიფო ორგანოების ქუთაისში გადატანა რას ნიშნავს?! - რა, თბილისს ვაბარებთ და შედარებით უსაფრთხო ადგილას - ქუთაისში გადავდივართ?! ასეთი პოზიცია იმ ურჩ თავადებს მაგონებს, მტრის ჯარის დანახვაზე მთებში რომ იხიზნებოდნენ.

მინდა, გითხრათ, რომ საქართველოს არაოკუპირებული ტერიტორია ძალიან პატარაა და თუკი ვინმეს ჰგონია, რომ სადღეისოდ საბრძოლო მოქმედებები იგივე პრინციპებითა და სცენარით წარმოებს, როგორითაც გასულ საუკუნეებში იყო, ძალიან ცდება.

ხმლებითა და ცხენებით საქართველოში არავინ შემოვა, „ისკანდერისთვის“ და „ტოჩკა-უ“-სთვის კი რა მნიშვნელობა აქვს, თბილისში იქნები თუ ქუთაისში?! თანამედროვე საბრძოლო მოქმედებებისთვის თბილისსა და ქუთაისს შორის არავითარი სხვაობა არ არსებობს“.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ქუთაისში გადატანის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილება დამტკიცდა. პარლამენტის მდებარეობის ადგილად ქუთაისი განისაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო ცვლილების მიღების პროცესში სხდომათა დარბაზში ქვორუმისთვის არასაკმარისი დეპუტატთა რაოდენობა იყო, თუმცა ქვორუმი მაინც შედგა, ხოლო საკონსტიტუციო ცვლილება 103 ხმით, 1-ის წინააღმდეგ დამტკიცდა.