ირაკლი ალასანია: „საქართველოში მესიების მოლოდინი უნდა დამთავრდეს“

ირაკლი ალასანია: „საქართველოში მესიების მოლოდინი უნდა დამთავრდეს“

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა  ირაკლი ალასანიამ   მედიაკავშირ „ობიექტივში“ სტუმრობისას ქვეყნისათვის საჭირბოროტო საკითხებზე თავისი ხედვა წარმოადგინა.

ირაკლი ალასანიას თქმით, საარჩევნო გარემოს შეცვლისათვის შეკრებილი 6 პარტია ბრძოლას განაგრძობს, რათა ყველა მოქალაქე დადგეს საარჩევნო რეფორმის გვერდით - „სწორედ ამ მიზნით ჩავედი რეგიონებში და ვხვდებოდი იქაურ მოსახლეობას, რადგან მოქალაქეებს უნდა დაუბრუნდეთ პოლიტიკოსებისადმი ნდობა. შემდეგი არჩევნები უნდა იყოს რევოლუციური ცვლილებების მომტანი არჩევნები, მონაწილეობა უნდა იყოს 80 და 85 %. ჩვენ უნდა მოვემზადოთ სამოქალაქო გმირობის ერთი დღისთვის მაინც“, - აღნიშნა მან.

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიები მეტის გაკეთებას შეძლებდნენ, ისინი რომ ყოფილიყვნენ ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიმღებნი.

მან „ობიექტივს“ სახელმწიფოს მმართველობის ფორმასთან დაკავშირებითაც გააცნო საკუთრი მოსაზრება.

„ჩვენ გვჭირდება საპარლემენტო და საპრეზიდენტო მმართველობა და დამოუკიდებელი სასამართლო, რათა მომავალი პრეზიდენტი არ აღმოჩნდეს იმავე მდგომარეობაში, რაშიც სააკაშვილი აღმოჩნდა.

მე იმიტომ გადავდექი ელჩის თანამდებობიდან, რომ მმართველობის ფორმებში არ ვეთნხმები სააკაშვილს, ის ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს. ჩვენ გვინდა სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა, რათა შევცვალოთ მმართველობის არსებული ფორმა“, -განაცხადა ალასანიამ.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა  26 მაისის მოვლენებზე გააკეთა კომენტარი.

„რაც 26 მაისს მოხდა, არასდროს რომ არ განმეორდეს, ყველა ის ადამიანი უნდა იყოს დასჯილი, ვინც მონაწილეობდა ამ სისხლისღვრაში, რათა მომავალში არცერთმა ხელისუფალმა არ გაიმეოროს  იგივე“, - განაცხადა მან.

ალასანიამ 26 მაისის მოვლენებში ჩაურთველობა შემდეგი გარემოებით ახსნა : - „ვთვლიდი რომ ეს არ იყო ის დრო, როცა იმედი უნდა გაგვეჩინა მოქალაქეებისთვის“.

„საქართველოში მესიების მოლოდინი უნდა დამთავრდეს. ერთადერთი ძალა გაერთიანებაშია. როდესაც 26-ის მერე ხალხი გამოვიდა ამ ტრაგედიის გასაპროტესტებლად, სწორედ ეს იყო ხარისხიანი პროტესტი, ადამიანებს არავის დაძახება არ დასჭირდათ“, - აღნიშნა ალასანიამ

„ქართულ-აფხაზური კონფლიქტის წამოწყებაში ორივე მხარე ვართ დამნაშავე, მე ამ მოვლენებთან, ისევე როგორც ძალიან ბევრს, პირადი ტრაგედია მაკავშირებს, მამაჩემი სწორედ იქ დახვრიტეს“ , - აღნიშნა ალასანიამ.

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი მიიჩნევს, რომ აფხაზეთთან პრობლემების მოგვარების მთავარი გზა ეკონომიკა უნდა იყოს და არა საბრძოლო მოქმედებები.

„აფხაზეთი ისეთი აღარ იქნება, როგორიც 25 წლის წინ იყო. ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი აფხაზეთი, ჩვენ უნდა აღვადგინოთ ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთნდობა“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ორ ძირითად საკითხზე უნდა გამახვილდეს ყურადღება, ესაა პოლიტპატიმრების თემა და მედიის როლი საზოგადოების ინფორმირების კუთხით.

„მედიის საშუალებით უნდა გავაგებინოთ ჩვენს მოქალაქეებს სიმართლე, უნდა ჩატარდეს ჟურნალისტური გამოძიებები, თუ როგორ და რატომ იყიდება სტრატეგიული დანიშნულების ობიექტები“, - აცხადებს ალასანია.

მისი აზრით, სტრატეგიული ობიექტების გასხვისებამ და სოფლის მეურნეობის არარსებობამ და მისმა დაუფინანსებლობამ გამოიწვია ქვეყანაში ტოტალური უმუშევრობა.

„მთვარი პრობლემა რეგიონებში - ტოტალური უმუშევრობაა, რაც გამოიწვია „სოფლის მეურნეობის არარსებობამ და მისმა დაუფინანსებლობამ. ხელისუფლება კი, რომელიც საკუთარ შრომის ბაზარს არ უფრთხილდება, არაა გონიერი ხელისუფლება,“ - აღნიშნავს ალასანია.